სიძულვილი, როგორც დამამძიმებელი გარემოება: ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში

მომხსენებლები: ს. ბენაშვილი, ზ. ხალილოვი, გ. გოცირიძე და მოდერატორი ნ. ბექიშვილი

თუ ადრე პირისთვის ქონების დაზიანება ან განადგურება თავისუფლების ხუთ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებდა, ახლა, სისხლის სამართლის კოდესში შეტანილი ცვლილების შემდეგ, თუ დადგინდება, რომ დანაშაულის ჩადენის მიზეზი გახდა დამნაშავის სიძულვილი დაზარალებულის მიმართ იმის გამო, რომ ის მიეკუთვნება ეთნიკურ, რელიგიურ ან სხვა ტიპის უმცირესობას, და ეს მოტივი დადასტურდება, მას უფრო მძიმე სასჯელი დაეკისრება, ვიდრე ისეთი მოტივის არსებობის შემთხვევაში დაეკისრებოდა, როგორიც არის შურისძიება ამ საცხოვრებელი სახლის მეპატრონეზე.  

2012 წლის 27 მარტს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც შეუწყნარებლობის მოტივი თითოეული დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვალა. მუხლი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: "დანაშაულის ჩადენის დამამძიმებელ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, შეზღუდული შესაძლებლობების მოქალაქეების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა მადისკრიმინირებელი მუხლით ჩადენილი დანაშაული."

დისკრიმინაციასთან მეტნაკლებად მებრძოლი მუხლები სისხლის სამართლის კოდექსში ადრეც არსებობდა. იურისტები იმასაც ამბობენ, რომ მთავარ პრობლემას მათი ამოქმედება, დანაშაულის ამ მუხლებით კვალიფიცირება და არა მათი არარსებობა წარმოადგენდა და იხსენებენ სისხლის სამართლის კოდექსის "მკვდარ მუხლებს", რომლებიც წლების განმავლობაში არავის გამოუყენებია. დღესაც, როდესაც სიძულვილზე, როგორც დამამძიმებელ გარემოებაზე და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე საუბრობენ, მთავარ საფრთხედ, რომელიც შეიძლება გაჩნდეს, დამამძიმებელი გარემოების პრაქტიკაში არასწორად ან არასრულად გამოყენებას ასახელებენ.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში 4 აპრილს საჯარო დებატები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში: ლაკმუსის ტესტი სოციალური ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებებისათვის" ფარგლებში გაიმართა. დისკუსიის თემა იყო: "სიძულვილი, როგორც დამამძიმებელი გარემოება: ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში", მომხსენებლები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოფიო ბენაშვილი და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ზაურ ხალილოვი.

მაინც რით იყო განპირობებული სისხლის სამართლის კოდექსში აღნიშნული ცვლილებების შეტანა ან რა სარგებელი შეიძლება მან მოიტანოს. კანონპროექტის მიღების ერთ-ერთი საფუძველი "რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის'' ზოგადი პოლიტიკის რეკომენდაცია გახდა, რომლის თანახმადაც საქართველოს სახელმწიფოს მიეთითა, რომ მიზანშეწონილი იყო რასისტული შეუწყნარებლობის მოტივი დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება გამხდარიყო.

"თავდაპირველ ვარიანტში შემოთავაზებული ცვლილებები არ ფარავდა შეუწყნარებლობის ისეთ მნიშვნელოვან მოტივებს, როგორიც არის შეუწყნარებლობა სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და სხვათა საფუძველზე. ამჟამინდელმა ფორმულირებამ თავიდან აგვაცილა ხარვეზები და საშუალებას გვაძლევს დისკრიმინაციისგან მაქსიმალურად იყოს დაცული ყველა მოწყვლადი ჯგუფი", - ამბობს სოფიო ბენაშვილი.

გიორგი გოცირიძემ კანონპროექტის შექმნის ისტორია აღწერა - "რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის" 2010 წელს საქართველოს მიმართ შედგენილი ანგარიშის ერთ-ერთ წუხილს წარმოადგენდა ის, რომ ECRI არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებამ არ მოახდინა სიძულვილით ჩადენილი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევა. ამიტომ, კიდევ ერთხელ გაიცა რეკომენდაცია, რომელშიც ასევე არის სიძულვილის ენის კრიმინალიზაციისკენ მოწოდება. სწორედ ამ რეკომენდაციის პასუხად შეიმუშავა საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი. კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია შემდეგნაირად გამოიყურებოდა: "დანაშაულის ჩადენა რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით". კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში მხოლოდ ამ  ნიშნების მითითების მიზეზად მისი ავტორები ECRI რეკომენდაციას ასახელებდნენ. ECRI იურისდიქცია მხოლოდ ქსენოფობიურ, ანტისემიტურ, უცხოელების მიმართ გამოვლენილ შეუწყნარებლობაზე ვრცელდება.

სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნები კანონპროექტში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2010 წლის რეკომენდაციის პასუხია. რეკომენდაცია მის წევრ ყველა სახელმწიფოს ავალდებულებს სანქციების განსაზღვრისას უზრუნველყონ, რომ შეუწყნარებლობის ისეთი მოტივი, როგორიც არის სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, მიღებულ იყოს მხედველობაში, როგორც დამამძიმებელი გარემოება. მაგრამ, არც მხოლოდ გენდერული იდენტობის და სექსუალური ორიენტაციის გათვალისწინება ცვლიდა საქმის ვითარებას, იმიტომ, რომ კიდევ სხვა უამრავი ჯგუფი რჩებოდა. კანონპროექტის შექმნისას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" კრიტერიუმად აიღო საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, რომლითაც  გათვალისწინებულია მთელი რიგი ნიშნები: რასა, კანის ფერი, სოციალური წარმოშობა, პოლიტიკური შეხედულებები. ჩამოთვლილ ნიშნებს დაემატა მოქალაქეობის ნიშანი, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივა იყო. კანონპროექტი სამივე მოსმენით არის მიღებული და გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტისათვის ხელის მოსაწერად. 
 
რისი მომტანი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ამგვარი ცვლილებების შეტანა - კითხულობს სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ზაურ ხალილოვი, მაშინ, როცა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მიმართ ბოლო პერიოდში მომეტებული აგრესიის ფონზე, სამწუხაროდ, ვერც სამოქალაქო საზოგადოებამ და ვერც სხვადასხვა სოციალურმა ჯგუფებმა ეს გამოცდა ვერ ჩააბარა. "ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, რატომ ვერ ჩააბარა გამოცდა სამოქალაქო სექტორმა და არა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა. იმიტომ რომ მხოლოდ სამართლებრივი გზით ამ პრობლემას ვერ მოაგვარებ", - ამბობს ზაურ ხალილოვი.

საქართველოში ისედაც ძალიან მკაცრი სასჯელებია. იმ პირობებში, როდესაც მოსამზადებელია პოლიციაც, პროკურატურაც, სასამართლოც, რამდენად ადეკვატური იყო ამ კანონის მიღება. რამდენად იდგა ამ ცვლილებების მიღების აუცილებლობა გარდა იმისა, რომ ეს რეკომენდაცია იყო, ან უკურეაქცია ხომ არ ექნება კანონს, ხომ არ მისცემს ის მოტივაციას დაზარალებულს განაცხადოს, რომ მის მიმართ, როგორც უმცირესობის წარმომადგენლის მიმართ იქნა ჩადენილი დანაშაული, მაშინაც კი, თუ დამნაშავემ არ იცოდა მისი რომელიმე ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა, ან კანონის არასწორ გაგებას ხომ არ ექნება ადგილი, რომელმაც  სიძულვილის ახალი ტალღა შეიძლება გამოიწვიოს - მომხსენებლებმა ამ თემებზეც ისაუბრეს. "არის საკითხები, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ მკაცრი პოლიტიკა ხდება გამოსავალი თავიდან ავიცილოთ ისეთი მნიშვნელოვანი უფლება-დარღვევები, როგორიც არის დისკრიმინაცია. საზოგადოება უნდა ხედავდეს, რომ სახელმწიფო არასოდეს შეიწყნარებს შეუწყნარებლობას", მიაჩნია სოფიო ბენაშვილს.