ლგბტი პირთა უფლებები საქართველოში

წინასიტყვაობა

საქართველოსა და სომხეთის ისტორიულად ტრადიციულმა საზოგადოებებმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემ­დეგ სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით გრძელი გზა გაიარეს. თუმცა, ადამიანის უფლებების დაც­ვის კონტექსტში ისევ მრავალი გამოწვევა რჩება, რაც ჯერ კიდევ ხანგრძლივ და დაბრკოლებებით აღსავსე გზას გულისხმობს ყველა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის თანაბარი უფლებების მისაღწევად. ლესბოსელი, გეი, ბისექ­სუალი, ტრანს და ინტერსექსი (ლგბტი) ადამიანები ერთ-ერთ ყველაზე მარგინალიზებულ, ნაკლებად ხილვად და დისკრიმინირებულ ჯგუფს წარმოადგენენ სომხეთსა და საქართველოში.

ბოლო წლებში მიღწეული გარკვეული წარმატებების მიუხედავად, რომელთა შორის განსაკუთრებით ყურადსა­ღებია საქართველოში 2014 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღება, ჯგუფის წევრები კვლავაც ხდებიან ძალადობის, დისკრიმინაციისა და ზეწოლის მსხვერპლნი როგორც საზოგადოების, ისე­ვე კონკრეტული ინსტიტუტების, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებისა და დამსაქმებლების მხრიდან. სიძულ­ვილით მოტივირებული დანაშაულები და სიძულვილის ენა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგი) ნიადაგზე ხშირად აღრიცხვის, და შესაბამისად, სათანადო რეაგირებისა და სასჯელის გარეშე რჩება. ჰომო/ ბი/ტრანსფობია, რომლის ფესვებიც საზოგადოების პრაქტიკულად ყველა ფენაში არის ღრმად გადგმული, გამყა­რებულია ტრადიციული ღირებულებების, ბინარული და ჰეტერონორმატიული გენდერული როლებით, რომლებიც, თავის მხრივ კვებავს ამ ქვეყნებში დამკვიდრებულ დისკრიმინაციულ კულტურას და ხელს უშლის ლგბტი ადამი­ანებს, სრულფასოვნად ისარგებლონ საკუთარი უფლებებითა და თავისუფლებებით. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, რომლებისთვისაც დამახასიათებელია დემოკრატიული ღირებულებების და უმცირესობათა უფლებების აღქმის სუსტად გამოხატული ფორმები, რაც დიდწილად საბჭოთა კავშირის გადმონაშთია, ლგბტი პირები ადგილობრივი ტრადიციებისა და რელიგიის მტრებად აღიქმებიან[1].

ორ ქვეყანაში ლგბტი ადამიანთა მიმართ დისკრიმინაციასთან კომპლექსურად გასამკლავებლად ამ ორ ქვეყა­ნაში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში“, შემდეგ ორგანიზაციებ­თან თანამშრომლობით: ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოში და საზოგადოება ძალადობის გარეშე (SWV) და საჯარო ინფორ­მირება და ცოდნის აუცილებლობა (PINK) სომხეთში.

პროექტის საერთო მიზანს ლგბტი ადამიანთა უფლებების დაცვისა და მათ მიმართ პატივისცემის გაძლიერება, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა და ლგბტი ადამიანთა ადგილობრივ საზოგადოებებში სრულფასოვანი ჩარ­თვა წარმოადგენს. პროექტის კონკრეტული მიზნები კი ითვალისწინებს ლგბტი ადამიანთა მხარდაჭერას მათი უფლებების სრულმასშტაბიან რეალიზაციაში ლგბტი-სადმი მეგობრული გარემოს გაუმჯობესებისა და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგი) საკითხების ირგვლივ სომხეთსა და საქართველოში სამოქალა­ქო საზოგადოების აქტორების შეთანხმებულობის სტიმულირების გზით.

წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს პროექტის პარტნიორების მიერ გაწეული ერთწლიანი კოორდინირე­ბული ძალისხმევის შედეგს, რომელიც ითვალისწინებდა ორივე ქვეყანაში პარალელურად ორი კომპლექსური კვლევის შემუშავებასა და განხორციელებას: ლგბტი ადამიანთა მიმართ საზოგადოებრივ დამოკიდებულებათა სრულყოფილი კვლევა და არსებული უფლებრივი და ფიზიკური პირობების სიტუაციური ანალიზი.

ლგბტი ადამიანთა მიმართ სოციალური დამოკიდებულებების შესახებ ფართომასშტაბიანი და ამომწურავი კვლევა შეისწავლის არსებულ სოციალურ ცრურწმენებსა და სტერეოტიპებს, და ამ დამოკიდებულებათა თვისებებ­სა და არსს, რათა გამოიძიოს სომხეთსა და საქართველოში არსებული ჰომოფობიის მასშტაბი და სპეციფიკა. მი­უხედავად იმისა, რომ მსგავსი კვლევები უკვე არსებობს (მაგ., CRRC-საქართველოს კავკასიის ბარომეტრის 2011 წლის კითხვარი[2]), მოცემული კვლევის მასშტაბები უპრეცედენტოა. ის მყარ საფუძველს ქმნის ლგბტი ადამიანების მიმართ გავრცელებული დამოკიდებულებების ჭრილში ინტეგრირებული პერსპექტივისა და ცნობიერების ჩამო­ყალიბებისათვის. სომხეთსა და საქართველოში პარალელურად ჩატარებულ კვლევებში გამოყენებული ფაქტობ­რივად იდენტური მეთოდოლოგია ასევე მოგვცემს მომავალში მოპოვებულ მონაცემთა შედარების საშუალებას.

სომხეთსა და საქართველოში ლგბტი ადამიანთა უფლებრივი და ფიზიკური მდგომარეობის ამსახველი სი­ტუაციური ანალიზი უზრუნველყოფს არსებული სამართლებრივი სტანდარტებისა და პოლიტიკური დოკუმენტების სიღრმისეულ ანალიზს, არსებული საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის ანალიზს, ლგბტი ადა­მიანთა მიმართ სხვადასხვა სფეროში დისკრიმინაციის შემთხვევებისა და მათ მიმართ სახელმწიფოს პასუხისმ­გებლობის დონეების შეფასებას; ლგბტი ადამიანთა მხრიდან შესაბამის მომსახურებაზე (როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ა.შ.) ხელმისაწვდომობის ანალიზს.

როგორც კვლევა, ასევე სიტუაციური ანალიზი ჩაუყრის საფუძველს თითოეულ ქვეყანაში მტკიცებულებებზე და­ფუძნებული ადვოკატირების გრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებას, რომელიც მიმართული იქნე­ბა ლგბტი უფლებების დაცვისკენ. სტრატეგიის დოკუმენტი ასევე მოიცავს რეკომენდაციების პაკეტს კონკრეტული უწყებებისთვის. ადვოკატირების დოკუმენტი და აღნიშნული კვლევების დასკვნები ასევე გამოიყენება ცნობიერების ამაღლების კამპანიისა და სამოქალაქო საზოგადოების და ლგბტი ორგანიზაციების, ასევე აქტივისტებისა და სა­ინიციატივო ჯგუფებისთვის შესაძლებლობების განვითარების ღონისძიებების დასაგეგმად.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი განსაკუთრებულ მადლობას უხდის პროექტის პარტნიორებს მათი ძალისხმევისთვის მეთოდოლოგიისა და კვლევითი ინსტრუმენტების შემუშავებაში, სიღრმისეული ანალიტიკური ანგარიშების წარმო­ებასა და კვლევების განხორციელებისთვის; სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს საქართველოში და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს სომხეთში ყოვლისმომცველი საველე სამუშაოების ჩატარებისთვის, მო­ნაცემების შეგროვებასა და ანალიზისთვის; ექსპერტებს: ეკატერინე აღდგომელაშვილს, რომელმაც უზრუნველყო თითოეული კორელაციის საფუძვლიანობა და უამრავი ფასდაუდებელი საათი და დიდი ძალისხმევა ჩადო მაღალი ხარისხის, სრულყოფილი და ამომწურავი ანგარიშის ჩამოსაყალიბებლად; ასევე, ელმირა ბახშინიანს, ჯეკ ვაჰან ბურნაზიანს და მარიამ ოსიპიანს კვლევებში შეტანილი წვლილისთვის. აღსანიშნავია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თანამშრომლების წვლილიც: ეკა წერეთლისა - კვლევისთვის გრაფიკული დიზაინის შემუშავებაში, ასევე ანა ნემ­სიწვერიძე-დანიელსისა - კვლევისა და სიტუაციური ანალიზის თარგმანსა და რედაქტირებაში, და ჰასმიკ ჰაირაპე­ტიანის დახმარება რაოდენობრივი ინსტრუმენტების თარგმანში.

იმედი გვაქვს, რომ წინამდებარე კვლევები ხელს შეუწყობს ლგბტი ადამიანთა უფლებების უკეთ გააზრებას სომხეთსა და საქართველოში და საფუძველს ჩაუყრის გრძელვადიან სტრატეგიას, რომელიც უზრუნველყოფს მათ დაცვას და ცხოვრების ყველა სფეროში სრულუფლებიან და სრულფასოვან ჩართვას, რაც, შესაბამისად, დემოკ­რატიული განვითარებისა და ინკლუზიური, ტოლერანტული და დისკრიმინაციისაგან თავისუფალი საზოგადოების თვისებაა.

ნინო ლეჟავა
დირექტორი
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის
სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო
თბილისი, 23 მარტი 2016   

 

[1] სილვია შტობერი, ლგბტ უფლებები სამხრეთ კავკასიაში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო, ლგბტ ვებ- დოსიე: https://ge.boell.org/en/2013/05/30/lgbt-rights-south-caucasus

[2] სილვია შტობერი, ლგბტ უფლებები სამხრეთ კავკასიაში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო, ლგბტ ვებ- დოსიე: https://ge.boell.org/en/2013/05/30/lgbt-rights-south-caucasus

 

 

Product details
Date of Publication
2016
Publisher
Human Rights Education and Monitoring Center (EMC)
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართულ-ინგლისური
ISBN / DOI
978-9941-0-8865-0