Fait Accompli

Fait Accompli

Creator: ნინო ალავიძე / Agenda.ge. All rights reserved.

ამა წლის 13-14 ივლისს საქართველოს მთავრობის ინიციატივით ქალაქ ბათუმში რიგით მეთოთხმეტე საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა" იმართება. აღნიშნულ ღონისძიებას საფუძველი ათწლეულზე დიდი ხნის წინ ჩაეყარა და მიზნად ისახავს შესაძლებლობა მისცეს საქართველოს და მისი პარტნიორების სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ერთობლივად იმსჯელონ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის და არსებული გამოწვევების თაობაზე. წელს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის დაწესებამ ერთგვარად დადებითად აღნიშნა ქვეყნის მრავალწლიანი სწრაფვა და ამ სულისკვეთებით გადადგმული ნაბიჯები მიახლოვებოდა ევროპულ სივრცეს. თუმცა, მნიშვნელოვანია ნათელი ხედვის ქონაც იმაზე თუ რა შეიძლება საქართველომ მოიწადინოს ამ მიღწევის შემდეგ. სწორედ ამ პერსპექტივების ანალიზისთვის და ექსპერტიზისთვის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ მოკლე ანალიტიკური სტატიის სახით საკუთარი თვალსაზრისის წარმოჩენა სთხოვა ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს ბატონ ივანე ჩხიკვაძეს. ვფიქრობთ, ზემოთხსენებული კონფერენციის წინსწრებით ამ მასალის გავრცელებით მეტ სტიმულს მივცემთ საქართველოს ევროპული მისწრაფებების და მისი შესაძლებლობების შესახებ მსჯელობებსა და ანალიზს.

 

საქართველოსა და ევროკავშირის შორის 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება 2016 წლის 1 ივლისიდან (მას შემდეგ რაც დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინეს ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნებისა და საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანოებმა) სრულად შევიდა ძალაში. ხელშეკრულების მიხედვით საქართველომ მიზნად დაისახა, მოახდინოს საკუთარი კანონმდებლობის დინამიური დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან. დაახლოების ვადები ხელშეკრულების მიხედვით არის გაწერილი და უკანასკნელ ვადად ამ ეტაპზე განსაზღვრულია 2029 წლის ბოლო (კერძოდ, 2029 წლის 31 დეკემბრისთვის საქართველომ უნდა დაასრულოს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზება 2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლმენტისა და საბჭოს 1005/2009 რეგულაციასთან, რომელიც ოზონის შრის დამშლელი ნივთირებეს შეეხება[1]). ჯამში მოცემულ ეტაპზე საქართველომ ეროვნული კანონმდებლობა უნდა დაახლოოს ჯამურად ევროკავშირის 647 რეგულაციასთან, დირექტივასთან, გადაწყვეტილებასა და რეკომენდაციასთან.

2016 წლის ბოლოს საქართველომ კიდევ ერთი სარგებელი მიიღო ევროკავშირისგან. კერძოდ,  დაასრულა რა 2013 წლის თებერვალში დაწყებული ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით (Visa Liberalisation Action Plan - VLAP) გათვალისწინებული რეფორმების პროცესი,  მან დადებითი შეფასება მიიღო ევროკომისიის მხრიდან, ხოლო 2017 წლის დასაწყისში ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა ბიომეტრული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან მოგზაურობას მწვანე შუქი აუნთეს. შეიძლება ითქვას, რომ VLAP ამ დრომდე რჩება ყველაზე ეფექტური დოკუმენტად, რაც კი ოდესმე ევროკავშირს საქართველოსთვის მოუცია. მისი ეფექტურობა განპირობებული იყო მინიმუმ ორი მიზეზით: პირველი, VLAP-ის შესრულება იყო წინაპირობა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი სავიზო რეჟიმის გაუქმებისა, ანუ კონკრეტული და დეტალური რეფორმების გატარების პირობებში საქართველო იღებდა კონკრეტულ სარგებელს და მეორე - სავიზო რეჟიმის გაუქმება გახდა ევროინტეგრაციის პროცესის ხელშესახები სარგებელი, რომლითაც შეიძლება ისარგებლოს საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ, რომელსაც გააჩნია ბიომეტრული პასპორტი. ამგავარად ევროინტეგრაციის პროცესისგან მიღებულმა სარგებელმა გავრცელება საქართველოს მოსახლეობის ფართო ფენებში ჰპოვა.

ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ყველა ის შესაძლებლობა, რაც ევროკავშირიდან მოდიოდა და რაც ორ მხარეს შორის პოლიტიკური, ისევე როგორც ეკონომიკურ ინტეგრაციას და ხალხთა შორის კონტაქტების დამყარებას შეეხებოდა, სრულად გამოიყენა. შესაბამისად ამ ეტაპზე საქართველოში, ისევე როგორც ევროკავშირში ისმის ხშირად ბოლომდე პასუხგაუცემელი კითხვა -  რა შეიძლება იყოს შემდგომი ნაბიჯი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში და რა შემოთაზებას უნდა ელოდეს საქართველოს 2017 წლის 24 ნოემბერს ბრიუსელში გასამართ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე.  

უკომპასო აღმოსავლეთ პარტნიორობა

ევროკავშირის შიგნით არ არის ჩამოყალიბებული ხედვა გრძელვადიან პერსპექტივაში თუ როგორი ურთიერთობა უნდა იყოს აღმოსავლეთ პარტნიორებსა და ევროკავშირს შორის და რა შეიძლება იყოს საბოლოო დანიშნულება იმ გზაზე, რომლებსაც პარტნიორი ქვეყნები ადგანან. ამის ერთ-ერთი ნათელი დადასტურება ის დოკუმენტია, რომელიც 2017 წლის 1 მარტს ევროკომიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა გამოქვეყნა და რომელიც ევროპის მომავლის შეეხება. დოკუმენტის სახელწოდებაა White paper on the future of Europe[2]. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მომავალს 2025 წლამდე განსაზღვრავს, აყალიბებს ევროკავშირის განვითარების ხუთ სცენარს მაგრამ არც ერთ მათგანში არ არის საუბარი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე, ევროკავშირთან მათ სამომავლო ურთიერთობებზე და ისინი მხოლოდ და მხოლოდ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებად არიან მოხსენიებული (გარდა ბელარუსისა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრი არ არის). გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალურ სტრატეგიაში სახელწოდებით Shared vision, Common Action: A Stronger Europe[3] საქართველო ტუნისთან ერთად დანახულია როგორც წარმატებული, მშვიდობიანი და სტაბილური დემოკრატიის მაგალითი სახელწიფო თუმცა არც აღნიშნულ დოკუმენტში არ არის ნათელი ჩანაწერი საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე სხვა ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის  სამომავლო ურთიერთობებზე. შესაძლო გაფართოებაზე ან ევროპული პექსპერტივის მიცემაზე არაფერია ნახსენები არც 2015 წლის 18 ნოემბრის დოკუმენტში Review of the European Neighbourhood Policy[4].

2009 წელს პრაღაში ოფიციალურად დაწყებული აღმოსავლეთ პარტნიორობა, რომლის არქიტექტორებიც შვედეთისა და პოლონეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრები შესაბამისად კარლ ბილდტი და რადოსლავ შიკორსი იყვნენ რვა წლის შემდეგ ღრმა და ყოვლისმომცველ რეფორმას საჭიროებას. პროგრამა თავს უყრის ერთი შეხედვით ერთგვარ ქვეყნებს თუმცა ამ ქვეყნებს აბსოლუტურად განსხვევებული ამბიციები გააჩნიათ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის შიგნით ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმომწერ და არახელმომწერ ქვეყნებს შორის, უშუალოდ ამ ფაქტის გათვალისწინებით, უკვე გაჩნდა ორი ჯგუფი რომლებიც ევროინტეგრაციის გზაზე თვისობრივად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ორი ჯგუფი არსებობს ასევე შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის თვალსაზრისით - მაშინ როდესაც მოლდოვის, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ შენგენის ზონის ქვეყნებშის უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ, სომხეთის, ბელარუსის და აზერბაიჯანის მოქალაქეები ამ შესაძლებლობას მოკლებულები არიან.

