სამოქალაქო საზოგადოების განვითარების გამოწვევები რეგიონში

Image removed.

მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სამოქალაქო საზოგადოების არსებობა განსაკუთრებულ მნიშვნელობს იძენს სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში მყოფი ქვეყნებისათვის. ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ბათუმის საჯარო დებატების მორიგი შეხვედრა სწორედ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების რეალობას, პერსპექტივებსა და გამოწვევებს შეეხო. რა მდგომარეობა არის ამ მიმართებით რეგიონებში, რამდენად აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფოებრიობის მშენებლობის პროცესში - წარმოადგენდნენ ბათუმის ივნისის საჯარო დებატების თემატიკას. 

ბათუმის ივნისის საჯარო დებატების ძირითადი მომხსებნებელები იყვნენ: ეკა თარგამაძე (თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკრებულოს წევრი), გენო გელაძე (არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინსტიტუტის" დირექტორი) და ია ანთაძე (რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი). მოდერაცია მიჰყავდა: ზვიად დიასამიძეს, რეგიონალური განვითარების კვლევების ცენტრის დირექტორს.

საჯარო დებატების მსვლელობისას წარმართულ დისკუსიაში ხაზი გაესვა დღეისათვის სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი პრიორიტებსა და გამოწვევებს. ამასთანავე აღინიშნა თუ როგორი უნდა იყოს, სახელმწიფოს თუ  არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფების როლი სამოქალაქო კულტურისა ჩამოყალიბებისა და ამაღლების პროცესში. დისკუსიის მონაწილეთა აზრით უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია მოქალაქეთა სამოქალაქო კულტურის ამაღლება და მოქალაქეთა აქტიური თანამონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამ პროცესში კი, დებატების მონაწილეთა რწმენით სამოქალაქო სექტორთან ერთად სახელმწიფოც უნდა ჩაერთოს აქტიურად, რადგან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და ნეგატიური კატაკლიზმების პრევენციის უპირველეს წინაპირობას წარმოადგენს.

2010 წლიდან, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი დემოკრატიის პროგრამის ფარგლებში აწყობს საჯარო რეგიონალურ დისკუსიებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი თანამშრომლობს რეგიონალური განვითარების კვლევების ცენტრთან, რომლის მეშვეობითაც დისკუსიები ეწყობა თელავში, გურჯაანში, ფოთსა და ბათუმში.