ასე შორს, და მაინც ასე ახლოს. ევროპის სახე-ხატი საქართველოში: იდეათა ისტორია

ევროპის იდეა საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა. ქართველმა თავად-აზნაურებმა, რომლებიც რუსეთის მეფის სამსახურში იდგნენ, მე-19 საუკუნის დასაწყისში დაიწყეს რუსულად თარგმნილი გერმანული იდეალიზმის ტექსტებისა და რომანტიკოსთა პოეზიის კითხვა. სწორედ ამ ტექსტებმა შეიტანეს ეროვნული იდეა საქართველოში. 1870-90-იანი წლების ეროვნული მოძრაობისთვისაც ევროპის კარად კვლავ რუსეთი რჩებოდა. სიმბოლისტ პოეტთა ჯგუფ „ცისფერი ყანწების“ წევრებმა მე-20 საუკუნის დასაწყისში პირველებმა დაიწყეს საუბარი, არა თანამედროვე ევროპისკენ სვლაზე, არამედ საქართველოს „დაბრუნებაზე“ ევროპულ ცივილიზაციაში. საბჭოთა ძალაუფლების დამყარების შემდეგ, საქართველოში ოფიციალური დოქტრინის მიხედვით, 70 წლის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ სოციალისტური მომავალი აზიაში იყო. პერესტროიკისას კი კვლავ ამოტივტივდა წარმოდგენა ევროპაში, როგორც საერთო სახლში დაბრუნების შესახებ. თუმცა უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში რუსეთმა ევროპული იდეების გამაშუალებლის როლი დაკარგა. დღესდღეობით, მხოლოდ ევროპული საქართველოს მოწინააღმდეგეები იყურებიან მოსკოვისკენ.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ქართველებისთვის ევროპის სახე-ხატი სამი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული წარმოდგენით იყო განსაზღვრული: ევროპა, როგორც გეოპოლიტიკური სივრცე, ევროპა როგორც პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პროგრესის მოდელი, ევროპა როგორც თანამედროვე ცივილიზაციის აკვანი. ამ წარმოდგენებმა საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს საქართველოს ისტორიაზე, დაწყებული მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აღმოცენებული ეროვნული მოძრაობით, გაგრძელებული მეფის რუსეთის დამხობის შემდეგ პირველი ქართული სახელმწიფოს შექმნითა და დამთავრებული საბჭოთა კავშირის დაშლით. მიუხედავად ამგვარი არაერთმნიშვნელოვნებისა, მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოში არსებობდა პრეტენზია იმისა, რომ ქვეყანა ევროპის ნაწილს წარმოადგენდა, რადგანაც სწორედ მასთან იყო დაკავშირებული პროგრესისა და უკეთესი მომავლის სურვილიც. როგორც რაინჰარტ კოზელეკმა აჩვენა, ახალ დროში მომავლის ცნება პროგრესის ფილოსოფიის გამოხატულებაა, რომელშიც ერთანეთს ერწყმის წინასწარმეტყველება და პოლიტიკური სტრუქტურა, რაციონალური პროგნოზები და ხსნის მოლოდინენები.[1] მომავლის მოლოდინით დატვირთული ევროპის სახე-ხატი საქართველოში კატალიზატორის ფუნქციას ასრულებდა, რამდენადაც „მოლოდინის ჰორიზონტს“ შლიდა და ახალ „მოლოდინის სივრცეს“ ქმნიდა.[2]

ევროპის აღმოჩენა

იმ ქართველი ინტელექტუალის ძებნას თუ დაიწყებთ, რომელმაც საქართველოსა და ევროპის მიმართების შესახებ დისკუსია წამოიწყო, ტყუილად დაშვრებით.[3] თუმცა, ზუსტად შეგვიძლია განვსაზღვროთ ის, თუ როდის დაიწყო თავად ეს დისკუსია: მე-18 და მე-19 საუკუნეების მიჯნაზე, როდესაც შუა სუკუნეების დანაწევრებული ქართული სამეფო — რომლის აღმოსავლეთ ნაწილები სპარსული, ხოლო დასავლური, ოსმალური ბატონობის ქვეშ იმყოფებოდა — ნაბიჯ-ნაბიჯ შეუერთდა რუსეთის იმპერიას. რუსეთის იმპერიამ არა მხოლოდ ტერიტორიები მიიერთა თავ-თავიანთ მოსახლეობებთან ერთად, არამედ მთელი ქართული ელიტაც შეითვისა და ამით ხელი შეუწყო ქართველი დიდგვაროვნებისა და შემდგომში უკვე ფართო საზოგადოებრივი ფენების ზიარებას ევროპულ პოლიტიკურ, კულტურულ და ინტელექტუალურ დინებებთან. ის ფაქტი, რომ ევროპული აზროვნება აქ რუსეთის გავლით შემოვიდა, დღემდე ახდენს გავლენას ევროპის სახე-ხატზე საქართველოში და განსაზღვრავს ასევე პასუხებს კითხვებზე: რას ნიშნავს „ევროპა“ ქართველებისთვის და როგორი უნდა იყოს მათი მისდამი დამოკიდებულება.[4]

[ევროპასთან] ამგვარი შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მაგალითია პეტრე ბაგრატიონი (1765-1812), ქართველი თავადი, ბაგრატიონების სამეფო დინასტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც, როგორც რუსული არმიის გენერალი, ნაპოლეონის წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლებში მონაწილეობდა.[5] თუმცა, ევროპულ აზროვნებასთან ზიარება საქართველოში უფრო ინტენსიური მას შემდეგ გახდა, რაც მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ჩამოყალიბებულმა ქართულმა ინტელიგენციამ რუსულად თარგმნილი გერმანული იდეალიზმის ტექსტებისა და რომანტიკოსი პოეტების რეციპირება დაიწყო. ამ ტექსტების თემა თავისუფლება — ინდივიდუალური თუ ეროვნული — და ხშირად ისტორიის ნოსტალგიურ გაგებასთან შეზავებული პატრიოტიზმი იყო. რუსეთით გაშუალებული ამგვარი გავლენის შედეგად წარმოიშვა გვიან 1830-იან წლებში ქართული რომანტიზმი, რომელიც სულ ცოტა ხანში ქართული ეროვნული ცნობიერების კულტურულ და პოლიტიკურ ჩანასახად გადაიქცა.

ეროვნული მოძრაობის თავკაცები იყვნენ ალექსანდრე ჭავჭავაძე (1786-1846) და გრიგოლ ორბელიანი (1800-1883), რომლებსაც, კავკასიაში დანარჩენი ქართველი თავად-აზნაურების მსგავსად, წამყვანი თანამდებობები ეკავათ რუსულ არმიასა თუ სამოქალაქო სამსახურში. ჭავჭავაძე პეტერბურგში დაიბადა; დედოფალი ეკატერინე II მისი ნათლია იყო; 1814 წელს მან ნაპოლეონის წინააღმდეგ პარიზთან გამართულ ბრძოლაში რუსული ჯარის რიგებიდან მიიღო მონაწილეობა. ჭავჭავაძე და ორბელიანი საქართველოს წარსულის შესახებ ტკივილითა და სიამაყით გაჟღენთილ ლექსებს წერდნენ. თუმცა მათ ვერ შეძლეს რუსული ბატონობის დამხობა, როდესაც 1832 წელს, ქართული სამეფოს აღდგენის მიზნით დაგეგმილი ახალგაზრდა ქართველ თავად-აზნაურთა შეთქმულება (მსგავსი 1825 წლის დეკაბრისტებისა და 1830-31 წლების ვარშავის ნოემბრის შეთქმულებებისა) გაითქვა, განზრახვა კი ჩაიშალა.[6] ეს პოლიტიკური ამბიციების დროებით დასასრულს მოასწავებდა. 

