აღმოსავლეთის პარტნიორობა: შემდეგი რა არის საქართველოსთვის?

აღმოსავლეთის პარტნიორობა: შემდეგი რა არის საქართველოსთვის?

რა შემდგომი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საქართველოს და, თუ საერთოდ ეს მომენტი დადგა, როდის მივიღებთ ევროკავშირში გაწევრიანების შემოთავაზებას? 

ფოტო: თემურ ბარათავა — ილუსტრაციის საავტორო უფლება

ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტებია. ამ კურსს ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს. როგორც საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები უჩვენებს, მოსახლეობის 77% მხარს უჭერს მთავრობის მიერ გაცხადებულ მიზანს ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, ხოლო 74% ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) საქართველოს წევრობის მომხრეა.[1] საერთაშორისო და უცხოურ ინსტიტუციებს შორის საქართველოში ევროკავშირი ყველაზე მეტი სანდოობით სარგებლოს, რომელსაც საზოგადოების 71% ენდობა, მაშინ როდესაც ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი ნდობა დაბალ ნიშნულზე რჩება: მოსახლეობის მხოლოდ 37% ენდობა საქართველოს მთავრობას და თანაბრად იგივე 37% ენდობა პარლამენტს. ერთადერთი ადგილობრივი ინსტიტუცია ქვეყანაში, რომელსაც მოსახლეობის თითქმის 70% ენდობა, არის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია.[2]

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. ამ გადაწყვეტილებამ, ქვეყნის ტრანსფორმაცია დასავლურ ინსტიტუტებთან დაახლოების გზით განხორციელებულიყო, წლების განმავლობაში კონკრეტული სარგებელი მოიტანა. საქართველო დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების (Association Agreement – AA), ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (Deep and Comprehensive Free Trade Area – DCFTA) შესახებ შეთანხმებების სიკეთეებით სარგებლობს.  გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეებს ახლა შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში. ამისდა მიუხედავად, მაინც არის რამდენიმე საკითხი, რომელიც უპასუხოდ რჩება: რა შემდგომი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საქართველოს და, თუ საერთოდ ეს მომენტი დადგა, როდის მივიღებთ ევროკავშირში გაწევრიანების შემოთავაზებას? დღესდღეობით ევროკავშირის კარი საქართველოსთვის არც ღიაა და არც დახურული. მხარეთა შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პრეამბულა საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნად განსაზღვრავს, რითაც თავიდან არიდებს ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების (Treaty Establishing the European Union – TEU) 49-ე მუხლის შეზღუდვას, რომლის მიხედვითაც “კავშირის წევრობაზე მიმართვა შეუძლია ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც პატივს სცემს მე-6 (1) მუხლში მოცემულ პრინციპებს”. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ არც აღმოსავლეთის პარტნიორობა (EaP) და არც ასოცირების შესახებ შეთანხმება (AA) საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს პირდაპირ არ ახსენებენ, “საქართველოს საგარეო პოლიტიკის 2019-2022 წლების სტრატეგია” მას ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზნად განსაზღვრავს.

წლების მანძილზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა. საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან დაიწყო პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე (Partnership and Cooperation Agreement – PCA), რომელსაც 1996 წელს მოეწერა ხელი. ეს ხელშეკრულება 1999 წელს შევიდა ძალაში. 2014 წელს ამას მოყვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულება (AA), რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალ სავაჭრო სივრცეს (DCFTA). აღმოსავლეთის პარტნიორობის (EaP) დაწყებიდან ათი წლის შემდეგ, საქართველო ამ რბოლის ლიდერია. პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები ძლიერდება და საქართველოს რიგით მოქალაქეებს ახლა შეუძლიათ ვიზების გარეშე იმოგზაურონ ევროკავშირის შენგენის ზონაში. ასოცირების შესახებ შეთანხმებით (AA) და ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით (Visa Liberalization Action Plan – VLAP) გათვალისწინებული ვალდებულებები გავლენიან ფაქტორებად იქცნენ საქართველოში განხორციელებული რეფორმებისთვის დემოკრატიის და კანონის უზენაესობის გაძლიერების, ანტიკორუფციული პოლიტიკის, სურსათის უვნებლობის, საზღვრის მართვის, სამოგზაურო დოკუმენტაციის უსაფრთხოების, დისკრიმინაციის წინააღმდეგ და პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებებით. თუმცა, მიუხედავად რამდენიმე შთამბეჭდავი რეფორმისა, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის ნაკლოვანება და მის მიმართ საზოგადოების დაბალი ნდობა[3] კვლავ დამაფიქრებელ საკითხად რჩება. საქართველოს სასამართლო სისტემა ხშირად დაუცველია ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების მხრიდან ჩარევისგან.[4] აშკარაა, სასამართლო სისტემის რეფორმირება არაა დამოკიდებული მხოლოდ ევროკავშირისგან[5] წამოყენებულ მკაცრ პირობებზე, ის ასევე მოითხოვს საქართველოს მთავრობის მკაფიო ხედვას და ნამდვილ ნებას, რომლებიც აქამდე არ არსებობდა.

საქართველოს მიღწევები და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მიღებული ხელშესახები სარგებელი

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან ხუთი წელი, საკმარისი ვადაა იმ სარგებელის შესაფასებლად, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებიდან მოკლევადიან პერსპექტივაში იყო მოსალოდნელი. ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან (VLAP) ერთად, ასოცირების შესახებ ხელშეკრულება (AA) რჩება რეფორმების, რეგულირებისა და სტანდარტების დამკვიდრების მთავარ მამოძრავებელ ძალად ქვეყანაში, რომელიც 2006 წლიდან მტკიცედ ატარებდა დერეგულირების პოლიტიკას. ასოცირების შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვან სავაჭრო კომპონენტს მოიცავს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შექმნის სახით. ამისდა მიუხედავად, AA / DCFTA, რომელიც პირობითად ძალაში შევიდა 2014 წელს და სრულად 2016 წელს ამოქმედდა, ჯერ კიდევ ვერ იძლევა ზოგადად საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი და ხელშესახები სარგებლიანობის განცდას.

უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებიდან წელიწადნახევარში, საქართველოს 291,943 მოქალაქემ იმოგზაურა შენგენის სივრცეში ვიზის გარეშე.[6] გასათვალისწინებელია, რომ ისინი ვინც ამ უპირატესობით ისარგებლა, საერთო მოსახლეობის მცირე ნაწილია. 2019 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, 2017 წლის გაზაფხულის დასაწყისის ვითარებით, საქართველოს მოსახლეობის 90%-ს არასოდეს უმოგზაურია ევროკავშირის ან შენგენის რომელიმე ქვეყანაში, და გამოკითხულთა 5% ყოფილა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ 3% ჰქონია მრავალჯერ მოგზაურობის გამოცდილება.[7]

ასევე, აღმოსავლეთის პარტნიორობა (EaP) ევროკავშირის პარტნიორებთან კავშირების დამყარებაში დაეხმარა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. საქართველო EaP-ის საერთაშორისო საკრედიტო მობილობის რეგიონული ბიუჯეტის მეორე უდიდესი ბენეფიციარია, რომელმაც 2015-2018 წლებში მთლიანი ბიუჯეტის 25%  მიიღო.[8] ამ სამწლიანი პერიოდის განმავლობაში ერაზმუსის მობილობის (Erasmus Mobility) სტიპენდია საქართველოს 3,613 მოქალაქეს მიენიჭა. ბოლო ორი წლის განმავლობაში 21 სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტში 26 ქართული აკადემიური დაწესებულება იყო ჩართული და ჯამში 2,2 მილიონი ევრო დაიხარჯა საქართველოში სამეცნიერო საქმიანობის განსახორციელებლად.[9] ასოცირების შესახებ შეთანხმების და DCFTA-ს ხელმოწერის შემდეგ ევროკავშირთან ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება. საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 624 მილიონი აშშ დოლარიდან (2014 წ.) 730 მილიონ აშშ დოლარამდე (2018 წ.) გაიზარდა.[10] მიუხედავად ამისა, გაზრდილ სავაჭრო ურთიერთობას დადებითი გავლენა არ ჰქონდა ქართული აგრარული და საკვები პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტზე. უფრო პირიქით, ევროკავშირში საქართველოდან ამ პროდუქტების ექსპორტი 187 მილიონი ევროდან (2015 წ.) 116 მილიონ ევრომდე დაეცა (2018 წ.).[11] ეს ძირითადად იმის გამო ხდება, რომ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია (განსაკუთრებით ცხოველური წარმოშობის პროდუქტები) ხშირად ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირში მხოლოდ ოთხი ტიპის ცხოველური პროდუქტი, ტყავი, მატყლი, თაფლი და თევზი შეუძლია გაიტანოს, სამწუხაროდ, ამ პროდუქტების ექსპორტის მოცულობა მაინც უმნიშვნელოა. იმისთვის, რომ ევროკავშირში ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (ცხოველური წარმოშობის) ექსპორტი გაიზარდოს და DCFTA-მ ქართველ მწარმოებლებს ხელშესახები სარგებელი მოუტანოს, ქართულ ბიზნესს ევროკავშირის სტანდარტების დაცვა დასჭირდება. ეს მოითხოვს სპეციფიკური დარგობრივი ცოდნის შეძენას და ინვესტიციების გაზრდას ამ სექტორში.

საერთო ჯამში, აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამამ იმ ნიშნულს მიაღწია, როდესაც ის ისეთი ეფექტური არ არის, როგორც საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას სურთ. იგი სასწრაფოდ საჭიროებს ღრმა და ყოვლისმომცველ რეფორმირებას, შინაგან დივერსიფიკაციასა და აღმოსავლეთის პარტნიორობის მონაწილე ლიდერ ქვეყნებზე მორგებულ მიდგომას, რათა სათანადოდ იქნას ასახული მათი მისწრაფებები. სხვა შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნები ენთუზიაზმს დაკარგავენ და ევროკავშირის შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს აღმოსავლეთის სამეზობლოში დემოკრატიზაციის პროცესს, შესუსტდება. შესაძლოა, ევროკავშირი აღმოსავლეთის პარტნიორობის არსებული ფორმატის შენარჩუნებაზე ფიქრობს. ამ შემთხვევაში, საჭიროა შიდა რესტრუქტურიზაცია და თანამშრომლობის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნასთან ერთად აღმოსავლეთის პარტნიორობის იმ ქვეყნებისთვის მეტი სტიმულის მიცემა, რომლებსაც ევროკავშირთან მეტი დაახლოების სურვილი აქვთ. იმისთვის, რომ ქართველმა ფერმერებმა DCFTA-სგან სარგებელი მიიღონ, ევროკავშირმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშავონ მიწის რეფორმების დაჩქარებისთვის, რათა მიწის ნაკვეთები არ იყოს დანაწევრებული და არარეგისტრირებული, და რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსურ რესურსებზე უკეთ მიუწვდებოდეთ ხელი. ევროკავშირი ასევე მკაცრი უნდა იყოს თავისი მოთხოვნების აღსრულების მიმართ და “ნაკლები ნაკლებისთვის” პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს, თუკი პარტნიორი ქვეყანა ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს.

გამოწვევები, რომლებიც ევროკავშირისაკენ საქართველოს გზაზე რჩება

მიუხედავად ევროკავშირთან საქართველოს თანდათანობითი დაახლოებისა, ჯერ კიდევ ძალაშია ის გრძელვადიანი გამოწვევები და ბარიერები, რომლებიც ხელს უშლიან შემდგომ ინტეგრაციას: კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემები, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობას, ელიტური (კორუფცია და სოციალური სიდუხჭირე. ყველა ეს საკითხი კვლავაც აფერხებს შემდგომი ინტეგრაციის პროცესს და ზოგ შემთხვევაში, კიდევ მეტ სიმწვავეს იძენს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურია სახელმწიფო ადმინისტრაცული აპარატის ქვედა რგოლებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში (ზოგ საერთაშორისო ინდექსში საქართველო უკეთეს პოზიციებზეა ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა), ელიტური კორუფცია კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება და შესაბამის ძალისხმევას საჭიროებს. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ხმამაღლა გამოთქვამენ მსგავს წუხილებს და ხელისუფლებას გამოძიებისკენ მოუწოდებენ. ეს საკითხი ასევე აღინიშნა ევროპარლამენტის ანგარიშში, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების თაობაზე იქნა მიღებული.[12] დოკუმენტი აღიარებს საქართველოს წარმატებას დაბალი და საშუალო დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ ელიტური კორუფცია კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. აღნიშნული მდგომარეობის დასაძლევად, საქართველოს მთავრობამ ჯერ უნდა აღიაროს ამ სახის კორუფციის არსებობა და შემდეგ უნდა იპოვოს გამოსავალი. ამ მხრივ, ერთ-ერთი ვარიანტი იქნება მაღალი დონის კორუფციის საქმეებზე განწესებული დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა.

კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის არარსებობაა. საქართველოს მთავრობამ სასამართლო სისტემის რეფორმირების რამდენიმე ტალღა განახორციელა, თუმცა სისტემაში სერიოზული ხარვეზები კვლავაც ძალაში რჩება. ამ მოცემულობაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ, საერთაშორისო საზოგადოებამ, ისევე როგორც საქართველოს უახლოესმა საერთაშორისო პარტნიორებმა. ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების 2018 წლის ანგარიშში ევროკავშირმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მოსამართლეების დანიშვნის პროცესში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელობას.[13] 2018 წლის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსამართლეები სასამართლო სისტემის როგორც შიგნიდან, ასევე მის გარედან მომდინარე პოლიტიკური ზეწოლისგან დაუცველნი არიან. მოხსენებაში ასევე აღნიშნულია ”მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერება, რომელიც, ძირითადად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სასამართლოს თავმჯდომარეებისგან შედგება, რომლებსაც სავარაუდოდ გადამწყვეტი როლი ითამაშეს სასამართლო სისტემაში და ხელი შეუშალეს სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებისთვის აუცილებელ ინიციატივებს”.[14]

დემოკრატიზაციასთან დაკავშირებული ხარვეზების გარდა, საქართველო ასევე მწვავე სოციალურ პრობლემებს განიცდის. საქართველო ღარიბ ქვეყნად რჩება, რომელსაც უმუშევრობის მაღალი დონე აქვს.[15] შედარებისთვის, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ევროკავშირის უღარიბესი ქვეყნის ბულგარეთისაზე ორჯერ ნაკლებია. საქართველოში უმუშევრობის დონე კვლავ მაღალია და ის განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა ქართველ ახალგაზრდებში.[16] რეალურად, საქართველოში 15-24 წლამდე ასაკის ყოველი მესამე ადამიანი უმუშევარია. უმუშევრობის ასეთი მაღალი დონე შრომისუნარიან მოქალაქეებს აიძულებს ქვეყანა სამუშაოს საძიებლად დატოვონ და თურქეთს ან ევროკავშირს მიაშურონ. ეს უკანასკნელი, ასევე ზრდის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვს, რომლებსაც იქ ეკონომიკური გადარჩენის იმედი აქვთ. საქართველოდან ევროკავშირის და შენგენის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა 8,835-დან (2016 წ.),[17] 17,980-მდე (2018 წ.) გაიზარდა.[18] უფრო მეტიც, საქართველოს სოფლის მოსახლეობაში ბევრი ოჯახი თითქმის მთლიანად დამოკიდებულია საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ოჯახის წევრების ფულად გადმორიცხვებზე. მსგავსმა გზავნილებმა რეკორდულ მაჩვენებელს 2018 წელს (2 მილიარდი დოლარი) მიაღწიეს, როდესაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 12.5% ​​-ს შეადგინეს. 2015 წლიდან, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები (1,90 აშშ დოლარი დღეში) მოქალაქეების რაოდენობა 2017 წელს 3.6-დან 5%-მდე გაიზარდა.[19] ამრიგად, საქართველოს მთავრობამ უნდა გაიაზროს არსებულ ეკონომიკური პოლიტიკა და მისი შედეგები. ერთი ვარიანტი იქნებოდა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე ორიენტირება და ფინანსურ პროდუქტებზე მათთვის გაიოლებული წვდომის უზრუნველყოფა.

იმისდა მიუხედავად, რომ სახელმწიფო ადმინისტრირების სფეროში რეფორმების გასააქტიურებლად, სოფლის მეურნეობისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერისთვის ევროკავშირი საქართველოსთვის ყოველწლიურად 120 მილიონ ევროს გამოყოფს (წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე 32 ევრო), მოსახლეობის 41%-ს მაინც სურს ევროკავშირის მეტი ჩართულობის დანახვა ჯანდაცვის, განათლებისა და უმუშევრობის სფეროებში.[20] ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ რიგითმა მოქალაქეებმა ან ნაკლებად იციან იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც ევროკავშირი უზრუნველყოფს ან / და მათ არ უსარგებლიათ ამ დახმარებით. ეს ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს საქართველოს მთავრობის მიერ პოლიტიკის არაეფექტური დაგეგმვისა და განხორციელების გამო. მაგალითად, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანახმად, სოფლის მეურნეობა კვლავინდებურად იკავებს ქვეყნის სამუშაო ძალის 52%-ს, თუმცა ამ სფეროში დასაქმებულთა 98% კვლავაც თვითდასაქმებულად ითვლება. ეს სექტორი მნიშვნელოვან ადგილს იჭერს მთავრობის დღის წესრიგში და ევროკავშირმა მნიშვნელოვანი თანხები დახარჯა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ხაზით რათა მის განვითარებაში წვლილი შეეტანა. ENPARD-ის მთლიანი ბიუჯეტი, რომელიც 2013-2022 წლებზეა გათვლილი, 179,5 მილიონი ევროა.[21] ამის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მშპ-ში 8.1%-დან (2013 წ.) 6.6%-მდე (2018 წ.) შემცირდა. გარდა ამისა, მცირდება აგრობიზნესის წილი მთლიანი ეკონომიკის მაჩვენებლებში - 17.7%-დან (2013 წ.) 14.8%-მდე (2018 წ.).[22] მაშინ როდესაც, DCFTA ქართველ მწარმოებლებს საშუალებას აძლევს შევიდნენ ევროკავშირის ბაზარზე, რომელიც 500 მილიონზე მეტი მომხმარებელს მოიცავს, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტები (განსაკუთრებით ცხოველური წარმოების პროდუქტები) ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებენ ევროკავშირის სურსათის უსაფრთხოების მკაცრ სტანდარტებს და, შედეგად, მიუხედავად ვაჭრობის დივერსიფიკაციის მინიმალური ცვლილებისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტი 187 მილიონი ევროდან (2015 წ.) 116 მილიონ ევრომდე (2018 წ.) შემცირდა. სწორედ ამიტომ, საქართველომ და ევროკავშირმა უნდა გადახედონ ევროკავშირის მხარდაჭერის ეფექტურობას და შეასწორონ მასში გამოვლენილი ზოგიერთი ნაკლოვანება, მათ შორის მეტად გამოკვეთილი ნიშნულების შემოღებით და უფრო გაზომვადი ინდიკატორების დაწესებით.

აღმოსავლეთის პარტნიორობის ლიმიტი და წინ გასავლელი გზა

EaP- ის ინიცირებიდან ათი წლის შემდეგ, როგორც ჩანს, არც ევროკავშირს და არც საქართველოს არ აქვთ მკაფიო იდეები საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად (ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მიმდინარე დღის წესრიგის გარდა), ან აღმოსავლეთით ევროკავშირის გაფართოების რაიმე გეგმა. ევროკავშირი და საქართველო უნდა შეთანხმდნენ მკაფიო ხედვაზე, თუ სად ხედავენ თავიანთ ურთიერთობას 2030 წლისთვის და რა სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ევროკავშირთან დაახლოება საქართველოს რიგით მოქალაქისთვის. 2017 წლის მარტში ევროკომისიამ გამოაქვეყნა white paper” ევროკავშირის მომავლის შესახებ. დოკუმენტი განსაზღვრავს ევროკავშირის სამომავლო განვითარებას, რომელიც მოიცავს პერიოდს 2030 წლამდე. თუმცა, იგი არ ითვალისწინებს გაწევრიანების რაიმე პერსპექტივას აღმოსავლეთის სამეზობლო ქვეყნების მიმართულებით. ევროკავშირს არ სურს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატ ქვეყნებთან - ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ამ ამბებს, ევროკავშირის წევრობისკენ სწრაფვის თვალსაზრისით, კარგი გავლენა არ აქვს საქართველოზე და აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა ლიდერ ქვეყნებზე. ამასთან, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, “დადგა დრო, რომ წარმატებული პარტნიორობის ათი წლის თავზე ჩვენს ურთიერთობებში ახალი მიმართულება განვსაზღვროთ”.[23] პრეზიდენტმა ევროკავშირის ლიდერებსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ხელმძღვანელებს ასევე არასტანდარტული მიდგომით, აუცილებლობიდან გამომდინარე გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა. თუმცა, საქართველოს მთავრობის ამბიცია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ითხოვოს, ხოლო ევროკავშირის მხრიდან გაფართოების მადის არ არსებობა, პრიორიტეტების მკაფიო შეუსაბამობის აშკარა მანიშნებელია. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა უფრო მეტ ძალისხმევას უნდა აჩვენებდეს, რომ იგი ნამდვილად ასრულებს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ქვეყნის სასამართლო ხელისუფლებას, ელიტურ კორუფციასთან ბრძოლას და უამრავ სოციალურ საკითხს ეხება. ეს არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას და ახალი ინსტიტუტების შექმნას გულისხმობს, არამედ იმასაც ნიშნავს, რომ მიღებული კანონები შესაბამისად იქნება განხორციელებული. საქართველოს მთავრობამ მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს გრძელვადიანი პოლიტიკის დაგეგმვის პროცესზე და განახორციელოს ხარჯებისა და სარგებელის უფრო დეტალური ანალიზი.

იმის გამო, რომ ევროკავშირის წევრობა დღის წესრიგში არ დგას, ევროკავშირმა და საქართველომგაწევრიანების პროცესი შეიძლება ისე დაწყონ, რომ მას ეს ფორმალური სახელი არ დაარქვან. ამისთვის შეიძლება საკმარისი იყოს იმ ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებსაც ევროკავშირში შესვლის პროცედურები გვთავაზობენ. ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც შეიძლება აღმოსავლეთის პარტნიორობის ლიდერებს შესთავაზონ არის სამიტი, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და ევროკავშირის ლიდერები მიიღებენ. ასევე, კონკრეტული სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით ქვეყნების წარმომადგენლების მოწვევა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფებში ჩართვა. ამან შეიძლება მეტი ნდობა მისცეს იმ ქვეყნებს, რომლებიც ასოცირების შესახებ შეთანხმებებით სარგებლობენ, და შეიძლება ამ სამი ქვეყნისთვის აშკარა იმედისმომცემი პოლიტიკური ნიშანიც გახდეს. ევროკავშირს ასევე შეუძლია გამოიყენოს იგივე მეთოდოლოგია, რომელსაც იგი გაწევრიანების გზაზე მყოფი ქვეყნების მიმართ იყენებს. ეს გულისხმობს ყოვლისმომცველი ყოველწლიური შეფასების ანგარიშების მომზადებას იგივე სტილით, როგორც ეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების შემთხვევაში ხდება. ევროკავშირმა საქართველოს მიმართ მკაცრი მოთხოვნები უნდა გამოიყენოს, რომ ქვეყანა არჩეულ გზაზე დარჩეს და დაარწმუნოს ევროკავშირი რომ საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებებს. ეს ასევე დაკავშირებული იქნებოდა ფინანსური დახმარების ოდენობასთან და “ნაკლები ნაკლებისთვის" პრინციპთან (ნაკლები თანხა იმ შემთხვევაში, თუ აშკარა პროგრესი არ იკვეთება) პრინციპს.

გარდა ამისა, ევროკავშირს და საქართველოს ასევე შეუძლიათ დაიწყონ თავიანთი სამართლებრივი ბაზის წინასწარი მოკვლევის პროცედურა, რომელიც საქართველოს მთავრობას ევროკავშირის კანონმდებლობის გაცნობაში დაეხმარება (ეს შეიძლება გაკეთდეს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პარალელურად), გამოავლინოს ხარვეზები და ჩამოაყალიბოს სამოქმედო გეგმები თითოეული სამართლებრივი თავისთვის ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობისა და დაახლოებისთვის. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს ეს შეიძლება დაეხმაროს ევროკავშირთან დაკავშირებული საკუთარი ამბიციების სწორად წარმართვაში და დროის მოგებაში, იმის გათვალისწინებით რომ ევროკავშირს თავისი გაფართოების საკითხთან დაკავშირებით ამჟამად მაინცდამაინც დიდი მადა არ აქვს. ევროკავშირმა ასევე მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელოს დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიცაა ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგო ტრანზიტის დივერსიფიკაცია, სარკინიგზო და სახმელეთო ტრანსპორტის უსაფრთხოება, ასევე გაუმჯობესებული კომუნიკაციები, საჯარო სამსახური, გარემოს დაცვა და წყლის რესურსების მენეჯმენტი. მეტი პროგრესი უნდა იყოს ნაჩვენები, როდესაც საქმე როუმინგული ფასების ჰარმონიზაციას და პარტნიორ ქვეყნებს შორის როუმინგული ტარიფების შემცირებას ეხება. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის გზავნილების გაზრდილი მოცულობის გათვალისწინებით, მხარეებმა უნდა შეაფასონ ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს შესვლის შესაძლებლობა. აღნიშნული შეთავაზებები ემთხვევა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წინადადებას, რომლის მოსაზრებითაც, ევროკავშირის და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს, რომლებიც ასოცირების შესახებ შეთანხმებებით სარგებლობენ, ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა უნდა ჰქონდეთ და გარემოს დაცვის, ქიმიური უსაფრთხოების, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ციფრული და ფინანსური ბაზრების მიმართულებით დარგობრივ თანამშრომლობას უნდა აძლიერებდნენ.[24]

ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს AA / DCFTA-ს ვალდებულებების შესრულების პარალელურად და საქართველოს და ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის. ეს ჰარმონიზებული კანონები მხოლოდ ქაღალდზე არ უნდა დარჩეს. პირიქით, მათ უნდა ჰქონდეთ ფუნქციური განხორციელების ძლიერი მექანიზმი, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დგას, კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობაა. საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი არ არის შეუქცევადი და ქართული სამოქალაქო საზოგადოება და ევროკავშირი ბუნებრივი მოკავშირეები არიან ამ მიმართულებით მთავრობა ანგარიშვალდებული გახადონ. ამის მიღწევა შესაძლებელია AA / DCFTA ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მუდმივი ყურადღებით და არა თითქოსდა იმ მოტივით, რომ საქართველო აღმოსავლეთის პარტნიორობის წარმატებულ მაგალითადაა საჭირო, ამიტომ ამ გზაზე წამოჭრილ ნაკლოვანებებზე თვალის დახუჭვით. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგი 2020 წლის ბოლოს იწურება და სავარაუდოდ, ორივე მხარე ახალ დოკუმენტზე მოლაპარაკებებს მალე დაიწყებს, ევროკავშირმა  უნდა უზრუნველყოს, რომ ასოცირების დღის წესრიგში კონკრეტული და გაზომვითი ინდიკატორები და მკაფიო ნიშნები შემოიტანოს, და უფრო მკაცრი იყოს მაშინ, როდესაც საქმე “მეტი მეტისთვის” პოლიტიკის მიდგომას შეეხება.

 

[1] “საზოგადოებრივი განწყობები საქართველოში, 2019 წლის აპრილის კვლევის შედეგი” არის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებული კვლევა. კვლევის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://www.ndi.org/sites/default/files/NDI%20Georgia_April_2019_Public_Issues%20Poll_ENG_Final.pdf (გვერდი 7 და გვერდი 31)

[2] ყოველწლიური კვლევის ანგარიში: საქართველო; მე-4 ტალღა (2019 წლის გაზაფხული) ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://www.euneighbours.eu/sites/default/files/publications/2019-07/EUNEIGHBOURS%20east_AS2019report_GEORGIA.pdf

[3] საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, სასამართლო სისტემისადმი ნდობა ჯერ კიდევ დაბალია. მოსახლეობის 53% თვლის, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 50% თვლის, რომ სასამართლო სისტემა არ არის სამართლიანი. ანგარიში შეგიძლია იხილოთ ბმულზე https://www.transparity.ge/ge/post/majority-respondents-say-judges-history-succumbing-political-pressure-should-leave-judociation

[4] თავისუფლება მსოფლიოში; Freedom House-ის ანგარიში საქართველოს შესახებ; ხელმისაწვდომია ბმულზე https://freedomhouse.org/report/freedom-world/2019/georgia

[5] 2016 წელს ევროკავშირმა EU4Justice პროგრამის ფარგლებში 50 მილიონი ევრო გამოყო, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლო სისტემაში სტრატეგიული დაგეგმვის, მოსამართლეთა უნარების ამაღლების, მათი შერჩევისა და წახალისების მეთოდების გადახედვის, მენეჯმენტისა და საქმეთა განაწილების თანამედროვე ელექტრონული ინსტრუმენტების შემუშავების, ეთიკური და დისციპლინური ინსტრუმენტების გაძლიერების, საზოგადოებასთან ურთიერთობის გაუმჯობესების და საკონსტიტუციო სასამართლოს გაძლიერების მიზნებს უნდა მოხმარებოდა; ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე https://eeas.europa.eu/delegations/georgia/17499/three-major-projects-launched-under-eugeorgia-justice-programme-eu4justice_en

[6] ევროკომისია, “კომისიის პერსონალის სამუშაო დოკუმენტი”, SWD (2018) 496, ბრიუსელი, 2018 წლის 19 დეკემბერი, გვ. 38, ხელმისაწვდომია ბმულზე https://ec.europa.eu/home-affairs/sites/homeaffairs/files/what-we-do/policies/european-agenda-migration/20181219_swd-2018-496-report_en.pdf

[7] ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებული კვლევა “საზოგადოებრივი განწყობები საქართველოში, 2019 წლის აპრილის კვლევის შედეგები”, ხელმისაწვდომია ბმულზე https://www.ndi.org/sites/default/files/NDI% 20Georgia_April_2019_Public_Issues% 20Poll_ENG_Final.pdf (გვერდი 24)

[8] ევროკომისია, „Erasmus + Country Factsheet: Georgia“, 2018, https://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/res աղբյուր/document/country-factsheet-georgia_en

[9] საქართველოს პლატფორმა, ”Horizon2020”, http://horizon2020.ge/

[10] საქსტატის ოფიციალური მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://www.geostat.ge/ge/modules/categ/35/external-trade

[11] აგრარული და სასურსათო პროდუქციით ვაჭრობის სტატისტიკური მონაცემები; ევროკავშირი - საქართველო; ევროკომისიის სოფლის მეურნეობის და სასოფლო განვითარების დირექტორატი. ხელმისაწვდომია ბმულზე https://ec.europa.eu/agriculture/sites/agriculture/files/trade-analysis/statistics/outside-eu/countries/agrifood-georgia_en.pdf

[12] ევროპარლამენტის მიერ 15.10.2019 წელს შემუშავებული ანგარიში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე; დოკუმენტი ხელმისაწვდომია ბმულზე http://www.europarl.europa.eu/doceo/document/A-8-2018-0320_EN.pdf?redirect

[13] ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ანგარიში საქართველოს შესახებ. 30.1.2019; დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://eeas.europa.eu/sites/eeas/files/2019_association_implementation_report_georgia_en.pdf

[14] საქართველო 2018. ადამიანის უფლებების ანგარიში. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი.  ხელმისაწვდომია ბმულზე https://www.state.gov/wp-content/uploads/2019/03/GEORGIA-2018-HUMAN-RIGHTS-REPORT.pdf

[15] ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ოფიციალური უმუშევრობა შემცირდა, 17.2%-დან (2012 წ.) 12.7%-მდე (2018 წ.). თუმცა, NDI-ს დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 59% თავს უმუშევრად მიიჩნევს. 2019 წლის აპრილის კვლევა, ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზრ https://www.ndi.org/sites/default/files/NDI%20Georgia_April_2019_Public_Political%20Poll_Eng_Final.pdf

[16] ახალგაზრდების უმუშევრობა საქართველოში 30.4%-ა; მონაცემები ხელმისაწვდომია მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე: https://data.worldbank.org/indicator/SL.UEM.1524.ZS?locations=GE. ევროკავშირში საბერძნეთი, ესპანეთი და იტალიაა, რომლებსაც ახალგაზრდების უმუშევრობის მხრივ საქართველოზე უარესი პოზიციები აქვთ (შესაბამისად 39.9%, 34.3% და 32.2%).

[17] საქართველოს საიმიგრაციო პროფილი 2017 (გვერდი 31) ხელმისაწვდომია ბმულზე http://migration.commission.ge/files/migration_profile_2017_eng__final_.pdf

[18] ევროსტატის მონაცემები. ხელმისწვდომია ბმულზე https://ec.europa.eu/eurostat/documents/2995521/9665546/3-14032019-AP-EN.pdf/eca81dc5-89c7-4a9d-97ad-444b6bd32790

[19] მსოფლიო ბანკის სიღარიბის ხვედრითი წილის თანაფარდობა. ხელმისაწვდომია ბმულზე https://data.worldbank.org/topic/parity?locations=GE

[20] ევროკავშირის აღმოსავლეთის სამეზობლო; წლიური გამოკითხვა 2019; ევროკავშირის საქმიანობის შესახებ გათვითცნობიერებულობა. საზოგადოებრივი აზრის კვლევა. ხელმისაწვდომია ბმულზე https://www.euneighbours.eu/sites/default/files/publications/2019-07/EUNEIGHBOURS%20east_AS2019_Factsheet_GEORGIA_ENG.pdf

[21] ENPARD დახმარების განხორციელება სამ ეტაპადაა დაყოფილი: (I ეტაპი - 52 მილიონი ევრო, 2014-2017; II ფაზა - 50 მილიონი ევრო, 2016-2019; III ფაზა - 77.5 მილიონი ევრო, 2018-2022).

[22] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://www.geostat.ge/en/modules/categor/23/gross-domestic-product-gdp

[23] საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციაზე. 2019 წლის 11 ივლისი. ხელმისაწვდომია ბმულზე https://www.president.gov.ge/eng/pressamsakhuri/siakhleebi/saqartvelos-prezidentis-sityva-batumis-me-16-saert.aspx

[24] “პოლონეთი გთავაზობთ აღმოსავლეთის პარტნიორობის თავისუფალ სავაჭრო ზონას”; ხელმისაწვდომია ბმულზე https://polandin.com/42627037/poland-proposes-eastern-partnership-freetrade-zone-fm

Related Content

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება