საქართველოს საპარლამენტო არჩევნები

რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოსახლეობამ მეცხრე მოწვევის პარლამენტის ნაწილი აირჩია (50-ზე მეტ ერთმანდატიან ოლქში არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გახდა აუცილებელი). 8 ოქტომბრის კენჭისყრა საქართველოსთვის პირველი საპარლამენტო არჩევნებია საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ. 2013 წლიდან საქართველო ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკას წარმოადგენს, სადაც პრეზიდენტზე უფრო გავლენიან პოლიტიკურ პოზიციებს პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ-მინისტრი იკავებს. [1]

საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის გადალახვა სამმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მოახერხა. პირველ ადგილზე თითქმის 50%-იანი მხარდაჭერით მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გავიდა. მთავარი და ყველაზე მძლავრი ოპოზიციური პარტიის სტატუსის შენარჩუნება მოახერხა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დაფუძნებულმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლების 27%-ზე მეტის ნდობა დაიმსახურა. პარლამენტში ზუსტად 5%-იანი მაჩვენებლით კიდევ ერთი, სამი წლის წინ დაარსებული პარტია - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მოხვდა. სხვა ვერცერთმა საარჩევნო სუბიექტმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. 8 ოქტომბერს საარჩევნო ურნებთან ამომრჩეველთა დაახლოებით 51% გამოცხადდა, რაც წინა კენჭისყრის იმავე მონაცემებთან შედარებით 8%-ით ნაკლებია.

როგორი იდეოლოგიური პოზიციები აქვთ პარლამენტში აღმოჩენილ პარტიებს? რატომ ვერ მოხვდნენ საკანონმდებლო ორგანოში სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები? რა შეიცვალა და რა ახალი გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს სამხრეთ კავკასიაში მდებარე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა არჩევნების შემდეგ?

პოლიტიკური ლანდშაფტის ზოგადი შეფასება და პარტიები, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს

საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი განსაკუთრებით ფრაგმენტირებულია. ფრაგმენტაციის მაღალ დონეზე მიანიშნებს წინა მოწვევის პარლამენტში ფრაქციებით წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების რაოდენობაც. 2012 წელს არჩეულ საკანონმდებლო ორგანოში შვიდი ამგვარი ფრაქცია იყო რეგისტირებული. ფრაგმენტაციის გარდა, საქართველოს პარტიული პოლიტიკური სისტემა ხასიათდება ლიდერზე ორიენტაციის მაღალი ხარისხითაც. პოლიტიკური ძალები პრეფერენციებს კონკრეტული ქარიზმული ლიდერების გადაწყვეტილებების მიხედვითაც იცვლიან. შესაბამისად, პარტიების გადაჯგუფების პროცესი ქვეყანაში საკმაოდ დინამიურად მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პროგრამულ იდეოლოგიებზე ორიენტირებულ პარტიებზე მეტად, ლიდერის ქარიზმასა და კლიენტელისტურ ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ჯგუფებს უფრო ვხვდებით.[2]

ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ზოგადი შეფასებისას  აღსანიშნავია პარტიული სისტემის არამდგრადობაც. არამდგრადობის საილუსტრაციოდ კიდევ ერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. 1992-2016 წლების პერიოდში საქართველოში რვა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. რვავე კენჭისყრის შემდეგ პარლამენტში მანდატების მოპოვება მოახერხა წინა არჩევნების დროს არარსებულმა პოლიტიკურმა ძალამ.

საერთო შეფასებისთვის აუცილებელია ყურადღება პარტიებს შორის არსებულ გამმიჯნავ ხაზებზე გამახვილდეს. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე ძირითად სუბიექტებს შორის ეკონომიკური თვალსაზრისით იდეების უნივერსალიზაციის პროცესი დომინირებს. კენჭისყრაში მონაწილე, ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე პირველ ხუთ პარტიას შორის ეკონომიკის დერეგულაციის, გადასახადების შემცირებისა და კანონმდებლობის ლიბერალიზაციის მიმართულებით კონსენსუსი არსებობს. ხუთივე დაწინაურებული პარტიისათვის პროგრესული და ეკოლოგიური გადასახადების დაწესებისა და მსხვილი ბიზნესის რეგულირების საკითხები ფაქტობრივად ერესს წარმოადგენს. პარტიების პოლიტიკურ სპექტრში განაწილება ძირითადად საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და ნატო-რუსეთის დიქოტომიის თვალსაზრისით ხდება.

რისი თქმა შეიძლება გამარჯვებულ, ბარიერგადალახულ პარტიებზე?

