მყიფე წონასწორობა. თურქეთი, საქართველო და დე ფაქტო სახელმწიფო აფხაზეთი

თურქეთმა გასული 25 წლის განმავლობაში თავისი აღმოსავლეთით მდებარე მეზობელ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან კონფლიქტებითა და თანამშრომლობით განმსჭვალული ურთიერთობები დაამყარა. ყურადღების ცენტრში ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები დგას, თუმცა ამ რეგიონში ოსმალეთის იმპერიის ბატონობის ისტორიაც დიდ როლს თამაშობს. ანკარას მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს საქართველოსთან, თუმცა, თბილისს განდგომილ აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფოსთანაც აქვს არაფორმალური კავშირები. აფხაზეთთან საზოგადოებრივ ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს თურქეთის აფხაზური დიასპორა თამაშობს. თუმცა, თურქეთის ამგვარ მოქმედებას დამაბალანსებელი მნიშვნელობა აქვს. ანკარა თბილისთან ერთად რუსეთსაც უწევს ანგარიშს. ეს ფაქტი ჩრდილს აყენებს თურქეთის შუამავლის როლს ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში.

ბოლო 25 წლის განმავლობაში თურქეთი  სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარე მოთამაშედ იქცა. თუმცა, საერთაშორისო ყურადღება მიმართულია, უპირველეს ყოვლისა, რუსეთზე, - რომელსაც, საბჭოთა კავშირის დაშლიდან ორი ათწლეულის შემდეგაც კი ამ რეგიონში ყველაზე დიდი გავლენა აქვს, - აშშ-სა და ევროკავშირისკენ. თურქეთი კი მხოლოდ სომხების მიმართ განხორციელებული გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებული კონფლიქტისა და აზერბაიჯანთან მჭიდრო ენერგოპოლიტიკური თანამშრომლობის გამო თუ იქცევს ყურადღებას. თუმცა თურქეთმა პოლიტიკური, ეკონომიკური და (სამოქალაქო) საზოგადოებრივი ურთიერთობები საქართველოსთანაც დაამყარა. ამასთან, ურთიერთობის გაცვლა-გამოცვლა საქართველოსგან გამოყოფილი აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფოსთანაც არსებობს. მართალია ანკარა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, მაგრამ მკაცრად არ ზღუდავს თურქეთის აფხაზურ დიასპორასა და აფხაზეთს შორის მჭიდრო ურთიერთობებსა, აგრეთვე, თურქეთის ადგილობრივი მნიშვნელობის პოლიტიკოსებისა და პარლამენტარების ნახევრად ოფიციალურ კავშირებს განდგომილი ტერიტორიის ოფიციალურ წარმომადგენლებთან. ასეთი ფაქტები თბილისის წყრომას იწვევს.

თურქეთსა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური და საზოგადოებრივი კავშირები ჯერ კიდევ 1990-იან წლებში ჩამოყალიბდა. ხოლო 2000-იანი წლების დასაწყისიდან ანკარა სამხრეთ კავკასიაში უფრო აქტიურ პოლიტიკასაც ატარებს. მას შემდეგ, რაც 2002 წელს AKP (Adalet ve Kalkinma Partisi - სამართლიანობის და განვითარების პარტია) რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მეთაურობით ძალაუფლების სათავეში მოვიდა, მრავალწლიანმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და დღევანდელმა პრემიერმინისტრმა ახმედ დავუთოღლუმ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა შეცვალა. ეს ახლებური პოლიტიკა ამ ქვეყნების ისტორიული და კულტურული მსგავსებების, ოსმალეთის მემკვიდრეობის, წინა პლანზე წამოწევას გულისხმობს. მისმა მოწინააღმდეგეებმა, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, პოლიტიკის ამ მიმართულებას „ნეო-ოტომანიზმი“ დაარქვეს.[1] თურქეთის მონაწილეობა სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში სახიფათო ორმაგი თამაშის აქტად გვევლინება, და ამაზე, უპირველეს ყოვლისა, ამ ქვეყნის თბილისთან და სოხუმთან/სუხუმთან[2] არსებული ურთიერთობები მიუთითებს.

ისტორია და აწმყო

1453 წელს ბიზანტიის დაცემის შემდეგ, მე-15 საუკუნის მეორე ნახევრიდან აყვავებულ ოსმალეთის იმპერიას სამას წელზე მეტი ხნით შავ ზღვაზე თითქმის ექსკლუზიური გასასვლელი და, სხვადასხვა დროს, კავკასიის დიდი ნაწილები პოლიტიკურად თუ სამხედრო გზით ჰქონდა მითვისებული. კონსტანტინოპოლი ამ თავისი მბრძანებლობის მოსაპოვებლად ჯერ სპარსეთს უნდა შეცილებოდა, მოგვიანებით კი - და დროთა განმავლობაში სულ უფრო უშედეგოდ - ცარისტულ იმპერიას.[3] 1555 წლის ამასიის ზავის შემდგომ, ოსმალეთი და სპარსეთი დღევანდელი საქართველოს ტერიტორიებზე ბატონობას ორი საუკუნის განმავლობაში იყოფდნენ. ტერიტორიების ასეთმა დანაწილებამ დღევანდელი საქართველოს აღმოსავლეთში სპარსეთის, ხოლო დასავლეთში ოსმალეთის ბატონობით, ორი ასწლეული გასტანა, თუ არ ჩავთვლით დროებით და უმნიშვნელო ცვლილებებს. საქართველოში ძალაუფლების ადგილობრივი მფლობელები ამ დროის განმავლობაში ან ოსმალების, ან საფავიდების ვასალები იყვნენ.

დასავლეთ საქართველო - აფხაზეთის ჩათვლით - ოსმალეთის ბატონობის ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა ეს ბატონობა დიდი ხნის განმავლობაში ადგილობრივი თავადებისგან ხარკის აკრეფით შემოიფარგლებოდა. ოსმალებმა ჯერ კიდევ 1578 წელს სოხუმის ყურეში გარნიზონი აღმართეს. ისინი მე-17 საუკუნის ადრეული წლებიდან ზღვის სანაპიროს - და არა ქვეყნის შიდა ტერიტორიას - უშუალოდ აკონტროლებდნენ, ძირითადად, მონებით სარფიანი ვაჭრობის მიზნით.[4] ოსმალეთის იმპერიას აფხაზეთი არ დაუპყრია, თუმცა იქაური ელიტის დიდი ნაწილი მე-16 და მე-18 საუკუნეებს შორის პერიოდში, შერვაშიძეების მმართველი გვარი კი მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ისლამზე მოექცა.[5] ოსმალეთის იმპერიამ შეძლო 1723-1735 წლებში თავისი უშუალო ბატონობა მთელ სამხრეთ კავკასიაზე გაევრცელებინა. ეს წლები ოსმა(ნ)ლობის[6] სახელით ქართველთა ისტორიულ მეხსიერებაში კოშმარულ ბატონობად აღიბეჭდა.

უკვე მე-16 საუკუნის შუა ხანებიდან ამ რეგიონში რუსეთიც გამოვიდა ასპარეზზე თავისი პირველი ექსპედიციებით. რუსეთის იმპერიის ტერიტორიული გაფართოება გვიანდელ მე-18 საუკუნეში დაიწყო, რამაც კავკასიაში ოსმალეთის უშუალო გავლენა შეამცირა, რაც, სხვათა შორის, 1829 წელს ედირნეს (ადრიანოპელის) სამშვიდობო ზავით გამაგრდა.[7] სამხრეთ კავკასიაში ოსმალეთისა და სპარსეთის ბატონობის რუსეთისთვის გადაბარების გადამწყვეტი ნაბიჯი 1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატი იყო, რომლის მიხედვითაც მანამდე სპარსული ბატონობის ქვეშ მყოფი ქართლ-კახეთის ქართული სამეფო ცარისტული იმპერიის პროტექტორატის ქვეშ მოექცა.[8] აფხაზეთის მმართველმა საფარ ბეი შერვაშიძემ 1809 წელს თავისი სათავადო რუსეთის იმპერიის მფარველობას დაუქვემდებარა. ერთი წლის შემდეგ კი აფხაზეთი რუსეთის ოფიციალურ პროტექტორატად იქცა.[9]

ერთი მხრივ, ცარისტულ იმპერიასა და, მეორე მხრივ, ოსმალეთისა და სპარსეთის იმპერიებს შორის მრავალი ომის შემდეგ, რუსეთის იმპერიის ტერიტორიულმა გაფართოებამ კულმინაციას მიაღწია სან სტეფანოს 1878 წლის სამშვიდობო ზავის შედეგად: რუსეთის მფლობელობაში ახლა უკვე ბათუმის, ართვინის, არდაგანისა და ყარსის ტერიტორიებიც შევიდა.[10] რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების მოპოვებამ მე-19 საუკუნეში კავკასიის მოსახლეობის მუსლიმურ ნაწილში ემიგრაციის ტალღა გამოიწვია. ასობით ათასი ადამიანი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოდან ოსმალეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადასახლდა, სადაც მათ მუჰაჯირებად (იმიგრანტებად) მოიხსენიებდნენ.[11] გადასახლების ეს ნაკადი განსაკუთრებით 1864 წლის შემდეგ გაძლიერდა, ეს ის წელი იყო, როცა აფხაზეთი საბოლოოდ გახდა რუსეთის იმპერიის ნაწილი და ჩერქეზებმა ამ იმპერიის გაფართოების წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა შეწყვიტეს.[12]

