საქართველო მდიდარია სასურსათო ტრადიციებით, ენდემური ჯიშებითა და კულინარიული მემკვიდრეობით, თუმცა ყოველდღიურ საკვებზე ქვეყანა თითქმის სრულად იმპორტზეა დამოკიდებული. ხორბლიდან ბოსტნეულამდე, რძიდან ხორცამდე – რა საფრთხეებს ქმნის ეს დამოკიდებულება სურსათის უვნებლობისთვის, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის? და რეალურად, სად გადის თვითკმარობისკენ მიმავალი გზა დამოუკიდებელ საქართველოში?
სურსათი ამარაგებს ცოცხალ ორგანიზმს საჭირო ცილებით, ნახშირწყლებით, ცხიმებით, ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის გადარჩენისთვის, ზრდისა და განახლებისთვის, ყოველღიური ფუნქციონირებისთვის, ფიქრისა და ფიზიკური აქტივობისთვის.
კარგი ხარისხის სურსათი ეხმარება ადამიანის იმუნურ სისტემას სხვადასხვა სტრესორთან გამკლავებაში და შეიძლება პრევენციულიც კი გახდეს სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების: დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა განვითარების თვალსაზრისით. უვნებელი სურსათი საბაზისო საჭიროებაა ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობისთვის, ასევე, ბევრი ქრონიკული დაავადების თავიდან აცილებისთვის.
ყურძენი, თხილეული, ხორბალი, სიმინდი, ხილი, ბოსტნეული – ქართული სასურსათო სისტემა მდიდარი, მრავალფეროვანი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტებისგან შედგება.
ღირსშესანიშნავი ქართული კერძები – ღომი, მაწონი, გებჟალია, სხვადასხვა კუთხის ხაჭაპურები: მეგრული, იმერული, აჭარული, კუბდარი, ხინკალი, თათარა, ჩურჩხელა და სხვა კულტურული კერძები სტუმრებისა და უცხოელი ტურისტების ყურადღებას იქცევს და სიყვარულს იმსახურებს, რაც ქვეყანას ტურიზმის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდაში ეხმარება.
2025 წლის 10 დეკემბერს UNESCO-მ „ქართული ხორბალი: ტრადიციები და რიტუალები | Georgian Wheat Culture: Traditions and Rituals“ არამატერიალური კულტურული ძეგლების სიაში [Representative List of the Intangible Cultural Heritage of Humanity] ჩასვა.
მიუხედავად ქართული კერძებით ტურისტების მოზიდვის პოტენციალისა, საქართველო თთქმის ყველა სურსათის იმპორტით სხვა ქვეყნებზეა დამოკიდებული. არ არსებობს არცერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომლითაც საქართველო, ეროვნული წარმოებით, თვითკმარი იქნებოდა. სურსათი იმპორტით შემოდის როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე – და უფრო მეტად – არაწევრი ქვეყნებიდან და სხვა კონტინენტებიდანაც, რაც შემოტანილი სურსათის ხარისხსა და უვნებლობას ეჭვის ქვეშ აყენებს.
მცირემიწიანობა ეროვნული თვითკმარობის წინააღმდეგ არგუმენტი არ არის
მემარჯვენე ეკონომისტების ნაწილის აზრით, საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და ის ვერასოდეს იქნება აგრარულად წარმატებული და თვითკმარი. ამის საწინააღმდეგოს ამტკიცებს ნიდერლანდების მაგალითი, რომელიც საქართველოზე უფრო მცირემიწიანია, მაგრამ აგრარული და ჰორტიკულტურის ექსპორტის გლობალურ სამეულში შევიდა. ნიდერლანდების [ჰოლანდია] მიწის საერთო ფართობი 41,850 კვადრატული კილომეტრია, რაც საქართველოსაზე [69,700 კვადრატული კილომეტრი] უფრო პატარაა.
საქართველოს კი ჯერ კიდევ აქვს მოყგვარებელი ტექნიკური საკითხები: მიწის რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურების მიუხედავად, სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი კვლავ დაურეგისტრირებელია, – მიწების ნაწილი ჯერაც სახელმწიფოს საკუთრებაშია და არა ფერმერის. ეს დამატებით ბარიერს ქმნის სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.
