Placeholder Image for Video Content

2019 წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ორგანიზებით, საქართველოს მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მონაწილეობა მიიღეს ჩილეში ორგანიზებულ სასწავლო ვიზიტში, რომლის მთავარი თემაც წიაღის რესურსების პასუხისმგებლიანი მართვა იყო.

საქართველოს მთავრობა ახლა ამუშავებს წიაღის სექტორის რეფორმას, ამასთან საქართველოში გვაქვს რამდენიმე რეგიონი, სადაც წიაღის მოპოვების თუ გადამუშავების გამო, გარემოზე და ადგილობრივი მოსახლეობაზე მიყენებული ზარალი საგანგაშოა. შესაბამისად მნიშვნელოვანია რეფორმის პროცესში ცოდნით აღჭურვილი მხარეების მონაწილეობა. სხვა ქვეყნის გამოცდილების შესწავლის და გაზიარების მიზნით წიაღისეული მარაგებით უმდიდრესი ჩილეს რესპუბლიკა შეირჩა, რომელსაც  წიაღის რესურსების მართვის საუკუნოვანი ისტორია აქვს. ასევე, ის ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა ლათინურ ამერიკაში, რომელმაც  ეკონომიკის სრული ლიბერალიზაცია მოახდინა, რამაც ძლიერი გარემოსდაცვითი თუ სოციალური წინააღმდეგობების მობილიზება გამოიწვია, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე. ამ მობილიზებამ უდაოდ შექმნა გარკვეული სოციალური დაცულობის გარანტიები ადგილობრივი თემებისთვის, რაც ქვეყნის პოლიტიკურ დოკუმენტებშიც აისახა.

სამთავრობო უწყებებთან, კერძო კომპანიებთან,  დარგის ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებზე დაწვრილებით იყო განხილურლი წიაღის რესურსების მართვის გარემოსდაცვითი თუ სოციალური პრობლემები და მათი გადაჭრის ალტერნატიული გზები. სასწავლო ვიზიტის განსაკუთრებით საინტერესო ასპექტი ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადგილობრივ თემებთან შეხვედრები და მათი ბრძოლის თუ მუშაობის პრაქტიკების შესახებ ცოდნის მიღება იყო.

წინამდებარე სტატიები, მონაწილეებმა სასწავლო ვიზიტის შემდგეგ მოგვაწოდეს. უმეტესი მათგანი პარალელს საქართველოსთან ავლებს, რაც ჩვენი აზრით, სტატიებს გაცილებით საინტერესოს ხდის. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი თემების ან აქცენტების შერჩევაში არ ჩარეულა. უცვლელად გიზიარებთ მონაწილეების შთაბეჭდილებებს ჩილეში ორგანიზებული სასწავლო ვიზიტის შესახებ.