ევროპასთან დაახლოება მითებს მიღმა - საჯარო დისკუსია ქუთაისში

უკვე ათწლეულზე მეტია, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი და ხელისუფლებები ევროპულ ოჯახში გაერთიანებაზე დიდ იმედებს ამყარებენ. სამოქმედო გეგმაც იხვეწება და მიზნებიც უფრო ცხადი და მკაფიო ხდება. ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობას აუწყა, რომ ახლა „ხელების დაკაპიწების დროა“ და სრულ ევროინტეგრაციამდე, გარკვეული ვალდებულებებია შესასრულებელი. თან უნდა შესრულდეს ზედმიწევნით, ურყევად და კომპეტენტურად. პირველ რიგში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება იყო საჭირო და 18 ივლისს საქართველოს პარლამენტმა, ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ხმამაღალ ტაშს, ახლა უკვე შეგნებული პასუხისმგებლობის გააზრება უნდა მოჰყვეს. საგარეო საქმეთა მისნისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი პუნქტების 80%-ის შესრულება შემოდგომიდან უნდა დაიწყოს.

თუმცა, ვიდრე პარლამენტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას მოახდენდა, ქუთაისში გაიმართა მსჯელობა თემაზე  „ევროპასთან დაახლოება მითებს მიღმა“. მომხსენებლები იყვნენ: დავით გეგეჭკორი (ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი), ნინო თვალთვაძე („ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი) და ივანე ჩხიკვაძე (ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროპასთან ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი). 

ჩვენ, ქართველები, ზოგადად მითების ერი ვართ და სინამდვილეს უფრო ძნელად ვიჯერებთ ვიდრე გამოგონილს, მითს, ზღაპარს. ამ შემთხვევაშიც ევროპასთად დაახლოება, და მით უფრო წევრობა, ქართულ  სახელმწიფოში მცხოვრები მოსახლეობის თითქმის 25%-სთვის იმ მითის ნაწილია, რომლის მიხედვითაც ჩვენ, ქართველებს, „ქართველობას წაგვართმევენ“, „ენას გაგვიყიდიან“, „იდენტობას მოგვისპობენ“ და „ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მოგვთხოვენ“. ეს მითები უფრო ძლიერდება მართლმადიდებელი „ძლევამოსილი“ მამაოების (გარკვეული ჯგუფის) მხრიდან, რადგან სწორედ ისინი ქადაგებენ ევროპულ საშინელებებს. ამის შესახებ ისაუბრა ივანე ჩხიკვაძემ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ საქართველო განვითარების ახალ ეტაპზე და გზაზე დადგა, ამისთვის ყოველი ჩვენგანის დიდი შრომაა საჭირო. „ჩვენ აქამდე ვიყავით ევრორომანტიზმში, საქართველოში ევროინტეგრაციის იდეამ 28% ლეგიტიმაცია მიიღო, ეს იყო იმის შედეგი, რომ მასებს ამის თემაზე არ მიეწოდებოდა ინფორმაცია, ჩვენ რეალურად უნდა განვსაზღვროთ, რას ითხოვს ჩვენგან ევროპა და რა გვინდა ჩვენ მისგან“. რეგულაციები, რომელიც საქართველომ უნდა მიიღოს აღწერილია სამართლებრივ დოკუმერნტში, რომელზეც ჩვენმა ხელისუფლებამ მოაწერა ხელი და იგი შეიცავს 324 რეგულაციას.

ცხადია, ყველა რეგულაციასა და პუნქტზე მსჯელობა საჯარო დებატების დროს ვერ მოხდებოდა, ამიტომ დავით გეგეჭკორმა, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენს, აღნიშნა, რომ ვიდრე საქართველო არ მოაწერდა ხელს ასოცირების ხელშეკრულებას, მას არ ქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო ისეთ გაცვლით საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამებში როგორიცაა „სოკრატე,“ „მარი კიური“, „ლეონარდო“, გამონაკლისი დაიშვა 2009 წელს, როცა საქართველოს უფლება მისცეს მონაწილეობა მიეღო „ერაზმუსის“ პროგრამებში.  აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს ამ დროისთვის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობაზე ხელი მოწერილი აქვს  40-მდე წამყვან ევროპულ უნივერსიტეტთან. „მანამდე იყო ასე: თუ სტუდენტი მიდიოდა რომელიმე ევროპულ უნივერსიტეტში, მას უნდა აეღო აკადემიური [შვებულება], ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ კი, სტუდენტს აღარ გაუცდება არცერთი წელი და ევროპულ უნივერსიტეტში გავლილი კურსი, რამდენწლიანიც არ უნდა იყოს იგი, ჩაეთვლება სრულ კურსად. ამას რა თქმა უნდა ძალიან დადებითი ეფექტი აქვს, ჯერ ერთი, სტუდენტები სრულფასოვნად შეისწავლიან საგანს და შესაძლოა შემდგომი განათლების დაგაგმვაც,“ - აღნიშნა დავით გეგეჭკორმა. გაცვლითი პროგრამები ეხება არა მარტო სტუდენტებს, არამედ ლექტორ-მასწავლებლებსაც. უფრო ფართო განათლების მიღება კი მეტ შესაძლებლობებს იძლევა.

ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება ასევე იძლევა ვიზების ლიბერალიზაციისა და ევროპული ბაზრის გახსნის შესაძლებლობებს, რაზე მუშაობაც უკვე დაწყებულია. საკითხის სამართლებრივ ჭრილზე ისაუბრა იურისტმა ნინო თვალთვაძემ, რომელიც  „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო - საქართველოს“ წარმოადგენს. მან აღნიშნა, რომ „ასოცირების ხელშეკრულება არის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც საქართველო და ევროპის ქვეყნები დებენ ხელშეკრულებას ერთმანეთთან შეთანხმებულ პუნქტებზე, რომელიც ასახულია ამ ხელშეკრულებაში, და თანხმდებიან, რომ ამას განახორციელებენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს შეეძლება თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან და ევროპას - საქართველოში. ეს უკვე დიდ შესაძლებლობებსა და ეკონომიკურ კეთილდღეობას გულისხმობს. თუმცა, ამ პუნქტში დაცული უნდა იყოს ყველა ის დებულება, რასაც თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა ითვალისწინებს,“ - აღნიშნა ნინო თვალთვაძემ.

დისკუსიის მსვლელობისას საკუთარი მოსაზრებები გამოხატეს სტუდენტებმა, არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომელთა აზრით, ევროპასთან დაახლოება საქართველოსთვის არის ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი და ხსნის სამომავლო პერსპექტივებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ყველა სფეროსა და დონეზე უნდა აისახოს.