ჰაინრიჰ ბიოლი - 100: მწერალი და მოქალაქე

ჰაინრიჰ ბიოლი - 100: მწერალი და მოქალაქე

08 იანვარი 2018
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო
გამოცემის ადგილი: თბილისი
გამოცემის თარიღი: 2017
გვერდების რაოდენობა: 284
License: All rights reserved.
Language of Publication: ქართული
ISBN: 978-9941-27-593-7

„სულ რაღაც ორ სტრიქონს შორის, გამომცემლის ამ პაწაწინა ცეცხლის ხაზზე შესაძლებელია იმ რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერების ჩადება, რომ მთელი ქვეყნები აიწიოს ჰაერში. ...ენა შეიძლება თავისუფლების უკანასკნელი თავშესაფარი იყოს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საუბარი, ფარულად გადაწოდებული ლექსი შეიძლება ბევრად უფრო ღირებული იყოს, ვიდრე პური, რომელსაც ამბოხებულები ყოველი რევოლუციის დროს ყვირილით მოითხოვდნენ”.
ჰაინრიჰ ბიოლი, 1964

2017 წლის 21 დეკემბერს ჰაინრიჰ ბიოლის 100 წლის იუბილეა. მისი შემოქმედებისა და მოღვაწეობის აღსანიშნავად ამ გამოცემით ვიგონებთ გერმანელ მწერალსა და ინტელექტუალს, რომლის სახელსაც ატარებს მწვანე პოლიტიკური ფონდი.

მართალია, გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან მოყო­ლებული, ჰაინრიჰ ბიოლის ნაწარმოებები საქართველოში საკმაოდ ხშირად ითარგმნებოდა, მაგრამ 27-ტომიან კიოლნის გამოცემასთან (Köllner Ausgabe, 2010 / Kiepenheuer & Witsch) შედარებით მწერლის ტექსტების მოცულობა ქართულად მაინც მწირია1. სანობელე ლექციას თუ არ ჩავთვლით, აქამდე ქართულად მხოლოდ ბიოლის მხატვრული ტექსტები იყო ნათარგმნი. სწორედ ამიტომ ქართველ მკითხველს საიუბილეოდ ვთავაზობთ მწერლის ოთხ მცირე წერილს, სადაც მისი ჰუმანისტური და, შესაბამისად – პოლიტიკური ღირებულებებიც მკაფიოდ იკვეთება. ეს წერილები, რომელიც საგანგებოდ ითარგმნა ამ გამოცემისთვის, სწორედ ბიოლის პოლიტიკურ მემკვიდრეობას უსვამს ხაზს. ეგზისტენცი­ალისტი კათოლიკე ავტორისა და გაბედული პუბლიცისტის ეს თემატიკა დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას, განსაკუთ­რებით კი ისეთ ქვეყნებში, სადაც საზოგადოება ჯერ კიდევ „გარდამავალ” მდგომარეობაში იმყოფება და დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ჰუმანურობის დასამკ­ვიდრებლად რთულ გზას მიუყვება. ლოგიკურია, რომ კრე­ბულში შევიდა ტექსტიც – „ჩარევა სასურველია”, მკაფიო გამოხატულება იმ იდეისა, რომლის გამოც ატარებს ჰაინ­რიჰ ბიოლის ფონდი გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის სახელს.

საიუბილეო გამოცემისთვის შეირჩა უფრო ვრცელი ტექს­ტიც – ჰაინრიჰ ბიოლის ფრანკფურტის ლექციები. ეს ლექ­ციები პოეტიკის შესახებ 1959 წელს შემოიღეს ფრანკფურ­ტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში. მას შემდეგ, ტრადიციად ქცეული ერთსემესტრიანი სალექ­ციო კურსის განმავლობაში რომელიმე ერთი ავტორი თავად ირჩევდა თემას და მის ფარგლებში განიხილავდა ლიტერა­ტურული შემოქმედების პრობლემატიკასა და პერსპექტი­ვებს. „ფრანკფურტის ლექციებში” ბიოლმა თავისი ლიტერა­ტურული პროგრამა ჩამოაყალიბა. მას ლიტერატურა ესმო­და, როგორც ისტორიის წერა ქვემოდან: მისთვის, როგორც მწერლისთვის, მნიშვნელოვანი იყო, ყოველდღიურობიდან გამომდინარე შეეფასებინა საზოგადოების მდგომარეობა. ის ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რაც საჯაროობისთ­ვის შეუმჩნეველი რჩებოდა. თავად ბიოლი არასოდეს მიიჩ­ნევდა თავს პოლიტიკურ მწერლად და არც ერის სინდისად, როგორადაც მას ხშირად მოიაზრებდნენ თანამედროვენი. როგორც მოქალაქე, მწერალი საკუთარ ამოცანად თვლიდა დემოკრატიის დაცვას და, რადგანაც ის პროფესიით ლიტე­რატორი იყო, ამას მწერლობის საშუალებით აკეთებდა.

