სომხების გენოციდის 100 წლისთავის აღნიშვნა და მისი აღქმა საზოგადოებაში

წინასწარი შენიშვნები

როცა მთხოვეს სომხეთის სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მიერ გენოციდის ხსოვნისადმი მიძღვნილი ინიციატივების აღქმის შესახებ მოკლე სტატია დამეწერა, ვერც კი წარმომედგინა, თუ რაოდენ რთულ ამოცანას უნდა შევჭიდებოდი. თავიდან ეს ადვილი საქმე ჩანდა, რადგან ამ მოვლენების ერთდროულად მონაწილეც ვიყავი და მეთვალყურეც და განსახილველი საკითხი ჩენი ცხოვრებისა და სამუშაოს ნაწილი იყო. თუმცა როცა საკითხს მკვლევარის თვალით შევხედე, ამოცანა გამირთულდა. განსახილველი მასალა უზარმაზარი იყო როგორც მოცულობით, ისე მრავალფეროვნებით და მისი ხარისხიც გამუდმებით იცვლებოდა. ინიციატივები განსხვავებული იყო და მოიცავდა რიგითი მოქალაქეებისათვის ჩატარებულ ერთჯერად ღონისძიებებს, ხანგრძლივ რეგულარულ აქტივობებსა და საშინაო პოლიტიკურ და სოციალურ დებატებში მთავრობის ყოველმხრივ ჩარევას,  რომ არაფერი ვთქვათ კულტურულ ღონისძიებებსა და სხვადასხვა ცნობილი პირის მიერ სომხების გენოციდის აღიარების მიზნით მთელს მსოფლიოში გაშლილ კამპანიაზე. გენოციდის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მზარდი ზეწოლის ქვეშ საზოგადოების გრძნობები მუდმივად იცვლება. როგორც მკვლევარი, დამაბნია მასალის მოცულობამ, ერთი მხრივ მისმა მრავალფეროვნებამ და მეორე მხრივ, დროისა და სივრცის შეზღუდულობამ.[1] ამის გამო ეს სტატია მხოლოდ იმ საკითხებს ეხება, რომლებიც ზედაპირზე დევს და მოვლენების მხოლოდ უაღრესად მცირე ნაწილს აღწერს, თუმცა იმედი მაქვს, რომ ის მკითხველს აღწერილ ამბებზე მეტის გაგების სურვილს აღუძრავს.

ხსოვნის ოფიციალურად აღიარებული სიმბოლო და მისი აღქმა

ასი წლისთავის ოფიციალური სიმბოლო ყვავილია - კესანე, რომელიც საზოგადოებას სომხების გენოციდის 100 წლისთავის სახელმწიფო საორგანიზაციო კომიტეტმა 2014 წლის 27 მაისს წარუდგინა. მისი მთავარი გზავნილია "გახსოვდეს!" (როგორც ეს კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განმარტებული).[2] ამ სიმბოლოს მიმართ განსხვავებული მიდგომები თავიდანვე გაჩნდა. ზოგი მას ღიად აკრიტიკებდა, ზოგმა კი ერთმნიშვნელოვნად მოიწონა. თავდაპირველად კრიტიკა ძირითადად თვით სიმბოლოს ეხებოდა და მის ფერსა და შინაარსს, ასევე მისი შექმნის ისტორიას უკავშირდებოდა. ზოგ ოპონენტს არ მოსწონდა, რომ ყვავილის მეწამული ფერი სომხეთის სამოციქულო ეკლესიასთან იწვევდა ასოციაციებს, ზოგი კი მასში მასონურ სიმბოლოს ხედავდა და ამბობდა, რომ სომხური მასში არაფერია. და მაინც, ყველაზე მწვავე კრიტიკის საგანი ის იყო, რომ თვითონ სიმბოლო და მისი ბრენდად გადაქცევა რუსულ გავლენას უკავშირდება, რადგან მისი შემქმნელი, სომხეთის დიდი ბრენდინგ კომპანია SHARM, მჭიდროდაა დაკავშირებული მთავრობასთან და წარსულში მხიარულთა და საზრიანთა კლუბის[3] წარმატებული სომხური გუნდის წევრების მიერაა დაფუძნებული. მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ ყვავილის აღმნიშვნელი სომხური სიტყვა անմոռուկ (ანმორუკ) რუსული незабудка-ს პირდაპირი თარგმანია და სომხურ კულტურაში დამოუკიდებლად არ არსებობს.

კესანე წითელი ყაყაჩოს წინააღმდეგ

ალტერნატიული სიმბოლო - წითელი ყაყაჩო - დაუყოვნებლივ წამოაყენა ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობა "დამფუძნებელი პარლამენტის" (ძველი სახელი - "წინარე პარლამენტი") ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. სწორედ იმ დღეს, როცა კესანეს ოფიციალური წარდგენა მოხდა, მოძრაობის ზემოხსენებულმა წევრმა Facebook-ში გამოთქვა მოსაზრება, რომ გენოციდის ბუნებრივი სიმბოლო სომხეთის მთების წითელი ყაყაჩოა, და SHARM-ს მკრეხელობასა და ღალატში დასდო ბრალი. ის ამტკიცებდა, რომ SHARM-მა გენცოდის ხსოვნასთან დაკავშირებულ  კამპანიაში მონაწილეობისათვის ანაზღაურება აიღო. ეს შეხედულება შემდგომში სომხეთში პოპულარული გახდა და ამერიკაში მცხოვრები სომხების ადრინდელ ინიციატივას დაუკავშირდა.[4] თუმცა საფუძვლიანი კრიტიკა წითელი ყაყაჩოს შემოთავაზებასაც მოჰყვა. წითელი ყაყაჩო მჭიდროდ უკავშირდება გაერთიანებულ სამეფოსა და ყოფილ ბრიტანეთის იმპერიაში შემავალ (და სხვა) ქვეყნებს და პირველი მსოფლიო ომის ბრძოლების ხსოვნის სიმბოლოდ ითვლება. ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მოქალაქე ლენ უიკსი, რომელიც ავტორია წიგნისა "ფესვები: აღმოჩენა",[5] თავის ღია წერილში ავსტრალიელი, ახალზელანდიელი და ბრიტანელი ხალხებისადმი წერდა, რომ წითელი ყაყაჩო "თურქეთის მზიან მინდვრებზე უხვად იზრდება", და გალიპოლის სურათებზე მიუთითებდა. უიკსი თანამოქალაქეებს მოუწოდებდა მათი ქვეყნებიდან პირველ მსოფლიო ომში წასული ვეტერანების ხსოვნის პატივსაცემად ყაყაჩო ეტარებინათ, ხოლო სომხების გენოციდის მსხვერპლთა პატივსაცემად - კესანეები. ორმაგი ხსოვნის დღე უნდა ყოფილიყო 25 აპრილი, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის საჯარისო კორპუსის (ANZAC) დღე, რომელიც მნიშვნელოვანი ხსოვნის დღეა და ავსტრალიაში აღინიშნება როგორც პირველ მსოფლიო ომში ავსტრალიის ჯარების პირველ დიდ სამხედრო შეტაკებაში მონაწილეობის წლისთავი.

