მწვანე აკადემია 2019 - მწვანე მომავალი, რომელიც გვჭირდება

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისმა, მწვანე აკადემიით, უკვე მეხუთედ გააერთიანა ახალგაზრდა აქტივისტები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მეცნიერები და მკვლევრები.  

მწვანე აკადემია საზაფხულო სკოლაა, რომლის  პროგრამაც ეხმიანება პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოვლენებს, აქტივისტურ ჯგუფებში მიმდინარე პროცესებს და მწვავე სოციალურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს.

„მწვანე მომავალი, რომელიც გვჭირდება. ალტერნატიული პოლიტიკის ძიებაში“ - სწორედ ამ დასათაურებით შესთავაზა მწვანე აკადემიამ წლევანდელ მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს ხუთდღიანი პროგრამა, რომელიც  ხუთ ძირითად მიმართულებას ითვალისწინებდა: პოსტ-სოციალისტური ტრანსფორმაცია, საზიარო რესურსები, უფლება ქალაქზე, ნეოლიბერალიზმი და გენდერი, სოციალური მოძრაობები.

ხუთი დღის განმავლობაში ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების ირგვლივ ჩატარდა ლექციები, დისკუსიები, ვორქშოპები და არაფორმალური საუბრები. მწვანე აკადემიის მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაეზიარებინათ და მიეღოთ ცოდნები, ესაუბრათ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის სტრატეგიებზე, გაეანალიზებინათ მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული პროცესები და დაენახათ სხვადასხვა აქტივისტურ ჯგუფებს შორის კავშირის გამყარებისა და საერთო ბრძოლების დასახვის შესაძლებლობები.

აკადემიის პირველი დღე„პოსტ-სოციალისტური ტრანსფორმაცია“, დაიწყო მარტინ მიულერის ლექციით „როგორ ვაწარმოეთ თეორიები ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან და დავივიწყეთ აღმოსავლეთები“. ლექცია კრიტიკულად აფასებდა მსოფლიოს გლობალურ ჩრდილოეთად და გლობალურ სამხრეთად დაყოფის ბინარულობას, რომელმაც ორმაგი წაშლა მოახდინა ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის არსებული ე.წ. მეორე სამყაროსი. ერთი მხრივ, გლობალური ჩრდილოეთი მეორე სამყაროს პასიურ ობიექტად ხედავს, რომელიც ცდილობს მიბაძოს დასავლურ მოდერნულობას, თუმცა ჯერ კიდევ ვერ იშორებს სოციალიზმის მემკვიდრეობას. მეორე მხრივ, გლობალური სამხრეთის თეორეტიკოსები თავიანთ ნაშრომებში არასდროს განიხილავენ მეორე სამყაროს ქვეყნებს, რადგან გლობალური სამხრეთი აღიქმება, როგორც არაევროპული ქვეყნების ერთობა, რომლებიც წარსულში დასავლური იმპერიების მიერ იყვნენ კოლონიზებული. შესაბამისად, საქართველოსნაირი ქვეყნები ადგილს ვერც გლობალურ ჩრდილოეთში და ვერც გლობალურ სამხრეთში იმკვიდრებენ და ჩნდება საჭიროება გლობალური აღმოსავლეთებით თეორეტიზების.

 

How we theorised from the North and South, but forgot to think with the Easts - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube

დღე გაგრძელდა საქართველოში პოსტ-სოციალისტური ტრანსფორმაციის სხვადასხვა ასპექტებზე დისკუსიით. ლელა რეხვიაშვილმა ისაუბრა პოსტ-სოციალისტურ სივრცეში წარმოშობილი დეკოლონიური თეორიის მნიშვნელობაზე.

