ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ყოფილი სტიპენდიანტების შეხვედრა 2018

ანგარიში

2018 წლის 5 ივლისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს 15 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ფონდის ყოფილი სტიპენდიანტები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან შეიკრიბნენ თბილისში.

შეხვედრის მიზანი იყო ერთი მხრივ, სასტიპენდიო პროგრამის შედეგების შეფასება, ხოლო მეორე მხრივ, მსჯელობა თუ რა მიმართულებებით შეიძლება იმუშაოს ფონდმა მისი პროგრამული პრიორიტეტებიდან გამომდინარე ყოფილ სტიპენდიანტებთან ერთად.

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზის გაუსვეს სასტიპენდიო პროგრამის მნიშვნელობას მათ პროფესიულ ჩამოყალიბებასა და პირადი კონტაქტების შეძენაში. მათი აზრით, ბიოლის ფონდმა შექმნა პლატფორმა, სადაც სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ახალგაზრდა მეცნიერებს ჰქონდათ შესაძლებლობა ერთმანეთთან გაეცვალათ შეხედულებები და ასევე დაენახათ თუ რამდენად საინტერესოა სამეცნიერო კვლევის პროცესი.

ფონდის ყოფილი სტიპენდიანტების აზრით მნიშვნელოვანია, რომ სასტიპენდიო პროგრამა მომავალშიც გაგრძელდეს. ამისთვის კი აუცილებელია, ყოფილი სტიპენდიანტები კიდევ ერთხელ შეიკრიბონ და იმსჯელონ თუ როგორი უნდა იყოს ახალი სასტიპენდიო პროგრამა და რომელ აქტუალურ პრობლემებს უნდა პასუხობდეს ის.