რუსეთზე დამოკიდებულება
საქართველო ეროვნულად მოთხოვნადი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტით – ხორბლით, რუსეთზეა დამოკიდებული. საქართველოში წლიურად ხორბლის მოხმარების მაჩვენებელი 600 000 ტონაზე მეტია, საიდანაც ბოლო სამი წლის განმავლობაში 300 000 ტონაზე მეტი ხორბალი რუსეთიდან შემოდის, 2015 წელს – 500 000 ტონას აღემატებოდა.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წელს, 2022-ში, რუსეთიდან ხორბლის იმპორტის რაოდენობა შემცირდა და 174 109.6 ტონა შეადგინა, მაშინ, როცა ბოლო ათწლეულში ეს მაჩვენებელი ყოველთვის 300 000 ტონაზე მეტი იყო. 2022 წლის ხორბლის იმპორტის ჩავარდნა რუსეთიდან საქართველოში მომდევნო წელს გაორმაგდა, ხოლო 2024 წელს წინა წლების ნიშნულს მიუახლოვდა – 300 000 ტონაზე მეტი გახდა. 2025 წლის მონაცემები სრულად დათვლილი ჯერ არაა.
ხორბლის გარდა, საქართველოში რუსეთიდან, სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დიდი რაოდენობით შემოდის სხვა მარცვლოვნებიც – ქერი და შვრია.
უკრაინიდან, რუსეთთან შედარებით, ბოლო ათწლეულში საქართველოში უმნიშვნელო მოცულობის ხორბალი შემოდიოდა. მაგალითად, 2022 წელს 2500 ტონა, ხოლო 2023 წელს – 1484.25 ტონა შემოვიდა. 2024-2025 წლებში უკრაინიდან საქართველოში ხორბალი არ შემოსულა.
ექსპორტის ღირებულება ზრდა
მიმდინარე წლის სექტემბერს რუსეთმა ხორბლის ექსპორტის ღირებულება გაზარდა: 1 ტონაზე თითქმის 656 რუბლი შეადგინა, რაც მანამდე არსებულ ფასთან შედარებით 1,5-ჯერ მეტია. სიმინდზე ექსპორტი 1,9-ჯერ გაიზარდა და ტონაზე 743.1 რუბლი გახდა. მიმდინარე წლის ოქტომბერში რუსული ხორბლისა და ფქვილისგან დამზადებული პურის ნაწილის ფასი საქართველოში გაიზარდა –5-10 თეთრით გაძვირდა.
2020 წელს საქართველოს მთავრობამ ხორბლის იმპორტის სუბსიდირების პროგრამა დაამტკიცა და ამით კიდევ უფრო შეუწყო ხელი ხორბლის იმპორტს და არა ქართული ენდემური სახეობებისა თუ ჯიშების გამოყვანის წახალისებას. ქართული ენდემური ხორბლის მოყვანას საქართველოს მთავრობა აქამდე არცერთი პროგრამით არ დახმარებია.
გიორგი კეპულაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი, ამბობს, რომ სახელმწიფო ზედმეტად არ უნდა ერეოდეს ბიზნესის საქმიანობაში.
„ეს არის ეკონომიკურად გაუმართლებელი. სახელმწიფო რაც ნაკლებ რეგულაციას დაუწესებს, მით უკეთესი. პირიქით, უნდა წაახალისოს: შეამციროს გადასახადები და ბიუროკრატია და ბიზნესისთვის უზრუნველყოს დამოუკიდებელი სასამართლო.
სახელმწიფოს როლს სად ვხედავ? – თაფლის მწარმოებელს თუ უჭირს ევროკავშირის ბაზარზე გასვლა, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს სერტიფიცირებაში, სხვადასხვა წარმოების ხარისხის გაუმჯობესებაში, გააკეთოს ლაბორატორია, სადაც ხარისხი შემოწმდება, მიანიჭოს ის სერტიფიკატი, რომელსაც აღიარებს ევროკავშირი და არა ისე, რომ პირდაპირ ვიღაცას მისცეს ფული, ჩემ მიერ გადახდილი გადასახადებიდან და ისევ მე გამიძვიროს პროდუქტი, საბოლოო ჯამში“.
ამ მოსაზრებას არ ეთანხმება საქართველოში ენდემური ხორბლის და ბიოპროდუქციის მწარმოებლების ნაწილი. მათი თქმით, სანამ მომხმარებელში ცნობიერება არ ამაღლდება და ქართულში ცოტათი მეტს არ გადაიხდის, ადგილობრივი წარმოება წინ ვერ წავა: მათ ისედაც ყამირ მიწაზე და საკუთარი წაგების ხარჯზე უწევთ ენდემური პროდუქციის წარმოება და მომხმარებლამდე მიტანა.
ქართული პროდუქციის სუბსიდირება დროებითი ზომა უნდა იყოს და არა მუდმივი: როცა ამა თუ იმ პროდუქციის მწარმოებელი კომპანია ფეხს მოიკიდებს როგორც ეროვნულ, ასევე საგარეო ბაზრებზე, ის უკვე მოგებაზე უნდა გავიდეს და საკუთარი მუდმივი მყიდველი კლიენტი უნდა გაიჩინოს, სახელმწიფომ კი მისი სუბსიდირება ამ ეტაპისთვის უნდა შეწყვიტოს.
რუსეთის ემბარგო ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, როგორც საქართველოს დასჯის მექანიზმი
2005 წელს რუსეთის ფედერაციამ საქართველო ეკონომიკურ ბლოკადაში მოაქცია. კრემლმა სამიზნედ ეკონომიკის ის სექტორები აარჩია, რომლებიც რუსეთის ბაზარზე ყველაზე მეტად იყო დამოკიდებული – სოფლის მეურნეობის პროდუქტები და მინერალური წყალი.
2005 წლის დეკემბერში, რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალურმა დეპარტამენტმა, მიკრობიოლოგიური სტანდარტების დარღვევის საბაბით, საქართველოდან რუსეთში ცოცხალი მცენარეული წარმოშობის პროდუქტების შეტანა აკრძალა.
ერთ თვეში – 2006 წლის 22 იანვარს, საქართველო ენერგობლოკადაში მოექცა: აფეთქდა მაგისტრალური გაზსადენი, ავარიულად გაითიშა ყველა თბოსადგური, ელექტროსისტემამ დატვირთვას ვერ გაუძლო და საქართველოში, რამდენიმე დღის განმავლობაში, ელექტროენერგია გაითიშა.
2006 წელს, რუსეთის მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტომ საქართველოდან შეტანილი 9000 ბოთლი „ნაბეღლავი“ გაანადგურა, „დაბალი ხარისხის“ მიზეზით. ამ შემთხვევიდან სამი დღის წინ მსგავსი სამიზნე გახდა „ბორჯომიც“.
შვიდწლიანი ემბარგო 2013 წელს დასრულდა. ამჟამად ქართული ღვინის ძირითადი ბაზარი რუსეთია: ქართულმა მასობრივი წარმოების ღვინომ ევროკავშირის ბაზარზე თავი ვერ დაიმკვიდრა. ეს, ნაწილობრივ, მეღვინეების არჩევანიც იყო: მათ შედარებით მარტივი და დიდი ბაზარი აარჩიეს, ევროკავშირის მკაცრად დარეგულირებულთან შედარებით.
„რუსეთი რომ ამჟამად მკაცრ ზომებს არ იღებს საქართველოს წინააღმდეგ, არ ნიშნავს, რომ თუკი მას საქართველოს მთავრობის რამე არ მოეწონება, ასე გააგრძელებს, – ამბობს გიორგი კეპულაძე, „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი, – ეს ქვეყანა ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს პოლიტიკურად. ამ ქვეყანასთან რაც შეიძლება ნაკლები უნდა გვქონდეს ეკონომიკური ურთიერთობა. რაც ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებულები, მით უკეთესია“.
კეპულაძე ფიქრობს, რომ ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირების კუთხით, საქართველოს მცირე არჩევანი აქვს.
„ხორბლის ჩანაცვლების კუთხით, სამწუხაროდ, ბევრი ალტერნატივა არ არსებობს. ეს ქვეყნის სერიოზული გამოწვევაა. ძალიან რთულია დიდმიწიან ქვეყნებს გაუწიო კონკურენცია. ალტერნატივამ შეიძლება პროდუქციის გაძვირება გამოიწვიოს, – ამბობს კეპულაძე, – რუსეთი ჩვენი მეზობელია, ჩვენს შორის ოკეანე არაა და ვერც გავაჩენთ. სახმელეთო საზღვარი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და მასთან გვიწევს სავაჭრო, ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობები“.
უკრაინის ომის შემდეგ
ევროკავშირმა, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთი დასაჯა: ყველა ტიპის პროდუქციის ბაზრები შეუმცირა და ახლა მათი უფრო იაფად გაყიდვა და სხვა ბაზრების ძიება უწევს. ევროკავშირმა რუსული პროდუქციის მიმართ იმპორტის საგადასახადო ტარიფები ასწია, ხოლო 2027 წელს რუსული ენერგეტიკული რესურსების, რომელიც ასევე არაკლიმატმეგობრულია [ნავთობი, გაზი], სრულიად ამოღებას აპირებს.
უკრაინაში ექსპანსიის შემდეგ, 2022 წელს დაწესებულმა ევროპულმა სანქციებმა უარყოფითად იმოქმედა ქვეყნის საექსპორტო გადასახადებით მიღებულ შემოსავალზე: რუსეთის ფედერალური საგადასახადო შემოსავლები 40%-ით დაეცა.
ევროკავშირს რუსულ მარცვლეულ კულტურებზე სანქციები არ დაუწესებია, რადგან მათი ჩანაცვლება რთულია, მაგრამ იმპორტის ტარიფები ასწია, რამაც უფრო გაართულა რუსული მარცვლეული კულტურის ევროკავშირის ბაზარზე გაყიდვა.
ამით სარგებლობენ ქართველი იმპორტიორებიც: რუსეთში პროდუქციის, მათ შორის მარცვლეულის, ყიდვა უფრო იაფია და გეოგრაფიული სიახლოვის გამო, ტრანსპორტირება ნაკლებ დროსა და რესურსებს მოითხოვს.
რძისა და ხორცის მომცემი ცხოველების რაოდენობა საქართველოში – კლების ტენდენცია
ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში იკლებს მსხვილფეხა ცხოველების რაოდენობა. მსხვილფეხა პირუტყვში ნედლი რძის მომცემი [dairy cows and buffalos] პირუტყვის რაოდენობა საერთო რაოდენობაზე თითქმის 50%-ით ნაკლებია. მაგალითად, თუკი 2016 წელს საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის საერთო რაოდენობა 1 472 ათასი სული იყო, 2024 წელს 1 210 ათასი გახდა. აქედან, რძის მომცემი პირუტყვის რაოდენობა 2016 წელს 509 ათასი იყო, ხოლო 2024 წელს – 398 ათასი.
საქართველოში რძის წარმოება 2016-დან 2024 წლებში სტაბილური პლატოს სახითაა და წელიწადში 600 მილიონ ლიტრამდეა. 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, რძის წარმოება 2.3 პროცენტით შემცირდა და 570.7 მილიონი ლიტრი შეადგინა.
2021 წელს, საქართველოში რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი დიდი კომპანია: „შირაქის“ მესაქონლეობის ფერმა დაიხურა.
ფერმის მფლობელმა, ნიკოლოზ ბენიაიძემ, „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ საქონლის საკვებად საჭირო ნივთიერება, შროტი, გაძვირდა. ეს პროდუქტი საქართველოში არ იწარმოება და ფერმერებს სხვადასხვა ქვეყნიდან შემოაქვთ. ნიკოლოზ ბენიაიძე გასულ წელს ერთ კილოგრამ შროტში თუ 1.65 ლარს იხდიდა, 2021 წელს – 2.50-ს. ერთი ძროხის გამოსაკვებად დღეში 20 ლარზე მეტია საჭირო.
„მე რა ფასშიც ვყიდი რძეს, იმით საკვები არ მომდის. მევენახეობა და მეღვინეობა მაქვს, ასევე რძის გადამამუშავებელი საწარმო. მარცვლეული კულტურებიც მაქვს ძალიან დიდ ფართობზე. ამ ყველაფრიდან აღებული ფული, – თითქმის 8 მილიონი ლარი, სრულად მესაქონლეობაში ჩავდე, თუმცა, არსებული პრობლემების გამო, მაინც წაგებაზე ვმუშაობ. დანარჩენი ბიზნესებიც დავაზარალე. ახლა იძულებული ვარ, საქონელი გავყიდო და მხოლოდ 25 სული დავიტოვო, რომელსაც დოტაციაზე დავსვამ. წარმოიდგინეთ, რა რთულია 9 წელი აკეთო საქმე, ფერმა 400 სულამდე გაზარდო და ახლა დავიწყე დახურვა... ფაქტობრივად, ნახევარი უკვე გავყიდე“.
კვერცხი – ერთადერთი პროდუქტი, რითაც ვუახლოვდებით ეროვნულ მოთხოვნას
საქართველოში მეფრინველეობა, სხვა სფეროებთან შედარებით, სტაბილურად ვითარდება. 2024 წელს ფრინველების რაოდენობა 7,9 მილიონი გახდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.4 პროცენტით ზრდა იყო. 2025 წლის მონაცემები ჯერ შეჯამებული არაა.
2016 წლის შემდეგ, ყოველ წელს კვერცხის წარმოება იმატებდა და პიკს 2020 წელს მიაღწია [674.5 მილიონი ცალი]. Covid-19-ის პანდემიის დროს კვერცხის წარმოება ოდნავ შემცირდა, მაგრამ სტაბილურად დაახლოებით იგივე დარჩა 2024 წლამდე [653.4 მილიონი ცალი].
თითქმის თვითკმარობის მიუხედავად, საქართველოში მაინც ხდება კვერცხის იმპორტი, მასზე გაზრდილი მოთხოვნის გამო. კვერცხზე მოთხოვნა განსაკუთრებით აღდგომასა და ახალ წელს იზრდება.
საეჭვოა ქართული კვერცხის უვნებლობა. მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ჩეხურმა ორგანიზაცია „არნიკამ“, რუსთავში მომუშავე სამოქალაქო აქტივიზმის ორგანიზაციასთან „გავიგუდე“ თანამშრომლობით, კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, რუსთავში, ინდუსტრიული წარმოებისა და უწყვეტი დაბინძურების გამო, კვერცხი დიოქსინების დასაშვებზე მაღალ კონცენტრაციას შეიცავს.
იმპორტირებული ბოსტნეულის უსაფრთხოება
ბოსტნეული საქართველოში შემოდის როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: ნიდერლანდები, გერმანია, საფრანგეთი, დანია, ასევე არაწევრი ქვეყნებიდან: რუსეთიდან, ჩინეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან, ეგვიპტიდან, ისრაელიდან, ეთიოპიიდან, ინდოეთიდან.
სხვადასხვა ბოსტნეული საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით თურქეთიდან შემოდის, მათ შორის – კარტოფილი, პომიდორი, კიტრი და სტაფილო.
2022 წლის თებერვალში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის სურსათის უსაფრთხოების სწრაფი რეაგირების [RASFF (European Union Rapid Alert System for Food and Feed)] მექანიზმიდან გამომდინარე, თურქეთიდან იმპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის პესტიციდებით დაბინძურების 53 რეპორტი დაგროვდა. პესტიციდების კონცენტრაცია ხილსა და ბოსტნეულში აღემატებოდა ევროკავშირის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას.
საქართველოში სურსათის ხარისხს სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს. ბოსტნეულისა და ხილის შემოწმებას, მნიშვნელობის მიხედვით, 15 ქულა აქვს მინიჭებული, ყველაზე მაღალ 35-დან. 2024-2025 წლების სურსათის ეროვნული ანგარიშების მიხედვით, შემოწმდა ხილიც და ბოსტნეულიც, თუმცა, შედეგების დეტალური აღწერა ხელმისაწვდომი არ არის.
საქართველოში წარმოებული პროდუქტების ეტიკეტირების წესების დარღვევა
მიმდინარე წლის 4 ნოემბერს სურსათის უვნებლობის სააგენტომ ფარშში ვირის დნმ აღმოაჩინა. ჯანმრთელი და წესების დაცვით დაკლული ვირის ხორცი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არაა, თუმცა, საქართველოში ტრადიციულ საკვებად არ ითვლება და ქართველი მომხმარებელი ფარშში, როგორც წესი, ძროხის, ღორის ან რომელიმე ფრინველის ხორცს ან მათ შერეულ მასას ელოდება.
საქართველო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით სხვადასხვა ქვეყანაზეა დამოკიდებული, მათ შორის, ევროკავშირის არაწევრ და ომში მყოფ ქვეყნებზე – რუსეთზე, უკრაინაზე, ასევე ბელარუსზე. საქართველოში სურსათის სხვადასხვა პროდუქტი შემოდის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, მაგრამ პროპორციულად ბევრად მცირე რაოდენობით, თან უფრო ძვირია და ყოველდღიური საჭიროებისთვის მათი შეძენა მხოლოდ საშუალო ან მაღალშემოსავლიანი მოსახლეობისთვისაა შესაძლებელი.
თვითონ საქართვლოში წარმოებული სურსათის უმეტესობა ძვირია, მცირე წარმოების გამო. ხშირად საქართველოში წარმოებულ პროდუქტებს ბიოეტიკეტირება და HACCP [Hazard Analysis and Critical Control Points] აქვს, მაგრამ მათი წარმომავლობის მიკვლევა რთულია. მაგალითად, ერთ-ერთი კომპანიის წარმოებული პროდუქტი [რომელსაც ISO და HACCP სერტიფიკატის ნიშანი აქვს შეფუთვაზე] ერთ-ერთი სუპერმარკეტის ქსელში მოთავსებული იყო „კარაქის“ განყოფილებაში. შტრიხ-კოდით გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს პროდუქტი არა კარაქი, არამედ მარგარინი იყო.
ბოლო თვეებში ქართული სუპერმარკეტების ქსელში გამოჩნდა მაწონი, რომელიც 4.25 ლარი ღირს და მინის ქილით იყიდება. ეტიკეტის მიხედვით, მას HACCP ხარისხის სტანდარტი აქვს და ერთ-ერთი ქართული კომპანია აწარმოებს. ამ შტრიხ-კოდის დასკანირების შედეგად, ონლაინ არაფერი ჩანს ამ პროდუქტზე – ცარიელია. შტრიხ-კოდმა პროდუქტის წარმომავლობა უნდა აჩვენოს.
100 გრამი ერთ-ერთი ქართული წარმოების ჩაი 23,95 ლარი ღირდა [1 ნოემბრის მონაცემებით]. მისი შტრიხ-კოდის დასკანირების შედეგადაც ონლაინ არაფერი გამოჩნდა. იგივე იყო ერთ-ერთ ყველზეც, რომელიც ქართული წარმოებისაა და ეტიკეტის მიხედვით, HACCP ხარისხის სტანდარტს იცავს.
საეჭვოა საქართველოში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქციის ხარისხიც, – როგორც წესი, ისინი უფრო მასობრივად იყიდება და იმ სურსათზე უფრო იაფია, რომლებიც საქართველოშია წარმოებული და „ბიო“ ეტიკეტით იყიდება.
ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა ირანია. გასულ წელს ირანელმა მეცნიერებმა ჟურნალში Journal of Food Composition and Analysis სტატია გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც, ირანული რძის პროდუქტებში აფლატოქსინ M1-ის არსებობის რისკებია. საქართველოს ირანიდან რძის პროდუქტები 2016 წლიდან შემოაქვს.
შესაძლებლობები
სოფლის მეურნეობის განუვითარებლობის მიზეზი, მიწის აუთვისებლობასთან ერთად, დეცენტრალიზაციის ჩავარდნაა: სამუშაოს ძიებაში, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა თბილისში ცხოვრობს და სასოფლო-სამეურნეო მიწების უმეტესობა ათვისებულიც არ არის: მიწების ნაკვეთები მიტოვებულია, ფრაგმენტირებულია და ფერმერს მათი დამუშავების მოტივაცია არ აქვს, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების, ცოდნის ნაკლებობისა და საინვესტიციოდ საჭირო ფინანსების არარსებობის გამო.
ერთ-ერთი მიზეზია მოსახლეობის პროდუქტიული ნაწილის საქართველოდან გადინება: ემიგრაცია. გიორგი კეპულაძე, „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი, ამბობს, რომ საქართველომ უფრო მეტად უნდა გამოიყენოს ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება [DCFTA].
„ჩვენ არასათანადოდ ვიყენებთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო შეთანხმებას. აქამდე მან ძალიან კარგი როლი ითამაშა, მაგრამ უკეთესი როლი უნდა ეთამაშა, უკეთ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები, – ამბობს კეპულაძე, – ქართველმა ფერმერებმა უნდა იპოვონ ის ნიშა, რაშიც მათ ექნებათ კონკურენტული უპირატესობა, რასაც აწარმოებენ უფრო იაფად და უფრო ხარისხიანად, და ეს მიმართულებები განავითარონ“.