მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის საკითხები

მაჰმადიანი ქართველები აწყურიდან

2 ნოემბერი, 2011 წ.

ძირითადი მომხსენებლები:

  • ირაკლი კოკაია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ  პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი 
  • ემილ ადელხანოვი - ამნესტი ინტერნეიშენალის წევრი
  • ჯანა სომერლუნდი - უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის საერთაშორისო პროექტის მენეჯერი
  • გია თარხან-მოურავი - საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის თანადირექტორი.

მოდერაცია: მარინა ელბაქიძე   
 
საქართველოდან საბჭოთა რეჟიმის მიერ მესხების გადასახლებიდან 67 წელია გასული. 1944 წლის ნოემბერში მესხეთში მცხოვრები მთელი მაჰმადიანი მოსახლეობა და მათთან ერთად ყარაფაფახები, ქურთები, ბოშები და თურქები იძულებით აყარეს თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან და შუა აზიაში გადაასახლეს. მოგვიანებით ამას დაემატა 10 ათასი ჯარისკაცი, გადასახლებულთა ოჯახის წევრები, რომლებიც ფრონტიდან დაბრუნდნენ საქართველოში. საბოლოო ჯამში უზბეკეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში გადასახლებულთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა. მათგან, დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მოახერხა სამშობლოში დაბრუნება.

1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანების შემდეგ საქართველომ აიღო ვალდებულება მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის შესახებ,  2007 წელს კი რეპატრიაციის შესახებ კანონის მიღების შემდეგ ქვეყანაში შეიქმნა სამართლებრივი ჩარჩო მესხების დასაბრუნებლად. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ  პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ლტოლვილთა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსმა ირაკლი კოკაიამ თავის გამოსვლაში საქართველოს პარლამენტის მიერ 2007 წელს მიღებულ "რეპატრიაციის შესახებ" კანონზე და საქართველოში დაბრუნების მსურველთა აპლიკაციების მიღების ვადებსა და ფორმაზე ისაუბრა. მისი თქმით, შემოსული აპლიკაციებიდან მხოლოდ 75 იყო სრულყოფილი (ხარვეზების გარეშე) და მათ შემომტან პირებს უკვე მიენიჭათ რეპატრიანტის სტატუსი. დაახლოებით 2100-მდე ადამიანმა ყველა დოკუმენტი შემოიტანა, მაგრამ არ აქვს გადასახლების დამადასტურებელი საბუთი და მათი დახმარების მიზნით შეიქმნა უხუცესთა საბჭო, რომელმაც ხელისუფლებას ამ ადამიანების წინაპრების გადასახლება უნდა დაუდასტუროს. როგორც ირაკლი კოკაია აცხადებს, მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, რა წყაროებს დაეყრდნობიან საბჭოს წევრი უხუცესები. პასუხს მათგან მომდევნო შეხვედრაზე ელიან, რომელიც სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს უნდა გაიმართოს. ასევე არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც დოკუმენტები აკლიათ და მათ რამდენიმეთვიანი ვადა მიეცემათ ხარვეზების გამოსასწორებლად.

უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის საერთაშორისო პროექტის მენეჯერმა ჯანა სომერლუნდმა იმ პროექტზე ისაუბრა, რომელიც ევროკავშირის მიერ ფინანსდება და ორგანიზაციასთან, "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" და ფონდ "ალპესთან" ერთად ახორციელებენ. პროექტს ეწოდება "1940-იან წლებში საქართველოდან დაპორტირებულ პირთა და მათი შთამომავლების რეპატრიაციის ხელშეწყობა". ეს ჯგუფი მოიცავს არა მარტო მესხებს, არამედ ჰემშინებს, ყარაფაფახებს, ქურთებს და ყველა იმ უმცირესობას, რომელიც 1944 წელს საქართველოდან იძულებით გადაასახლეს. პროგრამას რამდენიმე ძირითადი კომპონენტი აქვს: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა რეპატრიაციის პროცესში, განათლება, რომელიც საჯარო ლექციებსა და სემინარებს გულისხმობს, ყურადღების ამაღლება, კულტურული ღონისძიებები და კვლევა. მანვე ბიოლის ფონდში შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა "უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრი-კავკასიის" მიერ გამოცემული წიგნი "მესხები: გზა შინისაკენ...", რომლის ავტორებიც არიან ტომ ტრიერი, გია თარხან-მოურავი და ფორესტ კილიმნიკი.