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2012 წელს ჩამოყალიბდა. პარტია დააფუძნა რუსეთში გამდიდრებულმა ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა. პარტიის აქტივისტებს ერთმანეთთან მხოლოდ დამფუძნებლის მიმართ გამოვლენილი ლოიალობა აერთიანებთ. ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდმა გაერთიანების შემადგენლობაში ცენტრალური თუ ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურებში დასაქმებული საჯარო მოხელეების რაოდენობის ზრდაც განაპირობა. ბიძინა ივანიშვილი 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, საკუთარი ბანკისა და საქველმოქმედო ფონდის საშუალებით აფინანსებს მეცნიერების, სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლებსაც. შესაბამისად, პარტიის მხარდამჭერთა შორის მრავლად არიან საბჭოთა კავშირის დროს ჩამოყალიბებული და დღემდე შენარჩუნებული სოციალური ფენის ე.წ. „ინტელიგენციის“ წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ამავე პარტიიდან არჩეულ დეპუტატებს შორის მრავლად არიან საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები. ამის გარდა, არჩევნებამდე  „ქართულ ოცნებას“ არაერთი, ძირითადად დასავლეთში განათლება მიღებული ტექნოკრატი შეუერთდა. მმართველი ჯგუფის ლიდერები, ქვეყნის მოქმედი პრემიერი კვირიკაშვილიც და ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ქუმსიშვილიც პოლიტიკაში მოსვლამდე ივანიშვილის ბანკის „თეთრსაყელოიანი“ მოხელეები იყვნენ.

მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარმა ხმა მისცა ნომენკლატურისა და საჯარო მოხელეების, „ინტელიგენციის“, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებისა და ტექნოკრატების პარტიას, რომლის ერთიანობის საფუძველი მხოლოდ ქარიზმული ლიდერისადმი ლოიალობა და „ვარდების რევოლუციის“ ხელისუფლებისადმი წინააღმდეგობა გახლავთ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ამომრჩეველთა მეოთხედზე მეტმა ხმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა. ენმ-ს თავისუფლად შეიძლება ყოფილი ელიტისა და ყოფილი ნომენკლატურის პარტია ეწოდოს. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში (2003-2013) განისაზღვრა  პოლიტიკური ორგანიზაციის ძირითადი იდეოლოგიური ორიენტირებიც. ერთი მხრივ, ენმ-მ მიიღო „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“, შექმნა დერეგულირებული და თავისუფალი ბაზარი უცხოელი მსხვილი ინვესტორებისთვის, დაამარცხა კორუფცია ბიუროკრატიის დაბალ საფეხურებზე, ხელი შეუწყო საჯარო სამსახურების სერვისების მოქალაქეებისთვის ეფექტიანად მიწოდებას; თუმცა, მეორე მხრივ, დაამკვიდრა უმკაცრესი ფორმის სოციალური ავტორიტარიზმი, „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა, პოლიტიზირებული პოლიცია. მათი მმართველობის პერიოდში საქართველო ევროპაში ერთ-ერთ პირველ ადგილზე იყო პატიმართა რაოდენობით, პენიტენციალურ სისტემაში გამოვლენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები კრიტიკულ ნიშნულ სცდებოდა. ენმ-ს წინააღმდეგ არსებული კიდევ ერთი არგუმენტი 2008 წლის ომამდელ პერიოდში სამშვიდობო პოლიტიკის მარცხს უკავშირდება. მიუხედავად წარსული გამოცდილებისა, ექს-პრეზიდენტის პარტია გარკვეული დივიდენდების დაგროვებას ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიღებული გამოცდილებისა და პროდასავლური რიტორიკის ფასად ახერხებს. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის საარჩევნო მარცხის შემდეგ პარტიის ლიდერთა შემადგენლობა არ შეცვლილა.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი

ქართველი ლიბერალების აღშფოთება გამოიწვია პარლამენტში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ (სპა) არჩევამ. ალიანსი ულტრაკონსერვატიული და ნაციონალისტური პოლიტიკური ძალაა. აღნიშნული პარტია შეიძლება იმ გლობალურ ტენდენციას მიეკუთვნოს, რომლის წარმომადგენლებადაც დონალდ ტრამპს, მარინ ლე პენს, „პეგიდასა“ და სხვა მემარჯვენე-პოპულისტურ ძალებს განიხილავენ. სპა-ს წარმატებას უკავშირებენ ტელე-რადიო სადგურ „ობიექტივის“ მუშაობას. აღნიშნული მედიამაუწყებლის საშუალებით, ჯერ კიდევ 2010 წლიდან, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები დღეში რამდენჯერმე, რამდენიმე საათის განმავლობაში განსაკუთრებით მარტივი და გასაგები ენით ელაპარაკებიან საქართველოს მოსახლეობას. აღნიშნული პარტიის მოქმედების სტრატეგიას შეიძლება  „რადიო ევანგელიზმი“ ეწოდოს[3]. ისინი 1930-60-იანი წლების ამერიკელი ევანგელისტი მქადაგებლების მსგავსად ცდილობდნენ საკუთარი დღის წესრიგის გააქტიურებას საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის. სპა-ს უკიდურესად სახიფათო მახასიათებლებს შორის შეიძლება დასახელდეს გენეტიკისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირის შესახებ წარმოებული საუბრები, პარტიის ანტითურქული მოწოდებები და ბუნდოვანი პოზიციები საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. თუმცა, საინტერესო გარემოებაა ის, რომ რადიკალი მემარჯვენეების სიაში გენდერული ბალანსი დაცულია, სპა-ს ექვსი დეპუტატიდან სამი ქალია (ერთი აფხაზი) და სამი მამაკაცი.

მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პარლამენტში მოხვედრილი პოლიტიკური ძალებიდან ერთი აბსოლუტურად გაურკვეველი მიზნების მქონე, ლიდერის ქარიზმის საფუძველზე გაერთიანებული ეკლექტური პარტიაა, მეორე ლიბერალური ავტორიტარიზმის გამოცდილების მქონე ორგანიზაცია, მესამე კი რადიკალური მემარჯვენე დისკურსის მიმდევარი ჯგუფი. პარლამენტში არცერთი ლიბერალურ-დემოკრატიული, მემარცხენე ან მწვანე დამოუკიდებელი ჯგუფი არ იქნება წარმოდგენილი.

რატომ ვერ მოხვდნენ საკანონმდებლო ორგანოში სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები?

8 ოქტომბერს 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „რესპუბლიკელებმა“ , ტრადიციულმა ლიბერალურმა, პროევროპულმა პარტიებმა, რაც უდავოდ გააღარიბებს და დააზარალებს საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ ცხოვრებას. ლიბერალური პარტიების მარცხი რამდენიმე ფაქტორით შეიძლება აიხსნას:

  1. ორივე ლიბერალური პარტია 2012 წელს მილიარდერ ივანიშვილის ბლოკის შემადგენლობაში ირიცხებოდა. პარტიის წარმომადგენლები დანიშნულნი იყვნენ მაღალ სამთავრობო და საპარლამენტო თანამდებობებზე. კოალიციაში ყოფნის დროს მათ ხშირად უწევდათ კომპრომისებზე წასვლა, საკუთარი დღის წესრიგის გატარებაზე უარის თქმა, რამაც მათ ამომრჩევლებში რიგი კითხვები გააჩინა.
  2. „იდეოლოგიურმა ტყუპისცალებმა“, ორმა ერთი და იმავე პრიორიტეტების მქონე პარტიამ ვერ მოახერხა გაერთიანება, ფრაგმენტაციის ტენდენციის დარღვევა და არჩევნებში ერთიანი სიით მონაწილეობა. გაერთიანების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ისინი მოახერხებდნენ ბარიერის გადალახვას (თავისუფალმა დემოკრატებმა 4,6% აიღეს, რესპუბლიკელებმა 1,5%).
  3. ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების შემოწირულობები გაცილებით ნაკლები იყო ვიდრე ბარიერგადალახული პარტიებისა. შესაბამისად, წინასაარჩევნო პერიოდში საქმე გვქონდა თვალშისაცემ ფინანსურ უთანასწორობასთან საარჩევნო სუბიექტებს შორის.
  4. ქვეყნის მოსახლეობის 30%-მდე სოციალურად დაუცველთა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა ბაზაში შეყვანას ითხოვს. როგორც ჩანს, ლიბერალური პარტიების სოციალური პროგრამა გაუგებარი ან მიუღებელია ამომრჩეველთა სოლიდური ნაწილისათვის. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ პროდასავლური ლიბერალური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას უფრო მეტ ყურადღებას სახელმწიფოებრვი მოწყობის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური ორიენტაციების საკითხზე ამახვილებდნენ. მოკლედ, პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის შედეგიანი კომუნიკაცია არ შედგა.
  5. ქვეყნის ორმა უდიდესმა პარტიამ („ქართული ოცნება“ და ენმ) და მათმა ლიდერებმა, მთელი თავიანთი კამპანია ერთმანეთისგან „მტრის ხატის“ შექმნაზე ააგეს. ისინი თავიანთი სტრატეგიებით ცდილობდნენ დანარჩენი პარტიების მარგინალიზაციას და ფაქტობრივად მხარს უჭერდნენ საქართველოში ორპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას.

