ევროპის “ენერგეტიკული გაერთიანება” და რეფორმები საქართველოს ენერგეტიკაში
შესავალი
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით და ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველომ აიღო ვალდებულება, განახორციელოს რეფორმები ენერგეტიკის სექტორში და საფუძველი ჩაუყაროს ევროპულ ენერგეტიკულ ბაზართან დაახლოებას. ევროპული ლიბერალური ენერგეტიკული კანონმდებლობის მთავარი მიზანია საბითუმო და საცალო ბაზრებზე ვაჭრობის ხელშეწყობა და ამისთვის მონოპოლიური და კონკურენტული საქმიანობების გაყოფა (ენერგოკომპანიების გადაცემის და დისტრიბუციის საქმიანობების გაყოფა).
კონკურენციის წახალისება და ვაჭრობის ხელშეწყობა ინფორმაციისა და მონაცემების ღიაობას ემყარება.გამჭვირვალობის ნაკლებობა ბაზარზე ხელს უშლის კონკურენციას, ამიტომ მთელი რიგი ევროპული დირექტივების და საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნები ეხება სწორედ ინფორმაციისა და მონაცემების გამჭვირვალობას ენერგეტიკაში.
ენერგეტიკის სექტორში გამჭვირვალობის ნაკლებობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების, და მათ შორის საქართველოს, მნიშვნელოვანი პრობლემაა, სადაც მრავლადაა კომერციული საიდუმლოების თუ სხვა მოტივით დახურული ინფორმაცია. 2017 წელს რუსულ კომპანია „გაზპრომ ექპორტთან“ გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით შეცვლილი პირობებით გაფორმებულმა ხელშეკრულებამ საზოგადოების ხანგრძლივი პროტესტი გამოიწვია, პროცესების გამჭვირვალედ წარმართვისა და მოქალაქეებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გაფორმებული კონტრაქტი არ გასაჯაროვდა. დახურულია გაზის შესყიდვის ხელშეკრულებები და ზოგიერთ ახალი ჰიდროსადგურის დეველოპერებთან დადებული მემორანდუმები, გაუმჭვირვალეა პირდაპირი თუ ჯვარედინი სუბსიდირების სქემები და ა.შ. ინფორმაციის დახურვის საბაბად ხშირად გამოიყენება კონკურენტული ბაზრისთვის დამახასიათებელი მოთხოვნები, რაც საქართველოში, მსგავსი ბაზრის არარსებობის პირობებში, მონოპოლიურ მოთამაშეებს ლეგიტიმურ საშუალებას აძლევს სრულად გამოიყენონ თავიანთი უპირატესობა, გაზარდონ მოგება და გააფართოვონ თავიანთი გავლენები. კონკურენტული ბაზრების არქონის პირობებში ინფორმაციის დახურვა, როგორც წესი, ემსახურება არა იმდენად კომერციულად სენსიტიური ინფორმაციის დაცვას, რამდენადაც არაკონკურენტული უპირატესობის შენარჩუნებას ან არაოპტიმალური გადაწყვეტილებების მოქალაქეთაგან დამალვას. ასეთი გარემო აძლიერებს ეკონომიკური, ენერგეტიკული და ეროვნული უსაფრთხოების რისკებს.
გამჭვირვალობა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისა და კორუფციის პრევენციის უმთავრესი წინაპირობაა. დახურული ინფორმაცია განაპირობებს უნდობლობას და უკმაყოფილებას ოფიციალურ პირთა მიმართ, ხშირ შემთხვევაში კი იწვევს ეჭვს პირად დაინტერესებაში, რაც აფერხებს სექტორის მართვას და ქვეყნის სწორ განვითარებას.
ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი სფეროა, სადაც „მაღალი დონის“ კორუფციის რისკი არსებობს. მართალია საქართველომ წარმატებით დაძლია წვრილმანი კორუფციის (საჯარო სერვისების სფეროში მექრთამეობის) პრობლემა, მაგრამ გამოწვევად რჩება კორუფციის უფრო კომპლექსური ფორმების პრევენციისა და გამოვლენის ეფექტური მექანიზმების შექმნა. ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ხელი მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე და, საჭიროების შემთხვევაში, ჰქონდეს შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს პროცესების გამჭვირვალედ წარმართვაზე.
კვლევის მიზანია, მიმოიხილოს ენერგეტიკის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები და გააანალიზოს, რამდენად პასუხობს დღეისათვის საქართველოს ენერგეტიკის სექტორის გამჭვირვალობის დონე საერთაშორისო და ევროპულ მოთხოვნებს.
Product details
Table of contents
ინფორმაციის და მონაცემების გამჭვირვალობა ენერგეტიკაში 1
ენერგოეფექტურობა შენობებში 41
დირექტივა განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის შესახებ 46
ბუნებრივი გაზის ფასწარმოქმნა საქართველოში და ევროკავშირის ძირითადი მოთხოვნები 53
ევროკავშირის კანონმდებლობის ძირითადი მოთხოვნები ენერგეტიკის რეგულირების სფეროში 63
ენერგეტიკის სექტორის რეგულირება საქართველოში 67
საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების შეფასება MOSES მეთოდიკით 73
ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებიდან ერთი წლის შეფასება 82
ტყე, როგორც ენერგეტიკული რესურსი 93
ენგურჰესი და აფხაზეთის ენერგომოხმარება 103
ენერგეტიკული გაერთიანება და საქართველო 114