მწვანე ანთოლოგია. პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით

მწვანე ანთოლოგია. პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით

05 დეკემბერი 2016
Caucasian House
გამოცემის ადგილი: თბილისი
გამოცემის თარიღი: 2016
გვერდების რაოდენობა: 368
License: All rights reserved.
Language of Publication: ქართული
ISBN: 978-9941-400-97-1

წინასიტყვაობა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროსგან

საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე ყოფილ სოციალისტურ იმპერიაში სწრა­ფი, მკვეთრი და, ბევრი თვალსაზრისით, უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომი­კური ტრანსფორმაცია დაიწყო. ახლად გათავისუფლებული ქვეყნების დიდ ნაწილში ათწლეულების განმავლობაში მოქმედი გეგმური ეკონომიკა ლამის ერთ ღამეში გადავიდა თვისებრივად განსხვავებული ტიპის სისტემის რელ­სებზე. რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ – მათ შორის, რესურსებზე ნო­მენკლატურის თითქმის ექსკლუზიურმა წვდომამ, ნეპოტიზმმა და „საბაზრო ეკონომიკის” ნეოლიბერალური მოდელის მიმართ პოლიტიკური თუ ინტელექ­ტუალური ელიტების ენთუზიაზმმა – განაპირობა ის, რომ ბევრგან თითქმის განურჩეველი გახდა მასობრივი პრივატიზაცია, დერეგულაცია და კორუფ­ცია. რესურსები მცირე ჯგუფის ხელში აღმოჩნდა კონცენტრირებული, მო­სახლეობის დიდი ნაწილი კი გაღატაკების პირას მივიდა. და, სამწუხაროდ, ასეთ პირობებში ბევრს აღარავის ეცალა გარემოსდაცვითი რეგულაციების­თვის, ადამიანის უფლებებისთვის, საჯარო სიკეთეების თუ სივრცეების დაც­ვისთვის.

ამ ზოგად სურათს ნათლად ირეკლავს საქართველოს მაგალითი. ადრეული 1990-იანი წლების კორუფციული, ქაოსური პრივატიზაციის პროცესების შემ­დეგ, ხელისუფლებები – განსაკუთრებით, ქვეყნის სათავეში ვარდების რევო­ლუციით მოსული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთავრობა – თითქ­მის უცვლელად ადგანან პრივატიზაციის, დერეგულირების, თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების და ბიზნესებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექ­მნის კურსს. პოლიტიკურ დისკურსში „თავისუფალი ბაზრის განვითარების” და „ინვესტორების მოზიდვის” იდეები რჩება საბოლოო და მთავარ მიზნებად და არა საშუალებებად ადამიანების, მოქალაქეების დაცულობის, კეთილდღე­ობის, ღირსეული ცხოვრების პირობების მისაღწევად. და, შესაბამისად, ამ­გვარ პოლიტიკას კვლავაც ეწირება ადამიანის უფლებები, დასაქმებულების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და გარემოს დაცვა.

„მწვანე ანთოლოგია: პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედ­ვით” გამოსაცემად იმ პერიოდში მზადდება, როდესაც ქართული პოლიტი­კური სისტემა კვლავაც ძალიან მყიფეა; პოლიტიკური პარტიები ჯერაც ვერ აყალიბებენ იდეოლოგიურ პლატფორმებს და ძირითადად ფუყე პოპულისტუ­რი გზავნილებით, ფუჭი და გაუაზრებელი დაპირებებით ცდილობენ ამომრ­ჩეველთა გულის მოგებას. პოლიტიკურ და აკადემიურ სივრცეებში ფაქტობ­რივად არ მიმდინარეობს არსებითი დისკუსიები მნიშვნელოვან ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე. „სამოქალაქოდ” სახელდებულ სივ­რცეში კი, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიღმა, ნელი და ქაოტური ნაბი­ჯებით ფეხს იკიდებენ ახალი საზოგადოებრივი გაერთიანებები. მათ ჯერ კი­დევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი ინტერესთა ჯგუფებად ჩამოყალიბებამდე. ძირითადად დედაქალაქის წიაღში გაჩენილ გაერთიანებებს კვლავაც უჭირთ იდეოლოგიურ საკითხებზე ისე შეთანხმება, რომ მათ შორის თანამშრომლო­ბის და სოლიდარობის ინტენსივობამ პოლიტიკის ველზეც იქონიოს გავლენა.

