პიროვნების კულტის გააზრება: სტალინის მითის დეკონსტრუქციისთვის

ბათუმი, 19 აპრილი, 2013

„ქართველობისთვის სტალინი, ეროვნული ხატი უფროა, ვიდრე პოლიტიკური მოდელი“-ასე შეაფასა კვლევის შედეგები სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა. სოციოლოგიური გამოკითხვა, რომელიც სტალინის მიმართ დამოკიდებულებას რუსეთში და სამხრეთ კავკასიაში იკვლევდა, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა და 3500 რესპოდენტი გამოიკითხა. ამ გამოკითხვის შედეგებით საქართველოში სტალინისადმი დამოკიდებულებაში დომინირებს პატივისცემა, მაგრამ ამავე დროს, კითხვაზე გსურთ თუ არა იცხოვროთ ქვეყანაში, რომელსაც სტალინის მსგავსი ადამიანი მართავს, საქართველოში გამკითხულთა 63% ამბობს „არას“. დისკუსიის ერთერთი მომხსენებლის ლაშა ბაქრაძის მოსაზრებითაც, „სტალინი ქართველებისთვის, როგორც ჩანს, ძლიერ პიროვნებად დარჩა, რომელიც შიშის ზარს სცემდა მსოფლიოს და რომელიც დღემდე ყველაზე ცნობილი ქართველია. ის ლოკალური პატრიოტიზმისა და ხალხური თაყვანისცემის საგნად იქცა“.  ლაშა ბაქრაძე, სტალინის მიმართ დადებით განწყობას მისი ქართული წარმომავლობით ხსნის, ხოლო ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი პარადოქსულს უწოდებს სოციოლოგიური კვლევის შედეგებსაც და ქართველი ხალხის დამოკიდებულებასაც სტალინის მიმართ. ვინაიდან, კვლევამაც აჩვენა, რომ სტალინის კულტის მიმართ საზოგადოების შეფასება გაორებულია. სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს მიაჩნია, რომ სტალინისადმი რეალური დამოკიდებულების კვლევისას ერთი კითხვა საკმარისი არ არის. სხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ რუსეთში, იქ გულგრილები არიან სტალინის მიმართ, ხოლო  აზერბაიჯანში ყველაზე ხშირი პასუხი იყო - „არ ვიცი ვინ არის სტალინი“. მომხსენებლებმა  აზერბაიჯანში გამოკვეთილი ტენდეცია სტალინიზმის ეპოქისგან დაშორებით ახსნეს. მომხსენებელთა მოსაზრებით, სტალინის მიმართ სიმპატია დროთა განმავლობაში საქართველოშიც შესუსტდება. უფრო კონკრეტულად, რა არის საჭირო იმისათვის, რომ სტალინის მითის დეკონსტრუქცია მოხდეს, მომხსენებელ ნინო ჩხეტიას აზრით, ამისათვის საჭიროა საზოგადოების განათლების დონის ამაღლება და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ხელისუფლება საქართველოში არაფერს აკეთებს დესტალინიზაციის პროცესის დასაწყებად.