მოცემულ ეტაპზე ევროკავშირი ნაკლებ ამბიციურ, შეიძლება ითქვას მოკრძალებულ შეთავაზებას უკეთებს აღმოსავლეთ პარტიორობის ქვეყნებს და ეს ევროკომისიისა და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მიერ 2017 წლის 9 ივნისს გამოქვეყნებულ ერთობლივ სამუშაო დოკუმენტიდანაც, Eastern Partnership – 20 deliverables for 2020 focusing key priorities and tangible results, ჩანს[5]. დოკუმენტში წარმოდგენილი 20 მიზნის ანალიზი აჩვენებს, რომ აქცენტი უფრო მეტად აღმოსავლეთ პარტნიორობის ე.წ. ‘მეორე ეშელონის’ (აზერბაიჯანი, ბელარუსი, სომხეთი) არის გადატანილი ვიდრე პარტნიორობის ავანგარდში მდგომ ისეთ ქვეყანაზე, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოა (მაგ: დოკუმენტის 2020 წლისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს მიზნად უსახავს ევროპის საბჭოს სტამბულის კონვენციის რატიფიცირებას (გვ. 8), რომელიც საქართველოს უკვე რატიფიცირებული აქვს; ევროინტეგრაციის პროცესისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერის გაზრდას (გვ 11.), როდესაც მხარდაჭერა საქართველოში თვით ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაზე მეტია და ა.შ). ევროკავშირის ოფიციალური პირები  და საქართველოში აკრედიტირებული წევრი ქვეყნების დიპლომატები საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას ყოველთვის აცხადებენ, რომ საქართველომ ამ ეტაპზე მთელი აქცენტი ასოცირების ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებაზე უნდა გადაიტანოს და ნაკლები იფიქროს იმაზე, თუ რა იქნება შემდგომი ეტაპი საქართველო ევროკავშირის ურთიერთობაში. ღიად რჩება კითხვა ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე სრული კონცენტრაცია ნიშნავს თუ არა იმისა, რომ მის ბოლომდე შესრულებამდე ანუ 2030 წლამდე საქართველო ევროკავშირის მხრიდან რაიმე სხვა მასშტაბურ შემოთავაზებას არ უნდა ელოდეს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ასოცირების ხელშეკრულება არ ზღუდავს საქართველოს შემდგომი კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და მათ შორის გააკეთოს განაცხადი გაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ. 

შიდა პრობლემებზე გადართული ევროკავშირი

დღევანდელ პირობებში  ევროკავშირი ჩაკეტილია  და უფრო მეტად  შიდა პრობლემებზე არის გადართული, შესაბამისად ნაკლებს ფიქრობს იმაზე თუ თვისობრივად რა ახალი შეთავაზება შეიძლება გაუკეთესო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს.  შიდა პრობლემების კუთხით გამოსაყოფია ოთხი  საკვანძო საკითხი: 1. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი, რომელიც ევროკავშირისთვის დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის მიერ გაერთიანებიდან გასვლის შესახებ ოფიციალური წერილის გადაცემით 2017 წლის 29 მარტს დაიწყო და რომელიც ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით მინიმუმ ორი წელი 2019 წლის მარტამდე გაგრძელდება. ეს ევროკავშირს გაურკვევლობაში აგდებს, რადგან მსგავსი გამოცდილება მას არასოდეს ჰქონია და არსებობის ისტორიაში პირველად ხდება, როდესაც გაერთიანებას რომელიმე ქვეყანა ტოვებს. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პრაქტიკური გავლენაც თან ახლავს იმდენად რამდენადაც 2016 წლის მონაცემებით 13.45% დიდი ბრიტანეთი მესამე ადგილას იყო გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ ევროკავშირის ბიუჯეტში შეტანილი თანხებით[6]. 2. თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობა, რომელმაც 2015 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და რომელიც მართალია ამ ეტაპზე დიდწილად თურქეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის საფუძველზე მოგვარდა მაგრამ არსებული დაძაბულობის ფონზე ძალიან ძნელია, იწინასწარმეტყველო ამ ორი სუბიექტის სამომავლო თანამშრომლობის კონტურები. 2015 წელს ჯამში სარეკორდოდ მაღალმა 1.3 მილიონმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის 28 სახელმწიფოსა და შვეიცარია-ნორვეგიაში, აქედან 440,000 პირმა თავშესაფარის მოთხოვნით გერმანიას მიმართა[7]. აქამდე ამ კუთხით თავშესაფრის მაძიებელთა ყველაზე დიდი რაოდენობა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ 1992 წელს დაფიქსირდა - 700, 000 ადამიანი.  3. ტერორიზმის ტალღა რომელიც  საფრთხელს უქმნის ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნებს უსაფრთხოებას და 4. რადიკალი მემარჯვენე ძალების მომძლავრება ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ თავად ევროკავშირის  არსებობას და ცდილობენ მოახდინონ ევროპული ღირებულებების დისკრედიტაცია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ევროკავშირსა და წევრი ქვეყნების ლიდერები ვეღარ ახერხებენ დრო დაუთმონ აღმოსავლეთ პარტნიორობას, მით უმეტეს, რომ დამატებითად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებაში შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დაძაბოს ურთიერთობები რუსეთთან (მაგ: ყირიმის ანექსიას წინ უძღოდა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის იანუკოვიჩის წინააღმდეგ დაწყებული გამოსვლები, რომელიც მის მიერ 2013 წელს ასოცირების ხელშეკრულების ინიცირებაზე უარით იყო გამოწვეული. გარკვეული წრეები ევროკავშირის შიგნით თვლიან, რომ მაქსიმალურად უნდა ეცადონ არ მოხდეს რუსეთის გაღიზიანება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების სანაცვლოდ).

ევროპული პერსპექტივის გარეშე

ევროპული პერსპექტივის (European perspective) არსებობა მნიშვნელოვანი ეტაპია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ევროპული პერსპექტივა ნიშნავს დაპირებას ევროკავშირის მხრიდან, რომ ესა თუ ის სახელმწიფო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. მსგავსი დაპირება ამ ეტაპზე მიღებული აქვთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. უხეში შედარება რომ გაკეთდეს ეს იგივეა, რაც საქართველომ 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიიღო. ამ დრომდე საქართველოს ევროკავშირის მხრიდან ევროპული პერსპექტივა არ მიუღია. უფრო მეტიც, ასოცირების ხელშეკრულების პრეამულის მიხედვით საქართველო არა ევროპულ, არამედ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნად და არა სახელმწიფოდ არის მოხსენებული[8], რათა არ ჩამოყალიბებულიყო თუნდაც მცირე ბმა ევროკავშირის შეთანხმების 49-ე მუხლთან[9], რომელიც ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს(!) უფლებას აძლევს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანოს.

ევროპული პერსპექტივის შესახებ ჩანაწერის გაკეთება არ განიხილება ნოემბერის ბოლოს ბრიუსელში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. სამიტზე შესაძლოა რეფერანსი ისევ და ისევ საქართველოს ევროპულს მისწრაფებების (European aspiration) აღიარებაზე გაკეთდეს. ცრუ მოლოდინების შექმნის თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირი მოერიდება აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის სამიტის დეკლარაციაში ევროპის ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელ რომის შეთანხმების ხსენებას. დიდი ალბათობით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი მოკრძალებული, ყოველგვარი დიდი დაპირებებისა და ამბიციებისგან თავისუფალი იქნება. მეორე მხრივ საქართველოს ხელუფლებასაც არ ააქვს ნათლად ჩამოყალიბებული, დეტალურად გაწერილი და ამბიციური გეგმა (თუ არ ჩავთვლით საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ექვს პუნქტიანი გეგმას), რომელიც ევროკავშირის მიმართულებით გადასადგემელ მომდევნო ნაბიჯებს შეეხებოდა.

ევროკავშირისკენ მკაფიო ხედვის გარეშე

საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია, რომელიც 2015-2018 წლებს მოიცავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიზნებად ნატო-ში გაწევრიანებას და ევროკავშირში ინტეგრაციას ასახელებს[10]. მიუხედავად ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირებისა არაერთგზის განცხადების, რომ საქართველოს საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა აღნიშნული საბოლოო მიზანი არ არის ასახული საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში. უფრო მეტიც, ეს მესიჯის დონეზე გარკვეული შეუთავსებლობა შეინიშნება 2017 წლის 13 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2017-2020 წლების სტრატეგიასა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არ განიხილება ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება და საქართველოც არ არის მზად ევროკავშირის წევრობისთვის, საჭიროა რომ საქართველომ, რომლის გაცხადებული საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი ევროკავშირის წევრობაა შეიმუშაოს დეტალური და ამბიციური სამოქმედო გეგმა, რომელიც პასუხს გასცემს მინიმუმ ამ შეკითხვებს:

