ჰომოფობიური პოლიტიკა თუ პოლიტიკური ჰომოფობია

ჰომოფობიური პოლიტიკა თუ პოლიტიკური ჰომოფობია

Creator: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი. Creative Commons License Logoეს ფოტო ვრცელდება შემდეგი ლიცენზიით Creative Commons License.

3 მაისს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ, პარტნიორ ორგანიზაციებთან, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან თანამშრომლობით გამართა პირველი საჯარო დისკუსია ლგბტი თემაზე სერიიდან, რომელიც ორგანიზებულია ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის "ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში" ფარგლებში.

საჯარო დისკუსიის თემა დაეფუძნა ჰომო/ბი/ტრანსფობიური საზოგადოებრივი დამოკიდებულებებისა და წინასწარგანწყობების კვლევას, რომელიც 2016 წელს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის მიერ საქართველოს მასშტაბით განხორციელდა. დისკუსიის თემატიკა ასევე ეფუძნებოდა გრძელვადიან ადვოკატირების სტრატეგიას/დეკლარაციას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგი) საფუძველზე დისკრიმინაციის წინაარმდეგ, რომელიც ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესის შედეგად შემუშავდა. დისკუსიის თემას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებისა და საზოგადოებრივი აქტორების მიერ ლგბტი საკითხების მანიპულირება წარმოადგენდა.

კვლევის შედეგებისა და დაკვირვებების საფუძველზე, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საკანონმდებლო დონეზე მიღწეული პროგრესის ფონზე უფრო და უფრო ძლიერდება საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობა ლგბტი ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ. უხილავობის, საჯარო დისკურსიდან გარიყვის პრაქტიკას ღიად გამოხატული აგრესია ჩაენაცვლა, რომელიც სხვადასხვა ფორმებით მანიფესტირდება და ხშირად, მასობრივი ძალადობის ფორმებს იღებს, როგორც ეს 2013 წლის 17 მაისს მოხდა. ცალკეული პოლიტიკოსების მიერ საკითხით მანიპულირება და ძალადობის გასამართლებლად დომინანტურ კულტურულ, ტრადიციულ და რელიგიურ ფასეულობებზე აპელირება კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებას. ანტიგენდერული, ულტრანაციონალისტური არაფორმალური ჯგუფების ჩამოყალიბება ქვეყანაში კი ამ დაპირისპირების ახალ ფაზაში გადასვლაზე მიგვანიშნებს.

საჯარო დისკუსია, რომელიც თბილისის Impact Hub-ის კოოპერაციულ სამუშაო სივრცეში ჩატარდა, მოიცავდა გამორჩეულ მომხსენებლებს: ეკა აღდგომელაშვილს, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის მკვლევარს, რომელმაც ისაუბრა იმაზე, რომ საკითხის პოლიტიზირება ზიანს აყენებს მოძრაობასა და ზოგადად ლგბტი ადამიანებს, ისევე როგორც ლგბტი უფლებათა დამცველებს და აქტივისტებს, და მას უარყოფითი გავლენა აქვს საზოგადოებრივ დამოკიდებულებებსა და განწყობებზე; შოთა ხინჩა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის პოლიტოლოგს, რომელმაც განიხილა "აგრესიული კონსერვატიზმის" ცნება, არაფორმალური ულტრანაციონალისტური ჯგუფებისა და ანტიგენდერული მოძრაობების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული საფრთხე და ასევე ამ ჯგუფების რიტორიკა გენდერთან და სექსუალობასთან კავშირში; ანა ილურიძეს, სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსს, რომელმაც ისაუბრა ლგბტი ადამიანთა და მათი უფლებების დასაცავად მთავრობის მხრიდან არასაკმარის პოლიტიკურ ნებაზე და პრობლემის გადაჭრისაკენ მიმართული სახელმწიფო ხედვისა და სტრატეგიის არარსებობაზე და ასევე მიმოიხილა საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში ასახული ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობა; და სალომე ასათიანს, რადიო თავისუფლების ჟურნალისტს, რომელმაც, ვიდეოჩანაწერის მეშვეობით, განიხილა საკუთარი პროფესიული გამოცდილება და პერსპექტივები ლგბტი საკითხების პოლიტიზირებისა და ამ თვალსაზრისით მედიასირცეში დანახული ცვლილებების კუთხით. მან ასევე ისაუბრა ლგბტი ადამიანთა ისტორიულ დევნაზე, ლგბტი საკითხთა პოლიტიკურ მანიპულირებაზე, ქორწინების დეფინიციის განსაზღვრასთან დაკავშირებული დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, პოლიტიკური ჰომო/ბი/ტრანსფობიის გეოპოლიტიკურ გავლენაზე, და მართლმადიდებლური ეკლესიისა და მედიის როლზე ამ პროცესებში.

პრეზენტაციების შემდეგ, გაიმართა ყოვლისმომცველი და მრავალმხრივი დისკუსია, რომელსაც მოდერაცია იურისტმა თამარ გურჩიანმა გაუწია. დისკუსიის დროს, დამსწრე აუდიტორიამ პანელისტებს საკუთარი მოსაზრებები და კითხვები გაუზიარა. დისკუსიამ მოიცვა ისეთი საკითხები, როგორიცაა ჰომონაციონალიზმის კონცეფცია; ჰომო/ბი/ტრანსფობიის პრობლემა არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ რეგიონალურ დონეზე; რუსული რბილი ძალა; და გამოწვევები, რომლებსაც ლესბოსელი, გეი ბისექსუალი და ტრანს* ადამიანები თავიანთი საქმიანობისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.

დისკუსია თამარ გურჩიანმა შეაჯამა, რომელმაც ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხრიდან მკაფიო პოლიტიკის განსაზღვრას, რომლის უმთავრესი მიზანი ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა და დაცვა იქნება.

ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში, გრძელვადიანი ადვოკატირების სტრატეგიაზე დაფუძნებით საჯარო დისკუსიების სერია უახლოეს მომავალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაგრძელდება.

სალომე ასათიანი - ჰომოფობია და პოლიტიკა ლოკალურად და გლობალურად: ახალი ჩიხი?

ეკატერინე აღდგომელაშვილი, შოთა ხინჩა, ანა ილურიძე - ჰომოფობიური პოლიტიკა თუ პოლიტიკური ჰომოფობია

 

ახალი კომენტარის დამატება