კანონი, სამართლიანობა და თანასწორობა ჰომოფობიის წინააღმდეგ

Teaser Image Caption
დისკუსიის მომხსენებლები თათა ცოფურაშვილი და ვახუშტი მენაბდე.

ბათუმი, 24 მაისი, 2013

არის თუ არა სახელმწიფო უუნარო რელეგიური ექსტრემიზმის პირისპირ? ჩამოუყალიბდა თუ არა საზოგადოებას მტრის ხატი სექსუალური უმცირესობების მიმართ17 მაისის შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად? ამ შეკითხვებზე პასუხს 24 მაისს ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე „კანონი, სამართლიანობა და თანასწორობა ჰომოფობიის წინააღმდეგ“ შეკრებილი ადამიანები ელოდნენ.  

ითქვა, რომ 17 მაისის აქციაზე ძალადობა წახალისებული და მხარდაჭერილი იყო რიგი სასულიერო პირების მიერ. ფილოსოფოს თათა ცოფურიშვილის თქმით, ძალადობას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ის რომ, ჩვენ  ვერანაირი პარამეტრით, იგულისხმება ჩვენი მენტალური მდგომარეობა, ვერ გამოვედით საბჭოთა კავშირიდან. ჩვენ ისევ გვაქვს ტოტალური ერთნაირობის, ერთგვაროვნების მოთხოვნილება. თათა ცოფურიშვილის თქმით, სოციალურ თეორიებში აღიარებულია, რომ დაბალი ინტელექტისა და დაბალი მორალური სტანდარტების მქონე ადამიანები უფრო მარტივად ერთიანდებიან „მტრის ხატის“ წინააღმდეგ, როგორებადაც ამ შემთხვევაში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები იყვნენ აღქმულნი.

მაგრამ, რატომ არ ხერხდება დისკუსია, მსჯელობა ამ თემაზე თუნდაც მედიით და რა დააკლო ამ თემას თავად მედიამ, რომ საქმე ძალადობამდე არ მისულიყო. გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორის ეთერ თურაძის თქმით, 17 მაისსაც კი ინფორმაცია თითქმის ყველა ნაციონალური არხის მეშვეობით ცალმხრივად გადაიცემოდა და ნაკლებად იყო წარმოჩენილი ის პირები, რომლებსაც დაგეგმილი ჰქონდათ 17 მაისს გამოხმაურებოდნენ ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს. იმ დღეს ძალადობის პროპაგანდა მიდიოდა ეთერში და არანაირი  ბალანსი ამ ინფორმაციის ნაკადში არ იყო.

„სექსუალური უმცირესობების განხილვა როგორც ავადმყოფების, ცალსახად შეცდომაა, ქვეყნის მთავარი კანონი კონსტიტუციაა, რომელიც გვავალდებულებს, რომ ყველას უფლება იქნას დაცული“-აღნიშნა ასლან ჭანიძემ, თავისუფალ სახლის ხელმძღვანელმა.

ადამიანის უფლებების განათლებისა და მონიტორინგის ცენტრის პროგრამის ხელმძღვანელის ვახუშტი მენაბდის თქმით, კანონი, თანასწორობა და სამართლიანობა მოითხოვს იმ ადამიანების დისციპლინარულ პასუხიმგებლობას, რომლებმაც დაგეგმეს, რომ 17 მაისის ღონისძიება ჩაეგდოთ. მათ შორის არიან სასულიერო პირებიც.“

მომხსენებელთა ამ პათოსს დისკუსიის რამდენიმე დამსწრე არ ეთანხმებოდა, ისინი ფიქრობენ, რომ ჰომოსექსუალობა საზოგადოებრივი პრობლემაა და მისი „პროპაგანდა“ არ შეიძლება.