ნატოსთან ინტეგრაციისა და ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივები

ნატოსთან ინტეგრაციისა და ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივები

ძირითადი მომხსენებლები პ. ზაქარეიშვილი, ი. ალასანია და ე. ხოშტარია და მოდერატორი თ. გურჩიანი
ძირითადი მომხსენებლები პ. ზაქარეიშვილი, ი. ალასანია და ე. ხოშტარია და მოდერატორი თ. გურჩიანი — ილუსტრაციის საავტორო უფლება

16 სექტემბერი, 2014

თემით, „ნატოსთან ინტეგრაცია და ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივები“, გახსნა ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურომ საჯარო დისკუსიების ახალი სეზონი. საზოგადოებას საშუალება მიეცა პარალელურ რეჟიმში დაენახა ორი საკითხი - ნატოსთან საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული სიახლეები და ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებული პრობლემები და შესაძლო პერსპექტივები. ამასთან, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების საკითხები, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, ნატოს დამოკიდებულება რუსეთთან, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები, კონფლიქტების მოგვარების გამოცდილება და დღეისთვის არსებული შესაძლებლობები და კონტექსტები იყო ის თემები, რაზეც საკუთარ გამოსვლებში საუბრობდნენ მომხსენებლები და მიმდინარეობდა დისკუსია.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აქცენტი გააკეთა ნატოს უელსის სამიტზე და იმ შეთავაზებაზე, რაც სამიტზე საქართველომ მიიღო - საქართველოში განთავსდება ერთობლივი საწვრთნელი ბაზა, რომელიც გაწვრთნის როგორც საქართველოს, ისე ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს; გაძლიერებული პაკეტის დროულად და თანმიმდევრულად განსახორციელებლად ნატო საქართველოს თავდაცვის შეიარაღებულ ძალებში მოავლენს სამხედრო დელაგაციას; საქართველოს ექნება უფრო ღრმა წვდომა ინფორმაციასთან, რომელსაც ფლობს ნატო, და საქართველოს შეიარაღებული ძალები 2015 წლიდან იქნება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი.

ირაკლი ალსანიამ ასევე აღნიშნა, „ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების კუთხით ერთ-ერთ ამოცანად დასახული გვქონდა კომუნიკეში აღნიშნულიყო დეოკუპაციის მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ. ეს ასეც მოხდა. ნატოს კომუნიკეში შავით თეთრზე წერია, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ბუნებრივია, ეს გვიჩენს იმის მოლოდინს, რომ მომდევნო, გაფართოების სამიტზე საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს გაწევრიანების გზაზე“.

უელსის სამიტის მნიშვნელობაზე კონფლიქტების მოგვარების ჭრილში ისაუბრა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილმა. მისი თქმით, არცერთ სხვა სამიტზე და კომუნიკეში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არ ყოფილა ამხელა ყურადღება, „აშკარად ჩანს, რომ ნატომ და მთლიანად დასავლურმა სამყარომ მნიშვნელოვნად გადახედა თავის ხედვებს თუნდაც 2008 წელთან დაკავშირებით, უკვე აშკარად ხედავენ სურათს, სადაც რუსეთის აგრესია მკაფიოა“.

რისი გაკეთება შეგვიძლია იმ ფონზე, როცა რუსეთის აგრესია აღმოსავლეთ ევროპაში ფართოვდება, ევროპა კი „შემოტრიალდა და პრობლემებს იმ კუთხიდან დაუწყო ყურება, რაზეც ამდენი ხანი ვლაპარაკობდით, ხომ არ ვუშვებთ ხელიდან შესაძლებლობებს“, კითხულობს ელენე ხოშტარია. მისი აზრით, საქართველოს პრობლემები არ უნდა განიხილებოდეს უკრაინის მოვლენებისგან დისტანცირებულად - რეზოლუციებში, სანქციებში, რომლებიც უკრაინასთან დაკავშირებით მიიღება, უნდა გაერთიანდეს საქართველოს პრობლემებიც. ის სიკეთეები კი, რაც საქართველოში მოდის ევროკავშირის და ნატოს პოტენციური გაფართოების თვალსაზრისით, კარგად უნდა აეხსნას აფხაზებს და ოსებს, რომ მათთვის რეალური ფანჯარა არის საქართველო და არა რუსეთი, რომელიც თანმიმდევრულად და მზარდი ტემპით იზოლაციაში ექცევა.

 

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება