ბრძოლა საჯარო სივრცისთვის: როცა პირადი პოლიტიკურია

ბრძოლა საჯარო სივრცისთვის: როცა პირადი პოლიტიკურია

29 დეკემბერი 2016
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო
გამოცემის ადგილი: თბილისი
გამოცემის თარიღი: 2016
გვერდების რაოდენობა: 136
License: All rights reserved.
Language of Publication: Georgian / ქართული
ISBN: 978-9941-0-9547-4

საჯარო სივრცე გენდერულად მიკერძოებულია – ეს ფრაზა შეიძლება პროვოკაციულად ჟღერდეს, მაგრამ თუკი ვიკითხავთ, –  ვინ ჩანს ყველაზე მეტად საჯარო სივრცეში, ვის ინტერესებსა თუ კომფორტზეა ის მორგებული, პასუხების ძიებისას აღმოვაჩენთ, რომ საჯარო სივრცე დღემდე რჩება სათანადო რელიგიური აღმსარებლობისა და სექსუალური ორიენტაციის, ჯანმრთელი და ახალგაზრდა მამაკაცების კუთვნილებად. ქალებმა დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვეს საჯარო სივრცის ფიზიკურად დაკავების უფლება, თუმცა, ქართულ კონტექსტში ეს უკანასკნელი დღემდე არაა გენდერულად მგრძნობიარე და ქალების საჭიროებებსა და უსაფრთხოებაზე მორგებული.

საჯარო სივრცეების "მამაკაცურობას" ხაზს უსვამს მათი სახელწოდებებიც. ქუჩებს, სკვერებს, სხვადასხვა დაწესებულებას – სწორედ მამაკაცების სახელები ჰქვია. ისტორიის კრიტიკულად გადააზრებამ აჩვენა, რომ ქალების მიღწევები უფრო მარტივად ეძლევა დავიწყებას, რადგან საზოგადოებათა უმეტესობა დღემდე მყარად დგას პატრიარქალურ ღირებულებებზე. საჯარო სივრცეების სახელწოდებებში მამაკაცების უპირატესობა სწორედ ამის დასტურია – ქალებს კვლავ უამრავი დაბრკოლება ხვდებათ ისტორიის ოფიციალურად აღიარებულ ვერსიაში მოსახვედრად. ამდენად, უნდა ითქვას, რომ საჯარო სივრცეების დაკავება ფიზიკური თუ სიმბოლური თვალსაზრისით, ცალსახად პოლიტიკური საკითხია.

ამ პუბლიკაციის სათაური შთაგონებულია სტატიით, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს 2015 წლის გამოცემაში "ანტიგენდერული მოძრაობის აღმასვლა: ბრძოლა გენდერული თანასწორობისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში" შევიდა. სტატიას სწორედ "ბრძოლა საჯარო სივრცისთვის" ჰქვია, სადაც გენდერის მკვლევარი და აქტივისტი, ეკა აღდგომელაშვილი, იმ განსაკუთრებულ ნიშნებზე წერს, რაც საქართველოში ანტიგეი გამოსვლებს ახასიათებს: ლესბი, გეი, ბი და ტრანსსექსუალი პირებისთვის საჯარო სივრცეში არა მხოლოდ შეკრების, არამედ ფიზიკურად არსებობის შეზღუდვით საზოგადოება სიმბოლურად "იწმინდება" იმ ადამიანებისგან, რომლებიც დადგენილ პატრიარქალურ ჩარჩოში ვერ თავსდებიან. ის, თუ ვინ და როგორ უნდა ჩანდეს საჯარო სივრცეში, ნაციონალიზმის მუდმივად მზარდი ტალღის ფონზე უკიდურესად პოლიტიზებულია. შედეგად ვიწროვდება "საჯაროობის" განმარტება და თანდათან მყარდება შეხედულება, რომ ის მხოლოდ უმრავლესობის საკუთრებაა. ამდენად, საჯარო სივრცე არა უბრალოდ მამაკაცური, არამედ ჰეტერომამაკაცურია. არანორმატიული სექსუალობებისთვის აქ ადგილი არ არის.

ამ კრებულის მთავარი ღერძი გადის კითხვაზე, რომელსაც ეკა აღდგომელაშვილი სვამს ზემოხსენებულ სტატიაში: როგორ შეიძლება ბრძოლა საჯარო სივრცისთვის ომის გარეშე?

წინამდებარე კრებულში თავმოყრილი სტატიები მე-5 საერთაშორისო გენდერული უორქშოპის მასალებზე დაყრდნობით დაიწერა, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით 2016 წლის მარტში თბილისში ჩატარდა. პუბლიკაციაში წარმოდგენილი ქართველი, სომეხი, რუსი, თურქი, ჩეხი და გერმანელი აქტივისტებისა და მკვლევრები როგორც თემატიკის, ასევე პოზიციების საინტერესო მრავალფეროვნებას გვთავაზობენ.

კრებული პირობითად სამ ნაწილად იყოფა, საიდანაც პირველ ნაწილში ქვესათაურის "მობილიზება" ქვეშ ფემინისტური აქტივიზმის მაგალითებია გაერთიანებული. ამ ნაწილში ქართველი, თურქი და სომეხი ფემინისტები გვაცნობენ საკუთარ პერსპექტივას ადგილობრივი გამოწვევებისა და ბრძოლების შესახებ. განსაკუთრებით საინტერესოა სტამბოლის ფემინისტური კოლექტივის მიერ საჯარო სივრცის დაკავების მაგალითები, რომელზეც თურქი აქტივისტი, ირემ ილმაზი გვიყვება. თურქული პოლიტიკური ვითარების ფონზე ეს აქციები მართლაც გამბედავი ხასიათისაა: 2014 წელს თურქმა ფემინისტებმა წამოიწყეს აქცია, რომელმაც სოციალური ქსელების დახმარებით, მოულოდნელი მასშტაბურობა შეიძინა. "შეატყუპე ფეხები, ნუ მავიწროებ", – მოუწოდებდნენ ქალები მამაკაცებს საჯარო ტრანსპორტში. კონკრეტულ პრობლემაზე აქცენტირებით კამპანია საკმაოდ რადიკალური იყო და ხაზს უსვამდა იმას, რომ საჯარო ტრანსპორტით მგზავრობისას შევიწროება ქალების ყოველდღიური გამოცდილებაა.

კრებულის მეორე ნაწილი, "ტრანსფორმაცია", სცდება უშუალო აქტივიზმს და ახლებურად წარმოგვიდგენს არქიტექტურასა და ხელოვნებას. მაგალითად, ურბანისტიკაში გენდერული მეინსტრიმინგისა და ქალი არქიტექტორების კარიერაში არსებული ბარიერების შესახებ ჩეხი ექსპერტი, მილოტა სიდოროვა, მოგვითხრობს. ეს თემა საკმაოდ ახალია სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, სადაც არქიტექტურასა და ქალაქგეგმარებაში გენდერულად მგრძნობიარე ხედვა თითქმის არ არსებობს. შედეგად, ვაწყდებით იმ პრობლემებს, რაც დასაწყისში იყო ხაზგასმული 9 წინასიტყვაობა – საჯარო სივრცეები მხოლოდ ერთი, დომინანტური ჯგუფის ხედვით ვითარდება. სწორედ ამიტომ, მილოტა სიდოროვას სტატიამ შეიძლება სათავე დაუდოს ახალ დისკუსიას საქართველოში.

კრებულის მესამე ნაწილი, "დაკანონება", ფემინისტური იდეების საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრების ისტორიას მიმოიხილავს. გერმანელი მეცნიერი ულრიკე შულცი გვიყვება გერმანიის შესახებ, სადაც ჯერ კიდევ 1977 წელს, ქალს სამსახურის დასაწყებად ქმრის ნებართვა სჭირდებოდა. შულცი აღწერს იმ რთულ და გრძელ პროცესს, რომლის შედეგადაც ქალებისთვის ადამიანის საბაზისო უფლებების უზრუნველაყოფად საკანონმდებლო ბაზა შეიქმნა, შემდეგ კი მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოტანა გახდა შესაძლებელი.

მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელია შულცის მეორე სტატიაც, სადაც ის საუბრობს კანონმდებლობაში დღემდე არსებულ სექსიზმზე. როგორ გავლენას ახდენს გენდერული სტერეოტიპები სამართალწარმოების პროცესზე? ეს ის საკითხია, რაზეც მსჯელობა აუცილებლად უნდა გაღრმავდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც, რათა სათანადო შეფასება მიეცეს გადაწყვეტილებებს, რომლებიც, მაგალითად, ბოლო წლებში ფემიციდის შემთხვევებთან დაკავშირებით იქნა მიღებული საქართველოში.

დღეს, ფემინისტური ბრძოლის სხვადასხვა ველის ერთმანეთთან დაკავშირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან არ არსებობს საკითხები, რომელთა გაჟღერების დროც ჯერ არ დამდგარა. ფემინისტური მოძრაობისთვის მხოლოდ წაგებიანია საკითხების იერარქიულად დაყოფა და "ნაკლებად მნიშვნელოვანი" თემების შესაფერისი მომენტისთვის გადადება. ამის შედეგი მხოლოდ ისაა, რომ ფორმალურად გარკვეული წარმატება მიიღწევა, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში თანასწორობის პრინციპების გადმოტანა ვერ ხერხდება. "თანასწორობამ მითხრა, ნუ მეძებ", – ეწერა ერთ-ერთ პოსტერზე 2016 წლის 8 მარტს თბილისში გამართულ ფემინისტურ მსვლელობაზე. სამწუხაროდ, ეს სიტყვები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ყოველდღიურობას კარგად ასახავს, თუმცა, იმედია, კრებულში წარმოდგენილი სტატიები კიდევ ერთხელ დაგვანახებს, რომ ფემინიზმის ისტორია არა მხოლოდ ბრძოლის, არამედ გამარჯვების ისტორიაცაა.

2016 წლის ოქტომბერი

ეთუნა ნოღაიდელი
პროგრამის კოორდინატორი
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო

 

 

შინაარსი:

წინასიტყვაობა 7

მობილიზება

ნათია გვიანიშვილი, ინტერსექციურობა და ქართული ფემინისტური მოძრაობა 13

ნვარდ მანასიანი, დონორთან თანამშრომლობა ფემინისტურ დებატს არ გამორიცხავს 20

ირემ ილმაზი, თურქი ფემინისტების მობილიზება საკუთარი დღის წესრიგისთვის: ბრძოლა და კამპანიები 32

ჰაჯერ ოზმენი, ქურთი ქალები და მათი ბრძოლა თავისუფლებისა და თანასწორობისთვის 45

ტრანსფორმაცია

მილოტა სიდოროვა, წარმატებული არქიტექტორი ან ურბანისტი ქალები? 55

ვიქტორია ლომასკო, რისთვისაა საჭირო ფემინისტური ხელოვნება? 68

თეო ხატიაშვილი, "ქალური" კინო თუ ქალი რეჟისორების კინო? 77

სოფიო კილასონია, ქალის სახე ქართულ სახვით ხელოვნებაში: საბჭოთა და პოსტსაბჭოთა მხატვრების ნამუშევრები 87

დაკანონება

ულრიკე შულცი, ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობა გერმანიაში – როგორ ტრანსფორმირდა კონსტიტუციური პრინციპი პრაქტიკაში 97

ულრიკე შულცი, სექსიზმი კანონმდებლობაში – გენდერული სტერეოტიპების გავლენა სამართალწარმოებაზე 114

ავტორები 130

ახალი კომენტარის დამატება