ბრძოლების გადაკვეთა: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება და აქტივიზმი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო აცხადებს მონაწილეთა მიღებას 2017 წლის მწვანე აკადემიაში!

თარიღი: 22-28 ივლისი, 2017
ადგილი: ბაზალეთი

მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარება, სამართლიანობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული გარდაქმნების გარეშე შეუძლებელია. მსოფლიოში შექმნილი რეალობა - მემარჯვენე პოპულისტი ამერიკელი პრეზიდენტი, ძლიერი რადიკალი მემარჯვენე ძალები ევროპაში, კრიზისი თურქეთში, რუსეთისგან მომავალი გეო-პოლიტიკური საფრხეები - გვარწმუნებს, რომ მიმდინარე პროცესების გადააზრება, რაც შემდგომში თამამი პოლიტიკური და ეკონომიკური ნაბიჯების საწინდარი გახდება, აუცილებელია.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, თავიანთი შიდა კონფლიქტებით და სრულიად განსხვავებული განვითარების სტრატეგიებით,  დიდ პოლიტიკურ მოთამაშეებზე, ნეოლიბერალურ კაპიტალისტურ სისტემაზე, გლობალიზაციაზე დამოკიდებულნი რჩებიან და დღემდე არ აქვთ ხედვა და იდეა, თუ როგორ უნდა შედგეს მათი დემოკრატიული მომავალი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ახალგაზრდები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ დღევანდელ პოლიტიკას, პოლიტიკურ სისტემებს და არ ერიდებიან ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ კრიზისზე ხმამაღლა საუბარს, დღემდე არ არსებობს მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ ეკონომიკური განვითარება და სოციალური კეთილდღეობა, რა მიკრო და მაკრო მასშტაბის ალტერნატივებზე უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს, რომელიც ამჟამად საქართველოს უდგას და როგორ უნდა გავაერთიანოთ ის ბრძოლები და აქტორები, რომელთაც პოზიტიური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცვლილების პოტენციალი აქვთ.

მწვანე აკადემიის მესამე საზაფხულო სკოლა ოთხი ძირითადი მოდულის (პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება და აქტივიზმი), ლექციების, დისკუსიების, ფილმის ჩვენებების, ჯგუფური დავალებების და ვორკშოპების გზით ყველა ზემოთჩამოთვლილ კითხვაზე პასუხის გაცემას შეეცდება. ასევე, 2017 წლის პროგრამა ხელს შეუწყობს მონაწილეებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ახალი კონტაქტების დამყარებას და თანამოაზრეების პოვნას.

მწვანე აკადემიის საზაფხულო სკოლა რამდენიმე გამორჩეულ მომხსენებელს უმასპინძლებს:

  • კლაუს ოფე, პოლიტიკის სოციოლოგი, ჰერტის მმართველობის სკოლა
  • ლუკას ბექმანი, გაერთიანება 90/მწვანეები, გერმანია
  • დანიელ ჩავესი, ურუგვაელი ანთროპოლოგი, ლათინური ამერიკის პოლიტიკის მკვლევარი, ტრანსნაციონალური ინსტიტუტი (TNI)

შერჩევის კრიტერიუმები:

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 1981-დან 1996 წლამდე დაბადებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც უმაღლესი განათლება აქვთ და საქართველოში ცხოვრობენ. სასურველია ინგლისური ენის გამართულად ფლობა. პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ახალგაზრდა აქტივისტებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, ჟურნალისტებისთვის და  მკვლევარებისთვის, რომლებსაც მწვანე პოლიტიკა აინტერესებთ და ჩართულნი არიან სამოქალაქო ატივიზმში.

მონაწილების მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი და გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე info@ge.boell.org. წერილის სათაურში ინგლისურ ან ქართულ ენებზე მიუთითეთ პროგრამის დასახელება - მწვანე აკადემია (Green Academy).

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 20 ივნისი, 2017 წ.

შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებები ჩატარდება 2017 წლის 23 და 26 ივნისს.