A call for participation in Autumn Meeting of Green Academy 2015

Teaser Image Caption
Participants of the Green Academy 2015 in Tkibuli

The South Caucasus Regional Office of the Heinrich Boell Foundation announces a call for participation in the Autumn Meeting in the frameworks of Green Academy 2015! (4-6 December, 2015, Tbilisi)

See information in Georgian>>

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულბიურო აცხადებს კონკურსს მწვანე აკადემიის საშემოდგომო შეხვედრაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის (4-6 დეკემბერი, 2015, თბილისი).

ახალი ინიციატივა, რომელსაც „მწვანე აკადემია“ ჰქვია, პირველი ნაბიჯია, რაც მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიური ტრანსფორმაციის საკითხებზე მსჯელობის ხელშესაწყობად გადადგა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ამა წლის 2-8 აგვისტოს ჰბფ-მ 55 სტუმარს უმასპინძლა წყალტუბოში. სტუმრები მოწვეულები იყვნენ როგორც საქართველოდან, ასევე სომხეთიდან, გერმანიიდან, ხორვატიიდან, ბელგიიდან, ჩეხეთიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან. ახალგაზრდა მწვანე აქტივისტები,  ჟურნალისტები და მეცნიერები 6 დღის განმავლობაში მსჯელობდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და სამოქალაქო აქტივიზმზე, რომელიც გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სოციალური სამართლიანობისა და გენდერული დემოკრატიის საკითხებისკენაა მიმართული. შესაბამისად, „მწვანე აკადემიას“ ორი მნიშვნელოვანი თემატური ჩარჩო ჰქონდა გამოკვეთილი: (1) მწვანე ტრანსფორმაცია და დემოკრატიული კულტურა; (2) გენდერული თანასწორობა მწვანე პოლიტიკისთვის.

ამჯერად, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ამა წლის 4-6 დეკემბერს განზრახული აქვს ზაფხულში აღებული ტემპით განაგრძოს მწვანე აქტივისტებთან და მწვანე პოლიტიკის მკვლევარებთან ერთად მუშაობა და საზაფხულო სკოლაზე გამოკვეთილ თემებს უფრო ჩაუღრმავდეს. კერძოდ, მწვანე აკადემიის საშემოდგომო შეხვედრის სამუშაო ფორმატი მიძღვნილი იქნება (ა) ქალაქის სივრცის გენდერული ასპექტების გააზრებას, (ბ) ურბანული აქტივიზმის დაგეგმვისა და კამპანირების საკითხებს. სამდღიანი შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ქართველ აქტივისტებთან და ექსპერტებთან ერთად საქართველოს მსგავს კონტექსტებს გაეცნონ და მოწვეული ხორვატი და თურქი კოლეგების გამოცდილებები გაიზიარონ.

მართალია, მწვანე აკადემიის საშემოდგომო შეხვედრის ძირითადი სამიზნე აუდიტორია წლევანდელი საზაფხულო სკოლის მონაწილეები არიან, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროს სურვილი აქვს სხვა დაინტერესებული ახალგაზრდებიც მოიწვიოს და ჩართოს. ამჯერად, აღნიშნულ ღონისძიებაზე ფონდს შეუძლია დამატებით 7 მონაწილის მიღება, რომლებიც საკმარისად მოტივირებულები და მოწადინებული იქნებიან მწვანე აკადემიის ნაწილად დარჩნენ შემდგომი წლების განმავლობაშიც.

მსგავსი ინტერესის და სურვილის მქონე 1980-1995 წლებში დაბადებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც საუნივერსიტეტო განათლება აქვთ, ან ჯერ კიდევ უმაღლესი განათლების პროგრამებში მონაწილეობენ, მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში, იციან ინგლისური და/ან რუსული ენა, ინტერესი აქვთ მწვანე პოლიტიკის მიმართ და/ან მონაწილეობენ სამოქალაქო კამპანიებში, ვთხოვთ 2015 წლის 12 ნოემბრამდე (არა უგვიანეს საღამოს 5 საათისა) მოგვაწოდონ თავიანთი სამოტივაციო წერილები და ბიოგრაფიული რეზიუმეები (CV) ფონდის ელექტრონულ მისამართზე info@ge.boell.org.

გთხოვთ, ელექტრონული გზავნილის თემის დასახელებაში მიუთითეთ Green Academy 2015!

გისურვებთ წარმატებებს და იმედი გვაქვს ერთად ვიზრუნებთ საერთო საზოგადოებრივი სიკეთეებისთვის როგორც მწვანე აკადემიის ფარგლებში, ისე მის გარეთ.

ჩარევა სასურველია!