თუმცა კულტურული თვალსაზრისით გაგებული იდეა ერისა, რომელსაც ეროვნულ ენაზე აღზრდისა და ეროვნული რელიგიის მეშვეობით უნდა გამოეღვიძა, ამიერიდან უკვე იყო ჩადებული ქართულ სამყაროში, რომელიც, ამავდროულად, რუსულ ენაზე გავლით განიცდიდა რუსეთიდან მომდინარე ევროპეიზაციას: თბილისში რუსული სკოლები იხსნებოდა და რომანტიზმის რუსულად ნათარგმნი ტექსტები ვრცელდებოდა. საქართველოში, ისევე როგორც მთელ კავკასიაში, უცნაურ სიმბიოზად შეიკრა იმპერიალისტური დაპყრობითი პოლიტიკა და ლირიული გამოღვიძება, გეოპოლიტიკა და ლიტერატურა. ამის უკუ ანარეკლს ვხედავთ რუსეთში, სადაც, ერთი მხრივ, ალექსანდრე პუშკინის - რომელმაც 1829 წელს საქართველოში იმოგზაურა - და, მეორე მხრივ, მიხაილ ლერმონტოვის - რომელმაც 1840 წელს მისი გადასახლებისას დიდი ხანი დაჰყო სამხრეთ კავკასიაში - გავლენით შეიქმნა კავკასიის მეტად თავისებური სახე-ხატი. პეტერბურგიდან და მოსკოვიდან სამხრეთს (კავკასიას) ორიენტალისტურ მზერას აპყრობდნენ, სწორედ ისე, როგორც დასავლეთ ევროპიდან აღმოსავლეთს. კავკასიის შესახებ რუსულ ლიტერატურაში არსებული მონოლოგის ცენტრალური თემა „ჩვენსა“ და „სხვებს/უცხოებს“ შორის შედარებაა. [7]

გამიჯვნის ამ წესმა თანდათანობით ქართული ლიტერატურაც განმსჭვალა და ქართველი ერის შესახებ მე-19 საუკუნის დასაწყისში დაწყებულ დებატებზეც იქონია გავლენა. ცხადია, არაფერი იყო ახალი ისეთი კატეგორიებით აზროვნებაში, როგორიცაა „ჩვენ“ (ქართველები) და „ისინი“ (სხვები/უცხოები). თუმცა ამგვარად გავლებული საზღვარი აქამდე ცივილიზებულსა და არაცივილიზებულს შორის არ გადიოდა. როდესაც აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე ქართლ-კახეთის სამეფოს მმართველმა ერეკლე II-მ მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ეკატერინე დიდს საქართველოს რუსეთთან კავშირი შესთავაზა, რათა სპარსეთზე ვასალური დამოკიდებულებისთვის დაეღწია თავი, (კავშირი 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატით გაფორმდა, რომელიც რუსეთს თავისუფალი და ერთიანი საქართველოს დამცველად აცხადებდა), მან ხაზი გაუსვა მართლმადიდებელ ქრისტიანთა ერთიანობას და შეუპირისპირა ისინი სპარსეთისა და ოსმალეთის ისლამურ იმპერიებს.[8] მე-19 საუკუნეში ამავეს აკეთებდნენ ქართველი ინტელექტუალებიც, რომლებიც არასოდეს ეხებოდნენ ქრისტიანთა და მუსლიმთა მშვიდობიანი თანაცხოვრების [ფაქტს] და, ნაცვლად ამისა, საუბრობდნენ „დიდი თურქობისთვის“ გაწეულ წინააღმდეგობაზე. „დიდი თურქობით“ აღინიშნება  გვიან მე-11 საუკუნეში სელჯუკთა შემოსევა, მე-13 საუკუნეში მონღოლთა ლაშქრობა და მე-16 საუკუნეში ოსმალური და სპარსული ბატონობა საქართველოზე.[9]

ერი, სახელმწიფო, ევროპა

მე-19 საუკუნის უკანასკნელ და მე-20 საუკუნის პირველ ორ ათწლეულში ერის კულტურულმა გაგებამ თანდათანობით სულ უფრო მეტი პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა. ქართველ ინტელექტუალთა დებატებში უპირველესად საქმე ეხებოდა არა ქართველის კულტურულ დეფინიციას, არამედ საქართველოს ეროვნულ მომავალს კავკასიაში, რუსეთის იმპერიასა და ევროპაში.

განმანათლებელი და „ერის მამა“ ილია ჭავჭავაძე (1837-1907) გამოჰყოფდა ქართული ენის, ქართულ-მართლმადიდებლური კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებულობას, ისევე როგორც ქართველი ერის ძლევამოსილ წარსულს. იგი მიაწერდა მას  „სულს“, რომელმაც „ბრძოლისა და გადარჩენის შესახებ მეხსიერება“ შეინარჩუნა.[10] ჭავჭავაძე განეკუთვნებოდა თერგდალეულთა მოძრაობის წამყვან მოაზროვნეთა რიცხვს, რომლებმაც 1860-იან წლებში კულტურული ნაციონალიზმის აყვავებას შეუწყვეს ხელი. თუ თავდაპირველად ცნება თერგდალეულები – სიტყვასიტყვით: ისინი ვინც მდინარე თერგის წყალი დალია — უარყოფითი მნიშვნელობით გამოიყენებოდა იმ ქართველ თავად-აზნაურთა აღსანიშნავად, რომლებიც რუსეთის მეფის სამსახურში იდგნენ, ჭავჭავაძის თაობამ, რომელიც „თერგის გავლით“ წავიდა პეტერბურგში სასწავლებლად და იქ ევროპულ განმანათლებლურ აზროვნებასა და ევროპის საზოგადოებრივი განვითარების შესახებ ცოდნას ეზიარა, ამ ცნების გაკეთილშობილება მოახერხა.[11]

მთელ თავის შემოქმედებაში, განსაკუთრებით კი 1882-1889 წლებს შორის გამოქვეყნებულ სტატიებსა და ნარკვევებში, ჭავჭავაძე ევროპას განიხილავს სივრცედ, რომელზეც დიდი სახელმწიფოები დომინირებენ. რუსეთის იმპერიის სიძლიერიდან გამომდინარე, მისი აზრით, არ არსებობს იმედი იმისა, რომ საქართველო ასეთ ევროპაში შვედეთის, ნორვეგიის, ნიდერლანდებისა და საბერძნეთის მსგავსად დამოუკიდებლობის მოპოვებას შეძლებს.[12] როდესაც 1897 წელს, კუნძულ კრეტაზე ოსმანთა ბატონობის წინააღმდეგ ბერძენთა აჯანყებით დაწყებული თურქეთ-საბერძნეთის ომი დასრულდა, ქართველ სტუდენტთა ჯგუფმა წერილობით მიმართა ჭავჭავაძეს იმის საკითხავად, დაუჭერდნენ თუ არა ევროპული დიდი სახელმწიფოები საქართველოს თვითგამორკვევასაც მხარს, მან თავი აარიდა პირდაპირ პასუხს და სტუდენტებს ურჩია, ევროპაზე დაყრდნობის ნაცვლად, „მეტი გაეკეთებინათ საქართველოსთვის“.[13]

მიუხედავად იმისა, რომ ჭავჭავაძე ღიად აკრიტიკებდა რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას საქართველოში, ოსმალური და სპარსული მუსლიმური არმიებისგან სანდო თავდაცვის ერთადერთ საშუალებად ის მაინც ქრისტიანულ რუსეთს მიიჩნევდა. იგი არ ელოდა საკმარის მხარდაჭერას ევროპული დიდი სახელმწიფოებისგან.[14] 1899 წელს ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა ნაშრომი „ასი წლის წინ“, რომელშიც მიმოიხილავს მოვლენებს, რომლებმაც 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთება გამოიწვია. 1799 წელს გიორგი XII-მ, ქართლ-კახეთის უკანასკნელმა მეფემ, სპარსეთის იმპერიის მუქარის გათვალისწინებით, რომელსაც მანამდე 1795 წელს საქართველოსთან ომისას თბილისი გადაეწვა, რუსეთის მეფე პავლე პირველს სთხოვა, რუსეთს რეალურად აეღო თავის თავზე საქართველოს დაცვა, როგორც ეს გეორგიევსკის ტრაქტატით იყო შეთანხმებული. 1799 წლის ნოემბერში მეფის არმიის ნაწილი თბილისში შევიდა. ერთი წლის შემდეგ პეტერბურგმა ქართული სამეფოს ანექსია მოახდინა, 1801 წელს კი ის საქართველოს გუბერნიად გამოაცხადა. 1899-ში ჭავჭავაძე განმარტავდა, რომ მომდევნო საუკუნეების განმავლობაში საქართველო უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, ვიდრე მის გარეთ შეიძლებოდა ყოფილიყო. „რუსეთმა გააღო განმანათლებლობის კარი [და] საქართველომ იპოვა მშვიდობა. ერთმორწმუნეთა დახმარებამ მტრის შიში გაგვიქრო [...] მუდმივი ომებით დაღლილმა ქვეყანამ მოისვენა, გათავისუფლდა მომავალი მიწასთან გასწორებისა და განადგურების შიშისგან და ომისა და ბრძოლისგან მიყენებული ჭრილობები მოიშუშა“.[15] 1901 წელს მთელი ქართველი ხალხის სახელით თავისსავე დაარსებულ გაზეთ „ივერიაში“ ჭავჭავაძე წერდა: „ქართველი ხალხი სრულ ლოიალობას უცხადებს რუსეთს და ჩვენს იმპერატორს“.[16]

