ქალაქი ნავთობის შემდეგ: ქალაქის მომავლის ისტორია

2015 წლის 5-28 მარტს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა გოეთეს ინსტიტუტთან, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად უმანსპინძლა უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის (ifa) და არქიტექტორული და ქალაქგეგმარებითი ჟურნალის  ARCH+-ის ერთობლივი გამოფენას „ქალაქი ნავთობის შემდეგ: ქალაქის მომავლის ისტორია“.

გამოფენასა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით ქართულ ენაზე ნათარგმნ კატალოგში წარმოდგენილია აზიაში, აფრიკაში და ამერიკაში განხორციელებული უახლესი პროექტები, რომლებიც შემდეგ საკითხებს ეხმიანებიან: როგორ შეიცვლება ქალაქები, როდესაც წიაღისეულ (ტრადიციულ) ენერგიებს სრულად ჩაანაცვლებს განახლებადი ენერგიის წყაროები? რა გავლენას მოახდენს ენერგიის ალტერნატიული წყაროები საქალაქო სატრანსპორტო სისტემაზე, მდგარადობისა და მობილურობის პოლიტიკაზე? როგორ შეიცვლება ქალაქის იერსახე გლობალიზაციის ფონზე?

გამოფენა თამამად მიანიშნებს, რომ თანამედროვე „ქალაქის მომავლის ისტორია“ 1960-იანი წლების არქიტექტურული უტოპიების განხორციელებით დაიწყო, რომლებმაც მთელი რიგი ურბანული პრობლემების გადაჭრა შეძლეს, იქნებოდა ეს ტრანსპორტთან თუ ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები. დღეს მიმდინარე ურბანული პროცესების სწორედ მაშინდელი არქიტექტურული უტოპიების გაგრძელებაა, იმ ძირითადი განსხვავებით, რომ თანამედროვე ქალაქმგეგმარებლებს კლიმატის ცვლილებით, ტრადიციული ენერგომატარებლების ამოწურვით, გლობალიზაციით და გაურესებული ეკოლოგიური მდგომარეობით გამოწვეული საფრთხეების გათვალისწინება უწევთ.

გამოფენის ფარგლებში საქართველოში მოწვეული იყო ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ურბანისტი და სოციოლოგი ჰარალდ ბოდენშაცი. პროფესორმა ბოდენშაცმა ქართული აუდიტორიისთვის წაიკითხა მოხსენება სახელწოდებით - „იდეალური ქალაქი -არა, ბატონო! ქალაქგეგმარება და ქალაქი“. მოხსენებით მოწვეულმა სტუმარმა ქალაქის რაობას და მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სწორი, დროსთან და თანამედროვე ეპოქასთან შესაბამისი ქალაქგეგმარების აუცილებლობის შესახებ შეახსენა ქარვასლაში მოსულ სტუმრებს.

საინტერესო იყო იმავე დღეს გამართული საჯარო დისკუსია თემაზე „ქალაქის მომავალი“, რომელშიც პროფესორ ბოდენშაცთან ერთად თბილისის ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი, არქიტექტორები და ურბანისტები მონაწილეობდნენ. დისკუსიაზე ყველაზე მწვავე კამათი ტრანსპორტთან, ახალ მშენებლობებთან და გახმაურებულ შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით გაიმართა. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, თბილისს დღემდე არ აქვს სატრანსპორტო სისტემების განვითარების ერთიანი ხედვა. ასევე, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შემოვლითი რკინიგზის თემაზე ბევრი აზრთასხვადასხვაობაა. შეხვედრის განმავლობაში ბევრი აზრი და წინადადება გაჟღერდა თუ როგორ უნდა მოხდეს ავტომობილების ალტერნატიული ტრანსპორტის დანერგვა და წახალისება.  იყო რიგი პრეტენზიები, რომ ქალაქის ხელისუფლება კვლავაც ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

 

დისკუსია - „ქალაქის მოამვალი" - ჟურნალი ლიბერალი

video-thumbnailWatch on YouTube