კონკურსი მწვანე აკადემიის მონაწილეებისთვის

მწვანე აკადემია მცირემასშტაბიანი პროექტის ან კვლევის განხორციელების საშუალებას აძლევს მწვანე აკადემიის ყველა მონაწილეს, რომლებსაც საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ-გარემოსდაცვით საკითხებზე ჩაღრმავებულად მუშაობის სურვილი აქვთ.

ეს ინიციატივა:

  • შექმნის კრიტიკულ თეორიულ და ემპირიულ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია მიმდინარე  მწვანე და მემარცხენე დისკუსიების შესავსებად და გასაძლიერებლად;
  • გააძლიერებს და ერთმანეთთან დაკავშირებს პოლიტ-ეკონომიის, პოლიტიკური სოციოლოგიის და პოლიტიკური ეკოლოგიის დისციპლინებს; გაზრდის ახალგაზრდების ინტერესს ამ დისციპლინების მიმართ;
  • ხელს შეუწყობს აკადემიას, ახალგაზრდა მეცნიერებსა და „პოლიტიკურ აქტივისტებს“ შორის ხიდების გადებას, რაც მწვანე აკადემიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. 

2020 წლის თემები

ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს იმ საპროექტო და კვლევით წინადადებებს, რომლებიც წარმოაჩენენ და ახალისებენ სამოქალაქო ქმედებას შემდეგი მიმართულებებით:

  1. გარემოს დაცვა და ურბანული ეკოლოგია

  • ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან და გადამუშავებასთან დაკავშირებული სოციო-ეკოლოგიური საკითხები;
  • ურბანული ეკოლოგია და ტრანსპორტი;
  • სოფლის მეურნეობა და სურსათი;
  • განახლებადი ენერგიების პერსპექტივები საქართველოსთვის;
  • კლიმატის ცვლილება და საქართველო;
  • მწვანე ჯგუფები და მათი დღის წესრიგი.
  1. ფემინიზმი და გენდერული თანასწორობა

  • სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები;
  • ქალთა ანაზღაურებული და აუნაზღაურებელი შრომის საკითხები;
  • თანამედროვე ფემინისტური/ქალთა/ქვიარ მობილიზება ან/და დღის წესრიგი;
  • ანტი-გენდერული მოძრაობები ;
  • ქალთა ისტორიის კვლევა - პრიორიტეტი მიენიჭება ქალთა ისტორიებს რეგიონებიდან;
  • მასკულინობის კვლევები .
  1. დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა

  • ადგილობრივ (მუნიციპალურ დონეზე), რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანების ჩართულობის საკითხი;
  • სათემო ინიციატივები.

განაცხადების შერჩევა

პროექტების ან მკვლევარების შერჩევა მოხდება შიდა კონკურსის საფუძველზე. კონკურსის ჟიური დაკომპლექტდება ფონდის თანამშრომლების, მწვანე აკადემიის საბჭოს წევრების და მოწვეული ექსპერტისგან. 

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სულ მცირე ბაკალავრის ხარისხის მქონე ახალგაზრდას, რომელიც 2015-2019 წლებში იყო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მწვანე აკადემიის მონაწილე; ფონდი მიესალმება როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ განაცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:

კვლევითი წინადადების შემთხვევაში:

  • ესსე (4-8 გვერდის მოცულობით), რომელიც უნდა ასაბუთებდეს სასურველი კვლევის მიზნობრიობას და საჭიროებას; კვლევის საორიენტაციო სათაურს, კვლევის მეთოდებს, სამუშაო გეგმას;
  • სავარაუდო ხელმძღვანელის ვინაობა და პირველადი თანხმობის წერილი მისგან.

საპროექტო წინადადების შემთხვევაში:

  • საპროექტო განაცხადი (ფონდის სააპლიკაციო ფორმის მიხედვით) არ უნდა აღემატებოდეს 14 გვერდს (1 გვერდი - 1800 ასონიშანი სივრცის გარეშე) და ფონდს უნდა მიეწოდოს ქართულ ან ინგლისურ ენებზე. იგი უნდა მოიცავდეს და ასახავდეს განმცხადებლის (ორგანიზაცია, საინიციატივო ჯგუფი, ინდივიდი) გამოცდილებას, მიზნებს (არა უმეტეს 1 გვერდისა), გადასაჭრელ პრობლემას და პროექტის განხორციელების გზებს (დეტალური ბიუჯეტის ჩათვლით).
  • საპროექტო განაცხადი უნდა ასაბუთებდეს პროექტის მიზანშეწონილობას და უნდა ასახავდეს სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტს, შესაბამის მონაცემებს (სტატისტიკა, კვლევების დასკვნები, ა.შ.), სასურველ შედეგებს და პროექტის გავლენას.
  •  განმცხადებელმა ნათლად უნდა ჩამოაყალიბოს პროექტის მიზნები და იოლად გასაზომი ამოცანები.
  • სამუშაო გეგმა უნდა მოიცავდეს სრულ და ნათელ ინფორმაციას შემდეგზე: სამიზნე ჯგუფ(ებ)ი, მეთოდები, განსახორციელებელი საქმიანობები და ამოცანები, გრაფიკი, ადამიანური რესურსი (პროექტის განმახორციელებელი პირების ფუნქციების აღწერა და მათი კვალიფიკაციის დადასტურება).

საკონკურსო განაცხადი უნდა გამოიგზავნოს ელ-ფოსტის მისამართზე tako.antidze@ge.boell.org  შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 30 ნოემბერი 18:00 სთ.

 

გრანტი და მისი ადმინისტრირება

კვლევითი გრანტი

გრანტის ოდენობად განსაზღვრულია 2500,00 ლარი. გრანტის 20% გაიცემა საკვლევი წინადადების დამტკიცებისთანავე, ხოლო დანარჩენი თანხა - კვლევის დასრულების შემდგომ. კვლევის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 8 თვეს და უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2020 წლის 10 ოქტომბრისა.

2020 წლის განმავლობაში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი გასცემს მხოლოდ 3 კვლევით გრანტს.

საჭიროების შემთხვევაში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი დაფარავს კვლევის ხელმძღვანელის საჰონორარო ხარჯებს.

საპროექტო გრანტი:

პროექტის ბიუჯეტი ლარში უნდა იყოს დათვლილი და წარმოდგენილი - მაქსიმალური თანხა 6 000 ლარი.

პროექტის განხორციელების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 7 თვეს და უნდა დასრულდეს 2020 10 ოქტომბრამდე.

2020 წლის განმავლობაში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი გასცემს მხოლოდ 2 საპროექტო გრანტს.

განაცხადის ფორმა