ჭავჭავაძის შეხედულება ევროპაზე, როგორც თანამედროვე ცივილიზაციის ადგილსა და კულტურული ავანგარდის აკვანზე, ემთხვევა მის დამოკიდებულებას ევროპის, როგორც პოლიტიკური სივრცის მიმართ: რუსეთი ამ სივრცეს ეკუთვნის, საქართველო კი — მიუხედავად ევროპის გავლენისა — არა. 1888 წელს ერთ-ერთ სტატიაში თანამედროვე რუსული ლიტერატურის შესახებ, რომელსაც იგი ევროპულ ლიტერატურად მიიჩნევს, ჭავჭავაძე წერს: „რუსული ლიტერატურა იმდენად ორიგინალური და მდიდარია, რომ განვითარებული და ყოვლისშემძლე ევროპა, გაკვირვებული შესცქერის რუსეთს“.[17]ამიტომაც, მოუწოდებდა იგი ქართველებს, ესწავლათ რუსულ-ევროპული ლიტერატურა, თუმცა ამავე დროს განმარტავდა, რომ ის ქართულ ხასიათთან შეუთავსებელი იყო.[18]

ამდენად, ჭავჭავაძე საქართველოს აღმოსავლური ან წინააზიური კულტურის ნაწილად მიიჩნევდა.[19]მისი შეხედულებით, ევროპულ სახელმწიფო მოწყობასთან ერთგვარი მიბმულობა, ისევე როგორც ევროპულ იდეეებთან კამათიც, თავიდან ბოლომდე რუსეთის გავლენის შედეგია. ამის საწინააღმდეგოდ, რუსეთს ჭავჭავაძე განიხილავდა როგორც პოლიტიკური ევროპისა და ევროპული ცივილიზაციის სრულფასოვან ნაწილს, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს ამ ცივილიზაციაში. ამგვარად, ჭავჭავაძისთვის ევროპა წარმოადგენდა როგორც სახელმწიფოთა წყობას, ასევე ცივილიზაციას. ამასთანავე, იგი, რომელიც თავს ლიბერალად მიიჩნევდა და სოციალისტთა მიერ პროპაგირებულ კლასთა ბრძოლას უარყოფდა, ევროპას პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური განვითარების ადგილად მიიჩნევდა.[20] თუმცა, უპირველეს ყოვლისა, იგი ქართველი პატრიოტი იყო  და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი სამშობლოს მომავალი იყო. მას მიზნად არ ჰქონია ევროპასთან პოლიტიკური თუ კულტურული დაახლოება.

განსხვავებით ჭავჭავაძისგან, საერთაშორისო კონტექსტზე მეტს ფიქრობდა ნიკო ნიკოლაძე (1843-1928). მისი განათლება და პოლიტიკური გამოცდილება სცდებოდა თბილისსა და სანკტ-პეტერბურგს. პეტერბურგის უნივერსიტეტიდან გარიცხვის შემდეგ იგი სასწავლებლად ციურიხში გაემგზავრა, სადაც, სხვებთან ერთად, კარლ მარქსიც გაიცნო და სხვადასხვა აკადემიურ და ინტელექტუალურ წრეებთანაც დაამყარა კონტაქტი. თავდაპირველად, ნიკოლაძე ახლოს იდგა ჭავჭავაძესთან, რომელზეც ექვსი წლით უმცროსი იყო. თუმცა დასავლეთ ევროპიდან დაბრუნების შემდეგ, 1860-იან წლებში, მან ჭავჭავაძეს მეფის კარისადმი ზედმეტ ლოიალობაში დასდო ბრალი და მეორე დასს შეუერთდა, რომელშიც 1860-იანი წლების თაობის, უფრო რადიკალურად განწყობილ ნაციონალ ლიბერალებს მოეყარათ თავი.

წინ ევროპისკენ!

ჭეშმარიტად ინტერნაციონალურად აზროვნებდა ნოე ჟორდანია (1868-1953), რომელიც უკვე ჭავჭავაძის შემდგომ თაობას ეკუთვნოდა. ჟორდანიას, რომელიც რუსეთის მუშათა სოციალ-დემოკრატიული პარტიის (მენშევიკები) ქართული სექციის ხელმძღვანელი წევრი და დამოუკიდებლობის მოკლე დროის განმავლობაში (1918-1921) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მეთაური იყო, მიაჩნდა, რომ საერთო ევროპულ მუშათა მოძრაობის წარმატება საქართველოსაც დააახლოვებდა ევროპასთან. ჟორდანია ევროპულ სოციალისტურ დებატებს პირველად მაშინ გაეცნო, როცა ვარშავის ვეტერინარულ სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ იგი შეუერთდა მესამე დასს, პირველ ქართულ სოციალისტურ პარტიას. 1894 წელს, მას შემდეგ, რაც „საქართველოს თავისუფლების ლიგის“ წევრობისთვის გაასამართლეს, იგი ისევ დასავლეთ ევროპაში დაბრუნდა. აქ იგი საბოლოოდ დაემშვიდობა იმ მოსაზრებას, რომ ევროპა რუსეთის გავლით უნდა მოსულიყო საქართველოში, ხოლო საქართველოს გზა ევროპისკენ, რუსეთზე უნდა გასულიყო.

თავის მოგონებებში – რომლებსაც იგი, უნდა ითქვას, უკვე საფრანგეთში წერდა, სადაც ემიგრაციაში იმყოფებოდა, წითელი არმიის მიერ დაპყრობილი და საბჭოთა კავშირში ძალით გაწევრიანებული საქართველოდან გადახვეწილი — ჟორდანია იხსენებს, რომ მისთვის ჯერ კიდევ ვარშავაში სწავლისას გახდა ცხადი, რომ „რუსული სოციალიზმი უტოპიურ და რეაქციულ მდგომარეობაში იყო და თუ მას ოდესმე სადმე განხორციელება ეწერა, ის [აუცილებლად] ბარბაროსობაში გადაიზრდებოდა“.[21] სხვა ადგილას იგი წერს, რომ 1897 წელს ლონდონში ყოფნისას: „ჩემი წარმოდგენები რუსული სოციალიზმის შესახებ სამუდამოდ შეიცვალა და მეც ევროპაზე ავიღე ორიენტაცია“.[22] რუსეთი განსაზღვრულია აღმოსავლური კულტურით, რომელიც რეგრესულია. საქართველო, ჟორდანიას აზრით, მართალია დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა სპარსული, ოსმალური და რუსული გავლენების ქვეშ, მაინც მოახერხა ძველი ტრადიციების შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, ამბობს ჟორდანია, რომ საქართველოს არა აქვს წარმოდგენა ევროპულ კულტურაზე, თავად კი დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა აღმოსავლური ძალების გავლენის ქვეშ და მათ მორჩილებისა, მას მაინც შესწევს უნარი განვითარებისა და ევროპეიზაციისა, რომლისკენაც მიისწრაფის.[23]

აქ უკვე იგრძნობა ის კონფლიქტი, რომელიც 1903 წელს ლონდონში რუსეთის სოციალ-დემოკრატ მუშათა პარტიის მეორე ყრილობაზე გამწვავდა და რევოლუციურ და რეფორმატორულ ფრთებად გაყოფით დასრულდა. ჟორდანია მენშევიკური ფრთის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი იყო და იმ შეხედულებას იზიარებდა, რომ ჩამორჩენილ ქვეყნებში, ისეთში როგორიც საქართველოა, სოციალიზმის დასამყარებლად, თავდაპირველად ეკონომიკური საფუძველი უნდა შექმნილიყო. ამ რეფორმატორული მიდგომის შესაბამისად, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია ჟორდანიას ესახებოდა დემოკრატიულ მასათა პარტიად, მაშინ როცა ბოლშევიკებმა და ლენინმა პარტია რევოლუციურ საკადრო ორგანიზაციად გარდაქმნეს.

