ცხოვრება საჭიროებებს მიღმა

ცხოვრება საჭიროებებს მიღმა

საქართველოში ქალები ძირითადად დაბალ და ნაკლებანაზღაურებად პოზიციებს იკავებენ. ამასთან, მათი დიდი ნაწილი დასაქმებულია არაფორმალურად და ვერ სარგებლობს მინიმალური სოციალური და შრომითი დაცვის მექანიზმებითაც კი. ანაზღაურებად შრომაში ჩართულობის მიუხედავად, საშინაო საქმეების ვალდებულება უმეტესწილად ქალებზე მოდის, რაც მათ დასვენების დროს ფაქტობრივად არ უტოვებს.  

დღევანდელ საქართველოში ქალები ძირითადად დაბალ და ნაკლებანაზღაურებად პოზიციებს იკავებენ. ამასთან, მათი დიდი ნაწილი დასაქმებულია არაფორმალურად და ვერ სარგებლობს მინიმალური სოციალური და შრომითი დაცვის მექანიზმებითაც კი. ანაზღაურებად შრომაში ჩართულობის მიუხედავად, საშინაო საქმეების ვალდებულება უმეტესწილად ქალებზე მოდის, რაც მათ დასვენების დროს ფაქტობრივად არ უტოვებს.  

კვლევის მიზანია თავისუფალი დროის ათვისების საკითხისა და მისი მნიშვნელობის შესწავლა სერვისის სფეროში დასაქმებული ქალების მაგალითზე. მიზნის მისაღწევად ვიკვლევთ ანაზღაურებადი შრომის, არაანაზღაურებადი შრომის და დასვენების დროის ადგილს ქალების ცხოვრებაში. ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ქალების დროის უდიდესი ნაწილი მიაქვს  საჭიროებებისთვის შრომას, რაც არ ტოვებს ადგილს ავტონომიური აქტივობების შესრულებისთვის. საჭიროებაში ვგულისხმობთ იმ აქტივობათა ჯამს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში (სამსახური, საოჯახო საქმეები), ხოლო ავტონომიური აქტივობა საჭიროების მიღმა არსებობს და დადებითი ემოციების მომტანია.

კვლევის დროს ვეყრდნობით მოსაზრებას, რომ გენდერული სამართლიანობის მიღწევა შეუძლებელია თავისუფალი დროის თანასწორი გადანაწილების გარეშე.  ამასთან, ვაკრიტიკებთ დომინანტურ მიდგომას, რომელიც დროის დეფიციტის პრობლემის გადაჭრის გზებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებში და სამსახური-ცხოვრების ბალანსის დაცვაში ხედავს. მსგავსი დამოკიდებულება უკარგავს დროს პოლიტიკურ  ხასიათს, დროის უქონლობას მიიჩნევს მოცემულობად და არა ამჟამინდელი ეკონომიკური წესრიგისა და წარმოების წესის შედეგად.

შესავალი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია ეკონომიკური და სოციალური კოლაფსის ფონზე განვითარდა, რომელსაც თან ახლდა შრომითი კანონმდებლობის საფუძვლების რყევა და მშრომელთა უფლებების შელახვა.  ამასთან ერთად, 2003 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის 66% თვითდასაქმებულად იქცა და სხვადასხვა მშრომელთა უფლებადამცველი ასოციაცია მშრომელი ხალხის გარეშე დარჩა. თვითდასაქმებულთა რაოდენობის ზრდა მიუთითებდა არა ბიზნესსექტორის გაძლიერებაზე, არამედ სამუშაო ადგილების არარსებობაზე. 2002 წელს ევროკავშირის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დასაქმებული მოსახლეობის მხოლოდ 20%-ს ჰქონდა ხელფასიანი სამსახური (ჯონსი, 2013, გვ. 179). ამ პერიოდში პროფკავშირების დაუძლურება დაკავშირებულია პრივატიზაციის პროცესებსა და უკონტროლო დეინდუსტრიალიზაციასთან. საგულისხმოა, რომ გამქრალმა სამუშაო ადგილებმა საჯარო სივრციდან ქალების გაუჩინარება გამოიწვია – 2000 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, დაუსაქმებელი ადამიანების უმრავლესობას – 55%-ს ქალები წარმოადგენდნენ, ხოლო ამის პარალელურად, არსებობდა დაუსაქმებელი მოსახლეობის 43%, რომლებიც სხვადასხვა დარგის სპეციალისტები იყვნენ (ჯონსი, 2013, გვ. 179).

2003 წლის შემდგომ, თავისუფალი ბაზრისა და დერეგულაციის პოლიტიკის მხარდამჭერმა მთავრობამ დასაქმებულთა უფლებები და დამსაქმებელზე კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო შეამცირა. 2005 წელს გაუქმდა შრომის სახელმწიფო ინსპექცია, ხოლო 2006 წელს კანონი პროფკავშირების შესახებ (1997) ახალმა შრომის კოდექსმა ჩაანაცვლა, რომელმაც მშრომელთა უფლებები მნიშვნელოვნად შეზღუდა (ჯონსი, 2013, გვ. 182). 2013 წელს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, გაჩნდა დასაქმებულთა უფლებების დაცვის მინიმალური მექანიზმები.

დღესდღეობით, საქართველოში ფორმალურ სექტორში დასაქმებული ქალები იკავებენ დაბალ და ნაკლებანაზღაურებად პოზიციებს. შრომის ბაზარზე არსებული გენდერული სეგრეგაცია და საბაზისო სერვისების არარსებობა ხელს უშლის ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას (UNDP, 2018, გვ. 26). საგულისხმოა, რომ ქალების დიდი ნაწილი დასაქმებულია არაფორმალურად და ვერ სარგებლობს მინიმალური სოციალური და შრომითი დაცვის მექანიზმებითაც კი. ჩვენი კვლევა ეხება, ერთი მხრივ, პრეკარიულ, სერვისის სფეროში დასაქმებული ქალების შრომით გამოცდილებას და, მეორე მხრივ, შრომისა და დასვენების დროის ურთიერთმიმართების საკითხს. სტატიაში მიმოვიხილავთ როგორც ანაზღაურებად, ისე აუნაზღაურებელ შრომასთან დაკავშირებულ თეორიულ დისკუსიებს, ხოლო დრო განხილულია, როგორც ცენტრალური ანალიტიკური კატეგორია. მონაცემთა ანალიზი სწორედ ზემოხსენებულ თეორიულ საფუძველს ეყრდნობა. კვლევა აგებულია შემდეგი კითხვების გარშემო: რა მიმართება არსებობს ანაზღაურებად, არაანაზღაურებად შრომასა და დასვენების დროს შორის, როგორ განმარტავენ რესპონდენტები ანაზღაურებადი სამუშაოს შემდეგ დარჩენილ დროს, რა სტრატეგიები აქვთ დასაქმებულ ქალებს დასვენების დროის ათვისებასთან დაკავშირებით და, მათი აზრით, როგორია ურთიერთმიმართება დროის არსებულ განაწილებასა და ქალების ცხოვრების ხარისხს შორის.

კვლევის ჩამოსატვირთად გამოიყენეთ აქ მოცემული ბმული.
 

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება