ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მწვანე ოფისი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი მწვანე პოლიტიკური ფონდია და პირველ რიგში, საკუთარი მაგალითით ცდილობს მის პარტნიორებს და ფართო საზოგადოებას დაანახოს, რომ თითოეული ადამიანი პასუხისმგებელია, როგორც სოციალური, ისე ბუნებრივი გარემოს წინაშე.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ყოველ ჩვენგანს თავისი წვლილი შეაქვს ჰაერის დაბინძურებში, გლობალურ დათბობაში, რესურსების ამოწურვაში და სხვა ფაქტორებში, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენი და მომავალი თაობის საარსებო გარემოზე. ამიტომ, ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ ან მინიმუმამდე შევამციროთ ჩვენი საქმიანობით გამოწვეული ზემოქმედება გარემოზე და ვნერგავთ უკეთეს ორგანიზაციულ სტანდარტებს, რაც ჩვენი საქმიანობის გარემოსდაცვითი მაჩვენებლებს  გააუმჯობესებს. 

გიფიქრიათ რამხელა წვლილი შეაქვს თუნდაც პატარა დაწესებულებას ჩვენი პლანეტის დაბინძურებაში? როგორ ფიქრობთ, სად მიდის ოფისებში დაგროვილი ნარჩენი? რა რაოდენობის ენერგორესურსი იხარჯება ყოველდღიურად?  რა წვლილი მიგვიძღვის თითოეულ ჩვენგანს სათბურის გაზების გამოყოფაში და როგორ შეგვიძლია შევამციროთ ის?

კითხვების ჩამონათვალი უსასრულოდ შეგვიძლია გავაგრძელოთ. მართალია ისიც, რომ საქართველოში გარემოს დაცვის სტანდარტების ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოტანას გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე თუნდაც ევროპის ქვეყნებში, სადაც „მწვანედ ცხოვრება“ ყოველდღიური ცხოვრების წესია, სოციალური გარემო და ქვეყნის ინფრასტრუქტურა ამაში ხელს გიწყობს, ხშირ შემთხვევაში გავალდებულებს კიდეც შენი ყოველდღიური საქმიანობით რაც შეიძლება ნაკლებად დააბინძურო, ნაკლები ენერგია მოიხმარო, და ა.შ.

ადგილობრივი სირთულეების მიუხედავად, გვგონია, რომ ჩვენი ოფისი კარგი მაგალითია იმისა თუ რამდენად შესაძლებელი და რეალურია მარტივი სტანდარტების დანერგვა და შემდგომ მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში გადატანა.

მაშ ასე, როგორია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ოფისის გარემოსდაცვითი სტანდარტები? 

  1. ნარჩენების მართვა    

ოფისში დანერგილი გვაქვს  RECYCLE, REDUCE, REUSE (გადაამუშავე, შეამცირე, ხელახლა გამოიყენე) პრინციპი და აქტიურად ვცდილობთ მის შესრულებას.                                

ვახარისხებთ ნარჩენებს

 

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ახდენს ნარჩენების დახარისხებას შემდგომში მათი გადამუშავების მიზნით. ვთანამშრომლობთ ორგანიზაციასთან, რომელიც ოფისში, სპეციალურ კონტეინერებში დაგროვილი ქაღალდის და პლასტიკის უსაფრთხო გადამუშავების გარანტიას იძლევა. 

ქაღალდის შეგროვება და გადამუშავება რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ; ჩვენივე ინიციატივით მოვიძიეთ კერძო კომპანია, რომელიც ქაღალდის გადამუშავებას ახდენდა და წლების განმავლობაში ოფისის კარი ღია გვქონდა ყველა ადამიანისთვის, ვისაც ამ მიზნით შეგროვილი მაკულატურის დატოვება სურდა. 

პლასტმასის საგნების და პოლიეთილენის პარკების გამოყენება მინიმუმამდე გვაქვს დაყვანილი:

მიუხედავად იმისა, რომ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი და მის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები მუდმივად უამრავ სტუმარს მასპინძლობს, ჩვენ არასდროს ვიყენებთ პლასტმასის ჭურჭელს. ასევე, ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ პოლიეთილენის პარკების გამოყენება.

ვუფრთხილდებით ქაღალდს:

აუცილებლად ამოსაბეჭდი დოკუმენტების შემთხვევაში, ორმხრივად ან ნახმარ ფურცელზე ვბეჭდავთ.

სამზარეულოსა და აბაზანაში ქაღალდის ნაცვლად ნაჭრის პირსახოცებს ვიყენებთ.

  1. ენერგორესურსების დაზოგვა

ოფისის განათება შუქდიოდური ნათურებით ხდება.

კომპიუტერები, როდესაც თანამშრომლები მათით არ სარგებლობენ, ავტომატურად გადადის sleep mode რეჟიმზე.

ნაკლები საწვავის მოხმარების და დათბუნების მიზნით ჩვენი ოფისი ორმაგი კარფანჯრებითაა უზრუნველყოფილი.

 

ჩვენ კარგად ვიცით, რა ზიანი მოაქვს ავტროტრანსპორტიდან გაფრქვეულ ნივთიერებებს. ამიტომ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ქალაქგარეთ დაგეგმილი ღონისძიებებისას მატარებელი ავტომანქანის საუკეთესო ალტერნატივად განიხილება.

 

  1. არა კომპანიებს, რომლებიც უდიერად ეპყრობიან გარემოს!

 


 

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ერთ-ერთი მიზანია წავახალისოთ კომპანიები, რომლებიც მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვას ცდილობენ. მივლინებების დროს ჩვენი თანამშრომლების და უცხოელი სტუმრების დაბინავებისას, ასევე საქმიანი სადილების დაგეგმვისას, არასოდეს ვარჩევევთ იმ კაფე-რესტორნებსა და სასტუმროებს, რომლებიც გარემოს სერიოზული განადგურების ფასად აშენდა.   კომპანიები, რომლებიც არ იცავენ გარემოსდაცვით სტანდარტებს,  თავიანთი შემოსავლის გაზრდას ბუნებრივი რესურსების ათვისებით ცდილობენ ან დამაბინძურებლები არიან, ვერასოდეს გახდებიან ჩვენი პარტნიორები.

სამუშაო ადგილზე მარტივი სტანდარტების დანერგვას მრავალხმრივი შედეგი მოაქვს. გარდა რესურსების დაზოგვისა, ვზრდით ჩვენი თანამშრომლების, კონტრაქტორების, ჩვენთან მოსული სტუმრების გარემოსდაცვით ცნობიერებას, იმ იმედით, რომ მოგვბაძავენ და ყოველდღიურ ჩვევად აქცევენ ამ წესებს მარტივი ყოფითი ოპერაციების შესასრულებისას. 

დარწმუნებით გვინდა გითხრათ, რომ ჩამოთვლილი ღონისძიებების პრაქტიკაში დანერგვას დიდი ძალისხმევა და ენერგია არ სჭირდება. მთავარია, კარგად გავაანალიზოთ, თუ რა ზემოქმედებას ვახდენთ გარემოზე და ყოველდღიური ცხოვრების წესის შეცვლით  ვიზრუნოთ ჩვენი ეკოლოგიური ნაკვალევის შემცირებაზე.