სტატიაში, „გაზეთი ივერია და ეროვნული საკითხი“, ჟორდანია წერდა: „ჩვენი განვითარება, ისევე როგორც ყველა ჩამორჩენილ ხალხში, იძულებით მოხდება. მაგრამ ჩვენ ამას გავუძლებთ, რადგან გვაქვს კულტურა. იღუპებიან საკუთარი კულტურის არმქონე ხალხები [...] ჩვენთვის ახალი დროება დადგა, ჩვენ აღარ ვართ მხოლოდ ეთნოგრაფიული ჯგუფი, არამედ ქართველი ხალხი, ჩვენი საკუთარი ისტორიით, კულტურითა და ტრადიციით. [...] საქართველო არის ეროვნული საფუძველი, რომელზეც ჩვენ ევროპულ ცივილიზაციას ავაშენებთ“. [24]

უკან მომავალში, უკან ევროპაში!

პოლიტიკურად მოაზროვნე ჟორდანია ევროპას ხედავდა როგორც თავიდან ბოლომდე მომავლის პროექტს. ახალგაზრდა ქართველი მწერლები, რომლებიც 1915 წელს ცისფერყანწელების სახელით ცნობილ ჯგუფში გაერთიანდნენ, პოლიტიკურზე მეტად კულტურული კატეგორიებით აზროვნებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქართული კულტურა ყოველთვის ევროპული იყო. ისინი საუბრობდნენ არა თანამედროვე ევროპისკენ სვლაზე, არამედ საქართველოს „დაბრუნებაზე“ ევროპულ ცივილიზაციაში.

საპროგრამო სტატიაში, სათაურით, „ირონია და ცინიზმი: მემარცხენეთა პრობლემა პოეზიაში“, ტიციან ტაბიძე (1895-1937) ცისფერყანწელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი და ბორის პასტერნაკის ახლო მეგობარი (რომელმაც მისი ლექსები რუსულად თარგმნა), თერგდალეულებს, განსაკუთრებით კი ჭავჭავაძეს საყვედურობდა, რომ მათ ვერ დაინახეს მსგავსება ქართულ და ევროპულ კულტურებს შორის და უგულებელყვეს ევროპაში არსებული თანამედროვე ლიტერატურული მიმდინარეობები. თავიანთი მოძველებული, რომანტიკული წერის სტილით, მათ ხელი შეუწყვეს ქართული ლიტერატურის ჩამორჩენილობას.[25]პაოლო იაშვილი (1894-1937), რომელიც თავს ცისფერყანწელებს მიაკუთვნებდა, ჩიოდა ევროპული ლიტერატურის ქართული თარგმანების არარსებობაზე. მისი აზრით, ანტიკურობაში ეს წარმოუდგენელი იქნებოდა, რადგან უწინ საქართველოს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ბერძნულ კულტურასთან.

„განათლებულ ევროპასა და ჩვენს შორის სიახლოვე ორ თუ სამ წელიწადში არ წარმოშობილა. შორეულ წარსულში ყველაფერი ბევრად უკეთესად იყო; ჩვენ მიერ დავიწყებული ჩვენი წინაპრები ქართულად კითხულობდნენ პლატონს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ბერძნული ფილოსოფიის თავიანთი სკოლა დააარსეს“.[26]

ცისფერყანწელებს, რომლებიც ჩამოყალიბებისას სიმბოლიზმთან იდგნენ ახლოს, ჰქონდათ დევიზი „დასავლეთისკენ“. ამან, ცხარე კამათი წარმოშვა, რომელშიც მათი მოწინააღმდეგეები მოითხოვდნენ საქართველოს აზიისკენ სვლას, ხოლო სხვებს მიაჩნდათ, რომ საქართველოს უნდა დაეჭირა პოზიცია ევროპასა და აზიას შორის. ეს კამათი მოვლენებით ძლიერ დატვირთულ პერიოდს დაემთხვა: მსოფლიო ომი, ოქტომბრის რევოლუცია, რუსეთის იმპერიის დამხობა, 1918 წლის 26 მაისს ჟორდანიას სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. ევროპის პოლიტიკურ სივრცეში სწორედ დამოუკიდებლობის შედეგად წარმოჩნდა პირველად საქართველო,  რომელიც აქამდე მხოლოდ პროექტის სახით არსებობდა.

ცისფერყანწელები ამას ღიად უჭერდნენ მხარს. მაგალითად, იაშვილი 1920 წელს  სტატიაში, „ჩვენი დროება“, წერდა, რომ მხოლოდ სიმბოლისტური მოძრაობის ახალგაზრდა პოეტებსა და მწერლებს შეეძლოთ გათავისუფლებულიყვნენ აზიურ გავლენათა ნარჩენებისგან ქართულ ლიტერატურაში და წერის ახალი, ევროპული ფორმები აეთვისებინათ: 

„ძველი ლიტერატურა — ეს აღმოსავლეთის მაჭანკალი, რომელსაც საქართველოს აზიაში შეტყუება ეწადა — ყრუა. პოლიტიკურმა რევოლუციამ ბოლო მოუღო ჩვენ ტანჯვას. ახლა ჩვენ საქართველოს რესპუბლიკით ვხარობთ. ეს სწორი ნაბიჯი იყო და ჩვენ მივესალმებით ევროპისკენ მიმავალ ახალ გზას“.[27]

1920 წლის შემოდგომაზე გრიგოლ რობაქიძემ (1882-1862), რომელიც ცისფერყანწელთა წევრი, 1917 წლიდან კი საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი იყო,[28] ქართველ მწერალთა სახელით, თბილისში მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაციის წევრებს უმასპინძლა. მისასალმებელ სიტყვაში რობაქიძემ აღნიშნა, რომ კულტურული კავშირი ევროპასა და საქართველოს შორის ორი ათასწლეულის წინ იღებს სათავეს. თბილისში ამ შეხვედრას იგი ხედავდა არა იმდენად როგორც პოლიტიკურ ჟესტს, არამედ როგორც წინასწარმეტყველების აღსრულებას.[29] საქართველოს ევროპისგან დაშორებაში მთავარ დამნაშავედ იგი, რაღა თქმა უნდა, აღმოსავლეთს მიიჩნევდა:

„ჩვენ ყოველთვის დასავლეთისკენ მივისწრაფოდით [...], თუმცა, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ჩვენი უბედურება იყო. [...]აღმოსავლეთიდან მონღოლური ურდოები დაგვეცენ თავს და საშინელი ძალით გააცამტვერეს ჩვენი აყვავებული ერთიანობა“.[30]

ამ დროისთვის, ამბობდა რობაქიძე, საქართველო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის „მტკივნეულ“ შუალედში იმყოფება. ეს პრობლემა მხოლოდ პოლიტიკური გზით შეიძლება გადაიჭრას: „ორივე ხალხმა“ ქართველმაც და ევროპელმაც, ერთიანად უნდა გაჭრან გზა ევროპული სოციალისტური მომავლისკენ“.[31] სულ რამდენიმე თვის შემდეგ წითელმა არმიამ საქართველოს დამოუკიდებლობას წერტილი დაუსვა.

უკან, აზიური განთიადისკენ!

ეს იყო მომენტი, რომელშიც ლიტერატურის კრიტიკოსმა ვახტანგ კოტეტიშვილმა (1893-1937) თავისი ავი წინასწარმეტყველების გამართლება ამოიკითხა. კოტეტიშვილი 1920 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით, „აზიისაკენ“, წერდა, რომ აღსრულება არ ეწერა ქართველი, „ევროპის ციებცხელებით შეპყრობილი“ ინტელექტუალების იმედს იმისა, რომ შესაძლებელი იყო თავის დაღწევა რუსეთის როგორც საქართველოსა და ევროპას შორის გამაშუალებლისგან. მეტიც, საქართველოს ევროპეიზაცია უსათუოდ მოასწავებდა მის რუსიფიცირებას და, ამიტომაც, სახიფათო იყო.[32]მისი აზრით, საქართველო იმის საშიშროების ქვეშ იდგა, დაეკარგა აღმოსავლეთით განსაზღვრული თავისი იდენტობა: „ევროპეიზაციის [იდეა] მანიად გვექცა. მან თავგზა აგვიბნია და როგორც ჩანს სრულიად გადაგვაშენებს“.[33] საშველი შეიძლება იყოს მხოლოდ ფესვებთან, აზიურ კულტურასთან დაბრუნება, რომელსაც კოტეტიშვილი აღწერს როგორც კომპლექსურს, მრავალმხრივს, ინტენსიურს, გრძნობითს, საიდუმლოებით მოცულს, მთვლემარესა და იდეებით მდიდარს. მოვა დრო, ამტკიცებდა იგი, როდესაც აზიური ხელოვნება თავის დიდებას დაიბრუნებს. „ჩვენ ვნახეთ, როგორ ჩაესვენა აზიის მზე [...] ახლა კი იქიდან ველოდებით ჩვენი ხელოვნების განთიადს. ჩვენი დევიზია: უკან აზიისაკენ, რათა ვიაროთ წინ“.[34]

აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის

შეხედულებას, თითქოს საქართველოს არჩევანი უნდა გაეკეთებინა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ეწინააღმდეგებოდა ისტორიკოსი პეტრე სურგულაძე, რომელიც 1914 წელს ემიგრანტების მიერ დაარსებულ „დამოუკიდებელი საქართველოს კომიტეტს“ ედგა სათავეში. ეს უკანასკნელი მოწოდებული იყო, საქართველო გერმანული რაიხის მფარველობის ქვეშ მოექცია.[35]მართალია, ევროპა მომავლის საქართველოს კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოდელს წარმოადგენდა, მაგრამ, სურგულაძის აზრით, ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ მის მიერ განცდილი საუკუნოვანი აღმოსავლური გავლენა უნდა წაშლილიყო. სურგულაძე საქართველოს ადგილმდებარეობას უყურებდა არა როგორც „ტანჯვას“, არამედ როგორც კულტურულ სიმდიდრეს. ეს ქვეყანა ამ ორ სამყაროს შორის შუამავლობისთვის უნდა ყოფილიყო მოწოდებული.

ევროპული სახელმწიფოების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ 1919 წელს დაწერილ სტატიაში სურგულაძე წერდა, რომ ევროპული ცივილიზაცია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებების შედეგად კი არ შეიქმნა, არამედ როგორც ერთგვარი გვერდითი პროდუქტი მშვიდობისა და სტაბილურობის ხანგრძლივი ფაზისა, რომელიც კონტინენტმა განვლო. სურგულაძის აზრით, კეთილდღეობისა და კულტურული განვითარების გზა საქართველოსთვისაც მხოლოდ მშვიდობაზე გადიოდა, რომელიც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღიარებით უნდა უზრუნველეყოთ ევროპულ დიდ სახელმწიფოებს.[36]

"წითელი აზიიდან" "საერთო ევროპული სახლისკენ"

1920 წელს საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, ლენინისა და ჟორდანიას მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებით, სადაც მოსკოვი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა, სანაცვლოდ კი, ქართული მხარე ვალდებულებას იღებდა, საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოეშვა ბოლშევიკების მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილი სამხედრო ძალები.[37]თუმცა სულ რაღაც ცხრა თვის შემდეგ, 1921 წლის თებერვალში, წითელმა არმიამ ლენინის ბრძანებით საქართველო დაიკავა, ჟორდანიას მენშევიკურმა მთავრობამ კი საქართველო დატოვა და შავი ზღვის გავლით საფრანგეთში წავიდა ემიგრაციაში. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია ინტერვენციას მოითხოვდა პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული სახელმწიფოებისგან, რომლებსაც ამასობაში ერთა ლიგა შეექმნათ და ერთი თვით ადრე საქართველოს დამოუკიდებლობაც ეღიარებინათ. 1922 წელს გენუის კონფერენციაზე, სადაც მრავალთა შორის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ომის შემდგომი რეკონსტრუქციის საკითხიც განიხილებოდა და საუბარი კაპიტალისტური ქვეყნებისა და საბჭოთა რუსეთის დამოკიდებულებას შეეხებოდა, ევროპულმა დიდმა სახელმწიფოებმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით თავი არაკომპეტენტურად გამოაცხადეს იმ მიზეზით, რომ საქართველო აზიას ეკუთვნოდა, კონფერენცია კი მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ საკითხებს შეეხებოდა.[38]

ამგვარად, ქართული სახელმწიფო კვლავ გაქრა ევროპის პოლიტიკური რუკიდან და დასავლეთისკენ მიმავალი ყველა გზა კი ისევ რუსეთზე გადიოდა. მართალია, 1920-იან წლებში საბჭოთა კავშირი თავის თავს მსოფლიო რევოლუციის ავანგარდად განიხილავდა, რომელიც მალე ევროპაშიც უნდა გავრცელებულიყო, მაგრამ ქართველი ინტელექტუალებისთვის ეს, საქართველოს კვლავ რუსეთთან მიერთებისა და ევროპული სახელმწიფოების ინდიფერენტულობის გათვალისწინებით, დიდი ვერაფერი შვება იყო. 1922 წელს მწერალი კონსტანტინე გამსახურდია (1893-1973) ჩიოდა, რომ როგორც მანამდეც არაერთხელ, ამჯერადაც ევროპამ, გადამწყვეტ მომენტში მიატოვა საქართველო. „ქრისტიანული დასავლეთი ჩვენ თითქმის არასდროს დაგვხმარებია [...] ქართველი მეფეები და მთავრობები მუდმივად ითხოვდნენ დახმარებას ევროპისგან, მაგრამ პასუხად უკეთეს შემთხვევაში თანაგრძნობის ლოცვას იღებდნენ. დღესაც ქართვული რასა მარტოა“.[39]

ნიკოლო მიწიშვილმა (1896-1837), ცისფერყანწელთა ახალგაზრდა წევრმა, 1926 წელს, სამწლიანი გადასახლებიდან ახლად დაბრუნებულმა, მისივე რედაქტორობით გამოცემულ გაზეთში, ქართული ლიტერატურა, გამოაქვეყნა პოლემიკური ნარკვევი სათაურით, „ფიქრები საქართველოზე“, რომელიც ოსვალდ შპენგლერის „დასავლეთის დაისის“ გავლენით იყო დაწერილი. ამ ნარკვევმა, რომელიც მიწიშვილმა ბოლშევიკების მიერ დაქვემდებარებული საქართველოდან გაქცევის შემდეგ მალევე, უკვე 1922 წელს, სტამბოლში დაწერა, ცხარე კამათი გამოიწვია, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ქართველთა მწარე ხვედრზე პასუხისმგებლობას მიწიშვილი ქართველ „ოპორტუნისტებს“ აკისრებდა, ანუ მათ, ვინც ბოლშევიკების მხარე დაიკავა.[40]ამასთანავე, იგი არც საქართველოსა და ევროპის ქრისტიანობით გაერთიანების იდეას იზიარებდა, საქართველოს ბოლო მცდელობას განიხილავდა, როგორც „მიუღწევლის მიღწევის უგულო“ ცდას, ევროპაში საქართველოს დაბრუნებას კი, შესაბამისად, თავიდანვე განწირულ გეგმად.[41] დასასრულს, მიწიშვილი პესიმისტურად ასკვნიდა, რომ საქართველო, როგორც ისტორიული სუბიქტი, აღარ არსებობს, რადგან, მართალია, მას ხელეწიფება წარმოქმნას შემოქმედებითი ენერგია, მაგრამ მისი თანმიმდევრულად განხორციელება მის ძალებს აღემატება.[42]