 

ლელა რეხვიაშვილი - პოსტ სოციალისტური ტრანფორმაცია და საქართველოს ადგილი ამ პროცესში - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube

ალექსანდრა აროშვილმა მიმოიხილა საქართველოში ჩამოყალიბებული კაპიტალიზმი, რომელიც არ ჯდება იმ ძირითად კლასიფიკაციებში, რომლებიც სტრუქტურულად აღწერს კაპიტალიზმის სახეებს თანამედროვე მსოფლიოში. მათე გაბიცინაშვილმა ისაუბრა პოსტ-საბჭოთა მოდერნიზაციის ძალაუფლებრივ და ეკონომიკურ ასპექტებზე და სახელმწიფო პოლიტიკაში ალტერნატიული პოლიტ-ეკონომიური ხედვების ნაკლებობაზე. მაია ბარქაიამ გააანალიზა საქართველოს ტრანსფორმაციის ორი წახნაგი - ერთი მხრივ, რას ნიშნავს საბჭოთა ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის გამოცდილება საქართველოსთვის დღეს და მეორე მხრივ, როგორ აისახება განვითარების ნეოლიბერალური მოდელი საქართველოს პოსტ-საბჭოთა მდგომარეობაზე.

შემდეგი პანელი უშუალოდ სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს შეეხებოდა, კონკრეტულად კი საქართველოს პოსტ-სოციალისტურ მდგომარეობაში განათლების, სოციალური უსაფრთხოების, საგადასახადო პოლიტიკის და ჯანდაცვის ასპექტებს. ლელა ჩახაიამ, ანა დიაკონიძემ, თორნიკე ჩივაძემ და ნინო ხელაიამ ისაუბრეს პრივატიზების პერიოდში განათლების ხელმისაწვდომობაზე, უმუშევრობის დაზღვევასა და სოციალურ დახმარებაზე, ქონებრივი უთანასწორობის განმაპირობებელ მიზეზებსა და ფარმაკოლოგიური სფეროს პრივატიზების ეფექტებზე.

 

ანა დიაკონიძე - სოციალური უფლებები საქართველოში - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube

დღე დასრულდა ვლადიმირ სგიბნევის ლექციით „ინფრასტრუქტურები და პოსტ-სოციალიზმი: უფლებებიდან სამართლიანობებამდე?“, რომელიც კრიტიკული რეფლექსიის გზით განიხილავდა პოსტ-სოციალისტური ქალაქების ტრანსპორტის, გათბობის და მწვანე სივრცეების უზრუნველყოფის მაგალითებს და ინფრასტრუქტურაზე ორიენტირებული აქტივიზმის ზეგავლენებს.

აკადემიის მეორე დღე, „საზიარო რესურსები“, მოიცავდა ლექციებსა და დისკუსიებს იმ რესურსებზე, რომლებიც არც კერძოა და არც სახელმწიფოებრივი, ასევე ვისაუბრეთ რესურსების გაზიარების (commoning) თანმხლებ სოციალურ პროცესებზე. პირველ ნაწილში, ტომისლავ ტომაშევიჩმა, ხორვატმა მკვლევარმა და აქტივისტმა, საზიარო რესურსების ისტორიის მიმოხილვა გააკეთა, განსაკუთრებით კი გამოკვეთა ამ თემის კვლევაში ელინორ ოსტრომის როლი. ოსტრომი 2009 წელს პირველი ქალი გახდა, რომელმაც ეკონომიკაში ნობელის პრემია მიიღო. მან აჩვენა, რომ თემები საზიარო რესურსებს, როგორიცაა ტყეები და საძოვრები, საკმაოდ ეფექტურად მართავენ, ცენტრალური მმართველობის და პრივატიზების გარეშე. ტომაშევიჩმა ისაუბრა იმაზე, თუ რა გზებით უნდა დავიბრუნოთ რესურსებზე წვდომა მათი გაზიარების მოდელით და როგორ შეიძლება პოსტ-სოციალისტურმა ქვეყნებმა, რომელთაც სათემო მმართველობის გამოცდილება აქვთ, საზიარო რესურსების მოდელი გამოიყენონ.

მწვანე აკადემიაზე მოწვეული მკვლევრის და ავტორის, ზილკე ჰელფრიხის მოხსენება „ საზიარო რესურსები და მწვანე პოლიტიკა“ მიეძღვნა იმ სოციალურ პროცესს, რომელსაც რესურსების გაზიარება ეწოდება. ზილკე ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია საზიარო რესურსების ცოდნა გავიაზროთ, რათა რესურსების გაზიარებას შევხედოთ როგორც ინსტიტუციურ პროცესს და ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილების სხვაგვარ გზას. ზილკემ შემოგვთავაზა თეორიული და პრაქტიული ჩარჩოები, რომლებიც მაგალითების საფუძველზე გვეხმარება დავინახოთ საზიარო რესურსების ცნების სოციალური ტრანსფორმაციის პოტენციალი.

