ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში? ქალთა პოლიტიკური ბრძოლის ველი

„მე მჭერვმეტყველი არ ვარ,საზოგადოებაში ლაპარაკს გავურბივარ, წარსულმა, ქალის ფეხშეკრულმა ცხოვრებამ, ქალი დაამუნჯა, მაგრამ თქვენ ახლა ისეთი უსამართლობის წინაშე დაგვაყენეთ, რომ ქვასაც ენას ამოაღებინებთ".

ნინო ტყეშელაშვილი, 1917 წ.

ქალის თვალსაზრისი და გამოცდილება, რომელიც მრავალი წლის მანძილზე არსად აისახებოდა, ქართულ პერიოდულ პრესაში XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩნდება. XIX -XX საუკუნეების მიჯნაზე ამ საკითხებზე მსჯელობა უფრო გაძლიერდა და მეტი ქალი გამოჩნდა, რომელმაც გაბედა და მოახერხა კიდეც ხმის ამაღლება და საკუთარი პოზიციის გახმოვანება.

საქართველოში ქალთა საკითხებზე დისკუსიების დაწყებიდან გასული ასწლეულის შემდეგ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო ფემინისტურ ვებგვერდზე (www.feminism-boell.org) აგროვებს ქალთა ნააზრევს. ისტორიული პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ ვფიქრობთ, რომ ქალის ხმა ქართულ საზოგადოებაში სათანადოდ არ ისმის. აღნიშნული პლატფორმის საშუალებით ჩვენ ვცდილობთ, თანმიმდევრულად მივადევნოთ თვალყური საქართველოში ქალთა მოძრაობის განვითარებასა და თეორიულ დისკუსიებს, რაც საბჭოთა რეჟიმის დროს შეფერხდა და შემდეგ განახლდა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან.

წინამდებარე გამოცემა აგრძელებს სერიას სახელწოდებით „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?" ამ სერიის პირველი წიგნი 2013 წელს დაიბეჭდა და ის ჩვენი პირველი მცდელობა იყო, ცალკე კრებულად გამოგვეცა ქართველი ფემინისტი ავტორების მსჯელობები. იმავე წელს დასრულდა ფონდისვე ინიცირებული პროექტი „50 ქალი საქართველოდან", რომლის ფარგლებშიც ორმოცდაათი საზოგადო მოღვაწე ქალის ისტორია შეგროვდა. სწორედ ეს ორი გამოცემა დაედო საფუძვლად ფემინისტური ელექტრონული პლატფორმის შექმნას, რომელიც ამ მასალას უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახდიდა ხელმისაწვდომს.

უკანასკნელი სამი წლის მანძილზე ჩვენ არაერთ თეორიულ სტატიას თუ პრაქტიკულ მსჯელობას მოვუყარეთ თავი. ეს ერთგვარი მცდელობაა, შევქმნათ დამატებითი იმპულსი, რათა მიმდინარე კულტურული თუ პოლიტიკური პრაქტიკების ანალიზი საქართველოში მცხოვრები ქალებისა და ქალთა ჯგუფების თვალსაზრისებით შევავსოთ. ფემინისტური თეორიის განსაკუთრებულობაც ხომ ის არის, რომ კი არ სწყდება რეალურ ქალთა მოძრაობებს, არამედ ამით საზრდოობს და ირეკლავს მათ.

ამგვარად, წარმოგიდგენთ „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?" მეორე კრებულს, რომლისთვისაც შედარებით უფრო აკადემიური ფორმატის სტატიები შევარჩიეთ. ამავე დროს, ვეცადეთ, რომ ეს ტექსტები მხოლოდ გენდერის მკვლევრებისთვის არ ყოფილიყო გასაგები და საინ­ტერესო. ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებული სტატიების გარდა, ჩვენი მკითხველი აღმოაჩენს ახალ ნაშრომებსა და ავტორებსაც, რომლებიც კარგად ესადაგებიან ქალთა პოლიტიკური ბრძოლის აქტუალურ ხედვებს. გვჯერა, რომ ეს შეუქცევადი პროცესები იქნება – ქალების ხმა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები კიდევ უფრო ხმამაღლა გაიჟ­ღერებს ყველა სივრცეში. ქალები ფეხს მოიკიდებენ ყველა სასურველ ასპარეზზე და ხელს შეუწყობენ ერთმანეთის განვითარებას.

იმედია, ეს გამოცემაც თავის წვლილს შეიტანს ქალთა საკითხის აქ­ტუალიზებასა და ფემინისტური მოძრაობის გაძლიერებაში.

ნინო ლეჟავა
ეთუნა ნოღაიდელი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო

Product details
Date of Publication
2017
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო
Licence
All rights reserved
Language of publication
Georgian
ISBN / DOI
978-9941-27-251-6