ბიოლის გარდაცვალებიდან ოცდაათი წლის შემდეგ თით­ქოს რთულიც უნდა იყოს იმის წარმოდგენა, რომ მის მიერ თავდაპირველად დასავლეთ გერმანიის ლიტერატურულ და საჯარო სივრცეში წამოჭრილი საკითხები ახლა შეიძლება მეტად აქტუალურიც კი იყოს: ძალაუფლების პრაქტიკები­სა და სახელმწიფოს ძალადობის თავდაჯერებული კრიტი­კა; გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური წარსული და მე­მარცხენე მოძრაობის რადიკალიზება. მწერლის ინტუიცია ძალაუფლების ცენტრების ცვლილებების მიმართ ბიოლს კლერიკალების, მასობრივი მედიის საშუალებების და ბაზ­რის დომინანტობის მძაფრი კრიტიკისკენ უბიძგებდა. ზო­გიერთი სიუჟეტი დღევანდელი გადმოსახედიდან შესაძლე­ბელია, გაუცხოებასაც კი იწვევდეს, თუმცა ის ფუნდამენ­ტური ღირებულებები, რასაც ჰაინრიჰ ბიოლის ლიტერატუ­რა ეფუძნება, დღემდე არის აქტუალური და ადამიანის ღირ­სეული არსებობის განმსაზღვრელი. ლევან ბერძენიშვილი­სა და ლევან ცაგარელის ესეებით ამ კრებულში გთავაზობთ მწერლის შემოქმედების თანამედროვე ინტერპრეტაციებს.

ეს კრებული ასევე ქართველი გერმანისტებისა და ფილო­სოფოსების მოსაგონარიცაა. საზოგადოებისათვის ნაკლე­ბადაა ცნობილი, რომ ბიოლს დიდი ხნის მეგობრობა აკავ­შირებდა საბჭოთა კავშირის დისიდენტ ლიტერატორებთან; მაგრამ მისი კავშირები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ მოსკოვისა და ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგის) ინტე­ლიგენციასთან ურთიერთობით და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასაც კი სწვდებოდა. 1962 წელს მოსკოვში მწერლებთან შეხვედრის დროს ჰაინრიჰ ბიოლმა რუსი გერმანისტი, დისიდენტი და ადამიანის უფლებათა დამცველი ლევ კოპელევი გაიცნო. მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებისა და წარსულის გააზრებით დაინტერესებუ­ლი ამ ორი ინტელექტუალის მეგობრობა2, რომელიც მათი წერილებითაც დასტურდება, ოც წელზე მეტხანს გაგრძელ­და და მხოლოდ 1985 წელს დასრულდა ბიოლის გარდაცვა­ლებით.

ჰაინრიჰ ბიოლი თბილისში სწორედ ლევ კოპელევმა და მისმა მეუღლემ, რაისა ორლოვამ მიიწვიეს. ამ ქალაქს თა­ვად ცოლ-ქმარიც დიდი სიამოვნებით სტუმრობდა ხოლ­მე. მათ ბიოლს გამოჩენილი ქართველი ინტელექტუალები – გერმანისტები ნელი ამაშუკელი, ნოდარ კაკაბაძე, რეზო (ბუბა) ყარალაშვილი და დავით დავლიანიძე, ფილოსოფო­სები – გივი მარგველაშვილი და ზურაბ კაკაბაძე გააცნეს. მწერალი საქართველოს ორჯერ, 1966 და 1972 წლებში ესტუმრა და შინ ორივეჯერ ძლიერი შთაბეჭდილებებით აღსავსე დაბრუნდა. ბიოლის ეს განწყობა ოფიციალური საბჭოთა პროგრამის მიღმა სწორედ იმ ქართველი მას­პინძლების და მეგობრების დამსახურება იყო, რომლებ­თანაც ის შემდგომი წლების განმავლობაში მიმოწერას აწარმოებდა, რომლებსაც ახალი წიგნებით ამარაგებდა და რომელთა მოკავშირედაც ის სიცოცხლის ბოლომდე დარჩა რკინის ფარდის მიღმიდან.

მკითხველი აქვე გაეცნობა იმ საარქივო მასალასაც, რო­მელიც ჰაინრიჰ ბიოლის საქართველოში სტუმრობასთანაა დაკავშირებული და ქართულ-გერმანული ურთიერთობის ისტორიის მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი საინტერესო ფურ­ცელია.ამ გამოცემაში გამოყენებული Heinrich Böll-ის ქართული ვერსია ჰაინრიჰ ბიოლი (ნაწილობრივ დამკვიდრებული „ჰაინრიხ”-ის მაგივრად) ერთგვარი პატივის მიგებაა ნოდარ კაკაბაძისა და მისი გერმანისტი კოლეგებისთვისაც. 2003 წელს, როცა ბიოლის ფონდი საქართველოში დარეგისტ­რირდა, სწორედ ნოდარ კაკაბაძემ გვირჩია, ქართველ გერ­მანისტებსა და ფილოლოგებს შორის სადავო „ch”-ს ქართუ­ლად „ჰაე”-თი გადმოტანა. ამ გამოცემისთვის სპეციალუ­რად შედგენილი ბიბლიოგრაფიის შესწავლისასაც დავადგი­ნეთ, რომ თარგმანებშიც მწერლის სახელი ერთნაირად არ არის გადმოცემული. ასე რომ, დავრჩეთ ჰაინრიჰ ბიოლის მეგობრების ვერსიის ერთგულნი.

ნინო ლეჟავა
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის
სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დირექტორი

 

შინაარსი:

გამომცემლის წინასიტყვაობა 9
ჰაინრიჰ ბიოლი და საქართველო 17
ღირებულებათა მწერალი, ლევან ბერძენიშვილი 23
ჰაინრიჰ ბიოლი დღეს, ლევან ცაგარელი 53
ჰაინრიჰ ბიოლის მნიშვნელობა ქართული გერმანისტიკისა და კულტურისთვის, მანანა პაიჭაძე 85
ჰაინრიჰ ბიოლი საქართველოში, ნელი ამაშუკელი 103

თარგმანები
ენა როგორც თავისუფლების თავშესაფარი 115
ადამიანის ღირსება ხელშეუხებელია 125
პოეზიის გონებაში წვდომის მცდელობა 137
პრაღა – კი თუ არა 161
ჩარევა სასურველია 163
ფრანკფურტის ლექციები 171
ბიბლიოგრაფია 267

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება