საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის ანგარიში

თ. შარაშენიძე, გ, გვახარია, თ. იაკობაშვილი, პ. ზაქარეიშვილი

დისკუსიის დასაწყისში მოდერატორმა გიორგი გვახარიამ  აგვისტოს ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამართული დისკუსია გაიხსენა, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ თემურ იაკობაშვილი და პაატა ზაქარეიშვილი. გიორგი გვახარიას თქმით, კარგი იქნებოდა სახელმწიფო მინისტრის დღევანდელი გამოსვლის ძველ გამოსვლასთან შედარება იმის გასაგებად, რა გამართლდა და რა არ გამართლდა მის მიერ წარმოთქმული სიტყვებიდან. 

სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა ისაუბრა კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ კომისიის შექმნის იდეა საქართველოს ხელისუფლებიდან მომდინარეობს. იაკობაშვილის თქმით, კომისიის შექმნის თხოვნით გერმანიის სახელმწიფო კანცლერ ანგელა მერკელს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა წერილობით მიმართა. ეს კი იმით იყო განპირობებული, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საინფორმაციო ომში, რომელიც რუსეთმა წამოიწყო, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი არბიტრის არსებობა. მინისტრმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ამ კომისიაში ისეთი ადამიანებიც აღმოჩნდნენ, რომლებსაც საკუთარი პოზიცია ამ კონფლიქტთან დაკავშირებით წინასწარ ჰქონდათ გაცხადებული და კომისიაში მათი მოხვედრა გაუმართლებლად მიიჩნია. 

თემურ იაკობაშვილის თქმით, რუსებმა შეძლეს აქცენტის იმაზე გადატანა, თუ ვინ დაიწყო ომი. ჟურნალისტების ძირითადმა ნაწილმაც საკითხი სწორედ ამ კუთხით გააშუქა და ყველაზე მნიშვნელოვანი უკანა პლანზე აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის მიზეზი, რომელიც რუსეთს ჰქონდა დასახელებული ომის დაწყების არგუმენტად, კომისიამ უარყო. კომისიის დასკვნაში წერია, რომ ცხინვალის რეგიონში ადგილი არ ჰქონია ოსების გენოციდს; პირიქით, მინიშნებულია, რომ ადგილი ჰქონდა ეთნოწმენდას ქართველების მიმართ. სერიოზული ადგილი აქვს დათმობილი იმას, რომ პასპორტიზაცია და "მოქალაქეობის დარიგება", რომელსაც მიმართავდა რუსეთი ამ რეგიონში, უკანონო ქმედება იყო. შესაბამისად, რუსეთის არგუმენტები, რომ ისინი თავიანთ მოქალაქეებს იცავდნენ, წინააღმდეგობაშია საერთაშორისო კანონმდებლობასთან. დასკვნაში ასევე წერია, რომ არ მტკიცდება ქართველების მხრიდან რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები. 

სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, ის არგუმენტი, რომლითაც დადანაშაულებულია საქართველო, სასაცილოა; საქართველოს ბრალად ედება საერთაშორისო ხელშეკრულების, კერძოდ, სოჭის ხელშეკრულების დარღვევა, რომელიც მანამდე უკვე ჰქონდა დარღვეული რუსეთს.

საქართველოსთვის დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია, აღნიშნა იაკობაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს მხარე დასკვნაში მოყვანილი ფაქტებს თითქმის 100%-ით ეთანხმება, თუმცა არის დეტალები, რომლებსაც საქართველო ვერ დაეთანხმება, იმიტომ რომ ისინი ეწინააღმდეგება მოყვანილ ფაქტებს. 

ეს არის არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური დოკუმენტი, დაწერილი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების მიერ და წარმოადგენს ევროპის ხედვას, აჩვენებს როგორ ხედავს ამ კონფლიქტს ევროპა, განაცხადა დისკუსიის მეორე მონაწილემ, კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა. მისივე თქმით, ანგარიშის მიზანს წარმოადგენს მომხდარი მოვლენების აღწერა და დასკვნების გაკეთება რეგიონში უფრო უსაფრთხო მომავლისათვის. როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად გულწრფელად წაიკითხავს ამ დოკუმენტს ქართული საზოგადოება და საქართველოს ხელისუფლება. დოკუმენტი, მართალია, მიმართულია იმისკენ, რომ გამოააშკარავოს რუსეთის შეუქცევადი უარყოფითი როლი ამ კონფლიქტში, მაგრამ ამავე დროს, მკაფიოდ არის გამოკვეთილი ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებას პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია საბედისწერო შეცდომის თავიდან ასაცილებლად.

