"ალჟირის" პატიმართა პორტრეტები - სტალინიზმის ისტორიიდან

ამ წიგნს გრძელი ისტორია აქვს. წარმოდგენილი მასალა თავადაც ისტორიულია და მის წიგნად გამოცემას კარგა ხანი დასჭირდა. 2002 წლიდან საერთაშორისო საზოგადოება "მემორიალმა" და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა ერთობლივი კვლევითი პროექტი წამოიწყეს - “ქალთა ბედი სტალინის დროს”. ამ დიდი და მნიშვნელოვანი სამუშაოს პირველი ნაბიჯი იყო სამახსოვრო წიგნის “ალჟირის ტყვეების”[1]გამოცემა 2003 წელს. წიგნში შევიდა ბიოგრაფიული ცნობები 7257 ქალის შესახებ, რომლებიც 1937-1946 წლებში „ალჟირის“ (АЛЖИР – Акмолинский Лагерь Жен Изменников Родины) ბანაკში იხდიდნენ სასჯელს. ბანაკი სსრკ შინსახკომის 1937 წლის 3 დეკემბრის ბრძანებით ყაზახეთში, ყარაგანდის მახლობლად, აკმოლინსკში სპეციალურად სამშობლოს მოღალატეთა ცოლებისათვის შეიქმნა. რუსი კოლეგების მიერ გამოცემული წიგნის შესწავლისას საქართველოს სსრ-დან გადასახლებული ქალების რაოდენობა თვალსაჩინო გახდა. ასე გაჩნდა იდეა - გაგვეკეთებინა ცალკე გამოკვლევა საქართველოდან „ალჟირის“ ბანაკში მოხვედრილთა ბედისწერაზე; ჩაწერილიყო ალჟირის პატიმართა შვილების მონათხრობი, თვალყური მიგვედევნებინა, თუ როგორ აისახა გულაგში მოხვედრილი დედების ბედი შვილების ცხოვრებაზე.

გეოგრაფები იტყვიან, რომ ალჟირი აგრარული ქვეყანაა კარგად განვითარებული სამთო მოპოვების მრეწველობითა და ტურიზმით. მართლებიც იქნებიან. მაგრამ იყო კიდევ ერთი „ალჟირი“, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკაში კი არა, ჩრდილოეთ ყაზახეთში მდებარეობს. ამ ალჟირისგან ახლა ბევრი აღარაფერია დარჩენილი: ხეივანი, რომლის გაყოლებით ტუსაღი ქალები ბადრაგის თანხლებით სამუშაოდ დადიოდნენ, მემორიალი სოფელ მალინოვკაში, ხსოვნის კედელი – 7620 ქალის სახელით; და კიდევ - უამრავი საბრალდებო დასკვნა სტანდარტული ფორმულით: „ცხოვრობდა ქმართან ერთად (...) წელი; მისთვის ცნობილი იყო მის მიერ წარმოებული კონტრრევოლუციური საქმიანობის შესახებ, მაგრამ საგამოძიებო ორგანოებს არ შეატყობინა...

მეოცე საუკუნის ბნელი სივრცე

როცა სტალინური ტერორის ეპოქის პირველმა ქრონისტებმა – ვარლამ შალამოვმა, ალექსანდრე სოლჟენიცინმა, ევგენია გინზბურგმა ან ლევ კოპელევმა – გასული საუკუნის 60-იან და 70-იან წლებში საკუთარ მოგონებებს და სხვა გადარჩენილი თვითმხილველების ნაამბობს მოუყარეს თავი, მათ მხოლოდ სახელმწიფო გასაიდუმლოებასთან და ცენზურასთან არ უწევდათ ბრძოლა, ისინი თავდაცვითი ამნეზიის შემთხვევებსაც აწყდებოდნენ; ამნეზია რეპრესიების უამრავი მსხვერპლისა და თვითმხილველისთვის მათივე ტრავმატული გამოცდილებისაგან დამცავ საბურველადიქცა. ზოგიერთი მოკლე პერიოდის გამონაკლისის გარდა, როცა მილიონობით დაღუპულის შესახებ საზოგადოებაში მეხსიერების ანასხლეტი კრთებოდა – 1956 წლისა და განსაკუთრებით 1989წლის შემდეგ – საზარელ ეპოქას ნაწილობრივ ოფიციალური და ნაწილობრივ ნებაყოფლობით არჩეული მივიწყების სუდარა ეფარებოდა. ეს დღემდე გრძელდება.

სიყრუე და სიბრმავე საკუთარი წარსულის მიმართ, რომელსაც, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობაც იზიარებს, ის ძირითადი პრობლემაა, რომელიც საკუთარი ისტორიის შემეცნებას უშლის ხელს. მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლებიდან არქივები ნაწილობრივ მაინც გაიხსნა, მიუხედვად იმისა, რომ ჩამოგლეჯილი რკინის ფარდის აქეთ, და უფრო კი იქით ინტენსიური კველევა-ძიებაც მიმდინარეობს, სტალინური ტერორის ფენომენი მისი მოტივაციით, აღსრულების მეთოდებით, სოციალური და ფსიქოლოგიური შედეგებით კვლავ შეუცნობ სივრცედ რჩება.

წინამდებარე წიგნმაც ამ სიბნელის გარღვევას უნდა შეუწყოს ხელი. თუ ის, რაც ამ კრებულში შეგროვდა, მკითხველს დღემდე უცნობისა და გაუგებარის გაგებაში დაეხმარება, და თანაც საინტერესოდ წაიკითხება, მაშინ მას თავისი ფუნქცია შესრულებული ექნება. ამ გამოცემის მიზანი არ არის ვინმესთვის რაიმეს მითითება, არამედ სუბიექტურად განცდილი ფაქტების მოძიება და შეგროვება, გამოქვეყნება და გააზრებაა. თუ რა მოუვა ამ მოუხერხებელ სიმართლეს კომუნისტური ტერორის შესახებ – ეს უკვე ისტორიული გზის არჩევანის საკითხია: საზოგადოებამ შეიძლება აღიქვას ეს სიმართლე ანდა - უარყოს.

როცა მშობელი ხალხის მტერია

წიგნში საბჭოთა საზოგადოების პორტრეტი ირეკლება: თაობა, რომელიც თავის და მშობლების ბედისწერაზე ჩურჩულით საუბრობდა, ჩრდილიდან გამოდის. ჩურჩულს შეიძლება განსხვავებული საფუძველი ჰქონდეს: საკუთარი თავისა და ახლობლების დაცვა, ანდა პირიქით – სხვისთვის ზიანის მიყენება. ბავშვები, რომლებიც საბჭოთა სისტემაში დაიბადნენ, გაიზარდნენ, ისწავლეს, იმსახურეს, შვილები გაზარდეს – ეს თაობა ათწლეულების განმავლობაში თანამედროვე ოჯახის კულტურას აყალიბებდა.

საბჭოთა ტოტალიტარული სახელმწიფო თავის ქვეშევრდომებს აიძულებდა, შვილებისათვის საკუთარი გამოცდილება, რწმენა და მსოფლმხედველობაც კი დაემალა. სწორედ ეს უნდა იყოს სტალინის სისტემის ყველაზე ხანგრძლივი და მდგრადი შედეგი: ადამიანებს გადაავიწყდათ და არ საუბრობენ უახლოეს წარსულზე. სამაგიეროდ, 70 წლის მანძილზე მათ კარგად დაიმახსოვრეს, თუ როგორ შეიძლება გადაურჩე საბჭოთა სისტემას: იცხოვრო ყოველდღიურობის პარალელურად, ისე, რომ იმის რეფლექსია არ დაგჭირდეს, თუ რა აკეთე.

შიში შლის სოციალურ კავშირებს. ის, ვისაც შიში სტანჯავს და ყოველი დღისაგან საფრთხეს მოელის, ადამიანებისადმი ნდობას კარგავს. ნდობის გარეშე კი საზოგადოება არ არსებობს. სოციალური კავშირების გარეშე ადამიანები ვერ შეძლებენ, გადალახონ ის შიში, რომელიც ამოძრავებთ. ამის მაგივრად, ისინი ცდილობენ, თვალში არავის შეეჩხირონ; მასას შეერწყან და ჩურჩულით ილაპარაკონ. სტალინური საზოგადოება მოჩურჩულეთა საზოგადოება[2] იყო, სადაც ძირითადად მხოლოდ ის ახერხებდა გადარჩენას, ვინც საკუთარი პიროვნების მიჩქმალვას შეძლებდა. სსრკ-ში ადამიანის უფლებათა დარღვევებმა, რამაც აპოგეას 1937-38 წლებში, მასობრივი პოლიტიკური რეპრესიების პერიოდში მიაღწია, იმდენად ყოველდღიური და საყოველთაო ხასიათი მიიღო, რომ ის აღარც აღიქმებოდა რაღაც განსაკუთრებულად და საგანგებოდ. ქალებს, რომლებსაც საბჭოთა ეპოქაში კაცებთან თანაბარი უფლებები მიენიჭათ, `პატივი ერგოთ~ გაეზიარებინათ მათი ხვედრიც - ყოფილიყვნენ რეპრესირებულნი და საზოგადოებისგან იზოლირებულნი. მათ ბრალდების იგივე მუხლები მიესადაგებოდათ, რაც მამაკაცებს. მაგრამ იყო სისხლის სამართლის კოდექსის ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც, თითქმის უგამონაკლისოდ, ქალები ისჯებოდნენ. „სმოწ“[3]-ებს - სამშობლოს მოღალატეთა ოჯახის წევრებს. თუმცა თვითონ არავითარი დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი, ქალებს სასჯელი მხოლოდ იმიტომ უნდა მოეხადათ, რომ იყვნენ იმათი დედები, ცოლები, დები და ქალიშვილები, ვინც ბრალდებული იყო სამშობლოს ღალატში. ამ ქალებისათვის შეიქმნა სპეციალური ბანაკები და ამის ანალოგი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მოიპოვება.

საბჭოთა რეპრესიული პოლიტიკის განსაკუთრებულობა მდგომარეობდა იმაში, რომ ის მიმართული იყო არა იმდენად გამოკვეთილი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ (ასეთები უმცირეს ნაწილს შეადგენდნენ მილიონობით მსხვერპლთა შორის), არამედ უფრო გამოგონილი მტრების წინააღმდეგ. რეპრესიას განიცდიდნენ არა მხოლოდ რაიმე სიტყვებისათვის ან ქმედებისათვის, არამედ ამა თუ იმ ჯგუფისადმი კუთვნილებისათვის, რომელსაც ხელისუფლება მოცემულ მომენტში მტრულად აცხადებდა. მსხვერპლად შეიძლება ქცეულიყო ნებისმიერი, მიუხედავად წარმომავლობისა და სოციალური კუთვნილებისა, ასაკისა და სქესისა.

სსრკ-ს მოქალაქეების ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის ისტორიის ზეპირი ისტორიის მეთოდით შესწავლას ემსახურება ეს კრებული. თავად ზეპირი ისტორიის ცნება საკმაოდ სადავოა, რადგან იგულისხმება, რომ ისტორია მხოლოდ ზეპირი მასალების საფუძველზე იწერება და ყველა სხვა წყაროს გამორიცხავს. შესაბამისად, უკეთესი იქნებოდა „ზეპირ წყაროებზე“ საუბარი. ამ ტერმინით იგულისხმება ისტორიული კვლევის ისეთი ტიპი, რომელშიც ზეპირ წყაროებს ენიჭება მნიშვნელოვანი, თუმცა არა განსაკუთრებული როლი. ზეპირი ისტორია ვრცელის მცირეში ასახვის საშუალებას იძლევა. მკითხველმა უნდა გაითვალისწინოს მისი სპეციფიკაც: მრავალი სუბიექტური ფილტრი, რომელსაც ამბავი გადის მთხრობელის, ინტერვიუერის, რედაქტორის, კორექტორის გავლით... მიუხედავად ამისა, სწორედ ასეთ მასალას, რომელშიც ასახულია დამახინჯებული ბიოგრაფიები და მივიწყების ფერფლმიყრილი ტრავმული გამოცდილება, საჯარო ცნობიერებაში შემოაქვს ის ძალადობა, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში განიცდიდნენ საბჭოთა მოქალაქეები.

* * *

წიგნი ერთის შეხედვით ეკლექტური გამოვიდა: მის ძირითად ბირთვს შეადგენს ალჟირის ტყვე ქალთა შვილების ნაამბობი. ეს სრულიად განსაკუთრებული ისტორიებია, სადაც ერთიანდება ორი მეხსიერება - თვით პატიმართა მეხსიერება, ნაწილობრივად შემონახული მათი მონაყოლის, წერილებისა და დოკუმენტების სახით და ის, რაც ახსოვთ მათ ქალიშვილებსა და ვაჟიშვილებს.

ნაამბობს ავსებს ზოგიერთი რესპონდენტის მიერ შევსებული საინფორმაციო ანკეტა მშობლებისა და მათი ბედის შესახებ. აგრეთვე ილუსტრაციები საოჯახო არქივებიდან, რომელთა ვიზუალური ხარისხი მათი სიძველის გამო ხშირად ნაკლებად დამაკმაყოფილებელია; თუმცა, ჩავთვალეთ, რომ მიუხედავად ამ ხინჯისა, საოჯახო მეხსიერების ზეპირი ისტორიების დასურათებისათვის მნიშვნელოვანია წლების წინ გადაღებული ფოტოებისა და გაცემული საბუთების წარმოდგენა. ინტერვიუებს დავურთეთ პირთა ისტორიული საძიებელი და განმარტებების აპარატი, რომელიც შეადგინეს ლევან გიგინეიშვილმა, ლადო ვარდოსანიძემ და ამ სტრიქონების ავტორმა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ისტორიულტოპოგრაფიული რუკა, რომელიც კომენტარების კითხვისას წარმოგვიდგება და რომელიც თავის მხრივ, დედაქალაქის განვითარების ისტორიაცაა. თუ მას კარგად ჩავუკვირდებით, აღმოვაჩენთ ტერორის ტოპოგრაფიასაც, საბჭოთა ურბანისტული განაშენიანების სურათსაც, და დროში და სივრცეში გაჭიმულ სევდიან მიგრაციულ პროცესსაც.

ჩაწერილ ზეპირ ისტორიებს განზოგადებისთვის და სტალინური ცივილიზაციის უკეთ წარმოსადგენად წინ წავუმძღვარეთ ორი გამოკვლევა: „აკმოლინსკის ბანაკი სამშობლოს მოღალატეთა ცოლებისათვის („ალჟირი“): ისტორიული ცნობა“ (არსენი როგინსკი, ალექსანდრ დანიელი) და „საქართველო – „ალჟირი“– „საქართველო: ერთი ეპიზოდი 1936-38 წლების სტალინური რეპრესიებიდან“ (ლევან გიგინეიშვილი).

დიდი მადლობა ფსიქოლოგ მარიამ სეხნიაშვილსა და ისტორიკოს მაკა ლევიცკის, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის 2004 წლის სტიპენდიანტებს, რომლებმაც 2005 წელს ითავეს აკმოლინსკის ბანაკის ტყვე ქალების შვილების მოძიება, მათთან კონტაქტის დამყარება და ინტერვიუების ჩაწერა. მათი შრომის შედეგია აქ გამოქვეყნებული 18 ინტერვიუ. ასევე ვემადლიერებით საერთაშორისო ისტორიულ-საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და სამართალდამცველი საზოგადოება „მემორიალის“ (მოსკოვი) თანამშრომლებს ალიონა კოზლოვასა და ირინა ოსტროვსკაიას და „საქართველოში საბჭოური პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება „მემორიალს“(თბილისი) ინფორმაციის მოძიებაში გაწეული დახმარებისათვის.

გვსურს გულითადი მადლობა ვუთხრათ „ალჟირის“ ყოფილ პატიმართა ყველა შვილს, რომელიც დათანხმდა, ეამბნა ჩვენთვის თავისი ცხოვრების უმძიმეს პერიოდზე. მათ მოუხდათ მშობლების დაპატიმრების, მათთან განშორების, დაუცველობის საშინელი წლების გადატანა. ეს არ იყო იოლი მოგონებები. მით უფრო დიდია ჩვენი მადლიერება და პატივისცემა მათდამი.

ნინო ლეჟავა

თბილისი, 21 დეკემბერი 2008

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი

 

[1] Узницы «АЛЖИРа»: Список Женщин – заключенных Акмолинского и других отделении Карлага. Москва: «Звенья» 2003.

[2] Orlando Figes, The Whisperers: Private Life in Stalin’s Russia, Allen Lane 2007.

[3] ЧСИР - Член семьи изменника родины.

Product details
Date of Publication
2008
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
Number of Pages
340
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული
ISBN / DOI
978-9941-9009-4-5