Make City - ბერლინური დღიური

2015  წლის 11-28 ივნისს ბერლინში არქიტექტურული და ურბანული ფესტივალი - “შექმენი ქალაქი” (Make City) გაიმართა. ურბანული რესურსების უკეთ განაწილების, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ქალაქების, კარგი ადგილობრივი  მმართველობის და მოქალაქეების მეტი ჩართულობის გზების გასააზრებლად  ფესტივალმა თავი მოუყარა არქიტექტორებს, ქალაქმგეგმარებლებს, სამოქალაქო აქტივისტებს და დეველოპერებს მთელი მსოფლიოდან.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორი გახლდათ.  სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ფესტივალს არქიტექტორი ნანო ზაზანაშვილი და სამოქალაქო აქტივისტი არპინე გალფაიანი ესწრებოდნენ.

გთავაზობთ ნანო ზაზანაშვილის პირად შთაბეჭდილებებს ფესტივალთან და ბერლინში რამდენიმედღიან პროგრამასთან დაკავშირებით.

ბერლინური დღიური

 

დღე პირველი - 12 ივნისი

ჩამოვედი. დანარჩენების მოლოდინში ვაკვირდები ალბრეხტშტრასეზე გამვლელებს, თან წინა დღეს ჩემი სახლის წინ გაჩეხილ ხეებზე ვფიქრობ. ნეტა ჩემი მეზობელი ტარიელი თუ შეიტანს მერიაში წერილს? მალე ჩვენი კოორდინატორიც მოდის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდიდან. სასტუმროს ფოიეში ჯგუფის სხვა წევრებიც იწყებენ შეკრებას. წინ ვახშამი და გაცნობითი შეხვედრა გველის.

ბერლინში პირველად 2011 წელს მოვხვდი. ახლაც მახსოვს აეროპორტიდან სახლისაკენ მიმავალ გზაზე ნელ-ნელა როგორ ცოცხლდებოდა და შინაარსით ივსებოდა არქიტექტურის ისტორიის სახელმძღვანელოებში წაკითხული და ნანახი. არასდროს დამავიწყდება პიტერ ბერენსის AEG-ის ტურბინების ქარხნის დანახვით გამოწვეული ჟრუანტელი და ის წარუშლელი შთაბეჭდილება, რომელიც ბერლინის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემამ მოახდინა.

მაშინ მთელი ჩემი ყურადღება არქიტექტურისკენ იყო მიმართული, ახლა დღის წესრიგში ქალაქგანვითარების საკითხები დგას. თანამონაწილეობითი ქალაქგანვითარება, ურბანული საერთო სიკეთეები (Urban Commons), სამუშაო და საცხოვრებელი სივრცეების ტიპოლოგიის გადააზრება Make City ფესტივალის მთავარი მიმართულებებია. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ამ ფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორია. სწორედ ფონდის ინიციატივა იყო ერთად შეეკრიბა არქიტექტორები, აქტივისტები, პოლიტიკოსები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან და მიეცა ბერლინისა და ერთმანეთის გაცნობის შანსი საფესტივალო პროგრამის ფარგლებში.  

ჩვენი პირველი შეხვედრა ხელოვნებისა და ურბანისტიკის ცენტრში (ZKU - Zentrum für Kunst und Urbanistik) იმართება. პარკით გარშემორტყმული ყოფილი დეპოს შენობის ტერასაზე სავახშმოდ შეკრებილები პირველ შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ ერთმანეთს.

ჩვენი პრეზენტაციების წარდგენისას კი ნელ-ნელა იწყობა ვრცელ გეოგრაფიულ არელაზე გადაჭიმული მსგავსი აქტივობების ერთიანი სურათი. სახელოვნებო და არქიტექტურული ინტერვენციები საზოგადოებრივ სივრცეში, საპროტესტო მოძრაობები, ქალაქგეგმარებითი და  ჰუმანიტარული პროექტები ძალიან კარგი წყაროა ინსპირაციისა და შედარებითი ანალიზისთვის. პროგრამაც საინტერესო ჩანს, მონაწილეები და მასპინძლები - არაჩვეულებრივი. მგონი ძალიან გამიმართლა.

დღე მეორე -13 ივნისი

დღე მარი დელენბაუს საინტერესო ლექციით იხსნება, რომელმაც ურბანული საერთო სიკეთეების რაობაში უნდა გაგვარკვიოს. ჩემი გამოცდილება სისტემატიზაციას იწყებს, მოვლენები თეორიულ ნიშებში ლაგდება. ჩნდება სურვილი გაიგო მეტი და თემას მეტად ჩაუღრმავდე.

შემდეგი გაჩერება ვედინგი - ბერლინის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი უბანი, მიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობითა და კრიმინალის მაღალი დონით. ექსკურსია მცდელობაა, ერთად გავაანალიზოთ ამ უბნის საზოგადოებრივ სივრცეებში როგორ ვლინდება ფემინურობა და რა პრობლემებს აწყდება ის. ვაკვირდებით მაღაზიების სარეკლამო აბრებს, სათამაშო მოედნებს, ქუჩაში გამვლელებს და მათ ქცევას. ტურის დასასრულს უნდა მოვისმინოთ ქალი არტისტის ისტორია და ის სტრატეგიები, რომლის საშუალებითაც ის ამ რთულ უბანში ადაპტაციას და თავის დამკვიდრებას ახერხებს.

სახელოსნოში შესულმა თვალი მოვავლე სივრცეს და მზერა ხელოვანზე შევაჩერე. სუზი, სუზი ვებერი. სუზიმ 2011 წელს თბილისის გოეთეს ინსტიტუტის მოწვევით ჩაატარა ვორკშოპი „ხელოვნება საჯარო სივრცეში“. ამ ვორკშოპში მეგობრებთან ერთად UELab-ის სახელით ვიღებდი მონაწილეობას. წარმოუდგენლად მეჩვენა უზარმაზარ ბერლინში მასთან ეს შემთხვევითი შეხვედრა.

ექსკურსიის შემდეგ ლანჩი იქვე მახლობლად უფერჰალენზე (Uferhallen) იყო დაგეგმილი. ზუსტად იქ, სადაც 2011 წელს კონფერენცია  „Blogging the City” გაიმართა. მაშინ გერმანელ ბლოგერებსა და აქტივისტებს მზიურის საპროტესტო აქციის ისტორიაზე და სოციალურ ქსელებში მოსახლეობის ქცევაზე ვუყვებოდი.

 

დღის ბოლოს კიდევ ერთი ექსკურსია გველის „პრინცესინენგართენში“ (Prinzessinnengarten). ეს საქალაქო მებაღეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტია. 2009 წელს მოქალაქეებმა მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიტოვებული მიწის ნაკვეთი დაიკავეს და მობილურ კონტეინერებში ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოყვანას შეუდგნენ. ბაღმა მალევე შეცვალა უბნის ბიომრავალფეროვნება და მიკროკლიმატი.  იგი მალევე იქცა ბიო პროდუქტის ადგილობრივ მწარმოებლად და ყველასათვის გაზიარებულ, ინკლუზიურ საზოგადოებრივ სივრცედ. სანამ წვიმა დაიწყება, ბაღში მოყვანილი პროდუქტებით მომზადებულ პიცას ვინაწილებთ და ამ „საერთო სიკეთის“ განაწილების სტრატეგიებზე სახალისო დაკვირვებას ვახდენთ.

საღამოს სეირნობის შემდეგ სასტუმროში მიბრუნებულს ვერეს ხეობა  დატბორილი მხვდება.

დღეს მესამე - 14 ივნისი

დღის მთავარი მოვლენა და ჩვენი წვლილი Make City ფესტივალში - სამწუთიანი ბლიც პრეზენტაციები ჩვენი აქტივობების შესახებ. შეუსრულებელი მისია შესრულებულია. ყველა ვახერხებთ, ჩავეტიოთ სამ წუთში და კვირა დილით (!) ბიოლის ფონდის ოფისში შეკრებილ აუდიტორიას მოვუყვეთ ჩვენი საქმიანობების შესახებ. მე გუდიაშვილის მოედნის შემთხვევაზე ვყვები, როგორც სამოქალაქო აქტივობის მეტ-ნაკლებად წარმატებულ მაგალითზე. ერთ-ერთ სლაიდად ჩემი შვილის, ტასოს ფოტო გამოვიყენე. ფოტო მზიურში, 2010 წელს  საპროტესტო აქციისას არის გადაღებული. ამ სლაიდის შერჩევა ჩემს უცნაურ ინტუიციას მივაწერე.

ჯგუფის წევრები ნელ-ნელა იგებენ თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ. ყველა მეკითხება და მეც ვცდილობ ავუხსნა კონტექსტი და შეძლებისდაგვარად ამომწურავი პასუხი გავცე. ეს ამბავი ბერლინიდან კიდევ უფრო დრამატულად მოჩანს.  ჩვენი გამაოგნებელი უგუნურების ამბავი.

ექსკურსია „ტემპელჰოფზე“ (Tempelhof) დღის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩვენ თვალწინ 300 ჰექტარზე გადაჭიმული ყოფილი აეროპორტის უზარმაზარი სივრცე იშლება. ზოგი ვარჯიშობს, ზოგი ძაღლს ასეირნებს, ზოგიც საპიკნიკოდ არის გამოსული - ჩვენ თვალწინ აქტივობების მთელი პალიტრა იშლება.  ამ საზოგადოებრივი სივრცის ბრძოლისთვის გადამწყვეტ წერტილად 2014 წელს აქტივისტების მიერ ინიცირებული რეფერენდუმი იქცა. ხანგრძლივი დებატების შემდეგ რეფერენდუმში მონაწილე ბერლინელების 64% ტერიტორიის ხელუხლებლად შენარჩუნებას დაუჭირა მხარი მისი ნაწილის განაშენიანების საპირისპიროდ.

ტემპელჰოფი საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების პარადიგმის ცვლილების ფიზიკური მანიფესტაციაა. აქ განსაკუთრებით მძაფრად შეიგრძნობა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქეების პირდაპირი ჩართულობა ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ალბათ დროა ჩვენც დავიწყოთ ფიქრი თანამონაწილეობისთვის ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნაზე და სისტემური სახით ჩავერთოთ ქალქგემარებითი პოლიტიკის ფორმირებაში.

ბერლინის ვიბრაცია ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. ძლიერ აღფრთოვანებას  პარალელების გავლების შედეგად გამოწვეული სევდა ანაცვლებს.

დღე მეოთხე - 15 ივლისი

მთელი დღე ვორკშოპს ეთმობა. არ მიყვარს ვორკშოპები. პირისპირ, სპონტანურად გაზიარებული გამოცდილება და შეხედულებები მირჩევნია. ალბათ, ეს უცნაურობა ჩემ ინტროვერტულ ბუნებას უნდა მივაწერო.

ეს ვიზიტი ბერლინში განსაკუთრებით ფასეული სწორედ არაფორმალური საუბრებისას გამოცდილებების, ინფორმაციის, პერსონალური შიშებისა და ეჭვების გაზიარების შესაძლებლობის მხრივ არის მნიშვნელოვანი. საუბრების, რომელიც საშუალებას გაძლევს შეადარო ლოკალური გამოცდილებები, იპოვო გადაკვეთის წერტილები და გაანალიზო განსხვავებები. გაეცნო ახლად შეძენილი მეგობრების სამუშაო სტრატეგიებს და გაამდიდრო საკუთარი.

დღის ბოლოს ბიოლის ფონდის ოფისის წინ მდელოზე ვსხედვართ და ვაჯამებთ დღეს. სირცხვილით ვიწვი, როდესაც ვარკვევ, რომ ერთადერთი ვარ ჯგუფში, ვინც ველოსიპედის ტარება არ იცის.

წინ გამოსამშვიდობებელი ვახშამი და უკან თბილისში გამოსამგზავრებელი სამზადისი.

დღე მეხუთე - 16 ივლისი

დილით, ფრენამდე თეონას ვხვდები. თეონა კინოს მხატვარია. ბერლინში ცხოვრობს. რამდენიმე წელია ერთმანეთი არ გვინახავს. ვსხედვართ კაფეში, ვსაუზმობთ და გაუჩერებლად ვლაპარაკობთ. მასთან საუბარი არ მყოფნის, თუმცა უკვე აეროპორტში წასვლის დროა. დრო ძალიან სწრაფად გარბის.  

ყურებში გამუდმებით ჩამესმის ლუ რიდის სიმღერის ტექსტი - „In Berlin, by the wall...“ ბერლინთან განშორებით გამოწვეული მელანქოლიის საუნდტრეკი. წინ დატბორილი თბილისია.

P.S. ტარიელმა მერიაში წერილი არ შეიტანა, სამაგიეროდ მე და ტასომ ვისწავლეთ ველოსიპედის ტარება.