 

Commons and Green Politics - Silke Helfrich - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube

კულტურის ანთროპოლოგმა და გეოგრაფმა ანია ზალცერმა საქართველოში სოფლის საზიარო საძოვრების მართვის პოლიტიკაზე და პრაქტიკაზე ისაუბრა. კოტე ერისთავმა მიმოიხილა სვანეთის მოსახლეობაში ჰესებთან დაპირისპირების მაგალითები. სვანეთის მოსახლეობის წინააღმდეგობა სახელმწიფო და კერძო ინტერესთან სწორედ საზიარო სიკეთის იდეაზეა დაფუძნებული და სვანეთის ბუნებასა და კულტურულ ძეგლებს იცავს. საბოლოოდ კი ქეთი გუჯარაიძემ მესტიის „სიღნაღიზაციის“ მაგალითით ისაუბრა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების სახელმწიფოს მხრიდან უკანონოდ მისაკუთრებაზე და შემდგომ პრივატიზებაზე.

 

სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებული ინვესტიციების სოციალური ასპექტები - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube

დღის შემდეგი ნაწილი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა დამსწრეებისთვის, რადგან საუბარი ეხებოდა მწვანე აქტივიზმს, განსაკუთრებით ჰესებთან დაპირისპირებას, რეგიონებში, მომხსენებლები კი თავად ამ წინააღმდეგობებში აქტიურად ჩართული ადამიანები იყვნენ: ლუიზა მუთოშვილი და რამზან გორგიშვილი პანკისიდან, როინ მალაყმაძე აჭარიდან, ზაზა წიკლაური ყაზბეგიდან და მანანა საღლიანი სვანეთიდან. მათ თავიანთ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრეს როგორც თავიანთ ხანგრძლივ და მუხლჩაუხრელ ბრძოლაზე პროექტებთან, რომლებიც მათ თემს სასიცოცხლო რესურსების წართმევას და გარემოს განადგურებას უქადის,  ისევე თავიანთ იდეებსა და რწმენებზე, რომლებზე დაყრდნობითაც ეძლევათ მათ ძალა გააგრძელონ უთანასწორო პირობებში მძლავრი წინააღმდეგობა.

 

შეხვედრა მწვანე აქტივისტებთან აჭარიდან, პანკისიდან, სვანეთიდან და ყაზბეგიდან მწვანე აკადემიაზე - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube

დღე დასრულდა ლუკა ნახუცრიშვილის ლექციით „სვანების ფიცი გიგანტური ჰესების წინააღმდეგ: მოქალაქეობის თარგმანებანი ცენტრალისტურ სახელმწიფოსა და აღძრულ პერიფერიას შორის“. ხუდონ-ჰესის მიმართ შეუვალი წინააღმდეგობის დასტურად 2013 წელს ხაიშელი სვანების მიერ დადებული ფიცის მაგალითით, ლუკამ ისაუბრა ფიცზე, როგორც საზოგადოებრივი მოწყობის ადგილობრივ რელიგიურ და სამართლებრივ ფორმაზე, რომელიც გამოწვევის წინაშე აყენებს ერი-სახელმწიფოს მიერ წახალისებულ სეკულარული მოდერნულობის პროექტს.

 

სვანების ფიცი გიგანტური ჰესების წინააღმდეგ - ლუკა ნახუცრიშვილი - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube

აკადემიის მესამე დღე, რომელიც ეთმობოდა „უფლებას ქალაქზე“, დაიწყო თამთა ხალვაშისა და ლელა რეხვიაშვილის ერთობლივი ლექციით, რომელიც წარმოადგენდა ამ თემის მიმოხილვას და დამყარებული იყო ადგილობრივ მაგალითებზე. თამთამ და ლელამ მონაწილეებს გააცნეს უფლება ქალაქზე სამი მნიშვნელოვანი ავტორის თეორიაზე დაყრდნობით. ესენია: ფრანგი მარქსისტი ფილოსოფოსი და სოციოლოგი ჰენრი ლეფებრე, ბრიტანელი ანთროპოლოგი დევიდ ჰარვი და გერმანელი-ამერიკელი ქალაქმგეგმარებელი პიტერ მარკუზე. ლეფებრეს მიხედვით, უფლება ქალაქზე გულისხმობს როგორც მოთხოვნას, ისე ქმედებას, რომ ქალაქის ურბანული სივრცის კოლექტიური შეცვლით სივრცითი უთანასწორობები დავამარცხოთ. ჰარვი ამატებს, რომ უფლება ქალაქზე არა ვიწროდ ინდივიდუალური, არამედ საერთო უფლებაა, რომლის საშუალებითაც ურბანული სივრცის შეცვლის კვალდაკვალ, ადამიანებიც საკუთარ თავს გარდაქმნიან. მარკუზე კი უფლებას ქალაქზე განიხილავს გარიყული და ჩაგრული ჯგუფების მხრიდან ამ უფლების მოპოვებისთვის ბრძოლის ჭრილით. გარდა ამ სამი ავტორის თეორიების განხილვისა, ლექცია შეიცავდა მაგალითებს საქართველოდან. თამთა ხალვაშმა მონაწილეებს წარუდგინა საკუთარი კვლევა ლიფტებზე თბილისში, ვერტიკალური მობილობის ჭრილით ურბანულ სივრცეებში გადაადგილების განსახილველად. ლელა რეხვიაშვილმა კი საქართველოს მაგალითებზე დაყრდნობით განიხილა უფლებააყრილი ადამიანების ჩართულობა ურბანული სივრცის წარმოებაში.

ლექციის შემდეგ, დღე დისკუსიით გაგრძელდა პოსტ-სოციალისტურ ურბანულ ტრანსფორმაციებზე. მიხეილ სვანიძემ ისაუბრა თბილისის ცენტრალურ და პერიფერიულ უბნებში საზოგადოებრივი სივრცეების ტრანსფორმაციაზე პოსტ-საბჭოთა პერიოდში, საქალაქო მობილობის სისტემებზე და ელიტების მიერ საზოგადოებრივი სივრცეების სიმბოლური „მონიშვნის“ მაგალითებზე დაყრდნობით. გვანცა ნიკოლაიშვილმა მიმოიხილა თბილისის მუდმივი საბინაო კრიზისი, რომელსაც სწორედ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გატარებულმა რეფორმებმა ჩაუყარა საფუძველი. ამ რეფორმებმა საცხოვრისის უზრუნველყოფა მთლიანად კერძო სექტორს მიანდო და ფაქტობრივად მოშალა საცხოვრებლის, როგორც სოციალური კეთილდღეობის აღქმა. გიორგი კანკიამ მობილობის სოციალურ ინფრასტრუქტურაზე განაგრძო საუბარი და განიხილა პოსტ-საბჭოთა ტრანზიციის შედეგად ქალაქში სტრატიფიკაციის ტენდენციები. ქართული მაგალითების შემდეგ, მონაწილეებს საშუალება მიეცათ ზაგრების 2006 წელს დაწყებული “Right to the City” მოძრაობის მაგალითზე ეფიქრათ ურბანული აქტივიზმის ფორმებზე, ტომისლავ ტომაშევიჩის მოხსენების საშუალებით.

შუადღეს მალხაზ სალდაძემ მონაწილეებს ქმედითი კვლევის ვორკშოპი შესთავაზა. ქმედითი კვლევა, როგორც მეთოდი, სრულიად უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს აქტივისტებს და აკადემიკოსებს, აწარმოონ კვლევა რეფლექსიური და მონაწილეობრივი გზით, რომელსაც ტრანსფორმაციული შედეგი ექნება როგორც კვლევის სუბიექტებზე, ასევე თავად მკვლევრებზე.

