ენერგოტრანზიტის და უსაფრთხოების ასიმეტრია სამხრეთ კავკასიაში: გზა რუსეთსა და ევროკავშირს შორის

უკანასკნელ წლებში სამხრეთ კავკასიის ენერგომატარებლების სატრანზიტო დერეფანი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს  ევროპის კავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების სისტემის ფორმირებაში,  იწყება  აზერბაიჯანის კასპიის ნავთობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მომარაგება საზღვაო და სახმელეთო ინფრასტრუქტრის გამოყენებით, იგეგმება ახალი გაზსადენების მშენებლობა და იწყება მათი ექსპულატაცია. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო პოტენციალის უსაფრთხოების და მდგრადობის საკითხი, რომელიც ევროკავშირთან, როგორც კასპიის ენერგორესურსების ძირითად მომხმარებელთან, აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე შეიძლება იყოს უზრუნევლყოფილი.

ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ევროკავშირი  სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთებას სთავაზობს   და თანამედროვე და კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული სექტორის ჩამოყალიბების მიზნით მხარდაჭერას ჰპირდება.   მოსალოდნელია, რომ ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთება მნიშნელოვნად გააღრმავებს ევროკავშირის ეკონომიკურ თანამშრომლობას  სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში, რაც ნიშნავს ენერგეტიკული სისტემების ურთიერთდაახლოებას,  ევროპის ქვეყნებიდან ინვესტივიების მოზიდვას, ენერგიის წარმოებასა და ქსელების განვითარებაში ხელშეწყობას, მათი მდგრადობის, ასევე უსაფრთხო ექსპულატაციის უზრუნველყოფას.

თავის მხრივ, არავისთვის დასამალი არაა, რომ  კასპიის ენერგორესურსების სატრანზიტო პოტენციალი გამოწვევების წინაშე დგას. მისი სტაბილურობისათვის და შემდგომი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრაა საჭირო, როგორც ამ ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ასევე დემოკრატიის და სტაბილური განვითარების კუთხით. სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო ქვეყნებისათვის ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება არსებულ გამოწვევებზე რეაგირებისათვისაც, რადგანაც ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანება ხელს შეუწყობს  დემოკრატიზაციის პროცესს, თანამშორმლობის გაღრმავებას დერეფნის სხვა მონაწილე მხარეებთან, ენერგეტიკული ბაზრის საერთო ევროპულ ნორმებისა და სტანდარტების გაზიარებას , რაც გაზრდის მხარეებს შორის ნდობას და თანამშორმლობას და დაიცავს მათ  ეროვნულ ინტერესებს რეგიონში მოქმედი სხვა ძლიერი ქვეყნის მონოპოლური ინტერესებისაგან. 

ჩამოტვირთვა: ენერგოტრანზიტის და უსაფრთხოების ასიმეტრია სამხრეთ კავკასიაში: გზა რუსეთსა და ევროკავშირს შორის