მიწიშვილის გაზეთშივე გამოქვეყნდა მის წინააღმდეგ მიმართული წერილი, რომელიც გრიგოლ რობაქიძეს ეკუთვნოდა. რობაქიძე არც იმას აღიარებდა, რომ ქართველი ერი სტაგნაციაში იყო (მისი აზრით ის ფეხს უწყობდა ევროპულ განვითარებას), და არც ეროვნული ცნობიერების კერპების — ჯვრისა და შუა საუკუნეების პოეტის, რუსთაველის, უარყოფას ეთანხმებოდა,[43] მაშინ როცა მიწიშვილს, სულაც რუსთაველის ქართველობაში შეჰქონდა ეჭვი.[44]სოციალ-დემოკრატი სეით დევდარიანი (1897-1937), რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული         რესპუბლიკის პარლამენტის წევრი იყო, 1921-1924 წლებში კი ქართველ სოციალ-დემოკრატთა იატაკქვეშა ანტისაბჭოთა ცენტრალურ კომიტეტს ხელმძღვანელობდა, 20-იანი წლების შუაში, იდეოლოგიური შემობრუნების შემდეგ, მიწიშვილს აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ ევროპასთან არშემდგარი დაახლოების მიმართ მისი პესიმიზმი, საქართველოს ენერგიას აცლიდა. ზოგადად, თუ გზა ევროპამდე ვერ მივიდოდა, მაშინ საქართველო იმპერიალისტების ხელში ჩავარდებოდა. დევდარიანის თქმით, ამგვარი იდეები ძველი, ოქტომბრის რევოლუციის უარმყოფელი საქართველოს გამოხატულება იყო. ახალი საქართველო კი საბჭოთა კავშირის კულტურულ დინამიკას უჭერდა მხარს.[45]

საქართველოს კულტურული საფუძვლების აღმოსავლეთში დანახვა სურდა ფუტურისტ მხატვარ ბენო გორდეზიანს. მისი აზრით, საქართველო  დასავლურ იმპერიალიზმს უნდა დაპირისპირებოდა; თუ არ უარიყოფოდა წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროპული კულტურის დანამატია, „მაშინ ჩვენ გამოვხმებით და ყოველგვარი შემოქმედებითობა დასაწყისშივე ჩაკვდება [...] საქართველოს ფესვები აზიაშია“.[46]ცოტა ხანში ამავე დასკვნამდე მივიდა თავად მიწიშვილიც. 1922 წელს დაწერილი წერილის გამოქვეყნებიდან მალევე, 1926 წელს, იგი იმაზე საუბრობდა, რომ საქართველო ახალი გზით უნდა წასულიყო. 1927 წელს, მისი წერილის მიერ გამოწვეულ დეპატებზე პასუხად იგი წერდა, რომ საქართველოს თავისი კულტურული ადგილი უნდა ეპოვა საბჭოთა კავშირში, რომელიც მრავალ კულტურულ სივრცეს გვთავაზობდა: „ყველა მოაზროვნე ქართველი, ჩვენი კულტურის მისიას წითელ აზიაში უნდა ხედავდეს“.[47]

1920-იანი წლების ბოლოსკენ, ევროპასთან დაკავშირებული დებატები საქართველოში თითქმის მთლიანად ჩაწყნარდა. მრავალი პოლიტიკოსი და მწერალი, რომელიც მასში მონაწილეობდა, დიდი სტალინური ტერორის დროს, 1937 წელს, დახვრიტეს (ტაბიძე, კოტეტიშვილი, მიწიშვილი, დევდარიანი), ზოგი კი ემიგრაციაში წავიდა (ჟორდანია, რობაქიძე). აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპირისპირების იდეოლოგიურ ბრძოლას უნდა მივაკუთვნოთ, შალვა ნუცუბიძის (1888-1969) მიერ ადრეული ცივი ომის პერიოდში დაწერილი ნაშრომი, რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი (1947). ფილოსოფოსი და ლიტერატურათმცოდნე, ნუცუბიძე, რომელიც 1911-1914 წლებში ლაიპციგში სწავლობდა და 1918 წელს თბილისის [სახელმწიფო] უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო, ამ ნაშრომში ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ქართული ლიტერატურა, კერძოდ კი 1937 წელს უკვე საბოლოოდ ეროვნულ პოეტად ამაღლებული რუსთაველი, იტალიური და ევროპული რენესანსის წინამორბედი იყო.[48]

მწერალი გრიგოლ აბაშიძე (1914-1994), რომელიც „დიდი სამამულო ომის წლებში“ სოციალური რეალიზმის სტილში პატრიოტულ ნაწარმოებებს ქმნიდა, 1951 წელს სტალინური პრემია მიიღო, 1970-იან წლებში კი საქართველოს მწერალთა კავშირს თავმჯდომარეობდა, 1958 წელს დაწერილ პატარა წიგნში, დღეები საზღვარგარეთ (1958), აღწერს თავის შთაბეჭდილებებს მოგზაურობიდან „ოთხ პატარა ევროპულ ქვეყანაში“: ბელგიაში, ლუქსემბურგში, ჰოლანდიასა და შვედეთში. დასავლეთ ევროპული ქალაქების სილამაზეს იგი იმით ხსნის, რომ გმირი ქართველები დამცავ კედლად წინ აღემართნენ აღმოსავლეთის დესტრუქციული ძალების დასავლეთისკენ სწრაფვას და მზად იყვნენ, სიცოცხლე შეეწირათ ევროპული ცივილიზაციის დასაცავად.[49]

ცენზურისგან თავისუფალი დებატები ევროპაზე მხოლოდ 1980-იანი წლების შუაში, გორბაჩოვის გლასნოსტის პოლიტიკის პერიოდში განახლდა. ამ დებატებს საფუძველი მისცა 1982 წელს გამოსულმა წიგნმა, სათავეებთან, რომელშიც ლიტერატურის კრიტიკოსი გურამ ასათიანი (1928-1982) — დოსტოევსკის მსგავსად, რომელიც რუსებს ევროპელებთან შედარებით არაევროპელებად, იმპერიის სხვა ხალხებთან შედარებით კი სრულიად ევროპელად თვლიდა — ამბობდა : „აღმოსავლეთის ხალხებთან შედარებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროპელები ვართ. [...] სინთეზი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ჩვენი ეროვნული ხასიათის ნაწილია“.[50] აკაკი ბაქრაძე (1928-1999), ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა პერესტროიკის პერიოდისა და დამოუკიდებლობის პირველი წლების საქართველოსთვის, 1983 წლის სტატიაში, სათაურით, „მკვახე შეძახილი“, თვლიდა, რომ წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც ქართული კულტურა მხოლოდ აღმოსავლურისა და დასავლურის სინთეზს წარმოადგენს, მიწიშვილისეული პესიმიზმითაა ნასაზრდოები. ბაქრაძის მიხედვით, ქართული კულტურა არ უნდა გავიგოთ როგორც ერთგვარი დამატება აღმოსავლური გამოცდილებისა და დასავლური მოლოდინისა, არამედ როგორც თვითმყოფადი, სავსებით გამძლე ისტორიული და კულტურული მემვიდრეობა.[51]

მწერალ და დისიდენტ ზვიად გამსახურდიას (1939-1993), რომელიც 1976 წელს საქართველოს ჰელსინკის კომიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო და 1991 წელს საქართველოს პირველ პრეზიდენტად იქნა არჩეული, ქართულ ეროვნულ ხასიათში სპეციფიური რელიგიური ტოლერანტობის არსებობისა სწამდა, რის საფუძველზეც მიაჩნდა, რომ ქართველები „ევროპელებზე უფრო ევროპელები“ არიან. საქართველო, წერდა გამსახურდია თავის ტექსტში, „მკვახე შეძახილის“ ექო“, არ არის მიდრეკილი რელიგიური ფუნდამენტალიზმისკენ. რომისა და ბიზანტიის ეკლესიათა კონფლიქტისას მან ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა, მაშინ როცა ევროპაში, არცთუ შემთხვევით, ინკვიზიციას ჩაეყარა საფუძველი. ქართული ტოლერანტობის მაგალითად მას მოჰყავს ქართველთა მეფე დავით აღმაშენებელი, რომელიც, როგორც მართლმადიდებელი, მე-12 საუკუნის დასაწყისის თბილისში (რომელიც მან დედაქალაქად აქცია) მეჩეთებსა და სინაგოგებში დადიოდა. მისი აზრით, ევროპული შეუწყნარებლობა ახლაც თავს იჩენს ჩრდილოეთ ირლანდიაში „რელიგიური ვენდეტას“ სახით.[52] ასათიანის კრიტიკას, რომლის მიხედვითაც საქართველო კულტურულად ჩაკეტილი ქვეყანაა, იმ ფონზე, რომ ევროპული ერები ღიაობით გამოირჩევიან, გამსახურდია, განსხვავებით ბაქრაძისგან, არ ეწინააღმდეგებოდა და მის დასკვნას იზიარებდა, თუმცა მას ქვეყანაზე მოსკოვის ბატონობით ხსნიდა. როგორც კი საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება და საკუთარ მთავრობას შეიძენს, ამბობდა გამსახურდია, ის ევროპისკენ შებრუნდება და შეძლებს თავი დაიმკვიდროს ევროპულ ცივილიზაციაში.[53]