  • რას მოიმოქმედებს საქართველო იმ შემთხვევაში თუ ევროკომისიის ახალი  პრეზიდენტი (2019-2024) გააგრძელებს მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკას და მისი პრეზიდენტობის პერიოდში ევროკავშირის შემდგომ გაფართოებაზე მორატორიუმს გააგრძელებს? 
  • რამდენად უღირს საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად სვლა, თუ უმჯობესი იქნება ეს პროცესი ინდივიდუალურ რეჟიმში განაგრძოს?
  • როგორი იქნება საქართველოს სტრატეგია - ეცდება ჯერ მიიღოს ევროპული პერსპექტივა და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი, თუ არ დაელოდება პერსპექტივის მინიჭებას?
  • საქართველო უნდა დაელოდოს ასოცირების ხელშეკრულების სრულად შესრულებას (2030 წელი) და მხოლოდ ამის შემდგომ გადადგას გაწევრიანებისკენ ნაბიჯები (მაგ. გააკეთოს გაწევრიანების განაცხადი), თუ ამ ნაბიჯების  გადადგამს ის გეგმავს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პარალელურად?
  • ასოცირების ხელშეკრულების გარდა რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ მანამ სანამ ევროკავშირი არ გეგმავს აღმოსავლეთით გაფართოებას? 
  • როგორი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია უნდა იყოს ევროკავშირის შიგნით და საქართველოში, რომ ამ უკანასკნელმა მიზანშეწონილად ჩათვლოს გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთება?  

ევროკავშირში გაწევრიანების სრულყოფილი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება გარკვეულწილად პასუხს გასცემს ზემოთ მოყვანილ შეკითხვებს და ჩამოაყალიბებს სრულფასოვან ხედვას, თუ რა უნდა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პარალელურად ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. 

 

[1] 2029 წლის 31 დეკემბრისთვის საქართველოს მიერ მონრეალის ოქმით აღებული ვალდებულებების შესაბამისად (მე-5 და 11-ე მუხლები) აკრძალვა დაწესდება კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბაზარზე გატანასა და მათ გამოყენებაზე, ისევე როგორც დაბრუნებულ ჰიდროქლორფტორნახშირბადებთან (HCFCs) მიმართებით, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც მაცივარ-აგენტი. საქართველო შეაჩერებს HCFCs-ის მოხმარებას საბაზისო დონეზე 2013 წლისთვის, შეამცირებს მოხმარებას 10%-ით 2015 წლისთვის, 35%-ის 2020 წელს და 67.5%-ით 2025 წელს და შეწყვეტს მის მოხმარებას 2030 წლისთვის.

[2] „White paper on the future of Europe“; 01.03.2017; ხელმისაწვდომია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერზე. ბმული http://bit.ly/2u7ad4O

[3] “Shared Vision, Common Action: A Stronger Europe” A Global Strategy for the European Union’s Foreign and Security Policy; 28.06.2017; ხელმისაწვდომია ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ვებგვერზე. ბმული http://bit.ly/2u7tjrr

[4] “Review of the European Neighbourhood Policy” ხელმისაწვდომია ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ვებგვერზე. ბმული http://bit.ly/2vbgWrj

[5]Eastern Partnership – 20 deliverables for 2020 focusing key priorities and tangible results“; 9.6.2017 ხელმისაწვდომია ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ვებგვერზე. ბმული http://bit.ly/2t2IToJ

[6] Share of total contributions to the EU budget in 2016, by Member States; available at http://bit.ly/2ucqEwc დოკუმენტი ბოლოს ნანახია 25.6.2017

[7] Number of Refugees to Europe Surges to Record 1.3 million in 2015; Pew Research Center; August 2, 2016; ხელმისაწვდომია http://pewrsr.ch/2vbwdZo

[8] „RECOGNISING that Georgia, an Eastern European country, is committed to implementing and promoting these values“ - გვ. 6. ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორეს მხრივ, საქართველოს შორის; ხელმისაწვდომია ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ვებგვერდზე https://eeas.europa.eu/sites/eeas/files/association_agreement.pdf

[9] „Any European State which respects the values referred to in Article 2 and is committed to promoting them may apply to become a member of the Union. The European Parliament and national Parliaments shall be notified of this application.“; ლისაბონის ხელშეკრულების 49-ე მუხლი. ხელმისაწვდომია http://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=celex%3A12007L%2FTXT

[10] საგარეო პოლიტიკის სტრატეგია - ერთიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფო; ხელმისაწვდომისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის მისამართზე http://bit.ly/2uhoqfX დოკუმენტი ბოლოს ნანახია 25.6.2017  

ახალი კომენტარის დამატება