ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი თბილისის წიგნის ფესტივალზე

წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა ფართო აუდიტორიას პირველად წარუდგინა თავისი გამოცემები თბილისის წიგნის XV საერთაშორისო ფესტივალზე. 2013 წლის 23-26 მაისს თბილისის წიგნის XV საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია გახლდათ და მასში 70-მდე წიგნის გამომცემელმა, მაღაზიამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის არაკომერციული სტატუსიდან გამომდინარე, ფესტივალზე წარმოდგენილი პროდუქცია ჩვენ სტენდზე არ იყიდებოდა და მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს ატარებდა. ჩვენი თითოეული პუბლიკაცია ამა თუ იმ კონკრეტული პროექტის შედეგების და მასალების საბოლოო პროდუქტს წარმოადგენს. შესაბამისად, ფონდის სტენდის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიეღოთ საჯარო დებატების, გენდერული თანასწორობის პროგრამის, საბჭოთა წარსულის გააზრების პროექტისა თუ სასტიპენდიო პროგრამის შესახებ.

ფესტივალში მონაწილეობის შედეგად, ფონდმა არაერთი ახალი მეგობარი გაიჩინა. ფონდის წიგნებით დაინტერესდნენ სხვადასხვა ბიბლიოთეკები, მაღაზიები და ელექტრონული გამომცემლობები.