ევროპა დღეს

გამსახურდიას სიტყვები გამართლდა: 1991 წელს საქართველოს მიერ მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ ქვეყნის დასავლური კურსის აღება და ევროპასთან დაახლოება გამოიწვია. თუმცა თავად გამსახურდია ყველაფერს აკეთებდა გარდა ამ დაახლოებისთვის ხელის შეწყობისა. მისი ნაციონალისტური და მაპოლარიზირებელი პოლიტიკის ფონზე, რომლის წყალობითაც ქვეყანა სამოქალაქო ომში ჩაეფლო, ღიმილისმომგვრელია მისი თეზა ქართული ტოლერანტულობის განსაკუთრებულობის შესახებ.

ამ პოლიტიკის შედეგებიდან თავის დაღწევა, საქართველომ მხოლოდ მაშინ მოახერხა, როდესაც გამსახურდიას მემკვიდრე ედუარდ შევარდნაძეც (1928-2014), რომელიც მოსკოვის (სადაც იგი 1985-1990 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა) მიერ მხარდაჭერილი პუტჩის შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში, 2003 წელს ვარდების რევოლუციის შემდგომ მიხეილ სააკაშვილმა შეცვალა. ამ უკანასკნელს, მკაფიოდ გამოხატული დასავლური კურსი ეკავა და მჭევრმეტყველურად ლაპარაკობდა „ურღვევ კავშირზე“, რომელიც აერთიანებს საქართველოსა და ევროპას, ასევე „საერთო ისტორიაზე“, „საერთო ღირებულებებზე“ და საერთო მიზანზე, რომელიც „სამართლიანი და მდიდარი საზოგადოებების შექმნაში“ მდგომარეობს.[54] 2004-2012 წლებში, როდესაც ქვეყანას სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მართავდა, ხოლო თავად იგი პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, უმრავლესობა იზიარებდა იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს შეუძლია და აუცილებლად უნდა შეუერთდეს პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად დაწინაურებულ ევროპას. თუმცა მაინც იყვნენ კრიტიკოსებიც, რომლებიც ამ აზრს არ ეთანხმებოდნენ, ხაზს უსვემდნენ რა კულტურულ განსხვავებებს, და ამას ქართული თვითმყოფადობისთვის საფრთხედ სახავდნენ, მათ შორის იმიტომაც, რომ პოლიტიკური მიზეზებით  არარეალურად და სახიფათოდ მიაჩნდათ.

ამ კრიტიკამ განვლილ წლებში სულ უფრო მეტი მხარდამჭერი მოიპოვა. ერთი მხრივ, ამის მიზეზია ევროპაში განვითარებული კრიზისები, რომლებიც მას ნაკლებად მიმზიდველს ხდიან და რომელთაც ნაკლებად სავარაუდო გახადეს ევროპის მიერ საქართველოს თანმიმდევრული მხარდაჭერა. მეორე მხრივ, მიზეზი სააკაშვილის პოლიტიკაა, რომელიც, მართალია, ერთი შეხედვით ევროპეიზაციისკენ იყო მიმართული, მაგრამ ფართოდ გავრცელებულ კლიენტელიზმთან განშორება არ სურდა და წლების გასვლასთან ერთად, სულ უფრო ავტორიტარულ სახეს იღებდა. თითქოს მართლდებოდა ილია ჭავჭავაძის მიერ მე-19 საუკუნეში ნაწინასწარმეტყველები: საქართველო კარს უღებს ევროპულ ცივილიზაციას, თუმცა თავად არაა მისი ნაწილი.

უცნობია, თუ რა გავლენას იქონიებს ეს რუსეთის სახე-ხატზე საქართველოში. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთმა ჯერჯერობით დაკარგა ევროპული იდეების გამაშუალებლისა და ევროპისკენ მამოძრავებელი ძრავის როლი. ზოგისთვის რუსეთი ევროპისკენ მიმავალ გზაზე ხელის შემშლელ ფაქტორად აღიქმება, სხვებისთვის კი, ევროპის ალტენატივად. ევრაზიული კავშირის დაარსებით მოსკოვი მართლაც ცდილობს ევროკავშირის საპირისპირო მოდელის შექმნას.[55] 2012 წელს სააკაშვილის მოწინააღმდეგე ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნების არჩევის შემდეგაც საქართველოს, პოლიტიკური თვალსაზრისით, დასავლური კურსიდან არ გადაუხვევია. თუმცა, მატულობს რუსეთზე კულტურული ორიენტაცია. უპირველეს ყოვლისა, ეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქადაგებებში შეიმჩნევა. ეს უკანასკნელი — ისევე როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია — ევროპას ცოდვის ბუდედ წარმოაჩენს, რომელიც ქართველი ერის განსაკუთრებულობას ემუქრება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქსენოფობიური და ეთნიკურ-რელიგიური ნაციონალიზმი არა მარტო ჰგავს მოსკოვის საპატრიარქოსას, ამ ორი ეკლესიის სამღვდელოებას, ამავე დროს, საკმაოდ კარგი ურთიერთობაც აკავშირებთ.[56] შედეგად, ძველი იდეა იმის შესახებ, რომ მოსკოვი „მესამე და სობოლოო რომია“, რომელიც ერეტიკულ ევროპას უპირისპირდება, საქართველო კი მას გვერდით უნდა დაუდგეს, ხელახლა ვრცელდება ქართულ საზოგადოებაში. 

ინგლისურიდან თარგმნა ლილი ჰერშჰორნმა, ბერლინი
გერმანულიდან თარგმნა არჩილ ჯინჭარაძემ

 


[1]Reinhart Koselleck: Modernityandthe Planes ofHistoricity, in: Futures Past. On theSemantics

of Historical Times. New York 2004, pp. 9–25; deutsche Originalausgabe: Vergangene Zukunft. Zur Semantik geschichtlicher Zeiten. Frankfurt/Main 1979, აქ: Vergangene Zukunft der frühen Neuzeit, S. 17–37.

[2]იქვეpp. 255-276, გერმანულ გამოცემაში: „Erfahrungsraum“ und „Erwartungshorizont“ – zweihistorischeKategorien, in: ebd., S. 349–375.

[3]Adrian Brisku: Bittersweet Europe. Albanian and Georgian Discourses on Europe, 1878–

2008. NewYork, Oxford 2013.

[4]კრიტიკული ტექსტები საქართველოში ევროპის სახე-ხატის შესახებ იშვიათია. სააკაშვილის პერიოდში (2005-2012) ევროპის შესახებ დებატებზე მუშაობენ დონჩაო’ბიჩეი და ფრედერიკ კოენი: Donnacha O Bechai, Frederik Coene. Go West. Georgia’s European Identity in Domestic Politics and Foreign Policy Objectives, in: Nationalities Papers, 6/2014, pp. 923–941.— იხ. აგრეთვე Adrian Brisku: The Place of „Europe“ in Post-Soviet Georgian Modernisation Discourse, in: G. Zedaniaetal. (Ed.): Year book on Interdisciplinary Studies on Southern Caucasus. Brussels (სტამბაში) — დასავლეთის სახე-ხატის შესახებ საქართველოში იხილე გია ნოდია: Образ запада в грузинскомсознаний, <http://poli.vub.ac.be/publi/etni3/nodia.htm&gt;. — კრიტიკული შესავალია, ასევე, ევროპის შესახებ მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართველ ინტელექტუალთა პატარა ტექსტების კრებულში, რომლებსაც ნაწილობრივ შევეხებით ამ სტატიაში: ნინო ხოფერია: ევროპა თუ აზია. თბილისი 1997.     