ძირითადი პოსტელექტორალური გამოწვევები

საქართველოში პოსტსაბჭოთა გარდამავალი რეჟიმებისათვის დამახასიათებელი შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს[4]. 77 დეპუტატი პროპორციული სიებით აირჩევა, 73 კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში. 2003-2012 წლებში მაჟორიტარ დეპუტატთა 95% მმართველი გუნდის შემადგენლობაში ირიცხებოდა. ენმ თავისი მმართველობის წლებში მაჟორიტარი დეპუტატების ხარჯზე ახერხებდა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას. დღეს, „ქართულ ოცნებას“ აბსოლუტურად რეალური შანსი აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისა. მმართველმა პარტიამ 20-ზე მეტი მაჟორიტარული მანდატი უკვე მოიპოვა და თითქმის ყველა ოლქის მეორე ტურში საგრძნობი უპირატესობით გადასვლაც შეძლო. მაშასადამე, სახელისუფლებო ძალა შეიძლება დაადგეს სააკაშვილისა და პუტინის გზას (სექტემბერში ჩატარებულ დუმის არჩევნებზე პუტინის პარტიამაც მაჟორიტარი დეპუტატების ხარჯზე დააგროვა საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის აუცილებელი მანდატები). გამოიკვეთა სახიფათო ტენდენციაც - არჩევნების დასრულებისთანავე, ყოვლისმომცველი საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ მსჯელობის დაწყების ნაცვლად „ქართული ოცნების“ ლიდერები  მათთვის მიუღებელი სახელმწიფოს მეთაურის ძალაუფლების შემცირებასა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებაზე ალაპარაკდნენ. იკვეთება ყველა სახის ძალაუფლების ერთი პოლიტიკური ბანაკის ხელში კონცენტრაციის რისკი.

წინა პარლამენტში თუ დაახლოებით შვიდი დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა იყო წარმოდგენილი, ახალი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის ფორმირებას მხოლოდ სამი პარტია შეძლებს. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტში წარმოდგენილი არ იქნებიან ბიძინა ივანიშვილთან არაანგარიშვალდებული მემარცხენეები, მწვანეები და ლიბერალები.  აშკარად თვალშისაცემია პლურალიზმის თვისებრივი და რაოდენობრივი ხარისხის შემცირება. არჩევნებზე არ გამოცხადდა მოქალაქეთა 49%, საარჩევნო უბნებზე მისული ადამიანების დაახლოებით 17-20%-ის მიერ შერჩეული პოლიტიკური პარტიები კი პარლამენტში ვერ მოხვდნენ. ბუნებრივია, ეს გარემოება საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციის საკითხსაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მესამედის ნდობის ხარჯზეც კი შეუძლია.

მაშასადამე, საქართველო კვლავ დგას აბსოლუტური ძალაუფლების ერთი პარტიის მიერ ხელში ჩაგდების, პოლიტიკური სისტემის მიერ მოქალაქეთა განწყობების არაადეკვატური ასახვისა და აქედან გამომდინარე ლეგიტიმაციის კრიზისის საფრთხის წინაშე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქართული საზოგადოება წინა ათწლეულთან შედარებით უფრო გამოცდილია და აუცილებლად უფრო შედეგიანად შეეწინააღმდეგება მოსალოდნელ ანტიდემოკრატიულ ტენდენციებს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ქაოსში მყოფი სირიისა და უკრაინის, იმპერიალისტური და აგრესიული რუსეთის, ავტორიტარული თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის, შიიტური ფუნდამენტალიზმის მიმდევარი ირანის სიახლოვეს მდებარე პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოა. მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო დემოკრატიის ხარისხის მიხედვით რეგიონში მაინც მოწინავე ადგილს იკავებს.

[1] Richard Stacey and Sujit Choudhry, Semi-Presidential Government in the Post-Authoritarian Context, 2014, Center for Constitutional Transitions at NYU Law, pp. 4-11

[2] Kitschelt, Formation of Party Cleavages in Post-Communist Democracies, 1995, SAGE Publications

[3] Radio Evangelism in Action, Various Authors, Ministry magazine, https://www.ministrymagazine.org/archive/1942/12/radio-evangelism-in-action (ბოლოს ნანახია 10.10.2016)

[4] Jack Bielasiak, The Institutionalization of Electoral and Party Systems in Postcommunist States, Comparative Politics, Vol. 34, No. 2 (Jan., 2002), pp. 189-210