სამხრეთ კავკასია: ახალი იდენტობის ძიებაში

Image removed.სასტიპენდიო პროგრამის რეგიონალური ხასიათი საშუალებას იძლევა, მივიღოთ ცოდნა და ინფორმაცია ამ ქვეყნებში, განსაკუთრებით აზერბაიჯანში, მიმდინარე მოვლენების შესახებ; გვეძლევა ერთობლივი პროექტების [განხორციელების] შესაძლებლობები, ხდება იმის გააზრება, რომ ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო - პრობლემებიც და მათი გადაჭრის გზებიც, და ხშირად ჩვენ უფრო ”ერთ ნავში” ვსხედვართ, ვიდრე სხვადასხვაში. სათენიკ მკრტჩიანი, ერევანი

... [სასტიპენდიო პროგრამის რეგიონალური ხასიათი არის] საუკეთესო შანსი, გააღრმავო და გააუმჯობესო აკადემიური უნარები ადგილობრივი ქსელის ფარგლებში. თამთა მელაშვილი, თბილისი

...ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო ნახევარდღიანი ექსკურსია აბასთუმანში. არქიტექტურული და მხატვრული თვალსაზრისით საინტერესო ეკლესიის გარდა იქ ვეწვიეთ ძველ ობსერვატორიას და უძველეს თერმულ აბანოებს, მოვაწყეთ პიკნიკი.
ადამიანები უკეთესად იცნობენ ერთმანეთს, როდესაც ყველა ერთად მიქრის ძველი ავტობუსით მთის გზებზე! ამგვარად, მე შესაძლებლობა მომეცა  დავმტკბარიყავი საქართველოს ულამაზესი ბუნებით და უკეთესად  მენახა ეს  ქვეყანა. ვალერიო ტრაბანდტი, ჰანოვერი

2009 წლის 25-31 ივლისს დაბა ბაკურიანში ჩატარდა მორიგი - მე-6 საზაფხულო სკოლა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.  საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიიღეს ფონდის მიმდინარე წლის და ყოფილმა სტიპენდიატებმა რეგიონიდან, აგრეთვე ფონდის სტიპენდიატებმა გერმანიიდან.

2009 წლის საზაფხულო სკოლის თემა იყო ”სამხრეთ კავკასია: ახალი იდენტობის ძიებაში”. 5 დღის განმავლობაში ახალგაზრდა მკვლევარებს აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან შესაძლებლობა ჰქონდთ, კოლეგებისათვის განსახილველად წარედგინათ თავიანთი კვლევების შუალედური შედეგები (მაგ.: სათენიკ მკრტჩიანიეროვნული სახელმწიფოების კონცეფცია და აღქმა: საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა ხედვა სომხეთისა და საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებში; თამთა მელაშვილი ქალთა მიგრაციის მოტივაციის სოციალური და კულტურული კონსტრუირება; შორენა გაბუნია  ჰომოსექსუალობა თბილისის ქალაქურ კულტურაში).

საზაფხულო სკოლის ცალკე კომპონენტს შეადგენდა ლექციები, სემინარები და ვორქშოფები, რომლებმაც მონაწილეებს დამატებითი ცოდნა და უნარები შესძინეს აკადემიური წერის, კვლევის სტრუქტურირების, თვისობრივი სოციოლოგიური კვლევის მეთოდების, პრეზენტაციის ჩატარებისა და პროექტების დაგეგმვის შესახებ.

ფონდის ექსპერტების მიერ წაკითხულმა მოხსენებებმა (ქართული საზოგადოების განვითარების ტენდენციები: ნოუთბუქსა და ჯვარს შორის/ გიორგი ნიჟარაძე; სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკური დინამიკის კონტექსტში/ მალხაზ სალდაძე; დემოკრატიზაციის და საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების პარადოქსები: ორი პროცესის ურთიერთმიმართების შესახებ/ ოლესია კირჩიკი) საზაფხულო სკოლის მსენელების აქტიური ინტერესი და თემატური დისკუსიები გამოიწვია.

აკადემიური საკითხების შესახებ ცოდნის გაზიარების გარდა საზაფხულო სკოლამ კიდევ ერთხელ შესაძლებლობა მისცა ახალგაზრდა სოციოლოგებს, ანტროპოლოგებს, პოლიტოლოგებს, ურბანისტებსა და ფსიქოლოგებს, უშუალოდ მიეღოთ ინფორმაცია მათ ქვეყნებში მიმდინარე საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესების შესახებ; გაემყარებინათ პროგრამის დასაწყისში ჩამოყალიბებული ქსელები. ეს ღონისძიება ტრადიციულად საინფორმაციო არაფორმალური პლატფორმის ფუნქციასაც ასრულებს აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი მკვლევარებისა და მათი გერმანელი კოლეგებისათვის.

2009 წლის პროგრამის ფარგლებში ოქტომბრის თვეში იგეგმება კიდევ ერთი - საშემოდგომო სკოლის ჩატარება - დუისბურგის უნივერსიტეტსა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურთან თანამშრომლობის ფარგლებში. 2010 წლის დასაწყისში სტიპენდიატები დასკვნით კონფერენციაზე წარადგენენ საკუთარი კვლევების საბოლოო შედეგებს და ჩაერთვებიან ფონდის ალუმნების ქსელში.

საზაფხულო სკოლა წარმოადგენს ფონდის მიერ 2004 წლიდან განხორციელებული რეგიონალური სასტიპენდიო პროგრამის ერთ-ერთ კომპონენტს. პროგრამის კონცეფციით ფონდის სტიპენდიატებისათვის გათვალისწინებულია ინტენსიური აკადემიური კურატორობა, რეგულარული რეგიონული შეხვედრები და პუბლიკაციები.