 პაატა ზაქარეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დოკუმენტი, როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მიმართ გაწონასწორებული და დამნდობია. მან ყურადღება გაამახვილა იმ ორ ფაქტზე, რომელთა დადგენა მისთვის განსაკუთრებულად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ დოკუმენტში მათზე არაფერია ნათქვამი. მისი თქმით, პირველი, 2008 წლის 3 ივლისს დიმიტრი სანაკოევის წინააღმდეგ წვერიახოს გზაზე განხორციელებული ტერაქტი, მეორე კი, 2008 წლის 7 აგვისტოს საღამოს 7-ის ნახევრიდან, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებიდან, ღამის 12 საათამდე მომხდარის დადგენა. 

კომისიის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია იყო. ერთადერთი ომი, რომელიც საქართველომ შეიძლება რუსეთს მოუგოს, საინფორმაციო ომია, განაცხადა დისკუსიის მესამე მონაწილემ, თორნიკე შარაშენიძემ. დასკვნაში ბევრი სიმართლე წერია და ეს სიმართლე საქართველოს მხარეზეა. თუმცა, მისივე თქმით, დასკვნამ მისცა სპეკულაციის საშუალება ყველა მხარეს; ის ძალიან დაბალანსებულად არის დაწერილი და წინააღმდეგობებსაც შეიცავს. ამით იყო გამოწვეული ის, რომ დასკვნის გამოქვეყნების მეორე დღეს რუსული მედია პოზიტიურმა ისტერიკამ მოიცვა; იგივე შეიძლება დასავლურ მედიაზეც ითქვას. პირველ დღეს დასავლური პრესა უარყოფითი იყო საქართველოსთვის, თუმცა, რამდნეიმე დღის შემდეგ, როდესაც უკეთ გაეცნენ დასკვნას, უცხოური პრესა საქართველოსკენ მოტრიალდა. 

თორნიკე შარაშენიძემ გამოსვლის დასასრულს აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ორ ფაქტორზეა დამოკიდებული გლობალურ პოლიტიკაში ზალთა გადანაწილებაზე და სახალხო დიპლომატიის გზით აფხაზებთან და ოსებთან მუშაობაზე.  ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნა საქართველოს ძალიან გამოადგება იმ პერიოდში, როდესაც მოვა დრო და საქართველო იქნება იმ საზღვრებში, რომელშიც მისი მოქალაქეები ისურვებდნენ ყოფნას. 

დისკუსიის თემამ და გამომსვლელთა მოხსენებებმა დარბაზში შეკრებილი საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. შეკითხვები, რომლებიც გამომსვლელებს დაუსვეს, ძირითადად შემდეგი შინაარსის იყო - სად არის კონფლიქტის მოგვარების გასაღები, მოსკოვში თუ ცხინვალსა და სოხუმში; რატომ იბომბებოდა დაცარიელებული ცხინვალი; რატომ არ გამოიყვანა ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოსახლეობა კონფლიქტის ზონიდან; რატომ იყვნენ უპატრონოდ მიტოვებულები რეზერვისტები; როგორ შეიძლება დასკვნის გამოყენება შემდგომში საქართველოს მიერ დიპლომატიურ ასპარეზზე; რატომ გახდა შესაძლებელი 2004 წელს ომის თავიდან აცილება და რატომ იყო ეს შეუძლებელი 2008 წლის აგვისტოში; აქვს თუ არა სახელმწიფოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების დროში გაწერილი პროგრამა.

დისკუსიის დასასრულს, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო ამჯერად მუშაობს სერიოზულ პროგრამაზე, სადაც ლაპარაკია კონფლიქტების მოგვარების დეტალურ ხედვაზე და ის თვის ბოლომდე განთავსდება სამინისტროს ვებგვერდზე. მომავალი წლის პირველ ნახევარში კი ხელისუფლება სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.