[5] Alexandre Mikaberidze: Peter Bagration. The Best Georgian General of the Napoleonic Wars, <www.napoleon-series.org/research/biographies/bagration/c_bagration13.ht…;.

[6] Ronald G. Suny: The Making of the Georgian Nation. Bloomington, Ind. 1994, pp. 124–125.

[7] Susan Layton: Russian Literature and Empire: Conquest of the Caucasus from Pushkin to

Tolstoy. Cambridge 1994, pp. 8–9.

[8] N.K. Gvosdev: Imperial Policies and Perspectives towards Georgia, 1760–1819. London

2000, pp. 53–54.

[9]Stephen F. Jones: Georgia. A Political History since Independence. London 2013, p. 251.

[10]ილია ჭავჭავაძე: პუბლიცისტური წერილები. თბილისი 1987, გვ. 166-168.

[11]თერგდალეულების შესახებ იხილე Oliver Reisner: Travelling between Two Worlds – the Tergdaleulebi, their Identity Conflict and National Life, in: Giga Zedania (Ed.): Identity Studies. Tbilisi 2009, pp. 36–50.

[12]ილია ჭავჭავაძე: წერილები უცხოეთზე. პავლე ინგოროყვას რედაქტორობით. თბილისი 1957, გვ. 94-95.

[13]ციტატა წიგნიდან: აკაკი ბაქრაძე: ილია ჭავჭავაძე. თბილისი 2006, გვ. 35.

[14]Stephen F. Jones: Socialism in Georgian Colours. The European Road to Social Democracy

1883–1917. Cambridge 2005, pp. 30–48.

[15]ჭავჭავაძე, პუბლიცისტური წერილები [შენ.10], გვ. 186.

[16]ციტატა წიგნიდან: Jones, Socialism in Georgian Colours [შენ. 14], p. 37. 

[17]ილია ჭავჭავაძე: წერილები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე. თბილისი 1986, გვ. 282.

[18]ნინო ხოფერია: ევროპული და აზიური ორიენტაციების შესახებ საქართველოში, კრებულში: ხოფერია, ევროპა თუ აზია [შენ.4], გვ. 12.

[19]Adrian Brisku: From Berlin 1878 to Tbilisi 2008.  Albanian and Georgian Discourses on

Europe. Florence 2009, p. 52.

[20]Jones, Socialism in Georgian Colours [შენ. 14], p. 37.

[21]ნოე ჟორდანია: ჩემი წარსული, თბილისი 1990, გვ. 20; რუსული გამოცემა: Ноэ Жордания: Моя жизнь, Stanford, 1968; ფრანგული გამოცემა: Noé Jordania: Monpassé. Paris 2012.

[22]იქვე, გვ. 28.

[23]იქვე, გვ. 90.

[24]ციტატა წიგნიდან: Jones, Socialism in Georgian Colours [შენ.14], p. 63.

[25]ტიციან ტაბიძე: ირონია და ცინიზმი: პრობლემა მემარცხენობის პოეზიაში, კრებულში: ხოფერია, ევროპა თუ აზია [შენ. 4], გვ. 309.

[26]პაოლო იაშვილი: თარგმნილი ლიტერატურა, კრებულში: ხოფერია, ევროპა თუ აზია [შენ. 4], გვ. 198-199.

[27]პაოლო იაშვილი: ჩვენი სეზონი, იქვე, გვ. 193-194.

[28]რობაქიძე 1931 წელს საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც სხვადასხვა ემიგრაციულ ორგანიზაციებში მუშაობდა, რომლებიც ნაციონალ-სოციალისტებთან თანამშრომლობდნენ. ამ კოლაბორაციის გამო იგი 1945 წელს შვეიცარიაში გადავიდა საცხოვრებლად. 

[29]გრიგოლ რობაქიძე: გრიგოლ რობაქიძის სიტყვა, კრებულში: ხოფერია, ევროპა თუ აზია [შენ. 4], გვ. 275.

[30]იქვე, გვ. 276.

[31]იქვე.

[32]ვახტანგ კოტეტიშვილი: აზიისაკენ, კრებულში: იქვე. გვ. 200.

[33]იქვე, გვ. 201.

[34]იქვე, გვ. 202.

[35]გერმანულმა რაიხმა 1918 წლის აპრილში საქართველოსთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლითაც მის დაცვას იღებდა თავის თავზე და მალევე სამი ათას კაციანი საექსპედიციო კორპუსიც გააგზავნა კავკასიაში, თუმცა, უკვე ნოემბერში იგი უკანვე გაიწვია, რადგან გერმანიაში რევოლუციური განწყობა ძლიერდებოდა, რომელიც საბოლოოდ ნოემბრის რევოლუციით დამთავრდა.  

[36]პეტრე სურგულაძე: დამოუკიდებელ საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობა, კრებულიდან: აკაკი ბაქრაძე (შემდგ.): ისტორიული რარიტეტები. თბილისი 1989, გვ. 125.

[37]Adrian Brisku: Renegotiating the Empire, Forging the Nation-State: The Case of Georgia through the Political Economic Thought of Niko Nikoladze and Noe Zhordania, c. 1870– 1920s, in: Nationalities Papers (სტამბაში). 

[38]ი. კაჭარავა და სხვ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები: საქართველო XX საუკუნის 20-30-იან წლებში. თბილისი 1976, გვ.191.

[39]კონსტანტინე გამსახურდია: კარგი ევროპელი, კრებულში: ხოფერია, ევროპა თუ აზია [შენ. 4], გვ. 126.

[40]ნიკოლო მიწიშვილი: ფიქრები საქართველოზე, კრებულში: ი. მიწიშვილი: ფიქრები საქართველოზე. თბილისი 2006, გვ. 11-22.

[41]იქვე, გვ. 20-21.

[42]იქვე, გვ. 19-22.

[43]შოთა რუსთაველი (დაახლ. 1172-1212) ძველი გადმოცემის თანახმად, თამარ მეფის (1160-1213) კარზე მსახურობდა, ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, იერუსალიმში გარდაიცვალა.

[44]გრიგოლ რობაქიძე: საქართველოს ხერხემალი, კრებულში: მიწიშვილი, ფიქრები საქართველოზე [შენ. 40], გვ. 23-24.

[45]სეით დევდარიანი: საქართველო, იქვე, გვ. 45.

[46]ბენო გორდეზიანი, ნიკოლო მიწიშვილი: ხოფის საკითხი, კრებულში: მიწიშვილი, ფიქრები საქართველოზე [შენ. 40], გვ. 65.

[47]ნიკოლო მიწიშვილი: ჩემი პასუხიც, კრებულში: ი.მიწიშვილი, ფიქრები საქართველოზე [შენ. 40], გვ. 87.

[48]შალვა ნუცუბიძე: რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი. თბილისი 1947, გვ. 284.

[49]გრიგოლ აბაშიძე: დღეები საზღვარგარეთ. თბილისი 1958, გვ. 3-21.

[50]გურამ ასათიანი: სათავეებთან. თბილისი 1982, გვ. 8.

[51]აკაკი ბაქრაძე: მკვახე შეძახილი, კრებულში: მიწიშვილი, ფიქრები საქართველოზე [შენ. 40], გვ. 227.

[52]ზვიად გამსახურდია: „მკვახე შეძახილის ექო“, კრებულში: მიწიშვილი, ფიქრები საქართველოზე [შენ. 40], გვ. 261.

[53]იქვე, გვ. 262.

[54]Brisku, Bittersweet Europe [შენ. 1], p. 1.

[55]Niku Popescu: The Eurasian Union. The Real, the Imaginary, and the Likely. Paris 2014

[= ChaillotPaper, 132/2014], p. 43.

[56]სალომე ასათიანი: ქართული საზოგადოება ღირებულებათა გზაჯვარედინზე, კრებულში: სალომე ასათიანი და ნინო ლეჟავა (შემდგ.): სამხრეთ კავკასია გზაჯვარედინზე: მწვავე რეალობა და დიდი იმედები. თბილისი 2014, გვ. 79.