საღამოს ია ერაძემ წაიკითხა ლექცია „ყოველდღიური ცხოვრების ფინანსიალიზაცია საქართველოში“, რომელშიც მან განიხილა ადამიანების ცხოვრებაში საბაზრო ლოგიკის დომინაცია გლობალური მასშტაბით, რომელიც საკრედიტო ბაზრების გამოგონების და ფინანსების დერეგულაციის შედეგია. იამ ისაუბრა საქართველოს მაგალითზე, სადაც 2015 წლის ლარის კრიზისმა ქვეყნის მოსახლეობაში გაბატონებული დავალიანებისა და სიღარიბის არსებითი პრობლემები გამოკვეთა. მან აჩვენა, რომ ამ პრობლემებს ფინანსიალიზაციის გრძელვადიან პროცესში ჰქონდათ ფესვები გადგმული. ლექციამ დამსწრეებს მიაწოდა საქართველოში ყოველდღიური ცხოვრების ფინანსიალიზაციის ანალიზის ფართო ჩარჩო, რომელიც მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე ისტორიულ მიმოხილვას და უკავშირებდა საქართველოს მაგალითს გლობალურ დებატებს.

 

ყოველდღიური ცხოვრების ფინანსიალიზაცია - ია ერაძე - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube

აკადემიის მეოთხე დღე, „ნეოლიბერალიზმი და გენდერი“, ფემინისტი ფილოსოფოსის, თამარ ცხადაძის ლექციით დაიწყო, რომელიც ნეოლიბერალიზმის და გენდერულად სამართლიანი პოლიტიკური წესრიგის დაძაბულ ურთიერთობას შეეხებოდა. მოხსენება შეეცადა პასუხი გაეცა ორმაგი შეკითხვისთვის: რა შედეგები აქვს ნეოლიბერალიზმს გენდერული დემოკრატიის შესაძლებლობისთვის? გენდერული თანასწორობის დასამყარებლად არსებულმა პროექტებმა რამდენად შეუწყო ხელი ნეოლიბერალიზმის გაძლიერებას? ისეთ ფემინისტ თეორეტიკოსებზე დაყრდნობით, როგორიცაა ნენსი ფრეიზერი, თამარ ცხადაძემ მიმოიხილა ფემინიზმის როლი ნეოლიბერალურ დღის წესრიგში და ნეოლიბერალიზმის ზეგავლენები იმაზე, თუ ემანსიპაციის როგორი ხედვა აქვთ ფემინისტებს.

სალექციო თემის საინტერესო გაგრძელება იყო პანელი, რომლის ფარგლებშიც მოხსენებები წაიკითხეს გიორგი ჩუბინიძემ, ანა დიაკონიძემ და მარიამ ქაჯაიამ. გიორგი ჩუბინიძის საუბარი ეხებოდა იმას, თუ როგორ აკავშირებს გენდერული თანასწორობის ცნება ოჯახს, დემოგრაფიასა და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, არსებული გენდერული როლების იმ ხარისხით ტრანსფორმირების ხარჯზე, რომ ქალები ერთი მხრივ მეტად ერთვებოდნენ ეკონომიკურ საქმიანობაში და მეორე მხრივ რეპროდუქციული გზით აწარმოებდნენ ახალ სამუშაო ძალას.

 

გიორგი ჩუბინიძე - ნეოლიბერალური ბიოპოლიტიკა და რეპროდუქცია - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube

ანა დიაკონიძემ თავის მოხსენებაში წარმოადგინა საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამების კრიტიკული ანალიზი. ეს პროგრამები ცდილობენ ქალებისთვის კაცებთან თანაბარი შესაძლებლობები შექმნან, თუმცა ვერ ახერხებენ მთლიანი ეკონომიკის რესტრუქტურიზაციაზე ფიქრს. მარიამ ქაჯაიამ კი ბათუმის მაგალითზე ისაუბრა იმ სოციალურ უთანასწორობებზე, რომელთაც ტურიზმის ქალაქში ნეოლიბერალური ეკონომიკური და იდეოლოგიური აპარატი წარმოქნის.

დღე ქვიარ პოლიტიკაზე საუბრით გაგრძელდა, ჯერ ლიკა ჯალაღანიას ლექციის, ხოლო შემდგომ ქვიარ თემის გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ პანელის დისკუსიის საშუალებით. ლიკას ლექცია, „ქვიარის ნორმალიზება და სხვა წინააღმდეგობა“, იდენტობის პოლიტიკისა და მის მიერ ნაწარმოები ლიბერალური ავტონომიური ინდივიდის სახეხატის კრიტიკას წარმოადგენდა და ხაზს უსვამდა რადიკალური პოლიტიკური იდეის საჭიროებას.

 

თავისუფლების ქვიარ სუბიექტი - ლიკა ჯალაღანია - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube

ანანო სურმავამ ქვიარ თემის საჭიროებებზე ისაუბრა ქუთაისის მაგალითზე დაყრდნობით, ხოლო ნუკრი ტაბიძემ - ტრანსგენდერი ადამიანების და ქვიარ ქალების საჭიროებებზე. როგორც ცხადი გახდა, ეს საჭიროებები ყველაზე ხშირად დაკავშირებულია სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ნაკლებობასთან, რომელიც ნეოლიბერალიზმის პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ ქვიარ ადამიანებზე აისახება.

მწვანე აკადემიის ბოლო, მეხუთე დღე, „სოციალური მოძრაობები“, ნინო ხელაიამ გახსნა ლექციით „სოციალური მოძრაობები და კოლექტიური პოლიტიკური ცნობიერება პოსტ-სოციალისტურ კონტექსტში“, რომელშიც მან მიმოიხილა კოლექტიური პოლიტიკური ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესი ანტონიო გრამშის თეორიებზე დაყრდნობით, ისევე როგორც თეორიული დებატები პოსტ-სოციალიზმზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე სოციალურ მოძრაობებთან მიმართებით. შემდგომმა პანელის დისკუსიამ კი, რომლის ფარგლებში ისაუბრეს გიორგი მაისურაძემ, ნუკრი ტაბიძემ, ლელა რეხვიაშვილმა და ჰამლეტ მელქუმიანმა, საქართველოსა და სომხეთის სოციალური მოძრაობების მაგალითების დახმარებით წინ წამოწია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.

 

სოციალური მოძრაობები და პროტესტის არტიკულაციის ფორმები - გიორგი მაისურაძე - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube

გიორგი მაისურაძემ ისაუბრა პროტესტის ენაზე, რომელიც პოსტ-სოციალისტურ სივრცეში დაცლილია სოციალური და ეკონომიკური საკითხებისგან და სამაგიეროდ ითარგმნება ნაციონალიზმის დისკურსზე. ნუკრი ტაბიძემ განავრცო ნაციონალისტური დისკურსის განხილვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში და აჩვენა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისკურსი მთლიანად გამორიცხავს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების კონფლიქტის ტრანსფორმაციაში ჩართვას.

 

ონლაინ ომები - როგორ ქმნის სამოქალაქო საზოგადოება ექსკლუზიურ, ნაციონალისტურ ნარატივებს - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube

ლელა რეხვიაშვილმა სამოქალაქო საზოგადოებიდან პოლიტიკურ საზოგადოებამდე მისვლის საჭიროება გამოკვეთა, სამოქალაქო საზოგადოების ლიმიტებისა და ექსკლუზიების ჩვენებით. ეს პანელი მწვანე აკადემიის ბოლო ფორმალური აკადემიური ნაწილი იყო.

 

პროტესტი და სამოქალაქო კულტურა - ლელა რეხვიაშვილი - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube

პანელის შემდეგ მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ფილმი „The Century of the Self: Happiness Machines” ენახათ, და შეეფასებინათ მწვანე აკადემიაზე გატარებული დღეები. 

მონაწილეებმა ისაუბრეს იმ აკადემიურ და პრაქტიკულ ცოდნაზე, რომელიც მწვანე აკადემიის ფარგლებში მიიღეს. მათ მნიშვნელოვანი რჩევები მისცეს მწვანე აკადემიაზე მომუშავე გუნდს და სურვილი გამოთქვეს, რომ გაიღრმავონ მწვანე აკადემიის ფარგლებში ლექციებიდან, დისკუსიებიდან თუ არაფორმალური საუბრებიდან დაგროვილი ცოდნა, ისევე როგორც დაუკავშირონ საკუთარი აკადემიური კვლევები და აქტივისტური ბრძოლები სხვა მონაწილეებისა თუ მომხსენებლების კვლევებსა და ბრძოლებს.