დისკუსიის კიდევ ერთმა მომხსენებელმა, ამნესტი ინტერნეიშენალის წევრმა ემილ ადელხანოვმა "რეპატრიაციის შესახებ" კანონის ნაკლოვანებებზე და სხვა პრობლემებზეც ისაუბრა, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ დაბრუნების მსურველ მესხებს წინ ხვდებათ. წარმოსადგენი საბუთების რიცხვი, ბიომეტრიული ფოტოსურათი, ენის ფაქტორი, აპლიკაციის განხილვის ვადის მიუთითებლობა, კომისიის მიერ მიღებული განაჩენის გასაჩივრების შეუძლებლობა - ემილ ადელხანოვის თქმით ამ კანონის სუსტი მხარეებია. "მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კანონი "რეპატრიაციის შესახებ", ბევრი თვითდინებით არჩევს სამშობლოში დაბრუნებას. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ან არ იციან, რა წერია კანონში, ან ის რაც წერია, მათთვის მიუღებელია. თვითდინებით დაბრუნებას კი სხვადასხვა გართულება მოჰყვება", ამბობს ემილ ადელხანოვი. მან საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას წარმოქმნილი პრობლემების რამდენიმე კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა, რაც მისი თქმით, ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება ქმნის პირობებს საიმისოდ, რომ ჩამომსვლელთა რიცხვი რაც შეიძლება ნაკლები იყოს.

საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის თანადირექტორი გია თარხან-მოურავი ასევე ვარაუდობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან როგორც ჩანს არის ნაკლები სურვილი, რომ რეალურად განხორციელდეს მესხების რეპატრიაცია. მისივე თქმით, საქართველოში ამ პროცესს უმეტესწილად განიხილავენ  როგორც ვალდებულებას, "სხვების მიერ თავსმოხვეულ პროცესად" და არა როგორც მორალურ იმპერატივს. მისივე განმარტებით კანონის  ნაკლოვანებებს და პროცედურულ სირთულეებს სხვა პრობლემებიც ემატება. მათ შორის ის, რომ არაფერი კეთდება როგორც ჩამომსვლელთა, ისე დამხვდურთა მოსამზადებლად, ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის ასამაღლებლად.

რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მესხების დასაბრუნებლად; არსებობს თუ არა გადასახლებულთა ზუსტი სიები; რა ნაკლოვანებებს შეიცავს კანონი "რეპატრიაციის შესახებ"; სად და როგორ ცხოვრობენ უკვე დაბრუნებული ოჯახები; რამდენად იოლი იყო მათი ინტეგრაცია ახალ საცხოვრებელ გარემოსთან; რა მთავარი პრობლემები ხვდებათ საქართველოში დაბრუნების მოსურნე მესხებს; ის, რომ განაცხადი გაცილებით ნაკლებ ადამიანს აქვს გაკეთებული, ვიდრე რეალურად არის მათი რიცხვი, იმაზე მეტყველებს, რომ გადასახლებული მესხების და მათი შთამომავლების უმრავლესობას აღარ აქვს საქართველოში დაბრუნების სურვილი თუ არ ფლობენ ინფორმაციას კანონის შესახებ; რა კეთდება საზოგადოების მოსამზადებლად რეპატრიანტთა მიღებისთვის;  რამდენ ადამიანს მიენიჭა რეპატრიანტის სტატუსი და რამდენმა ვერ წარმოადგინა გადასახლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ვინ არიან უხუცესთა საბჭოს წევრები და რა წყაროებს ეყრდნობა მათი ინფორმაცია; რა სირთულეებს უკავშირდება აზერბაიჯანში მცხოვრებ მესხებთან ჩასვლა და მათთან შეხვედრის ორგანიზება - იმ კითხვების ნაწილია, რომელიც დისკუსიის მომხსენებლებს დარბაზიდან დაუსვეს. დასმული შეკითხვების ნაწილს გაეცა პასუხი, ნაწილს არა. სამომავლოდ გადადებულ კითხვებს და პრობლემებს შესაძლოა კიდევ სხვა დაემატოს.