ამასთანავე, ეკონომიკური კრიზისის, ტერიტორიული კონფლიქტებისა და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, განვითარების მაძიებელ ქვეყანას შეიძლება გამორჩეს გლობალიზაციისა და მასთან დაკავშირებული საფრთ­ხეების ჯეროვნად შეფასება. სათანადო ყურადღება არ ეთმობა აგრეთვე თა­ნამედროვე მსოფლიოს გამოწვევათა გააზრებას – იქნება ეს კლიმატის ცვლი­ლება და მისგან მომდინარე საფრთხეები, მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა, ბუნებრივი რესურსების მილევადობა თუ ტექნოლოგიური რევოლუ­ციები – რაც ინდუსტრიული ქვეყნების პოლიტიკასა და ეკონომიკაზე უკვე ახდენს გავლენას და სამომავლოდ მთელი რიგი სისტემური გარდაქმნების საწინდარი იქნება. ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობისას, ადგილობრივი პრობლემების პარალელურად, გლობალური გამოწვევებისთ­ვის თვალის მიდევნება საქართველოს დაეხმარებოდა, ერთი მხრივ – ინფორ­მირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, ხოლო მეორე მხრივ – ევროპის ქვეყნებთან დაახლოებაში. გვჯერა, რომ „მწვანე ანთოლოგია: პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით” ოდნავ მაინც შეძლებს ზემოაღნიშ­ნული დანაკლისის შევსებას.

წინამდებარე გამოცემაში შეხვდებით სხვადასხვა თაობის, სხვადასხვაგ­ვარი გამოცდილების და შეხედულებების მქონე დასავლელ პოლიტიკოსთა და მოაზროვნეთა პოზიციებს შემდეგი საკითხების შესახებ: როგორ უნდა მივაღწიოთ ეკონომიკური და სოციალური სტრუქტურების ფუნდამენტურ ცვლილებას მძლავრი კაპიტალიზმის პირობებში? როგორ უნდა უზრუნველვ­ყოთ საზოგადოების კეთილდღეობა მოსახლეობის რაოდენობის ზრდისა და ბუნებრივი რესურსების სიმწირის ფონზე? რამდენად რეალისტურია ეკოკა­პიტალიზმი, რომელსაც რალფ ფიუქსი გვთავაზობს, ან რამდენად შეძლებენ ადამიანები შეჩვეულ ფუფუნებაზე უარის თქმას და საკუთარი სამომხმარებ­ლო დონის შემცირებას? როგორ უნდა შევამციროთ დიდი კორპორაციების უარყოფითი გავლენა გარემოზე, ფინანსურ ბაზრებსა და პოლიტიკაზე?

კრებულში მკაფიოდ იკვეთება, რომ კითხვებზე ცალსახა პასუხები არ არ­სებობს. მაგრამ არსებობს თანხმობა, რომ უახლოეს მომავალში უნდა ჩამო­ყალიბდეს ერთი პოლიტიკური მიზანი: ეკონომიკის არსებული მოდელი უნდა გადაიხედოს და მის ცენტრში კვლავ ადამიანები და მათი საცხოვრებელი პლანეტა უნდა აღმოჩნდნენ. დაკვირვებული მკითხველი შეამჩნევს, რომ ეკო­ნომიკური განვითარების სრულიად განსხვავებულ ხედვებსა და თეზისებს გვთავაზობს გერმანიის მწვანეთა პარტიის სამი გამორჩეული წარმომადგენე­ლი – რალფ ფიუქსი, იურგენ ტრიტინი და გერჰარდ შიკი. ფაქტია, რომ სამივე მათგანი საკუთარი მოსაზრებების გამყარებას დამაჯერებელი მაგალითები­თა და არგუმენტებით ახერხებს. ვფიქრობთ, რომ ეს კარგ საფუძველს მოგვ­ცემს მწვანე პოლიტიკის რიგ საკითხებზე, განსაკუთრებით კი მწვანე ეკონო­მიკაზე, საინტერესო დებატების გასამართად მომავალში.

