სომხურ-ქართული თანამშრომლობის სტრატეგიები მეცნიერებისა და სტუდენტების ჩართულობის გზით (2015-2017)

Კითხვის დრო: 2 წუთი
Teaser Image Caption
Participants of the workshop in the frameworks of the project

სომხურ-ქართული თანამშრომლობის სტრატეგიები მეცნიერებისა და სტუდენტების ჩართულობის გზით არის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ მხარდაჭერილი პროექტი, რომელსაც ეთნოლოგიური კვლევების ცენტრმა "ჰაზარაშენი" (ერევანი, სომხეთი), ცივილიზაციის და კულტურათა კვლევის ცენტრთან (ერევანი, სომხეთი) და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაციასთან (თბილისი, საქართველო) თანამშრომლობით განახორციელა.

პროექტი 2015 წლის მარტ-ოქტომბრის პერიოდში განხორციელდა და მის მიზანს წარმოადგენდა მეცნიერების, მკვლევარების და სტუდენტების ჩართულობის გზით იმ დაშორიშორების გადალახვა, რაც ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების და ევრაზიულ კავშირში სომხეთის ინტეგრირების დეკლარირებული ვალდებულების კონტექსტში იშვა. 

ეს მიზანი ცნობილი ქართველი და სომეხი პოლიტოლოგების, სოციოლოგების და ანთროპოლოგების აკადემიური ზედამხედველობის ქვეშ განხორციელებული ერთობლივი კვლევების შედეგად უნდა ყოფილიყო მიღწეული. კვლევის შედეგებს ფართო საზოგადოება ერევანსა და თბილისში გამართული კონფერენციებსი დროს გაეცნო, რამაც მსჯელობას და დისკუსიას მისცა სტიმული და ასევე უზრუნველყო უკუკავშირი კვლევის ხარისხის და შინაარსის დახვეწისთვის. კვლევის საფუძველზე სტუდენტებმა და მათმა აკადემიურმა მენტორებმა მოამზადეს ერთობლივ სტატიები, რომლებიც საერთაშორისო აკადემიურ გამოცემებში დაიბეჭდება.

პროექტის ბოლოს ორმა წარმატებულმა სტუდენტმა - სალომე ხვადაგიანმა და მარიეტა ბაზინიანმა - ერთ-თვიანი სტაჟირება გაიარეს საქართველოს და სომხეთის აკადემიურ და კვლევით ორგანიზაციებში.

პროექტთან დაკავშირებული სხვა მასალა:

2016 წელს პროექტის გუნდმა ჩაატარა რამდენიმე ვორქშოპი, რომლის მიზანი იყო პროექტში ჩართული მეცნიერების, უნივერსიტეტის პროფესორებისა და მონაწილე სტუდენტების სამუშაო შეხვედრების ფორმატში შეხვედრა. მათ შექმნეს რამდენიმე კვლევითი ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა კვლევით სფეროებს დაფარავენ და საერთო კვლევით საკითხებს წარმოადგენენ. სტუდენტები წარმოადგენენ მრავალფეროვან ურთიერთგადამკვეთ აკადემიურ დისციპლინებს: ანთროპოლოგია, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებმა გაწიეს კვლევების ფასილიტაცია.

2017 წელს პროექტის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ თბილისში ჩატარდება შეხვედრა, სადაც სტუდენტები წარადგენენ თავიანთი კვლევების შედეგებს, და აგრეთვე მიიღებენ შეფასებას როგორც პროექტის მონაწილეებისგან, ასევე მოწვეული ექსპერტებისა და სტუმრებისგან. ეს შეფასებები ხელს შეუწყობს სტუდენტებს დახვეწონ საკუთარი ნაშრომები, რის შემდეგაც მათ შესაძლებლობა მიეცემათ, დაგეგმილ დისკუსიებში ჩაერთონ.