საქართველო: მწვანე პოლიტიკის ისტორია. პუბლიკაციის მიმოხილვა

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს პროექტის - „მწვანე მეხსიერება“ - ფარგლებში 2013 წელს გამოიცა წიგნი „საქართველო: მწვანე პოლიტიკის ისტორია“, რომელიც რამდენიმე მკვლევარის (თ. პატარაია, ნ. ბექიშვილი, ი. აბსანძე, დ. კოპალიანი) პუბლიკაციას აერთიანებს. აღნიშნული გამოცემა თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ შედარებითი პარტიული პოლიტიკის სფეროში შექმნილ ფაქტობრივად პირველ ნაშრომად, რომელიც თანამედროვე ქართული პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა და განვითარების ძირითად ტენდენციებს უკავშირდება. აქამდე დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოეძიებინათ მსგავსი ნაშრომები მხოლოდ პირველი რესპუბლიკის (1918-21) საპარლამენტო ძალების შესახებ.

წიგნში აღწერილია საქართველოში მწვანეთა მოძრაობისა და მწვანეთა პარტიის ჩამოყალიბების უმთავრესი მიზეზები (თავი I, II). ამასთანავე, განხილულია საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტში (1992-95) „მწვანეთა ფრაქციის“ მუშაობის მიმართულებები და საკანონმდებლო აქტივობის შედეგები (თავი III), პარტიის დაშლისა და დასუსტების განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორები (თავი IV). პუბლიკაციას თან ერთვის პოეტ ნაირა გელაშვილის საპროგრამო წერილი - „ტექნოკრატია, ეკოლოგია, პოეზია (თავი V) - და სხვა დოკუმენტები. აღსანიშნავია, რომ წიგნი შედგენილია არამხოლოდ პირისპირ ინტერვიუებისა და საგაზეთო პუბლიკაციების კონტენტ-ანალიზის საფუძველზე, არამედ ეყრდნობა  დანართში წარმოდგენილ ათობით საარქივო ოფიციალურ დოკუმენტს (პარტიის წესდება, სხდომის ოქმები, რეზოლუციები, საპროგრამო ძირითადი პრინციპები და ა.შ.).

გამოცემის საფუძველზე შეგვიძლია მიმოვიხილოთ „მწვანეთა მოძრაობის“ მრავალწლიანი ისტორია:

  • მოძრაობის დაფუძნება (1987-1992)

საბჭოთა კავშირში არაკომუნისტური სამოქალაქო ორგანიზაციების ჩამოყალიბებას უმთავრესად ხელი შეუწყო „პერესტროიკისა“ და „გლასნოსტის“ პოლიტიკამ. 1980-იანი წლების მეორე ნახევარში საქართველოშიც შეინიშნება საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების გამრავალფეროვნების ტენდენცია. ნაციონალ-პატრიოტული განწყობების მქონე დისიდენტებმა „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“ დააფუძნეს, საბჭოთა ინტელიგენციისა და აკადემიური წრეების სხვა წარმომადგენლები კი ამ მოძრაობის საპირწონედ „რუსთაველის საზოგადოებაში“ გაერთიანდნენ. სწორედ აკაკი ბაქრაძის ხელმძღვანელობით მოქმედ „რუსთაველის საზოგადოებაში“ 1988 წლის მაისში შეიქმნა „მწვანეთა მოძრაობის“ პირველი სეგმენტი - ეკოლოგიური ასოციაცია. იგი ძირითადად მეცნიერებსა (გივი თუმანიშვილი, გივი გიგინეიშვილი) და დედამიწის შემსწავლელი დისციპლინების წარმომადგენელ სტუდენტებს აერთიანებდა (ზურაბ ჟვანია, ეთერ მაისაშვილი) და გარემოსდაცვითი პრობლემატიკის აქტუალიზებას ისახავდა მიზნად. ქართველი ეკოლოგისტების პირველი ფართომასშტაბიანი აქტივობა „ტრანსკავკასიური რკინიგზის“ საკითხს უკავშირდებოდა. „მწვანეები“ პროექტს ეკოლოგიური კრიტერიუმების თვალსაზრისით აფასებდნენ, საზოგადოება კი მას „ახალ როკის გვირაბად“ აღიქვამდა და  ნაციონალისტური პერსპექტივიდან აფასებდა. მაშასადამე, ამ პროცესს ვერ მივიჩნევთ ცალსახად „მწვანე“ გამოსვლად. „ეკოლოგიური ასოციაციის“ მცირერიცხვოვანი, ტექნოკრატიული ერთეულიდან სამოქალაქო მოძრაობად გარდაქმნა ზემო სვანეთში „ხუდონჰესის“ მშვენებლობის გეგმამ და მის წინააღმდეგ მიმართულმა ქმედებებმა განაპირობეს. 1990 წელს „მწვანეთა მოძრაობის“ საფუძველზე იქმნება „მწვანეთა პარტია“, რომელიც მიუხედავად „ანტიხუდონური“ პროტესტის გამარჯვებისა წარუმატებლად მონაწილეობს  28 ოქტომბრის პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში.

მაშასადამე, შეგვიძლია ვამტიცოთ, რომ „მწვანეთა“ მოძრაობა თავიდანვე არ წარმოადგენდა მრავალრიცხვოვან საზოგადოებრივ ერთეულს, იგი ტექნოკრატიული ჯგუფი გახლდათ, რომელიც ნაციონალისტურ დისკურსში ცდილობდა ეკოლოგიური თემატიკის წინ წამოწევას. მისი დამოუკიდებელ მოთამაშედ ჩამოყალიბება კი გიგანტური ჰესების წინააღმდეგ წარმოებულმა კამპანიამ განსაზღვრა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა საპარლამენტო წარმატებისათვის.

  • საპარლამენტო მუშაობა, კოლაბორაცია და მარგინალიზაცია (1992-95, 1995-2003)

1990-იანი წლების დასაწყისში სამხედრო დაპირისპირებების შედეგად დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში მომხდარი ცვლილებების შემდეგ „მწვანეებმა“ ხელახლა სცადეს საპარლამენტო ბრძოლაში ჩართვა. ისინი 1992 წლის 11 ოქტომბერს საკანონმდებლო ორგანოს მანდატების მოპოვებისთვის იბრძოდნენ. წინასაარჩევნოდ „მწვანეთა პარტიის“ მთავარი განსახილველი საკითხი პოლიტიკური პლატფორმა არ ყოფილა. ქართველი ეკოლოგისტები ევროპელების მსგავსად არ ცდილობდნენ სოციალური სამართლიანობის, ფემინიზმის, საბაზისო დემოკრატიის პრინციპების ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ადაპტაციას, მათ კომბინაციას გარემოსდაცვით პრობლემატიკასთან. შიდაპარტიული მსჯელობის მთავარი თემა სსრკ-ს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრ შევარდნაძის მხარდამჭერ ბლოკში შესვლა-არშესვლის საკითხი გახლდათ. საბოლოოდ, „მწვანეთა პარტია“ დამოუკიდებლად და წარმატებით გამოვიდა არჩევნებზე, მოიპოვა 11 მანდატი და რამდენიმე სერიოზული სახელისუფლებო ბერკეტი (აღმასრულებელ ხელისუფლებაში: გარემოს დაცვის მინისტრის პოსტი, საკანონმდებლო ხელისუფლებაში: საპარლამენტო კომიტეტთა მმართველი თანამდებობები).

1993 წელს, პარლამენტის თავმჯდომარის, ედუარდ შევარდნაძის თაოსნობით იქმნება  ახალი, უკიდურესად ეკლექტური გაერთიანება „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“(სმკ), რომლის შემადგენლობაშიც „მწვანეთა პარტიის“ ლიდერებიც (ზურაბ ჟვანია, რეზო ადამია და ა.შ.) ჩაირიცხნენ. ამ დროიდან ქართული პოლიტიკის „მწვანე“ ფლანგზე იწყება ორი ურთიერთგამიჯნული სეგმენტის ჩამოყალიბება: 1) „მწვანეთა პარტია“, რომელიც სმკ-სგან მეტ-ნაკლებად დისტანცირებულ პოლიტიკოსებს აერთიანებდა და 2) „მწვანეთა მოძრაობა“, რომელშიც უპარტიოები და „მწვანე იდენტობის“ შენარჩუნების სურვილის მქონე სმკ-ს წევრები დარჩნენ.

 სმკ-ში გადასულმა „მწვანეებმა“ მალევე მოახერხეს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობების დაკავება - 1995 წელს ზურაბ ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარე გახდა.

მიუხედავად პარტიის რღვევის პროცესისა, „მწვანეებმა“ ყოფილ თანამებრძოლებთან კავშირი არ გაწყვიტეს, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა იუარეს და 1995 წლის საპარლამენტო კენჭისყრის შედეგად სმკ-ს სიით ორი მანდატი მოიპოვეს. 1992-1999 წლებში „მწვანეთა პარტიის“ ერთადერთი პოლიტიკური ფუნქცია ეკოლოგიური კანონმდებლობის ჩამაყალიბება გახდა. გაერთიანების წევრების საპარლამენტო მუშაობის შედეგად შეიქმნა რიგი ახალი კანონები (დაცული ტერიტორიების შესახებ, ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ, რესურსების გამოყენების შესახებ, კონსტიტუციის 37-ე მუხლი და ა.შ.). პროგრესული იურიდიული ბაზის შექმნის მიუხედავად მისი რეალურად განხორციელება ყოველთვის გართულებული იყო. ხშირად, თავად „მწვანეთა პარტიის“ ყოფილი წევრები უწყობდნენ ხელს ეკოლოგიური რეგულაციების უგულვებელყოფას (ყულევის ტერმინალის მაგალითი), მოქმედი „მწვანეები“ კი ეფექტური კამპანიებით ვერ უპირისპირდებოდნენ ძველი მეგობრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

1999 წლიდან „მწვანეთა პარტია“ რიგით მარგინალურ, გავლენის არმქონე არასაპარლამენტო ძალად გარდაიქმნა, რომელიც კვლავ მხოლოდ ეკოლოგიურ თემატიკაზე ამახვილებდა ყურადღებას და დაუზუსტებელი სკანდალური ინფორმაციების გავრცელებით ცდილობდა ყურადღების მიპყრობას.

წიგნის განხილვის საფუძველზე შეგვიძლია გამოვყოთ „საქართველოს მწვანეთა პარტიის“ წარუმატებლობის მთავარი მიზეზები:

  1. 1990-იან წლების საქართველოში ფორმირებული პოსტსაბჭოთა ავტორიტარული რეჟიმი.
  2. საზოგადოებაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობა.
  3. „მწვანეთა პარტიის“ მიერ მემარცხენე-ეკოლოგისტური პლატფორმის იგნორირება ორგანიზაციის განვითარების ყველა ძირითად ეტაპზე.
  4. გაერთიანების თავდაპირველმა ლიდერებმა „მწვანეთა მოძრაობა“ სოციალური და პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად გამოიყენეს. მათ პირველივე შესაძლებლობისთანავე დატოვეს პარტია მაღალი თანამდებობების დაკავების მიზნით (იდეოლოგიური კომპრომისი ძალაუფლების სანაცვლოდ). სახელისუფლებო იერარქიის უმაღლესი საფეხურებიდან კი მხოლოდ ირიბად მოახერხეს ეკოლოგიური კანონმდებლობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა
  5. მთავრობისა და ინვესტორის მიერ გარემოსდაცვით რეგულაციების დარღვევის საწინააღმდეგოდ წარმოებული ქაოტური, იმპულსური, არათანმიმდევრული კამპანიები.
  6. ემოციური ურთიერთმიმართებები პარტიის ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის, რაც მათ პოლიტიკურ დისკუსიას აფერხებდა (ძველი მეგობრები ერიდებოდნენ ერთმანეთის მძაფრ კრიტიკას).