ენერგეტიკული გაერთიანების საზაფხულო სკოლა 2017

ენერგეტიკული გაერთიანების საზაფხულო სკოლა 2017

მონაწილის ანგარიში

2017 წლის ზაფხულში, ორგანიზაციის "მსოფლიო გამოცდილებს საქართველოსთვის" მკვლევარმა - გიორგი მუხიგულიშვილმა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მხარდაჭერით ენერგეტიკული გაერთიანების საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობა. გთავაზობთ მის ანგარიშს საზაფხულო სკოლისა და ენერგეტიკის სექტორში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

Creator: გიორგი მუხიგულაშვილი. Creative Commons License Logoეს ფოტო ვრცელდება შემდეგი ლიცენზიით Creative Commons License.

საქართველო 2017 წელს გახდა ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი, ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის რეფორმირებისათვის და ევროკავშირის ენერგობაზრებთან ინტეგრაციისთვის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო წევრ ქვეყნებს სექტორის რეფორმირების პროცესში დახმარების სხვადასხვა მექანიზმს სთავაზობს. ასეთია, მაგალითად, სექტორში მომუშავე სპეციალისტებისთვის სასწავლო პროგრამების მოწყობა საზაფხულო სკოლის ფარგლებში.   

ენერგეტიკული გაერთიანების ქვეყნები – Creator: Public Domain. Creative Commons License Logoეს ფოტო ვრცელდება შემდეგი ლიცენზიით Creative Commons License.

ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნომ საზაფხულო სკოლის ორგანიზება 2016 წლიდან დაიწყო. საზაფხულო სკოლა, რომელიც ერთი კვირა გრძელდება 40-მდე მონაწილეს სთავაზობს ენერგეტიკის სექტორზე ორიენტირებულ მულტი-დისციპლინარულ, პრაქტიკული სამუშაოებით დატვირთულ პროგრამას. წელს საზაფხულო სკოლა ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში (ქალაქი ოჰრიდი), 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის პერიოდში მოეწყო. საზაფხულო სკოლა ხუთ თემატურ ნაწილს მოიცავდა: ენერგეტიკის ეკონომიკა, ტექნიკური საკითხები, ენერგოპოლიტიკა, ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობა და მდგრადი განვითარება ენერგეტიკაში.

ამ სტატიის მიზანია მოკლედ მოგიყვეთ ენერგეტიკული გაერთიანების საზაფხულო სკოლის თემატიკის შესახებ და ზოგიერთი საკითხი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის კონტექსტშიც განვიხილო.