მკითხველს არ უნდა გაუკვირდეს, რომ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისთვის, რო­გორც მწვანე პოლიტიკური ფონდისთვის, მნიშვნელოვანი იყო საერთაშორი­სო საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების სწორედ თანამედროვე მწვანე პოლიტიკის პრიზმიდან წარმოჩენა. ამიტომ გვინდა მადლიერება გა­მოვხატოთ ჩვენი უძველესი პარტნიორის – „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ – კავკასიური სახლის” მისამართით „მწვანე ანთოლოგიის” იდეის ინიცირებისა და მისი შემდგომი განხორციელებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ამ გამოცემით ქართველ მკითხველს დავაფიქრებთ საერთაშორისო საზოგა­დოებრიობის წინაშე არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზე; მე­ტიც, მოვუწოდებთ მას, ეძიოს პასუხი კითხვაზე – როგორ უნდა უპასუხოს პატარა, განვითარებადმა ქვეყანამ გლობალიზაციის ეპოქაში გაჩენილ ადგი­ლობრივ თუ საერთაშორისო გამოწვევებს.

რა თქმა უნდა, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდიც და კავკასიური სახლიც კარგად აცნობიერებენ, რომ კრებულის „მწვანე ანთოლოგიად” დასათაურება შესაძ­ლოა ხმამაღალი განაცხადი იყოს; მით უმეტეს, რომ მასში ვერ მოხვდა მრავა­ლი საინტერესო ავტორი, ხოლო ტექსტები ძირითადად მხოლოდ პოლიტეკო­ნომიური განვითარების შესახებ შეირჩა. იმედი გვაქვს, რომ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და კავკასიური სახლის მომავალი გამოცემები ამ დანაკლისს შეავ­სებს და შემოგვთავაზებს მწვანეების ხედვას საშინაო და საგარეო პოლიტი­კის სხვა, არანაკლებ მწვავე საკითხებზე.

მანამდე კი, მწვანე ანაბეჭდს დავუტოვებთ ყველა იმ მკითხველს, რომელიც თავს მიიჩნევს ამ სიტყვასთან დაკავშირებული პოლიტიკური ღირებულებე­ბის მხარდამჭერად.

 

ნინო ლეჟავა
დირექტორი

თამარ ანთიძე
პროგრამის კოორდინატორი

 

 

შინაარსი:

 

წინასიტყვაობა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროსგან 5

გამომცემლის წინასიტყვაობა 9

რალფ ფიუქსი

  • შესავალი: დასასრულის თუ დაფუძნების ხანა? 15
  • ეკოკაპიტალიზმი 49
  • ეკოლოგიური ტრანსფორმაციის პოლიტიკა 67

გერჰარდ შიკი

  • რაღაც ისე არ არის 85
  • საერთო ძალებით დავიბრუნოთ საზოგადოების კეთილდღეობა 114

იურგენ ტრიტინი

  • გარღვევა მწვანე და სამართლიანი ქვეყნის მიმართულებით: პოლიტიკა ტრანსფორმაციისთვის 163

ნაომი კლაინი

  • ცხელი ფული 203

პეტრა კელი

  • პოლიტიკა და ეკოლოგია 257

ვოლფგანგ შტრეეკი

  • ნეოლიბერალური რეფორმა: საგადასახადო სახელმწიფოდან დავალიანების სახელმწიფოსკენ 275

რუდოლფ ბარო

  • გადარჩენის გზის აქსიომები 343

1 Comment

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება

რატი

გამარჯობა, მაინტერესებს წიგნის pdf ვერსია ხომ არ არსებობს შემთხვევით?)