მწვანე აკადემია 2018 - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობისთვის: შესაძლებლობები და შეზღუდვები

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ 2018 წლის მწვანე აკადემიის ფარგლებში, ისევ შემოიკრიბა ახალგაზრდა აქტივისტები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, მკლევრები. “სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობისთვის: შესაძლებლობები და შეზღუდვები” - სწორედ ამ დასათაურებით შესთავაზა მწვანე აკადემიამ წლევანდელ მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს 5 დღიანი პროგრამა. პროგრამა 4 ძირითად მიმართულებას ითვალისწინებდა: სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა, მწვანე ტრანსფორმაცია, საზოგადოება და ბრძოლების დაკავშირება.

5 დღის განმავლობაში სწორედ ამ საკითხების ირგვლივ (და არამხოლოდ) იყო კონცენტრირებული ლექციები, დისკუსიები, ვორქშოპები და არაფორმალური საუბრები. მწვანე აკადემიის მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაეზიარებინათ და მიეღოთ ცოდნები, ესაუბრათ არსებულ გამოწვევებსა და მათზე რეაგირების სტრატეგიებზე, გაეანალიზებინათ მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული პროცესები და დაენახათ სხვადასხვა აქტივისტურ ჯგუფს შორის კავშირის გამყარებისა და საერთო ბრძოლების დასახვის საჭიროებები.

მწვანე აკადემია პროგრამის პრეზენტაციით დაიწყო. გამოიკვეთა და აიხსნა ის პრობლემები და ცნებები, რაზეც შემდგომში დისკუსიები გაიშლებოდა. მწვანე აკადემიის პირველი დღე გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რუკაზე საქართველოს ადგილის მონიშვნაზე საუბრით გაგრძელდა - მომხსენებლებმა, საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით, გლობალიზაციის კრიზისზე, პერიფერიულ ფინანსიალიზაციასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე ისაუბრეს. რადგანაც მწვანე აკადემია მუდმივად დგება გამოწვევის წინაშე, რომ დაფაროს უფრო მეტი საკითხი, მონაწილეებს მიეცათ საშუალება, რომ გადანაწილებულიყვნენ სხვადასხვა თემატურ ჯგუფში: პირველი ჯგუფი შეიკრიბა საქართველოში გარემოსდაცვით გამოწვევებზე სასაუბროდ, ხოლო მეორე სოციალურ საკითხებს შეეხო. ჯგუფური დისკუსიები მონაწილეებს არამხოლოდ არჩევანს უტოვებდა, რომ თემატურ ჯგუფებში გადანაწილებულიყვნენ, არამედ, ზოგადად, ქმნიდა უფრო მოქნილ სივრცეს დისკუსიის, მეტი კითხვის დასმისა და მათზე პასუხების მიღებისთვის. დღე დასრულდა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ვორქშოპით “გოგონა ასანთით”. ვორქშოპის მიზანი იყო ეჩვენებინა, თუ როგორ შეიძლება იქცეს ხელოვნება სოციალური აქტივიზმის, რეაგირების, წინააღმდეგობის გაწევის ეფექტურ იარაღად.

აკადემიის მეორე დღე სოციალურ და გარემოსდაცვით სამართლიანობის შესახებ მოხსენებებს და დისკუსიებს დაეთმო. დღე დაიწყო ლექციით, რომელიც მიემართებოდა მწვანე ფილოსოფიისა და პოლიტიკის ირგვლივ არსებულ თეორიულ დებატებსა და რაკურსებს. ამავე დღეს, მწვანე აკადემიის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ მოესმინათ ულრიხ ბრანდისთვის, ვენის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის პროფესორისთვის. მისი კვლევის საგანი, სხვა საკითხებთან ერთად, გარემოსდაცვითი და რესურსების პოლიტიკაა და აუდიტორიის წინაშე მან სწორედ გარემოსდაცვითი და სოციალური სამართლიანობის ცნებებსა და პოლიტიკაზე - მუშათა კლასის გარემოსდაცვით უფლებებსა და ემანსიპაციურ ეკოლოგიურ კლასობრივ ცნობიერებაზე ისაუბრა. შემდგომ მოხსენებებზე საკითხი დაისვა თუ რამდენადაა შესაძლებელი, ჩვენი ქვეყნის კონტექსტის გათვალისწინებით, სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის ცალკეულ კომპონენტთა რეფორმირება თუ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ლოგიკა არ გადაიხედა. მომხსენებლებმა  ყურადღება გაამახვილეს  მწვანეობისა და სოციალიზმის წინააღმდეგობაზე ქართულ რეალობაში. დღის ბოლოს ისევ შედგა თემატური ჯგუფები. პირველ ჯგუფში დაისვა საკითხი თუ როგორ უნდა ავიცილოთ დასავლური გარემოსდაცვითი თეორიები და რამდენად განსხვავებული იქნება ლოკალური ალტერნატივები; და ზოგადად, როგორ უნდა “გავამწვანოთ” ჩვენი ეკონომიკა. მეორე ჯგუფი “ქალები, განვითარება  და ეკონომიკა” კონცენტრირდა იმაზე, თუ როგორ უნდა გავცდეთ გენდერული მეინსტრიმინგის განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტრუმენტებს და დავსვათ კითხვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური გაძლიერება გენდერული თანასწორობისთვის, აქვთ კი ქალებს იმის შესაძლებლობა, რომ მიიღონ ცნობიერების ამაღლების და განათლების პროექტებით მიღებული სარგებელი. ჯგუფური დისკუსია გაგრძელდა ფემინიზმსა და ეკონომიკური სამართლიანობის “რეალურ” ბრძოლებს შორის ურთიერთმიმართებასა და დაპირისპირებაზე საუბრებით.

მწვანე აკადემიის მესამე დღეს, რომლის დასათაურება “მწვანე ტრანსფორმაცია” იყო, ულრიხ ბრანდი “იმპერიული ცხოვრების წესის” ცნების შემოტანით შეეცადა აეხსნა ის პარადოქსი, რომელიც წარმოიქმნა გარემოსდაცვითი ცნობიერების ზრდის და წარმოების და მოხმარების არამდგრადი მოდელების თანაარსებობის პირობებში. მან აქცენტი დასვა საქართველოში ამ კუთხით მსჯელობის დაწყებაზე.

IMPERIAL MODE OF LIVING AND THE POLITICS OF SOCIAL-ECOLOGICAL TRANSFORMATION. Ulrich Brand's lecture - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube

მწვანე აკადემიის მსმენელებს მოხსენებების, ჯგუფური დისკუსიების გარდა, შესაძლებლობა მიეცათ მოესმინათ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული  2 კვლევითი პროექტისთვის. პირველი კვლევა შეეხებოდა კომპანია RMG-ის მიერ ადგილობრივ მოსახლეობაზე მიყენებული სოციალური და ეკონომიკური ზემოქმედების შესწავლას, მეორე კი ქალთა პრეკარიულ შრომას და დროის ურთიერთმიმართებას. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ემპირიული მასალა, რომელიც მკვლევრებმა წარმოადგინეს მნიშვნელოვანი იყო იმ რეალობის ზუსტი აღქმისთვის, რომელსაც ყოველდღიურობაში აწყდებიან ადამიანები ქვეყანაში არსებული სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ ეკოლოგიური მდგომარეობის გამო. მსმენელებმა კვლევების წარდგენის შემდეგ ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებებზე და ხაზი გაუსვეს მსგავსი კვლევების მნიშვნელობას.

აკადემიის ეს დღე შინაარსობრივად საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. გაკეთდა მოხსენებები საქართველოსთვის მდგრადი განვითარების პერსპექტივასა და მნიშვნელობაზე, ქვეყანაში არსებულ ეკოლოგისტურ დისკურსებზე, სამთომომპოვებელი კომპანიების ქმედებებზე. მნიშვნელოვანი იყო ახალი პერსპექტივის შემოტანა გარემოსდაცვით სამართლიანობის კონტექსტში ქალთა უფლებებსა და საჭიროებებზე ხაზგასმის კუთხით. დღე დასრულდა საკმაოდ საინტერესო და ხანგრძლივი ღამის დისკუსიით. სლავომირ სიერაკოვსკიმ, პოლონელმა სოციოლოგმა და აღმოსავლეთ ევროპის მემარცხენე პლატფორმის დამაარსებელმა მოკლედ მიმოიხილა აღმოსავლეთ ევროპაში მემარჯვენეობის და მემარცხენეობის განვითარების ტრაექტორია. ანა ჟამაკოჩიანმა, სოციოლოგმა, “სოციოსკოპის” თანადამაარსებელმა მსმენელებს გაუზიარა ინფორმაცია სომხეთში რევოლუციის შემდგომ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების წინაშე წარმოქმნილი პრობლემების შესახებ. სხვა ქვეყნების გამოცდილებების გაზიარების შემდეგ, ქართველი მომხსნებელებმა გამოკვეთეს ქვეყნის შიგნით არსებული მემარცხენე მოძრაობების გამოწვევები, ისაუბრეს არსებულ წინააღმდეგობის პოლიტიკაზე, ბრძოლების გადაკვეთასა და ქვიარ მოძრაობის როლზე მემარცხენე პოლიტიკაში

აკადემიის მეოთხე დღე დაიწყო სლავომირ სიერაკოვსის საუბრით რადიკალურ მემარჯვენე დღის წესრიგზე ევროპაში. ამ გამოცდილებების გაზიარების შემდეგ, ქართველმა მომხსენებლებმა წამოჭრეს საქართველოში არსებული პოპულისტური მემარჯვენე მოძრაობების კონსერვატიულ იდეოლოგიასთან ურთიერთმიმართების საკითხი და გამოკვეთეს ამ ჯგუფების მთავარი იდეები, ხასიათი. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა სოციალური მოძრაობების დიგიტალიზაციაზე და ამ მიდგომის მემარჯვენე თუ მემარცხენე ჯგუფების მიერ გამოყენებაზე საუბარი. საღამოს აკადემიის მსმენელები შეუერთდნენ არაფორმალურ საუბრებს, რომელიც ეხებოდა სასურსათო ნარჩენების მართვას, ვეგანობა-ვეგეტარიანელობის ირგვლივ არსებულ დისკუსიასა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის (სურსათის) წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის სისტემას.

აკადემიის ბოლო, მეხუთე დღე მნიშვნელოვანი დისკუსიებითა და სასარგებლო ვორქშოპებით გამოირჩეოდა. მომხსენებლები შეეცადნენ, რომ სხვადასხვა პერსპექტივასა და არგუმენტაციაზე დაყრდნობით ესაუბრათ აღიარებისა და გადანაწილების ბრძოლების ერთმანეთთან დაკავშირებაზე. აღინიშნა თუ რატომაა გადანაწილებისა და აღიარების დიქოტომია ცრუ დიქოტომია და როგორ ვხდებით ამ დამოკიდებულების მსხვერპლი მაშინ, როდესაც საკუთარ ბრძოლებს სწორედ გადანაწილება-აღიარების კონტექსტში განვიხილავთ. თითქოს სახელმწიფო ამ ბრძოლების წარმოების პროცესში თავად ანიჭებს ჯგუფებს განსაზღვრულ აგენტობას, რომლიდანაც გადახვევა დევიაციად აღიქმება. მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს რეპრეზენტაციის, კონსტიტუციის, დემოკრატიის, პოლიტიკის კრიზისის და ზედაპირული, პროფანული ბრძოლების არსებობას. მოხსნებები გაგრძელდა დისკუსიით. დღის მეორე ნახევარი დაეთმო ვორქშოპს, რომლის მიზანიც მონაწილეებისთვის ორგანიზაციული კომუნიკაციის თანამედროვე თეორიების და შიდა და გარე კომუნიკაციის პრაქტიკული მხარის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო. საყურადღებოა ის, რომ მონაწილეებს შეეძლოთ თეორიულ ცოდნასთან ერთად განეხილათ კრიზისული კომუნიკაციის შემთხვევები მათთვის ნაცნობი თუ უცნობი კონტექსტიდან, დაეზუსტებინათ იმ ნაბიჯების მართებულობა თუ სიმცდარე, რომელიც შესაძლოა გადაიდგას კრიზისული კომუნიკაციის პირობებში.

მწვანე აკადემია შეჯამებითა და შეფასებით დასრულდა. მონაწილეებმა ისაუბრეს იმ ცოდნებსა და გამოცდილებებზე, რომელიც მწვანე აკადემიის ფარგლებში დააგროვეს. მათ აღნიშნეს, რომ შეეცდებიან ლექციების, დისკუსიებისა და ვორქშოპებიდან მიღებული იდეების ერთმანეთთან შეკავშირებას და ცოდნების გაღრმავებას. მათ მნიშვნელოვანი რჩევები მისცეს მწვანე აკადემიაზე მომუშავე გუნდს და გამოთქვეს სურვილი სამომავლო შეხვედრებისა და ამ ფორმატის გაგრძელებისთვის.

ინტერვიუ ულრიხ ბრანდთან

Interview with Ulrich Brand - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube

ინტერვიუ სლავომირ სირაკოვსკისთან