დავიწყეთ იმით რომ ელექტროენერგეტიკულ და გაზის სექტორებში კონკურენტული (წარმოება, მიწოდება) და მონოპოლიური (ქსელური ნაწილი-გადაცემა, განაწილება, ტრანსპორტირება) საქმიანობების განცალკევება აუცილებელია. გარდა იმისა რომ საქმიანობების ასე დაყოფა ხელს უწყობს კონკურენციას ბაზარზე, ის ასევე სტიმულს აძლევს ენერგოკომპანიებს ჩადონ მეტი ინვესტიცია ქსელის განვითარებაში. კომპანია, რომელიც ერთდოულად ახორციელებს ქსელურ საქმიანობას და წარმოებას ან მიწოდებას ნაკლები ინტერესი აქვს ჩადოს მეტი ინვესტიცია ქსელის განვითარებისათვის, იმ კომპანიისგან განსხვავებით რომელიც მხოლოდ ქსელურ საქმიანობას ეწევა. ქსელის განვითარება კი ერთიანი შიდა ბაზრის შესაქმენელად მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ენერგეტიკაში რეგულირების განვითარების ეტაპები საინტერესოდ წარმოგვიდგინა ფლორენციის რეგულირების სკოლის დირექტორმა ჟან-მიშელ გლაშატმა. პირველ ეტაპზე, ენერგიის ტრანსპორტირებისათვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ვითარდებოდა ქაოსურად და ენერგიის გატარებაზე წესდებოდა მონოპოლიური ფასი. შემდეგ ეტაპზე დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს პირობებში დაიწყო ქსელური ინფრასტურქტურის განცალკევება კონკურენტული ნაწილისაგან და წამახალისებელი მარეგულირებელი პრინციპებით ტარიფების დადგენა ქსელურ მომსახურებაზე. ამ ეტაპს პირობითად ახალი ღვინო ძველ ბოთლში უწოდა ჟან-მიშელმა, რადგან ისევ ძველი მარეგულირებელი სისტემის ფარგლებში შემოტანილ იქნა დამატებითი რეგულაციები სისტემის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. მესამე ეტაპი, რომელსაც უკვე ახალი ბოთლი ახალი ღვინისთვის უწოდა, გულისხმობს განვითარებულ საცალო ბაზარს, სისტემის მართვის დახვეწილი წესებითა და განვითარებული საბითუმო ბაზრის ინფრასტრუქტურით (საბალანსო ბაზარი, ერთი დღით ადრე ბაზარი, ქსელის გადატვირთვის მართვის მექანიზმები, რეალურ დროში ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმი). რეგულირების მეოთხე ეტაპი, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დაიწყო მოიცავს ინოვაციური ტექნოლოგიების (ჭკვიანი ქსელები და მრიცხველები, ელექტრო ავტომობილები, როგორც ენერგიის შენახვის საშუალება, ენერგიის განახლებადი წყაროები და სხვა) მასობრივ გამოყენებას ენერგეტიკაში. მომხმარებლებს უკვე აქვთ საშუალება თვითონ გამოიმუშაონ ენერგია და მიაწოდონ ქსელს, გახდნენ ამავდროულად მწარმოებლებიც. ინოვაციების და ციფრული ტექნოლოგიების ერაში რთულია განსაზღვრა ენერგოსექტორის რეგულირებას რა როლი შეუძლია ითამაშოს, იქნება თუ არა საერთოდ საჭირო რეგულირება და როგორ განვითარდება საბაზრო ურთიერთობები მომავალში.

დღეს არსებული რეგულირების თავისებურებებით საქართველო გლაშატის კლასიფიკაციის მეორე ეტაპზე იმყოფება - ახალი ღვინო ძველ ბოთლში. ჩვენ ახლა ვიწყებთ კონკურენტული და მონოპოლიური საქმიანობების განცალკევებას ელექტროობის სექტორში და უკვე შემუშავებული წამახალისებელი სატარიფო მეთოდოლოგიით ტარიფების დადგენას ქსელური კომპანიებსათვის. გამოწვევად რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სტრატეგიული მნიშვნელობის წარმოების ობიექტების (ენგური, ვარდნილი) და გადამცემი ქსელური ინფრასტრუქტურის გაყოფის საკითხი.

ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა იანეს კოპაჩმა სიღრმისეული წარმოდგენა შეგვიქმნა წევრ ქვეყნებში განხორციელებულ რეფორმებზე, მოგვიყვა წარმატებული მაგალითების, ძირითადი გამოწვევებისა და არსებული პრობლემების შესახებ, ასევე გავეცანით ქვეყნების გამოცდილებებს, რომლებმაც ევროკავშირის ენერგოდირექტივების მოთხოვნების დანერგვით საგრძნობლად გაზარდეს მომსახურების ხარისხის მაჩვენებლები ელექტროობის სექტორში.

ენერგეტიკული გაერთიანების ელექტროობის სექტორის ექსპერტმა ანდრეას პოინტვოგელმა საინტერესოდ წარმოადგინა ევროპის ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარების დიდი სურათი, თუ როგორ ხდება 2006 წლიდან მოყოლებული ცალკეულ ქვეყნებში ელექტროენერგეტიკული ბაზრების განვითარება, მათი დაახლოება რეგიონის დონეზე და საბოლოოდ ინტეგრირება ერთიან შიდა ევროპის ბაზარში. ევროპის ქვეყნების შიდა ენერგობაზრის შექმნა ეს არის ევროკავშირის ენერგოპოლიტიკის მთავარი მიზანი, რომელიც გაზრდის ეფექტურობას, მომსახურების ხარისხს და მიწოდების უსაფრთხოებას.

