აღიარების პროცესი ჩიხშია

სოხუმის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთის აღიარების მომხრე ქვეყნების რიცხვს ბოლივია და ეკვადორი შეემატოს.

აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯილიამ ლათინოამერიკული ტურნედან დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ "იქ ამიერკავკასიის რესპუბლიკისადმი პოზიტიურად არიან განწყობილები".

თუმცა, აფხაზი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პროცესი ჩიხში შევიდა და ხელისუფლების ეს განცხადებები მხოლოდ მორიგი აღიარების მომლოდინე აფხაზი ხალხის დასაშოშმინებლად კეთდება.

გასული წლის ბოლოს რესპუბლიკის ხელისუფლებამ ოფიციალური თხოვნა გააგზავნა ეკვადორის დედაქალაქ კიტოში ამ საკითხის განხილვასთან დაკავშირებით.

"ჩვენ ოფიციალური წერილით მივმართეთ პრეზიდენტ რაფაელ კორეას, სადაც ვთხოვდით აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას; ასევე, წერილს ახლდა მასალები ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესახებ. ამჯერად ეკვადორის მხარე დაწვრილებით შეისწავლის ჩვენ მიერ წარდგენილ მასალებს და მალე ამასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს",  -  განაცხადა აფხაზეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა ჯერ კიდევ დეკემბერში.

თუმცა, დღეს ღვინჯილია აღიარებს, რომ ეკვადორის ოფიციალური პასუხი კვლავ არ ჩანს.

უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იყო მოლოდინი, რომ კრემლი უკრაინის ახალ პრეზიდენტთან ვიქტორ იანუკოვიჩთან უფრო მეტ საერთოს გამონახავდა, ვიდრე სააკაშვილის პირად მეგობარ იუშჩენკოსთან. თუმცა, იანუკოვიჩმა ცალსახად გამოაცხადა, რომ "უკრაინა ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგია"... და "საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო წესები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს".

აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების პროცესის ლობირება მოსკოვმა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2008 წლის 26 აგვისტოში თავად აღიარა მათი სუვერენიტეტი.

სულ მალე ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ნიკარაგუამ; კიდევ ერთი წლის შემდეგ კი აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად მიჩნევა გადაწყვიტა ვენესუელამაც.

"აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სულ უფრო მეტი ქვეყანა დაიწყებს და ვენესუელა მათთვის იმპულსის მიმცემი იქნება", - განაცხადა მაშინ ლათინოამერიკული ქვეყნის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა.

თუმცა, აფხაზეთში დიდი მოლოდინების მიუხედავად, მას შემდეგ ვენესუელელი ლიდერის წინასწარმეტყველება მხოლოდ ერთ ქვეყანაზე ახდა - 2009 წლის დეკემბერში კუნძულოვანმა სახელმწიფომ, ნაურუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განაცხადა.

სადავო ტერიტორიების აღიარებით მოსკოვმა პრინციპული შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და დასავლეთის ქვეყნებს საკუთარი ნება და პოტენციური რესურსი დაანახა.

შემდგომმა პროცესებმა - რუსეთის მიერ ამიერკავკასიის ახალ რესპუბლიკებთან პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ინსტიტუციონალიზაციამ - ცხადყო მოსკოვის მზადყოფნა, თანმიმდევრულად დაიცვას 2008 წლის აგვისტოში დაკავებული საკუთარი პოზიციები.

აფხაზეთში კარგად ესმით, რომ მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეები - ისეთები, როგორიცაა - ევროკავშირი, აშშ და ჩინეთი - სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ.

თუმცა, აფხაზეთში მოუთმენლად ელიან მორიგ "პატარა გამარჯვებას", როცა კიდევ ერთი, თუნდაც ეგზოტიკური ქვეყანა მათ დამოუკიდებლობას ცნობს.

აფხაზი ექსპერტები ამბობენ, რომ აღიარების პროცესი დიდწილად რუსეთზეა დამოკიდებული. ის, რომ კრემლის ლიდერებს დასავლეთი ეჭვის თვალით უყურებს და რუსეთის მიმართ გეოპოლიტიკური მხარდაჭერა არ არსებობს, მნიშვნელოვნად ამცირებს მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიერ აფხაზეთის აღიარების შესაძლებლობას.

აშკარაა, რომ რამდენიმე ლათინოამერიკული ქვეყნის მიერ აფხაზეთის აღიარებამ თბილისი შეაშფოთა. ეს იმაში გამოიხატა, რომ თბილისმა ამ ქვეყნებთან დიპლომატიური კავშირების დამყარება დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბოლო ვიზიტი კოსტა-რიკაში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, სადაც სხვა სამხრეთამერიკელი ლიდერებიც იმყოფებოდნენ, სავარაუდოდ, აღიარების პროცესს სასიკეთოდ არ წაადგება.

მოსკოვისთვის ასევე მტკივნეულ საკითხად რჩება მინსკის გაურკვეველი პოზიცია, რომელიც სულ სამომავლოდ დებს ამიერკავკასიის ორი რესპუბლიკის სტატუსის განხილვას.

სტატიაში გამოყენებული ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და არა "ლიბერალს".

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი, გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.