კესანეს ტრიუმფი

პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, კესანე არა მხოლოდ გადარჩა და საყოველთაოდ პოპულარული გახდა, არამედ მთელს სომხეთში დაიმკვიდრა ადგილი. დასაწყისი რთული იყო. თავიდან კესანეს ტანისამოსზე ქინძისთავებით მხოლოდ მთავრობის წევრები იბნევდნენ, მაგრამ მოგვიანებით მან რეალური და ვირტუალური საჯარო სივრცე თითქმის მთლიანად დაიპყრო. კესანესა და მასთან დაკავშირებული სიმბოლიკის პროპაგანდის საქმეში მთავარი აქტორი საჯარო განათლების სისტემა გახდა. საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერი ასაკის ყველა მოსწავლე ვალდებული იყო ამ სიმბოლოს მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული მიდგომის არსი სცოდნოდა. მეტიც, სომხეთის ყევლა მოსწავლე ვალდებული იყო მთავრობის ვებსაიტსა და YouTube-ზე ხელმისაწვდომი ინსტრუქციების გამოყენებით ქაღალდისაგან ექვსი კესანე დაემზადებინა. ზოგი წყაროს ცნობით, რიცხვი ექვსი 1.5 მილიონის (გენოციდის მსხვერპლთა რიცხვი) სომხეთში მოსწავლეთა მთლიან რაოდენობაზე გაყოფის გზითაა მიღებული. ქაღალდისგან გამოჭრილი ეს ყვავილები სკოლებმა უნდა შეაგროვონ და გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებებზე ჩამოსულ სტუმრებს დაურიგონ. ამას გარდა, ბევრი სკოლის ფასადები და ინტერიერები ამ ყვავილებითა და 100 წლისთავის აღმნიშვნელი სხვა სიმბოლოებითაა გაფორმებული. თითქმის ყველა სკოლამ წლისთავისადმი მიძღვნილი თუნდაც ერთი ღონისძიება უნდა ჩაატაროს. კესანეებით დამშვენებული ტანსაცმელი აცვიათ სკოლებისა და უნივერსიტეტების მასწავლებლებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს. მანქანების, მცირე და დიდი მაღაზიების, კაფეებისა და რესტორნების მფლობელები და საჯარო და კერძო დაწესებულებები მთელი ქვეყნის მასშტაბით კომერციულ ქსელში ხელმისაწვდომ (ან მათ მიერვე შექმნილ) კესანეს სხვადასხვა სახის გამოსახულებას იყენებენ, რითაც მხარს უჭერენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე კამპანიას სახელწოდებით "გახსოვდეს და მოითხოვდე". Facebook-ზე კესანეს სახელის მქონე ორი საზოგადოებრივი გაერთიანებაა. არსებობს იმავე სახელწოდების რამდენიმე ჯგუფიც. Facebook-ის ბევრმა სომეხმა მომხმარებელმა პროფილის სურათებად და/ან ავატარებად კესანეს სურათები დაიყენა. ამ ბოლო ხანებში ბუნებაში არსებული ყვავილების სურათების და არა ოფიციალურად დამტკიცებული სიმბოლოს გამოყენება დამკვიდრდა ტენდენციად. იმავდროულად, ხალხი, ვისაც უნდა აჩვენოს, რომ ახსოვს გენოციდი და/ან ითხოვს მის აღიარებას, მაგრამ არ სურს ოფიციალური სიმბოლოების გამოყენება, სხვა საშუალებებს ირჩევს. მაგალითად, ზოგიერთმა მათგანმა Facebook-ის პროფილის სურათი და ავატარი შეცვალა და მათ ნაცვლად გენოციდის დროს მოკლული წინაპრების სურათები გამოიყენა. შეხვდებით აგრეთვე ალტერნატიულ სიმბოლოს - წითელ ყაყაჩოს, ლოზუნგებს 1915 წლის ხსონვის თაობაზე, იმ ცნობილი ადამიანების ფოტოებს, ვინც სომხური საკითხის გადაჭრისათვის იბრძოდა და, სხვა ყველაფერთან ერთად, ჰოლოკოსტთან მჭიდროდ ასოცირებულ სურათებსაც. ყველაფერი ეს ადასტურებს, რომ ლოზუნგს "გახსოვდეს" და გენოციდის აღიარების მოთხოვნას სომხეთის საზოგადოების დიდი ნაწილი უჭერს მხარს.

კესანეები დავიწყებoს წინააღმდეგ

რადიკალური ოპოზიციური ჯგუფი "დამფუძნებელი პარლამენტი" ერთადერთი იყო სომხეთის პოლიტიკურ პარტიებსა და მოძრაობებს შორის, რომელმაც 100 წლისთავისათვის ალტერნატიული სიმბოლო, წითელი ყაყაჩო ღიად წამოაყენა. ამ სიმბოლოს გამოყენებით მათ მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს ლოზუნგით "100 წლისთავი რეჟიმის გარეშე". კამპანიის ფარგლებში "დამფუძნებელმა პარლამენტმა" სხვადასხვა მიტინგი და ღონისძიება ჩაატარა, ხოლო 2015 წლის 24 აპრილისათვის, როცა ერევანში ერთადერთი მნიშვნელოვანი საჯარო ღონისძიება იმართება და გენოციდის მემორიალთან ათასობით ადამიანი მიდის, ალტერნატიული ღონისძიებაც გამოაცხადა, რითაც გენოციდის ხსოვნისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებას საფრთხე შეუქმნა. 24 აპრილს მასობრივი არეულობის მომზადების ბრალდებით მოძრაობის ლიდერები 2015 წლის 7 აპრილს  დააკავეს და მას შემდეგ ისინი პატიმრობაში არიან. მათი დაპატიმრება მთელს მსოფლიოში ცნობილი სომხური წარმოშობის ამერიკელი სატელევიზიო ვარსკვლავისა და სომხების გენოციდის აღიარების მომხრის, კიმ ქარდაშიანის სომხეთში ჩამოსვლას დაემთხვა. ამას მოჰყვა მესა ვატიკანში, სადაც პაპმა ფრანცისკემ ტერმინი "გენოციდი" საჯაროდ იხმარა. ორივე ამ მოვლენამ დაპატიმრებებისადმი საზოგადოების ყურადღების მოდუნებას შეუწყო ხელი.

 

[1] სტატიის წარსადგენად კონკრეტული დრო მქონდა, მისი მოცულობა კი ორ გვერდზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.

[3] КВН – Клуб Веселых и Находчивых.