ელექტროობის ნაწილში გავეცანით ენერგეტიკული გაერთიანების ქვეყნებში დაგეგმილ პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შემდეგი ვებ-გვერდიდან

შემდეგი თემა ნავთობს, მისი მოპოვების, გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და მოხმარების ტექნოლოგიებს დაეთმო. გავეცანით ნავთობის მოპოვების ტრადიციულ და არატრადიციულ მეთოდებს. ენერგეტიკული გაერთიანების ქვეყნები განსხვავდებიან ნავთობზე იმპორტდამოკიდებულებით. მოლდოვა ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ნავთობის გარე წყაროებზე (80%-ზე მეტით), მაშინ როცა ბოსნია-ჰერცეგოვინა მხოლოდ 20%-ით. დირექტივა 2009/119/EC ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მარაგების მინიმალურ დონეს ადგენს ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნებისთვის. დირექტივის მიხედვით ქვეყნები ვალდებული არიან იქონიონ წმინდა იმპორტის საშუალო 90 დღიანი ან ქვეყნის შიდა მოხმარების საშუალო 61 დღიანი მარაგი, ამათგან, რომელიც უფრო მეტი იქნება. საქართველო, როგორც გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი ვალდებულია დააკმაყოფილოს აღნიშნული დირექტივის მოთხოვნები და შექმნას ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მარაგები 2023 წლის 1 იანვრისთვის.

ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკის განვითარების ეტაპების შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილემ პროფესორმა დირკ ბუშლემ გვესაუბრა. ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკის განვითარებაში ოთხი ძირითადი ეტაპი გამოიყოფა. პირველი ეტაპი 1950-იან წლებში იწყება და პირობითად „ომი და მშვიდობა“ შეიძლება ეწოდოს, რადგან ხდება ევროპის ქვეყნების ინტეგრირება ქვანახშირისა და ფოლადის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც მოყვა ევრატომის შეთანხმება. ქვანახშირი და ატომური ენერგია აქტიურად გამოიყენებოდა როგორც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, ისე სამხედრო შეიარაღებისას. ევროპის ქვეყნების ერთობლივი შეთანხმება ამ ენერგორესურსების გასაკონტროლებლად მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მშვიდობიანი თანაცხოვრების გარანტად იქცა.

მეორე ეტაპი 1980-იან წლების დასასრულს დაიწყო და ძირითადად მოიცავდა ენერგო ბაზრების ლიბერალიზაციას, ჰარმონიზაციასა და ერთიანი შიდა ენერგეტიკული ბაზრის განვითარებისათვის წინაპირობების მომზადებას. მესამე მხარის დაშვება ქსელზე, რეგულირება, ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანიების[1] განცალკევება და მომხმარებლებისათვის თავისუფალი არჩევანის მიცემა იყო ის ძირითადი ელემენტები რომელთაც მეორე ეტაპზე ჩაეყარათ საფუძველი.

მესამე ეტაპი 2005 წლიდან იწყება, როცა ახალი გამოწვევები ჩნდება ევროპის ენერგოპოლიტიკაში: ევროპის ქვეყნების ენერგიის იმპორტზე მზარდი დამოკიდებულება, უკრაინა რუსეთის კონფლიქტი, კლიმატის ცვლილება, ევროპის მასშტაბით ენერგოინფრასტრუქტურის განვითარებისა და ერთიანი ქსელის კოდექსის შექმნის საჭიროება. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად ევროკომისიამ შეიმუშავა ენერგოკავშირის სტრატეგია 2014 წელს.  

მეოთხე ეტაპი ახლა დაიწყო, რომელიც ევროპაში ენერგოტრანზიციის კომპლექსურ პროცესში უფრო ამბიციური მიზნების მიღწევას ისახავს მიზნად. ინოვაციების ხელშეწყობით სუფთა, განახლებად და ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებზე გადასვლა ეკონომიკის ყველა სექტორში, ერთიანი შიდა პან-ევროპული ენერგობაზრის ჩამოყალიბება, თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობების მშენებლობა და პარიზის შეთანხმების მოთხოვნების შესრულება ევროპის ენერგოპოლიტიკის მეოთხე ეტაპის ძირითადი ამოცანებია.

პროფესორი ბუშლეს მიხედვით ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითადი მიზნები შემდეგში მდგომარეობს: ეკონომიკის დეკარბონიზაცია, ენერგეტიკული სისტემების დეცენტრალიზაცია და ციფრული და ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენება ენერგეტიკაში საიმედოობისა და მიწოდების უსაფრთხოების ასამაღლებლად.          

ევროპის ქვეყნების ინტეგრაციის პროცესი წარმოუდგენელია ერთიანი საკანონმდებლო ბაზის გარეშე, რომელშიც ასახულია საერთო ღირებულებები და პრინციპები, ინსტიტუციური სისტემა, საერთო საფრთხეებისა და გამოწვევების დაძლევის მექანიზმები, წევრ ქვეყნებს შორის განაწილებული პასუხისმგებლობები და სუვერენული უფლებამოსილებები. ერთიანი პოლიტიკა რომელიც საფუძვლად უდევს ინტეგრაციის პროცესს კანონმდებლობაში (ხელშეკრულებები, დირექტივები, რეგულაციები, გადაწყვეტილებები და ა.შ.) აისახება.

ბოლო ათწლეულში ენერგეტიკა ევროკავშირის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა, გამომდინარე მისი კრიტიკული გავლენიდან ეკონომიკის სხვადასხვა დარგებზე და ერთიანი ევროპის უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავება ნელ-ნელა გადადის ევროკავშირის ინსტიტუტების კომპეტენციაში.   

ენერგეტიკული გაერთიანების ქვეყნებში ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის გადმოტანა დროთა განმავლობაში ხდება. მას შემდეგ რაც ევროკავშირის ქვეყნები ეროვნულ კანონმდებლობებში ასახავენ რეგულაციებისა და დირექტივების მოთხოვნებს, მათი გამოცდილების გათვალისწინებით ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოც იწყებს შესაბამისი დირექტივებისა და რეგულაციების გადმოტანაზე მუშაობას.

საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა 2016 წელს და გახდა ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი. ეს გვაძლევს შესაძლებლობას განვახორციელოთ ძირეული რეფორმები ენერგეტიკაში, დავნერგოთ თანამედროვე და ეფექტური ტექნოლოგიები, ხელი შევუწყოთ საკუთარი ენერგორესურსების ათვისებას, მოვიზიდოთ სტრატეგიული ინვესტორები და გავხდეთ ერთიანი ევროპული ენერგეტიკული ბაზრის წევრები. ჩვენთვის ახლა იწყება მოგზაურობა იმ გზაზე, რომელსაც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნები წლებია გადიან. ეს გზა რთულია, მაგრამ აუცილებელი ჩვენი ენერგეტიკული სექტორის განვითარებისათვის.

საზაფხულო სკოლა კარგი საშუალებაა სხვადასხვა ქვეყნიდან ერთი დარგის წარმომადგენლების დასაახლოებლად, გამოცდილების გაზიარებისა და კონტაქტების დასამყარებლად.

 

[1] ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანია ერთდროულად ფლობს ქსელურ ინფრასტრუქტურას და წარმოების ობიექტებს ან უზრუნველყოფს მიწოდებას.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება