აგვისტოს ომის მემკვიდრეობა 10 წლის შემდეგ: ადამიანის ტვირთი

აგვისტოს ომის მემკვიდრეობა 10 წლის შემდეგ: ადამიანის ტვირთი

2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები გრძელვადიან ჩიხშია. დღესდღეობით, რეგიონული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე, სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის კუთხით მუშაობა უფრო გართულებულია. ეს ვითარება საფრთხეს უქმნის კონფლიქტების მხარეებს შორის არსებული დიალოგის შესაძლებლობებს და კიდევ უფრო მეტად აღრმავებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის იზოლაციის პროცესს.

ამ თვალსაზრისით სიტუაციის შეფასება ვთხოვეთ კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილს, რათა მას გაეანალიზებინა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განვითარებული მოვლენები და მათი გავლენა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე.

ანალიტიკურ სტატიასთან ერთად გთავაზობთ ინტერვიუს სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილთან ახალგორიდან და აგრეთვე ორ მულტიმედიურ მასალას: ფოტოჟურნალისტ დარო სულაკაურის ფოტოპროექტს „გაყოფილი სახლი“ და კინორეჟისორ სალომე ჯაშის ფილმს „დადუმებულები“. ამ მასალებით გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ ომის მემკვიდრეობის ის ტვირთი, რომელიც ცვლის ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას და დღემდე აწევს მათ საომარი მოქმედებების შედეგად გავლებული საზღვრის ორივე მხარეზე.

დადუმებულები. სალომე ჯაშის ფილმი

ფილმი ექსპერიმენტია, მაყურებელი იმ ადამიანების მეხსიერებაში ჩაახედოს, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომი საკუთარ თავზე გადაიტანეს. ეკრანზე არც ომის საშინელებათა ამსახველი კადრები ჩანს და არც სევდიან ისტორიებს ყვება ვინმე. ფილმი ომის განცდის გადმოსაცემად სულ სხვა ფორმულას მიმართავს. საქდოკ ფილმისა და Artefact Production-ის პროდუქცია

სტატია

ათი წელი აგვისტოს ომიდან: პრაგმატული ოსები, იმედგაცრუებული აფხაზები, „არაპროგნოზირებადი“ რუსები და ჩვენ, ქართველები

2008 წლის აგვისტოს ომის ათი წლის თავზე საქართველო კიდევ უფრო დაშორდა აფხაზეთსა და ოსეთს, რუსეთი - საქართველოს, აფხაზეთი -  დამოუკიდებლობას. ალბათ სამხრეთ ოსეთი ერთადერთია, რომელიც საკუთარ ნაიცონალურ პროექტს - გახდეს რუსეთის ფედერაციის ნაწილი, უფრო მიუახლოვდა, ვიდრე დაშორდა.

ავტორი გიორგი კანაშვილი

ინტერვიუ

მე თუ გავჩუმდები, მომერევიან

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ახალგორში, საქართველოს არაკონტროლირებად რეგიონში ცხოვრობს. ერთი წლის წინ მის წინააღმდეგ ადგილობრივმა დე ფაქტო ხელისუფლებამ სისხლის სამართლის ორი საქმე - ცილისწამება მმართველი პარტია “ერთიანი ოსეთის” მიმართ და ყალბი საბუთების დამზადება-გამოყენება - აღძრა. ინტერვიუში ის ჰყვება, როგორია მისი ცხოვრების ბოლო ერთი წელი გადაადგილებისა და ჩამორთმეული დოკუმენტების გარეშე.

ფოტოპროექტი

გაყოფილი სახლი

წარმოგიდგენთ დარო სულაკაურის პროექტს "გაყოფილი სახლი", სადაც ფოტოჟურნალისტმა თავი მოუყარა ფოტოებს, რომლებიც ასახავენ კონფლიქტებით დაზარალებული ადამიანების ყოველდღიურობას.

ავტორი დარო სულაკაური