პირველი მსოფლიო ომის ბოლოს, ცარისტული იმპერიის დაშლის შემდეგ, 1918 წლის მაისში შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც, ბათუმის 1918 წლის ივნისის ხელშეკრულების თანახმად, ყარსის, ბათუმის, ახალციხისა და ახალქალაქის მეტწილად მუსლიმი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიებს ოსმალეთის იმპერიას უთმობდა. წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობის შემდეგ ბოლშევიკებმა და თურქულმა ქემალისტურმა მმართველობამ 1921 წლის ოქტომბერში ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე ის საზღვარი დაადგინეს, რომელიც დღემდე არსებობს: ყარს-არდაგანის რეგიონი, რომელიც ადრეული შუა საუკუნეების ტაო-კლარჯეთის ქართული სამეფოს ცენტრს წარმოადგენდა, და სადაც დღემდე ქართველები სახლობენ, საბოლოოდ გადაეცა თურქეთს. აჭარა, დედაქალაქით ბათუმი, ისევე, როგორც სამცხე-ჯავახეთი თავისი მრავალეთნიკური, ნაწილობრივ თურქულენოვანი მუსლიმი მოსახლეობით[13], საქართველოს სსრ-ს ნაწილი გახდა. აფხაზეთი, რომელიც ცოტა ხანს არსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაწილს და შემდგომ საქართველოს საბჭოური დაპყრობის წინა ხაზს წარმოადგენდა, 1921 წელს საქართველოს სსრ-სთან შეთანხმების თანახმად, „ხელშეკრულებით რესპუბლიკად“ მოიხსენიება. მრავალი წლის განმავლობაში კამათობდნენ იმაზე, აფხაზეთი საბჭოთა რესპუბლიკა (1925 წლის აფხაზური კონსტიტუციის მიხედვით) უნდა ყოფილიყო, თუ ავტონომიური რესპუბლიკა (1924 წლის იანვრის სსრკ-ს კონსტიტუციის მიხედვით). 1931 წელს აფხაზეთის და ამის შემდგომ სრულიად საქართველოს საბჭოს კონგრესის გადაწყვეტილებით, აფხაზეთს საქართველოს ფარგლებში ავტონომიური რესპუბლიკის მცირე სტატუსი მიენიჭა.[14]

1920-იან წლებში ჩრდილოეთი და სამხრეთი კავკასიის საბჭოთა კავშირში მოქცევამ თურქეთი ამ რეგიონიდან მრავალი ათწლეულით განდევნა. 1952 წლიდან თურქეთი ნატოს წევრია და ამ დასავლური ორგანიზაციის სასაზღვრო სახელმწიფოსა და მის კომუნისტურ მეზობლებს შორის სამოქალაქო კავშირებიც კი იშვიათი იყო.[15] ეს ვითარება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიცვალა. თურქეთმა თავისი აღმოსავლეთით მდებარე მეზობლები მხოლოდ რკინის ფარდის დაცემის შემდგომ „აღმოაჩინა“. ურთიერთობების აღდგენის საქმეში მნიშვნელოვანი როლი „ჩერქეზულმა დიასპორამ“ ითამაშა, ეს გახლავთ თურქეთში მცხოვრები, ძირითადად ჩრდილო-დასავლურ კავკასიურ ენებზე მოლაპარაკე ხალხების საერთო სახელწოდება, ამ ხალხებს აფხაზებიც მიეკუთვნებიან. „ჩერქეზული დიასპორა“ დღესდღეობით მეტწილად თურქეთში კავკასიიდან ჩასახლებული მუჰაჯირების შთამომავლებისგან შედგება.[16]

თურქეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 1991 წლის ნოემბერ-დეკემბერში აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. თუმცა კი, თავისი პოლიტიკა ჯერჯერობით უპირატესად თურქულენოვანი ქვეყნებისკენ მიმართა, შესაბამისად, კავკასიაში - აზერბაიჯანისკენ. ეს ორიენტაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულმა კონფლიქტმა კიდევ უფრო გააძლიერა. ამ კონფლიქტში თურქეთი ბაქოს დაუდგა მხარში. ხოლო ერთიან სამხრეთ კავკასიას ანკარამ ნაკლები ყურადღება დაუთმო, მისი ამ მთლიანი რეგიონის შესახებ არსებული ცოდნაც მცირე გახლდათ.[17]

ეს ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც 2002 წელს თურქეთის სათავეში AKP მოვიდა და „გეოგრაფიული ცნობიერების შეცვლის“ პოლიტიკის გატარება დაიწყო.[18] თუ მანამდე სამხრეთ კავკასია პრობლემებთან და არასტაბილურ მდგომარეობასთან ასოცირდებოდა, რომლისგანაც ყველა თავის შორს დაჭერას ცდილობდა, შემდეგ კი თითქოს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, ახმედ დავუთოღლუს მიერ ჩამოყალიბებული სტრატეგიით, ანკარა პრობლემების დანახვის მაგივრად, პრობლემების გადაწყვეტის სტრატეგიას გვთავაზობდა.[19] ანკარას მიზანმიმართული საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის თანახმად, მას თავად სურდა ეზრუნა სამხრეთ კავკასიაში მეტი სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ზრდის მისაღწევად.

თურქულ-ქართული ურთიერთობები

1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და თურქეთის მიერ მისი აღიარების შემდეგ, ამ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა ძირითადად ჰარმონიულად განვითარდა, ძირითადად ორივე მხარისთვის სასარგებლო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური უპირატესობების გამო. საქართველოსთვის თურქეთი ევროპისკენ გამავალი დერეფანია, ხოლო საქართველო თურქეთისთვის - კასპიის რეგიონში გამავალი კარი. ეს იმით აიხსნება, რომ თურქეთს სომხეთის საზღვარი 1993 წლის მერე დაკეტილი აქვს, ხოლო საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაძაბულია. თუმცა ის ფაქტი, რომ თურქეთსა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონს შორის ასევე მრავალფეროვანი კავშირებია, საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობას ერთგვარ ჩრდილს აყენებს. მაგრამ ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია თურქეთ-საქართველოს შორის ორივე მხარისთვის სასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

1988 წელს თურქეთსა და საქართველოს სსრ-ს შორის აჭარის შავიზღვისპირეთში მდებარე სარფთან არსებული საზღვრის გახსნის შემდეგ, ამ საზღვარზე ადამიანთა მიმოსვლა და საქონლის მოძრაობა ინტენსიურად ხორციელდება.[20] თბილისსა და ანკარას რეგიონში რუსეთის გავლენის წინააღმდეგ მოქმედება ჯერ კიდევ 1991-იანი წლების შუა ხანებში სურდათ და საამისოდ ერთმანეთთან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობების გაბმა დაიწყეს; 2000-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული ეს ორი ქვეყანა ერთმანეთთან ურთიერთობას „სტრატეგიულ პარტნიორობად“ მოიაზრებს.[21] საქართველოს 2005 წლის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში თურქეთი „ცენტრალურ რეგიონულ პარტნიორად“ მოიხსენიება[22], ამ კონცეფციის 2011 წლის ვარიანტში კი ეს ფორმულირება შეიცვალა „რეგიონში საქართველოს მთავარი პარტნიორით“.[23]

ვარდების რევოლუციისა და 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილის არჩევის შემდგომ ეს ურთიერთობები უფრო გააქტიურდა. 2005 წელს ორივე სახელმწიფომ ერთმანეთის მოქალაქეებისთვის სამ თვემდე ვადიანი ტურისტული ვიზების აღების აუცილებლობა გააუქმა, 2012 წლიდან კი, ორივე ამ სახელმწიფოს მოქალაქეებს საერთო საზღვრის გადასაკვეთად საერთაშორისო პასპორტის ქონაც კი აღარ სჭირდებათ, საამისოდ პირადობის მოწმობაც საკმარისია.[24] ამასთან, საქართველომ 2007 წელს თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დადო. სააკაშვილის მთავრობას იმ დროს თურქეთისთვის ამ შეთანხმებით გადაჭარბებული პრივილეგიების მინიჭებაში სდებდნენ ბრალს.[25]

სააკაშვილის პრეზიდენტობიდან წასვლის შემდეგაც ქვეყნებს შორის ურთიერთობები მჭიდრო დარჩა; 2013 წლის ოქტომბერში არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზღვარგარეთ თავისი პირველი სახელმწიფო ვიზიტის ქვეყნად თურქეთი აირჩია, სადაც ის თურქეთის პრეზიდენტს აბდულა გიულს შეხვდა.[26] მას შემდეგ, რაც სააკაშვილის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა და სააკაშვილს პრეზიდენტობის ორი ვადის გასვლის შემდეგ 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში  მონაწილეობის მიღება აღარ შეეძლო, ახალმა მთავრობამ - ჯერ არჩევნებში გამარჯვებული პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ლიდერის, პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის, მეთაურობით - 2013 წლის ნოემბრიდან კი მთავრობის ახალი თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის მმართველობის პერიოდში, მართალია, ჯერ ცოტა კრიტიკული ტონი გამოავლინა, თუმცა თურქეთთან მჭიდრო ურთიერთობა ძველებურად გააგრძელა.[27] თურქული კომპანიები ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საქმეში ძველებურად ლიდერობენ,[28] თბილისი და ანკარა 2015 წლის იანვარში საბაჟო საქმიანობაში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.[29] თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა უსაფრთხოების, სამხედრო და ინფრასტრუქტურის სფეროებს აქვს. საქართველო, როგორც თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სატრანზიტო ქვეყანა, ანკარასა და ბაქოსთვის ცენტრალური პარტნიორია. ასე მაგალითად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზურუმის (BTE) გაზსადენი საქართველოზე გადის. ინფრასტრუქტურის კიდევ ერთი პროექტი თურქულ ყარსსა და ქართულ ახალქალაქს შორის სარკინიგზო კავშირი გახლავთ, რომელიც ამიერკავკასიის რკინიგზის ბაქო-თბილისის მონაკვეთს შეუერთდება.[30] სამშენებლო სამუშაოები, მართალია 2011 წლის ბოლომდე იყო დაგეგმილი, მაგრამ ახლა 2017 წლისთვის დასრულდება.[31]

სამხედრო თანამშრომლობა ანკარამ და თბილისმა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყეს. თურქეთის ხელშეწყობა სამხედრო წვრთნებისა და ჯარების მოდერნიზაციის სფეროში უპირველესად საქართველოსთვის იყო მომგებიანი.[32] 2001 წელს თურქული დახმარების შედეგად გაიხსნა მარნეულის აღდგენილი სამხედრო აეროპორტი; 2002 წელს კი საქართველოში თურქული სამხედრო ჯარების ხელშეწყობით შეიქმნა „United Military Academy“, რომლის პერსონალიც ნაწილობრივ თურქული ჯარებისგან კომპლექტდება.[33] ამასთან, ქართული ჯარები თურქეთის მეთაურობით საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მანამდეც მონაწილეობდნენ, მაგალითად KFOR-ში კოსოვოში. საქართველო ნატოს წევრ თურქეთთან ასეთი სახის სამხედრო თანამშრომლობას, პირველ ყოვლისა,  ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზნისკენ მიმართულ საშუალებად აღიქვამს.[34]

ორმხრივი სამხედრო ურთიერთობის გაღრმავების პარალელურად, აზერბაიჯანთან ერთად სამმხრივი ურთიერთობებიც დაიწყო.[35] ჯერ კიდევ 2002 წლის დასაწყისში ამ სამი ქვეყნის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების ერთობლივი შეთანხმება შეიმუშავეს. ამ შეთანხმებაში ტერორიზმისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის გარდა, განსაკუთრებული ყურადღება ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების დაცვას ექცევა.[36] სამხედრო სფეროში თანამშრომლობის სამმხრივ მიმართულებას ამ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 2012 წლის ივნისში დადებულმა ტრაპზონის შეთანხმებამ ახალი ბიძგი მისცა. ტრაპზონში მინისტრების შეხვედრამ ამ ქვეყნებს შორის სხვადასხვა დონის, მათ შორის სახელმწიფო მეთაურების შეხვედრებს ჩაუყარა საფუძველი.[37] სამხედრო სფეროში სამმხრივი სამხედრო წვრთნები სისტემატურად ტარდება.[38] თურქეთი საქართველოს ცენტრალური სავაჭრო პარტნიორიც გახლავთ. ქართული სტატისტიკის სამსახურის Geostat-ის მონაცემების მიხედვით, საქართველოს თურქეთში ექსპორტი 2004 წელს 100 მილიონი აშშ დოლარის ნიშნულს პირველად ასცდა, 2008 წელს კი 200 მილიონს გადააჭარბა. 2014 წელს საქართველოს თურქეთში ექსპორტი 239 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ამით თურქეთმა საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქტის რაოდენობით აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის შემდეგ მეოთხე ადგილი დაიკავა. საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 2014 წელს 274 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მაგრამ 2005-2012 წლებში 100 მილიონ აშშ დოლარზე ბევრად ნაკლები იყო. 2015 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემები[39] იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოდან რუსეთში 2015 წლის მთლიანი ექსპორტი 2014 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება.

 

საქართველოს საგარეო ვაჭრობა: ქართული ექსპორტის დანიშნულების ქვეყნები 2014

 

საქართველოს საგარეო ვაჭრობა: ქართული ექსპორტის დანიშნულების ქვეყნები 2005-2014, 1000 აშშ დოლარში. წყარო: საქართველოს სტატისტიკის სამსახური Geostat

აშკარაა თურქეთზე  საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება იმპორტის სფეროში. 2014 წელს საქართველომ თურქეთიდან 1,727 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის იმპორტირება მოახდინა, რუსეთიდან კი - მხოლოდ 575 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისა. თურქეთიდან ყოველწლიური იმპორტის მთლიანი ღირებულება 2007 წლიდან - თურქეთ-საქართველოს-თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის წლიდან მოყოლებული - უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთიდან იმპორტირებული საქონლისა და მომსახურების მთლიანი ღირებულება.[40]

 

საქართველოს საგარეო ვაჭრობა: იმპორტიორი ქვეყნები 2014

ასეთ მნიშვნელოვან როლს პატარა საქართველო თურქეთისთვის, რა თქმა უნდა, არ თამაშობს: ეს ქვეყანა თურქეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნების ოცეულშიც კი არ შედის.[41]

 

საქართველოს საგარეო ვაჭრობა: იმპორტიორი ქვეყნები 2005-2014, 1000 აშშ დოლარში

თურქული კომპანიები საქართველოში, უპირატესად, ცენტრალური ინფრასტრუქტურის პროექტებში მონაწილეობენ. ასე მაგალითად, თურქულ კომპანიებს მრავალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ჩააბარეს.[42] Anadolu-ჯგუფმა 2014 წელს დასრულებული ფარავნის ჰიდროელექტროსადგური ააშენა (მთლიანი მოცულობა: დაახლოებით 85 მეგავატი) და მის 90 პროცენტიან წილს ფლობს. მან მსგავსი ელექტროსადგური ხედულაში, ქვემო-სვანეთშიც უნდა ააგოს.[43] Calik-ჰოლდინგმა მდინარე რიონზე სადმელისა და ალპანას კაშხლები, Ahlatci-ჯგუფმა კი სამეგრელო-ზემო სვანეთში დოლრას ელექტროსადგური უნდა ააშენოს.[44] ეს თანამშრომლობა იმ გეგმის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს, საქართველო არცთუ ისე შორეულ მომავალში ელექტროენერგიის გამომუშავების ადგილად აქციოს, რათა ეს ენერგია შემდგომ თურქეთში იქნეს ექსპორტირებული. ამას გარდა, სტამბოლში რეგისტრირებულ TAV Havalimanlari Holding-ს თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ინფრასტრუქტურა აბარია. ბათუმის აეროპორტის აფრენისა და დაფრენის ბილიკები, როგორც ექსტრა ტერიტორიული ტრასები, თურქეთის შიდა ფრენებისთვისაც კი გამოიყენება. ჩასხდომა და ჩამოსვლა კი 30 კილომეტრით მოშორებულ თურქულ სასაზღვრო ქალაქ Hopa-ში ხდება, რომელიც აეროპორტს ავტობუსის პირდაპირი ხაზის საშუალებით უკავშირდება.[45] გარდა ამისა, თურქული ფირმები უპირატესად ვაჭრობის, სამშენებლო სექტორისა და სამკერვალო ინდუსტრიის სფეროში გვხვდება.[46] თურქული კომპანიების სპექტრი მრავალ სექტორში  მოღვაწეობის გარდა, მცირე და საშუალო საწარმოებსაც მოიცავს, მათ შორის, ცნობილი თურქული ფირმებისა, რომლებმაც საქართველოში დიდი თანხების ინვესტირება მოახდინეს.

მეორე მხრივ კი, თურქეთი ქართველი სამუშაო მიგრანტებისთვის მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა. გეოგრაფიული სიახლოვისა და სამი თვის განმავლობაში უვიზოდ გაჩერების შესაძლებლობის გამო, საქართველოდან თურქეთში მისვლა-მოსვლის სახის მიგრაციასთან გვაქვს საქმე. თურქეთში ძირითადად ქალები ჩადიან ტურისტული ვიზებით ოჯახის ქალებად სამუშაოდ. მამაკაცები კი მეტწილად სეზონურ სამუშაოზე მუშაობენ, მშენებლობაზე, ანდა სოფლის მეურნეობაში.[47] ასეთი სახის დასაქმებულთა სტატისტიკური აღრიცხვა ძნელია, მაგრამ არსებობს თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მონაცემები: 2014 წელს ქართული პასპორტით თურქეთის მიმართულებით 1,75 მილიონმა ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი.[48]

 

ალყაში მოქცეული: ბათუმის აეროპორტი შავ ზღვასა და მცირე კავკასიონს შორის

 

თურქეთი ჰორიზონტზე: საქართველოსა და თურქეთს შორის სარფთან არსებული სასაზღვრო პუნქტი. არქიტექტურის ოფისი: J. Mayer H., ბერლინი

თუმცა, მჭიდრო ეკონომიკური კავშირებისა და საქართველოში ყოველ ფეხის ნაბიჯზე თურქული საქონლის შემოთავაზების გარდა, თურქულ და ქართულ საზოგადოებას შორის მცირე და ისიც არაოფიციალური კავშირები თუ არსებობს. მხოლოდ რამდენიმე თურქული დაწესებულებაა განათლების სექტორში დასაქმებული, ასე მაგალითად Çağlar-Eğitim-Kurumları-სკოლები და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (International Black Sea University) თბილისში, რომელთაგანაც ორივე გიულენის მოძრაობასთან არის დაახლოებული და იუნუს ემრეს კულტურის ცენტრი, რომელიც გერმანული გოეთეს ინსტიტუტის მსგავსია.[49]

თურქეთთან არსებული მჭიდრო კავშირი ქართულ საზოგადოებაში სკეპტიკურად აღიქმება. თურქეთით აღფრთოვანებულ პოლიტიკურ ელიტას, მეტადრე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წრეში, მოსახლეობის ისტორიულად ფესვგადგმული ანტითურქული სტერეოტიპები უპირისპირდება.

ქართულ-თურქული ურთიერთობები ლუპის ქვეშ: აჭარის შემთხვევა

ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებულად აჭარაშია გამოხატული. ეს ავტონომიური რესპუბლიკა თურქეთს ესაზღვრება. აჭარის ქალაქ სარფში თურქეთში მიმავალი უმნიშვნელოვანესი სასაზღვრო გასასვლელი მდებარეობს.[50] ამ რეგიონში ოსმალეთის იმპერიის ბატონობის პერიოდში ადგილობრივი, მანამდე ქრისტიანული ქართულ(ენოვანი) პოლიტიკური ელიტის დიდმა ნაწილმა ისლამი მიიღო. სან სტეფანოს 1878 წელს დადებული ზავის მიხედვით აჭარა რუსეთის იმპერიას ერგო. ცარისტული იმპერია ამ რეგიონიდან ოსმალეთის იმპერიისკენ მიმართული მიგრაციის შეჩერებას პრივილეგიების დაწესებით ცდილობდა, ძირითადად, გადასახადებით დაბეგვრის შემცირებით.[51] შავი ზღვის სანაპირო პორტისა და ინდუსტრიალიზაციის გამო აჭარის დედაქალაქი ბათუმი რუსეთის ბატონობის პერიოდში ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე ქალაქად ჩამოყალიბდა. 1914 და 1921 წლებს შორის აჭარაზე არსებული გავლენა რამდენჯერმე შეიცვალა. ყარსის ხელშეკრულებით 1921 წელს თურქეთმა, როგორც ოსმალეთის იმპერიის შთამომავალმა, აჭარის საბჭოთა კავშირისადმი კუთვნილება აღიარა.[52] თუმცა ეს ხელშეკრულება, თურქეთისთვის ანგარიშის გასაწევად, ამ ტერიტორიის ავტონომიურ სტატუსს ითვალისწინებს, ეს მთელ საბჭოთა კავშირში ერთადერთი ავტონომია იყო, რომელიც განსხვავებულ რელიგიას და არა განსხვავებულ ენას ეფუძნებოდა.[53]

საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ამ რეგიონში ძალაუფლება ასლან აბაშიძემ მოიპოვა, რომელიც აჭარის არისტოკრატიის ქრისტიანულად და მუსლიმურად განმსჭვალული ოჯახის შთამომავალია და პერესტროიკის დროს საქართველოს სსრ-ს მომმარაგებელი წარმოების მინისტრის მოადგილე იყო. აბაშიძე თურქეთიდან საქართველოში შემომავალი საქონლის მოძრაობას აკონტროლებდა ისე, რომ საბაჟო და საგადასახადო შემოსავლებს საქართველოს ცენტრალურ მთავარობას არ გადასცემდა. თუმცა ის აჭარის ავტონომიის აჭარული იდენტობით გამყარებას კი არ ცდილობდა, არამედ მოსკოვის ჩუმი მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდგომ თბილისსა და ბათუმს შორის არსებული კონფლიქტი გამწვავდა. როცა რუსეთმა მას მხარდაჭერაზე უარი უთხრა, აბაშიძემ საქართველოს ახალ მთავრობასა და აჭარის ოპოზიციას წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და მოსკოვს შეაფარა თავი. 2005 წელს აჭარის ქალაქ გონიოს რუსული სამხედრო ბაზის დახურვა გადაწყდა, იმავდროულად ამ რეგიონში თურქეთის ეკონომიკური როლის სწრაფი ზრდა დაიწყო.[54]

დღესდღეობით თურქეთის ეკონომიკური გავლენა აჭარაში განსაკუთრებით დიდია, საქართველოში თურქული ინვესტიციების დიდი ნაწილი ამ რეგიონს ხმარდება, ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესში.[55] თურქულ კომპანიებს თურქეთთან გეოგრაფიული სიახლოვის გარდა, ბათუმის საერთაშორისო დონის ტურისტულ ცენტრად ქცევის მოლოდინი იზიდავს.[56]

ბათუმსა და თბილისს შორის კონფლიქტი დღესდღეობით განმუხტულია და ამ ავტონომიური რესპუბლიკის უფლებებიც მნიშვნელოვანწილად შეზღუდულია. ბათუმს არც რუსეთის იმედი აქვს და არც თურქეთთან განსაკუთრებულ ურთიერთობებს ითხოვს. კონფლიქტის ხაზი აჭარის საზოგადოების შიგნით უფრო გადის. ამ რეგიონის თურქეთთან დამოკიდებულების საკითხი, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით განიხილება, აჭარის თურქეთთან სიახლოვისა და მოსახლეობის მუსლიმური ნაწილის გამო, განსაკუთრებით მწვავეა. ქართული საზოგადოების ნაწილი შიშობს თურქეთის გავლენის გაძლიერებას ამ რეგიონში, სადაც მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი თავს მუსლიმად მიიჩნევს, დანარჩენი ორი მესამედი კი - მართლმადიდებელ ქრისტიანად.[57] კონფლიქტები მწვავდება ძირითადად  თურქული ფულით ახალი მეჩეთების მშენებლობისა თუ ძველი მეჩეთების აღდგენის საკითხის გარშემო - რომლებიც რელიგიური საკითხების სახელმწიფო პრეზიდიუმისა (Diyanet İşleri Başkanlığı) თუ კერძო ხელიდან გაცემული თანხებით ფინანსდება.[58] ქართული ეროვნული იდენტობის მქონე ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან მჭიდრო შერწყმის გამო, აჭარის ქართულ(ენოვანი) მუსლიმური მოსახლეობა გაქრისტიანების ფარულ ზეწოლას განიცდის. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად მოითხოვს, რომ მეჩეთები ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ აშენდეს.[59] მეორე კონფლიქტი კი თურქული ფულით განხორციელებული ეკონომიკური განვითარების ნეგატიურ ზეგავლენად აღქმის გარშემო ტრიალებს. უკანასკნელ წლებში ბათუმში ბევრი კაზინო გაიხსნა, და რადგან თურქეთში აზარტული თამაშები აკრძალულია, მათ ბევრი სტუმარი ჰყავს თურქეთიდან. კაზინოს ბიზნესის უარყოფითი მხარეები თურქეთის გავლენის ნეგატიურ სურათს ამძაფრებს და ანტითურქული სტერეოტიპების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.[60]

საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართული ოცნების კოალიციის კანდიდატები ანტითურქული სტერეოტიპებით მანიპულირებდნენ და იმ დროს მმართველობაში მყოფი სააკაშვილის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საქართველოს გაყიდვაში ადანაშაულებდნენ.[61] 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ საქართველოს პატრიოტთა ალიანსმაც მსგავსი განცხადება გააკეთა, ისინი ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების წინააღმდეგ გამოსვლით პოლიტიკური კამპანიის წარმოებას ცდილობდნენ.[62]

მოსახლეობაში შეშფოთების გავრცელებას ემსახურება ის ფაქტიც, რომ ახალგაზრდა მუსლიმი აჭარლები უკვე ერთი ათწლეულის განმავლობაში თურქეთში ან თურქეთის დაფინანსებით საქართველოში არსებული საერო თუ რელიგიური საგანმანათლებლო დაწესებულებებით სარგებლობენ.[63] იმ წრეებში, სადაც ანტითურქული განწყობა სუფევს, ასეთ ფაქტებს აჭარის მზარდი ისლამიზაციის საფრთხედ მიიჩნევენ.[64] მით უფრო, რომ სწორედ ამ სფეროში თურქეთის „ქართული დიასპორა“, ესე იგი იმ ქართულენოვან მუსლიმთა თუ მუჰაჯირთა შთამომავლები, რომლებიც მე-19 საუკუნეში 1920-იან წლებამდე დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ტალღად გადასახლდნენ, მთავარ შუალედურ ჯაჭვს წარმოადგენენ. თუმცა მათი მოღვაწეობა უფრო არაფორმალურ, ფარულ და ნაკლებად გახმაურებულ ხელშეწყობაში გამოიხატება, ვიდრე ფორმალურ სამოქალაქო-საზოგადოებრივ საქმიანობაში.[65]

თურქულ-აფხაზური ურთიერთობა

თურქეთი ოფიციალურად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. თუმცა ანკარას მხოლოდ საქართველოს ძირითად ნაწილთან კი არ აქვს ურთიერთობა, არამედ - თბილისისთვის სამწუხაროდ - არასამთავრობო დონეზე აფხაზეთის განდგომილ დე ფაქტო სახელმწიფოსთანაც, რომელიც თბილისის კონტროლს არ ექვემდებარება.[66] მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთს ეკონომიკური და საზოგადოებრივი კუთხით უწინარეს ყოვლისა რუსეთთან აქვს მჭიდრო კავშირი, ამ განდგომილი ტერიტორიისთვის თურქეთთან ურთიერთობაც მნიშვნელოვანია.

აფხაზეთი ისტორიულად მჭიდროდ არის თურქეთთან დაკავშირებული. 1578 წელს ეს სათავადო ოსმალეთის იმპერიის ნაწილი გახდა. ამ გარემოებამ შემდეგი ორი საუკუნის განმავლობაში ძლიერი კულტურული და რელიგიური გავლენა იქონია. 1810 წელს აფხაზეთი, რომელიც ოფიციალურად ისევ სათავადოდ რჩებოდა, ცარისტული იმპერიის პროტექტორატი გახდა,[67] მისი რუსეთის იმპერიის ფარგლებში მოქცევა პეტერბურგმა მხოლოდ 1864 წელს შეძლო.[68] ცარისტული იმპერიის მიერ განხორციელებულმა რეპრესიებმა და ოსმალეთის მხრიდან გადაბირებამ მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან აფხაზების ოსმალეთის იმპერიისკენ მიმართული მიგრაცია გამოიწვია.

დღესდღეობით თურქეთში არსებული აფხაზური დიასპორის ზუსტი სიდიდე უცნობია, სავარაუდო მონაცემებით 150 000, ხოლო ზოგი მონაცემის მიხედვით - ერთი მილიონი ადამიანიც კი.[69] იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე 150 000 ადამიანთან გვაქვს, თურქეთში უფრო მეტი აფხაზი ცხოვრობს, ვიდრე თვით აფხაზეთში.[70] 1945 წლის შემდგომ ეს დიასპორა ოთხი ათწლეულის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის აფხაზებისგან იზოლირებული იყო. მხოლოდ 1980-იანი წლების ბოლოს გახდა შესაძლებელი მათ შორის კონტაქტის დამყარება. თურქეთის ლიბერალური კლიმატის წყალობით მოხერხდა მანამდე ცალ-ცალკე არსებული დიასპორული ორგანიზაციების გაერთიანება. 1991 წელს ასე შეიქმნა KAF-KUR-ის (Kafkas Dernekleri Koordinasyon Kurulu) სახით ჩერქეზული ორგანიზაციების გამაერთიანებელი კავშირი.[71] 1990-იანი წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ესკალაციამ, რომლის დროსაც 1992-1993 წლებში დაახლოებით 8000 ადამიანი დაიღუპა, 18 000 დაიჭრა და 240 000 განიდევნა,[72] დიასპორა გაააქტიურა. დაარსდა სხვა ორგანიზაციებიც, მაგალითად, Kafkas-Abhazya Dayanışma Komitesi (Kaukasus-Abchasien Solidaritätskomitee, KADK).[73] თუ რამდენად ძლიერი იყო პოლიტიზების დონე, იქიდან ჩანს, რომ ამ საქმიანობას მხოლოდ KADK-მ და სხვა დაჯგუფებებმა კი არ მიჰყვეს ხელი, არამედ თურქეთის ამ დიასპორის დამოუკიდებელი მებრძოლები თურქეთიდან აფხაზეთშიც კი გაემგზავრნენ.

თურქეთი - ისევე როგორც გაეროს 193 წევრი ქვეყნიდან 188 ქვეყანა - არ აღიარებს აფხაზეთს, რომელიც თბილისსა და სოხუმს შორის 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ დე ფაქტო სახელმწიფოდ გარდაიქმნა.[74] ამიტომ, ანკარასა და სოხუმს შორის ოფიციალური ურთიერთობა არ არსებობს. თუმცა, თურქეთის აფხაზური დიასპორის დაჯგუფებები თურქეთის მთავრობისთვის ლობისტური ორგანიზაციების როლს ასრულებენ და ზოგ შემთხვევაში დე ფაქტო სახელმწიფოს მთავრობამ ისინი შეიძლება თურქეთის სამთავრობო წრეებისკენ მიმავალ არაფორმალურ საკომუნიკაციო არხადაც გამოიყენოს. თურქეთს, აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის მიუხედავად, დიასპორასა და აფხაზეთს შორის არსებული ურთიერთობები არ შეუზღუდავს, ისე რომ ეს ურთიერთობები, უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, შენარჩუნდა. 1994-1996 წლებში ტრაპზონსა და სოხუმს შორის ხალხის გადამყვანი რეგულარული საბორნე კავშირიც კი არსებობდა. ასევე გამოიყენებოდა საქართველოს ძირითად ნაწილზე გამავალი გზაც. 1996 წელს კი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) მიერ აფხაზეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს თურქეთიც შეუერთდა. თურქეთმა აფხაზეთთან სისტემატური საზღვაო და საბორნე კავშირი იმის გამო ვეღარ შეინარჩუნა, რომ რუსეთის საზღვაო ძალები უკვე აფხაზეთის პორტებს ბლოკავდა.[75]

თუმცა სავაჭრო ურთიერთობები მთლიანად არ შეწყვეტილა. რადგან რუსეთი ყველა სასანქციო დადგენილებას არ იცავდა, თურქეთიდან საწვავის, სურსათისა და მედიკამენტების აფხაზეთში შეტანა გრძელდებოდა. ასე მაგალითად, ოფიციალურად აფხაზეთში ისეთი ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ამ სანქციებს არ ექვემდებარებოდა, მხოლოდ საქართველოს თანხმობით შეიძლებოდა შესულიყო. მაგრამ მოსკოვი ასეთი ტვირთის ტრანსპორტირებაზე თვალს ხუჭავდა, ხოლო თბილისი თურქეთიდან აფხაზეთში მიმავალი სასაქონლო საზღვაო გზის სრულ ჩაკეტვას ვერ ახერხებდა.[76]

1999 წლის შემდგომ მოსკოვი სულ უფრო ნაკლებად იცავდა ემბარგოს პირობებს, 2008 წლის მარტში კი მან ის მთლიანად გააუქმა. მანამდე ჯერ კიდევ ორი წლით ადრე მოსკოვმა დსთ-ს გარე სახელმწიფოების მოქალაქეებს, და მაშასადამე თურქეთის მოქალაქეებსაც, რუსეთის ორმაგი ვიზის საფუძველზე მდინარე ფსოუზე მდებარე რუსულ-აფხაზური საზღვრის გავლით (ფორმალურად რუსეთისა და საქართველოს შორის არსებული საზღვრით) დე ფაქტო სახელმწიფოში შესვლის უფლება მისცა. 2011 წელს თურქეთსა და რუსეთს შორის სავიზო მიმოსვლის გაუქმებამ აფხაზეთიდან და აფხაზეთში მოგზაურობა კიდევ უფრო გააადვილა. ანკარა აფხაზურ პასპორტებს არ ცნობს, თუმცა ამ ტერიტორიის მოსახლეობის უმეტესობა რუსულ პასპორტებს ფლობს, რომლებითაც თურქეთში გამგზავრება შესაძლებელია. დიასპორული დაჯგუფებები თურქეთის მთავრობას სისტემატური პირდაპირი საბორნე მიმოსვლის აღდგენას სთხოვენ, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ამიტომ, თურქეთს, ანუ აფხაზური დიასპორის იქ მცხოვრებ წარმომადგენლებსა და აფხაზეთის მოსახლეობას შორის კავშირები მეტწილად კრემლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.[77]

მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აფხაზეთი 2008 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა, თურქულ-აფხაზურმა ვაჭრობამ იმატა.[78] თურქეთში რეგისტრირებული კომპანიები, რუსული კომპანიების შემდეგ, აფხაზეთისთვის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორები არიან. ამაზე მეტყველებს აფხაზეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის პალატის ფარგლებში 2013 წელს „აფხაზეთ-თურქეთის ბიზნეს საბჭოს“ დაარსების ფაქტიც.[79]

1990-იანი წლებიდან აფხაზეთი თურქეთში ძირითადად ქვანახშირის, ხე-ტყისა და ჯართის ექსპორტს აწარმოებს, იქიდან კი სურსათის, სამშენებლო მასალის, საწვავის და საზეთ-საპოხი საშუალებებისა და ტანსაცმლის იმპორტს ახდენს. თუმცა ამ ორმხრივი ვაჭრობის მთლიანი მოცულობა უცნობია, არაზუსტი მონაცემები კი წელიწადში 80 მილიონი აშშ დოლარიდან 600 მილიონ აშშ დოლარამდე მერყეობს.[80] აფხაზეთთან ვაჭრობაში მონაწილე თურქული კომპანიების უმეტესობა ან აფხაზურ დიასპორას ეკუთვნის, ან მასთან კავშირი აქვს. აფხაზური კომპანიებიც თურქეთთან საქმიანი კონტაქტების გაბმამდე და ამ კონტაქტებისგან დამოუკიდებლადაც, თურქეთში არსებულ დიასპორასთან მჭიდრო კავშირში იმყოფებოდნენ. ამის თვალსაჩინო მაგალითია სამთომომპოვებელი კომპანია Tkvarčal-ugol’. ეს თურქულ-აფხაზური ერთობლივი საწარმო ქვანახშირს ღია კარიერით მოიპოვებს და 2002 წლიდან მოყოლებული, აწარმოებს თურქეთში მის ექსპორტს. Tkvarčal-ugol’ ტყვარჩელის რაიონში უმნიშვნელოვანესი კომპანიაა, ამ რაიონის საბიუჯეტო შემოსავლების დიდ ნაწილს ამ კომპანიის მიერ გადახდილი გადასახადები შეადგენს.[81]

აფხაზეთიდან მომავალი საქონელი მეტწილად გემის საშუალებით შავი ზღვის გავლით ჩადის თურქეთში. გემები ან პირდაპირ სოხუმიდან, ან სოხუმისკენ მოძრაობენ, ან კიდევ გზად რუსეთის ქალაქ სოჭში ჩერდებიან, რომელიც სატრანსპორტო დოკუმენტებში გაჩერების ოფიციალურ ადგილად არის მითითებული.[82] მართალია, ანკარას აფხაზეთთან ვაჭრობა არალეგალურად მიაჩნია, მაგრამ ამ ვაჭრობას კატეგორიულად არ კრძალავს. საქართველოს მთავრობა კი გამეტებით ცდილობს ამ გაცვლა-გამოცვლისთვის ხელის შეშლას. 1999 – 2009 წლებს შორის პერიოდში ქართულმა საზღვაო პოლიციამ სამოცამდე გემი დააკავა, რომელთაც საქონელი აფხაზეთიდან თურქეთში ან საპირისპირო მიმართულებით გადაჰქონდათ, ამგვარ შემთხვევებს დღემდე აქვს ადგილი.[83] ეს თურქეთის მთავრობისთვისაც დელიკატური საკითხია, რაც ცხადყოფს, რომ თურქეთი, ოფიციალური განცხადების მიუხედავად, ბოლომდე არ იღებს მხედველობაში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. განსაკუთრებით დელიკატური კი ისაა, რომ თურქი პარლამენტარებისა და ადგილობრივი პოლიტიკოსების კავშირები აფხაზეთთან სულ უფრო მომრავლდა. როცა აფხაზური დელეგაციები თურქეთს სტუმრობენ და თურქი პოლიტიკოსები (უპირატესად აფხაზური მოსახლეობის დიდი ნაწილით დასახლებული ისეთი რეგინებიდან, როგორიცაა ჩრდილო დასავლეთ თურქეთის პროვინცია საქარია) დე ფაქტო სახელმწიფოში ჩადიან, ეს, როგორც წესი, დიასპორული ორგანიზაციების შუამდგომლობითა და მოწვევით ხდება. ასე მაგალითად, 2014 წლის ივნისში თურქული დელეგაცია აფხაზეთს ესტუმრა. ეს დელეგაცია ანკარაში არსებული თურქეთის პარლამენტის ხუთი წევრისგან, უნივერსიტეტის ერთი რექტორისა და საქარიის რეგიონის პოლიტიკოსებისგან შედგებოდა.[84] ამ შეხვედრაზე, სხვათა შორის, დამყარდა პარტნიორობა ანტალიასთან ახლოს მდებარე ხმელთაშუაზღვისპირეთის ერთ კურორტსა და შავიზღვისპირეთის კურორტ სოხუმს შორის. 2015 წლის სექტემბერში აფხაზეთს კვლავ ესტუმრა თურქი პოლიტიკოსების მაღალი რანგის დელეგაცია, ამჯერად საქარიის მოსაზღვრე ქოჯაელის პროვინციიდან. რეგიონული მმართველობის ხელმძღვანელის, იბრაჰიმ ქორაოსნამოღლუს (AKP) მეთაურობით განხორციელებული ეს ვიზიტი, თურქული მხარის განცხადებით, 2015 წლის ნოემბრის დასაწყისის საპარლამენტო არჩევნებისთვის აფხაზეთის დიასპორის AKP-სთვის მხარდაჭერის მოპოვებას ემსახურებოდა.[85]

ეს დიასპორა მხოლოდ თურქული პოლიტიკისთვის როდია მნიშვნელოვანი. ერთი წლით ადრე, 2014 წლის ზაფხულში, თურქულმა სახელმწიფო დაწესებულებებმა აფხაზურ დიასპორას, წესის საწინააღმდეგოდ, უფლება მისცა, სტამბოლში საარჩევნო პუნქტი მოეწყო, სადაც დიასპორის წევრებისთვის აფხაზეთის „პრეზიდენტის“ არჩევნებში მონაწილეობის მიღება იქნებოდა შესაძლებელი.[86] თურქულ კონტაქტებს აფხაზური დე ფაქტო მთავრობისთვის არა მხოლოდ ეკონომიკური თუ საგარეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, არამედ დიასპორის წევრების საცხოვრებლად აფხაზეთში გადასვლის მიზანსაც ემსახურება. ამ პოლიტიკის მიზანი, აფხაზეთის მთლიან მოსახლეობაში ეთნიკური აფხაზების წილის გაზრდაა.[87] ეს რიცხვი კი დღესდღეობით სავარაუდოდ 65 000-80 000 ადამიანს შეადგენს.[88] ეს დავალება ჯერ კიდევ 1993 წელს დაარსებულ რეპატრიაციის სახელმწიფო კომიტეტს აბარია, რომელიც აფხაზეთში საცხოვრებლად გადასვლისთვის გადაბირებას სხვადასხვა მატერიალური სტიმულებით ცდილობს, მაგალითად, მიწის მფლობელობაში გადაცემით. ამგვარი განცხადების წარდგენის კომპეტენცია იმ დიასპორულ ორგანიზაციებს აქვთ, რომლებიც თავიანთ წევრებში აფხაზური კულტურისა და ენის და, შესაბამისად, აფხაზური იდენტობის გავრცელების საქმიანობას ეწევიან. ასე მაგალითად, აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ 2010 წელს დაარსებულ დიასპორულ ორგანიზაცია Abhaz Dernekleri Federasyonu-თან (აფხაზური ორგანიზაციების ფედერაცია, Abhaz-Der-ად წოდებული) 2014 წლისთვის მოქმედების ერთობლივი გეგმა შეათანხმა.

თურქეთი და საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტი

2009 წელს ევროკავშირმა ახლებური აფხაზეთის მიმართ გასატარებელი ახლებური პოლიტიკა შეიმუშავა, რომლის დევიზიცაა „ურთიერთობა აღიარების გარეშე“ და მიზნად ისახავს აფხაზეთის იზოლაციის შეწყვეტას, რათა ერთგვარად დაუპირისპირდეს აფხაზეთში რუსეთის პრობლემატურად აღქმულ დომინირებას, მრავალმხრივი გახადოს ამ დე ფაქტო სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობები და, ამ გზით, ერთმანეთს დაუახლოვოს თბილისი და სოხუმი.[89] მაშასადამე, აფხაზეთთან ურთიერთობა უნდა გაძლიერდეს ამ განდგომილი ტერიტორიის საერთაშორისო აღიარების პერსპექტივის გარეშე. თუმცა ეს განზრახვა[90] მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა, უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთიდან მომდინარე წინააღმდეგობის გამო, სადაც ევროკავშირი მიკერძოებულ მხარედ აღიქმება. თურქეთი კი აფხაზეთის იზოლაციის შემცირებისკენ მოწოდებულ ამგვარ პოლიტიკას უკვე დიდი ხანია ახორციელებს. ანკარამ კონფლიქტის დარეგულირება მრავალგზის სცადა, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. თურქეთი 1990-იანი წლების ბოლოს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების ინიციატივითაც გამოვიდა. 1999 წლის ივნისის სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში კონფლიქტის ორივე მხარემ მზაობა გამოთქვა ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომების მისაღებად: ტყვეების გაცვლა, რეციდივების UNOMIG-თან (United Nations Obsever Mission in Georgia) თანამშრომლობით განხილვა, ლტოლვილთა უკან დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების შექმნა, ზავით შეთანხმებული საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა.[91] 2005 წელს ანკარა შეეცადა აღედგინა ეს მცდელობები. თურქეთის ელჩი საქართველოში სოხუმში ჩავიდა, რათა ხელახალი თურქული შუამდგომლობისთვის ნიადაგი მოემზადებინა, თუმცა აფხაზური მხარის დარწმუნება ვერ შეძლო.[92] რუსეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარმა ომმა თურქეთის მთავრობას ხელახლა მისცა შესაძლებლობა, საკუთარი საგარეო პოლიტიკური ცნობიერების თანახმად, უფრო აქტიურად შეეტანა წვლილი თავის სამეზობლოში კრიზისული სიტუაციის დაძლევის საქმეში. ანკარა „სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და თანამშრომლობის პლატფორმის“ დაარსების წინადადებით გამოვიდა.[93] ეს კონცეფცია სრულიად ახალი არ ყოფილა. 2000 წლის იანვარში თურქეთის მაშინდელ პრეზიდენტს, სულეიმან დემირელს ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ სურდა „კავკასიის სტაბილურობის პაქტის“ დაფუძნება, რომელიც იმგვარ ინიციატივებს დაეყრდნობოდა, როგორიც ევროკავშირმა ბალკანეთის მიმართ განახორციელა.[94] გამომდინარე AKP-ს ხელმძღვანელობაში გავრცელებული შეხედულებიდან, რომლის მიხედვითაც კავკასიის პრობლემების მოგვარება რეგიონულ ძალებს ყველაზე კარგად შეუძლიათ და საამისოდ აშშ-სა და ევროკავშირის ჩარევა საჭირო არ არის, ეს პლატფორმა კონფლიქტის მოგვარებას სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოს ერთობლივ ქმედებასა და რუსეთისა და თურქეთის ამ რეგიონის სასიკეთოდ მიმართულ ძალისხმევაში ხედავს. თუმცა ამ საკმაოდ პრეტენზიულმა წინადადებამ მოლოდინი ვერაფრით გაამართლა. ამ სახელმწიფოებს შორის მრავალმხრივი მოლაპარაკებები დღემდე არ არსებობს.

მართალია, ანკარას კონფლიქტის ორივე მხარესთან აქვს ურთიერთობა, მაგრამ ამით ის კონფლიქტის მოგვარების საქმეში თავისთავად უფრო წარმატებული როდია. თურქეთის ურთიერთობა აფხაზეთთან ამ დე ფაქტო სახელმწიფოს იზოლაციას რამდენადმე არბილებს, თუმცა თბილისისა და სოხუმის უშუალო დაახლოებას, რაც ევროკავშირის ხსენებული სტრატეგიის მიზანიც გახლდათ, ვერც თურქულმა ძალისხმევამ მიაღწია.

დასკვნა

ბოლო 20 წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში თურქეთი  მნიშვნელოვან ძალად ჩამოყალიბდა. მას მხოლოდ აზერბაიჯანთან კი არ აქვს მჭიდრო ურთიერთობა, არამედ მრავალფეროვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და (სამოქალაქო) საზოგადოებრივი ურთიერთობები საქართველოსთანაც დაამყარა. ამავდროულად, ის საქართველოსგან გამოყოფილ აფხაზეთთანაც ინარჩუნებს თბილისისთვის არასასურველ კავშირებს. თუმცა საქართველოსა და ამ დე ფაქტო სახელმწიფოს შორის გადაუჭრელი კონფლიქტი ანკარას მოქმედების ასპარეზს უზღუდავს: ანკარას არ სურს თბილისთან ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული მჭიდრო კავშირების აფხაზეთთან ურთიერთობით დამძიმება. ამავდროულად, მას არც ის სურს, რომ მხოლოდ თბილისთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებისკენ მიმართული პოლიტიკის გამო თურქეთის აფხაზური დიასპორის უსიამოვნება გამოიწვიოს. ამასთან, ანკარას არც რუსეთთან არსებული ურთიერთობების გაფუჭება უნდა. თურქეთის ეს ისტორიული მოპაექრე დღესდღეობით მისი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.[95]

რაც შეეხება მოსკოვს,  კავკასიას ის ჯერაც თავის „ახლო უცხოეთად“ მიიჩნევს და ამ რეგიონში თურქეთის გავლენის გაფართოებას ზედმიწევნით სკეპტიკურად უყურებს.[96] ეს მერყევი წონასწორობა კი მას ხელს უშლის ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში მონაწილე რომელიმე ერთი მხარის სასარგებლოდ ცალსახა პოლიტიკის გატარებაში.

 

პროექტი სხვა სიგანის ლიანდაგზე გადამყვანი ვაგზლისა ყარსი-თბილისის მონაკვეთზე მდებარე ახალქალაქში. არქიტექტურის ოფისი: J. Mayer H., ბერლინი


[1] Анна Глазова: Внешнеполитические инициативы Турции на Южном Кавказе: успех или неудача? In: Проблемы национальной стратегии, 1/2011, გვ. 66–81, აქ გვ. 68. – Nora Onar Fisher: NeoOttomanism, Historical Legacies and Turkish Foreign Policy. EDAM discussion paper series 3/2009, <http://trends.gmfus.org/doc/Discussion%20Paper%20Series_Fisher.pdf&gt;.

[2] „სოხუმი“ აფხაზეთის დედაქალაქის ქართული სახელწოდებაა, „სუხუმი“ კი აფხაზეთში გავრცელებული, ქართული ან კირილური დამწერლობიდან ტრანსლიტერაციის შედეგად ნაწარმოები სახელი. რუსეთში მანამდე არსებული სახელის „სუხუმის“ გაქართულება სუფიქსი -ი-ს დამატების შედეგად, სტალინის დროს, 1996 წელს მოხდა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ 1992 წელს გაუქმდა. აფხაზური სახელი „აყვა“ იშვიათად იხმარება.

[3] Dominic Lieven: Empire. The Russian Empire and Its Rivals. New Haven, London 2001, p. 141 and next. – Mustafa Aydın: Türkischer Einfluss und das Reich der Osmanen, in: Bernhard Chiari (Hg.): Wegweiser zur Geschichte. Kaukasus. Paderborn, გვ. 23–37, აქ გვ. 23–25.

[4] Владимир Яговитин: Очерки Истории Абхазии, Майкоп, 1995, გვ. 110–111. – Николоз Бердзенишвили et. al.: Историа Грузии I. С древнейших времён до 60-x годов XIX века. Тбилиси 1962, გვ. 150 და შემდეგ.

[5] First Encyclopedia of Islam 1913–1936. Edited by M.Th. Houtsma, T.W. Arnold, R. Basset, R. Hartmann, Vol. 1. Leiden et.al. 1987, გვ. 71.

[6] Ronald Grigor Suny: The making of the Georgian nation. Bloomington 21994, გვ. 48–49, 54. – Бердзенишвили , Историа Грузии [სქოლიო 4], გვ. 163 და შემდეგ. – Suny საუბრობს „ოსმანლობაზე“, ბერძენიშვილი კი „ოსმალობაზე“.

[7] ამასთან დაკავშირებით იხილეთ რუკა „1774-1829 რუსეთის იმპერიის ძალაუფლების კავკასიაზე გავრცელება“ ამ წიგნის I დანართში.

[8] Suny, The Making of the Georgian Nation [სქოლიო 6], გვ. 58–59.  

[9] იქვე, გვ. 64.

[10] იქვე, გვ. 48-49, 54, 64, 75, 134.

[11]  Ryan Gingeraas: The Sons of Two Fatherlands: Turkey and the North Caucasian Diaspora 1914–1923, in: European Journal of Turkish Studies, <http://ejts.revues.org/4424&gt;. ჩვენ ემიგრაციაზე ვსაუბრობთ, რადგან გადასახლება ნაწილობრივ იძულებით, ნაწილობრივ კი ნებაყოფლობით ხდებოდა. ამ ორი სახეობის ცალსახად გამიჯვნა ძნელია. მიმღები საზოგადოება მათ მუჰაჯირებად (იმიგრანტებად) მოიხსენიებდა, თავიანთ თავს კი ისინი სპეციფიკურ სახელებს უწოდებდნენ, მაგალითად, çerkez ანდა gürcü.

[12] Suny, The Making of the Georgian Nation [სქოლიო 6], გვ. 358. – Zeynel Besleney: The Circassian Diaspora in Turkey. A Political History. New York 2014, გვ. 43–49.

[13] ამ მოსახლეობის ნაწილი 1944 წელს თურქეთის მოსაზღვრე ტერიტორიიდან თურქი მესხების სახელწოდებით შუა აზიაში გადაასახლეს.

[14] Timothy Blauvelt: The Establishment of Soviet Power in Abkhazia: Ethnicity, Contestation and Clientelism in the Revolutionary Periphery, in: Revolutionary Russia 1/2014, გვ. 22–46, აქ გვ. 30. – Arsène Saparov: From Conflict to Autonomy in the Caucasus. The Soviet Union and the making of Abkhazia, South Ossetia and Nagorno Karabakh. London 2015, გვ. 52–62, განსაკუთრებით გვ. 61.

[15] Kemal Kirişci: Turkey and Its Post-Soviet Neighbourhood, in: Current History, October 2013, გვ. 271–276.

[16] „ჩერქეზული დიასპორის“ სიდიდის ზუსტი მონაცემები არ არსებობს. Sergej Markedonov-ი ამ დიასპორის სიდიდეს სამიდან ხუთ მილიონამდე ვარაუდობს. ამ ვარაუდში დღევანდელი აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფოდან გადასახლებული მოსახლეობის შთამომავლებიც შედიან. ჩერქეზულ დიასპორას კიდევ დაახლოებით ორიდან სამ მილიონამდე ეთნიკური ქართველი (ძირითადად აჭარიდან), სამი მილიონი აზერბაიჯანელი და დღევანდელ თურქეთში მცხოვრები 70 000 სომეხი ეკუთვნის; Sergej Markedonov: The Caucasus Region: From Geopolitical Periphery to an Arena of Competitive Interests, in: Caucasus International, 3/2012, გვ. 57–76, აქ გვ. 71.

[17] Diba Nigar Göksel: Turkish policy towards the Caucasus: A Balance Sheet of the Balancing Act, EDAM discussion paper series, 1/2011, გვ. 5, <www.gmfus.org/publications/turkishpolicy-towards-caucasus-balance-sheet…;. – Aybars Görgülü, Onnik Krikorian: Turkey’s South Caucasus Agenda: The Role of State and Non-State Actors, TESEV Foreign Policy Bulletin, Juli/2012, გვ. 1.

[18] Görgülü, Krikorian, Turkey’s South Caucasus Agenda [სქოლიო 17], გვ. 4.  

[19] Joshua Walker: Introduction: The Sources of Turkish Grand Strategy – „Strategic Depth“ and „Zero-Problems in Context“, in: LSE Ideas, Turkey’s Global Strategy, Mai 2012, გვ. 6–12.

[20] Mathijs Pelkmans: Defending the border: identity, religion, and modernity in the Republic of Georgia. Ithaca 2006, გვ. 6. – Chris Hann, Ildiko Beller-Hann: Samovars and sex on Turkey’s Russian markets, in: Anthropology Today, 4/1992, გვ. 3–6.

[21] Turkey and Georgia: strategic partners now. Hurriyet Daily News, 2.4.2001, <www.hurriyetdailynews.com/turkey-and-georgia-strategic-partners-now.asp… 438&n=turkey-and-georgia-strategic-partners-now-2001-02-04>. – საქართველო-თურქეთის ურთიერთობების ყველაზე სრულ აქტუალურ მიმოხილვას გვთავაზობს Vahram Ter-Matevosyan: Cooperation paradigms in the South Caucasus: Making sense of Turkish-Georgian relations, in: Études arméniennes contemporaines, 4/2014, გვ. 103–125.

[22] „სტრატეგიული პარტნიორი თურქეთის“ სათაურის მქონე ნაწილში თურქეთი საქართველოს 2005 წლის ეროვნული უშიშროების კონცეფციაში „ცენტრალურ რეგიონულ პარტნიორად“ მოიხსენიება, <www.parliament.ge/files/292_880_927746_concept_en.pdf&gt;.

[23] Nationales Sicherheitskonzept Georgiens von 2011, <http://usa.mfa.gov.ge/index.php?lang_ id=ENG&sec_id=15>.

[24] Diba Nigar Göksel: Turkey and Georgia: Zero-Problems? German Marshall Fund of the United States (GMFUS) Policy Brief, June 2013, <www.gmfus.org/publications/turkey-and-georgiazero-problems&gt;.

[25] ინტერვიუ ლექსო ალექსიშვილთან, ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების მინისტრთან, ივლისი 2015.    

[26] President Gül Hosts Official Dinner in Honor of President Margvelashvili of Georgia, 20.1.2014, <www.abdullahgul.gen.tr/news/397/88316/president-gul-hosts-official-dinn…;. 

[27] Michael Cecire: Georgia-Turkey Relations in a Georgian Dream Era, in: Caucasus Analytical Digest, 48/2013, გვ. 2–4, ეხება მთავრობის ამ ცვლილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

[28] Ter-Matevosyan, Cooperation paradigms [სქოლიო 21], გვ. 104 და შემდეგ.

[29] Georgia, Turkey agree to intensify customs cooperation, in: Trend news agency, 30.1.2015, <http://en.trend.az/scaucasus/georgia/2358763.html&gt;.

[30] ამ სფეროს მიმოხილვას გვთავაზობს Mithat Çelikpala: From a Failed State to a Weak One? Georgia and Turkish Georgian Relations, in: The Turkish Yearbook of International Relations, 36/2005, გვ. 159–199. – იხ. აგრეთვე Wojciech Kononczuk: A Caucasian Ally? Turkish-Georgian Relations, in: Adam Balcer (editor.): Turkey after the start of negotiations with the European Union – foreign relations and the domestic situation. Warsaw 2008 [= OSW Report], გვ. 31–41, <www.osw.waw.pl/sites/default/files/raport_turcja_ii_ang.pdf&gt;.  

[31] Samuel Lussac: The Baku-Tbilisi-Kars Railroad and its geopolitical Implications for the South Caucasus, in: Caucasian Review of International Affairs, 4/2008, <www.cria-online.org/ 5_5.html>. – Laut dem CEO der Firma Marabda-Kartsachi, die die Bauarbeiten durchführt, werden noch weitere zwei bis drei Jahre benötigt; Is the Baku-Tbilisi-Kars railway worth the fuss? Open Democracy, 2.11.2015, <www.opendemocracy.net/od-russia/yana-israelyan/isbaku-tbilisi-kars-rail…;.  

[32] Georgia, Turkey Discuss Military Cooperation. Radio Free Europe Newsline 22.5.1997, <www.hri.org/news/balkans/rferl/1997/97-05-22.rferl.html&gt;. – Turkish President in Georgia. RFE Newsline, 15.7.1997, <www.hri.org/news/balkans/rferl/1997/97-07-15.rferl.html&gt;.

[33] Turkey Funds Reconstruction of Georgian Military Airfield. Radio Free Europe Newsline, 29.1.2001, <www.hri.org/news/balkans/rferl/2001/01-01-29.rferl.html#07&gt;. 

[34]  Göksel, Turkey and Georgia [სქოლიო 24], გვ. 1. – მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის გავლენა ნატოში საგრძნობლად შესუსტდა, საქართველოს ხედვა ამ მიმართულებით არ შეცვლილა; Eugene Kogan: Georgian-Turkish Relations: Beyond the Headlines. GFSIS Expert Opinion, 37/2015, <http://gfsis.org/media/download/library/articles/kogan/37-kogan-ENG.pdf…;.

[35] Michael Cecire: The Merchant Hegemon: Georgia’s Role in Turkey’s Caucasus System, in: Kornely Kakachia, Michael Cecire (გამომცემლები): Georgian Foreign Policy. The Quest for Sustainable Security. Tbilisi 2013, გვ. 111–136, აქ გვ. 111–124. – Ter-Matevosyan, Cooperation Paradigms [სქოლიო 21], გვ. 105.  

[36] Igor Torbakov: An New Security Arrangement Takes Shape in the South Caucasus. Eurasia Net.org, 23.1.2002, <www.eurasianet.org/departments/insight/articles/eav012402.shtml&gt;.   

[37] Kars Statement of the Fourth Trilateral Meeting of the Ministers of Foreign Affairs of the Republic of Azerbaijan, Georgia, and the Republic of Turkey, 10 December 2014, Kars, <www.mfa.gov.tr/kars-statement-of-the-fourth-trilateral-meeting-of-the-m… -kars.en.mfa>.

[38] საერთო წვრთნები 2012 წლიდან „Caucasian Eagle“-ის სახელწოდებით და უკვე 2006 წლიდანაც კი „Eternity“-ის სახელით ტარდება. ეს უკანასკნელი ნავთობ და გაზსადენების უსაფრთხოებას ემსახურება; Eugene Kogan: Trilateral Military and Energy Security Co-Operation: Reactions from Moscow and Washington. Georgian Foundation for Strategic and International Studies Expert Opinion Nr. 17, 2014.

[39] Export Country 1995–2015, Geostat, <www.geostat.ge/cms/site_images/_files/english/bop/ 2015/Export%20Country_1995-2015_eng.xlsx>.

[40] Import Country 1995–2015, Geostat, <www.geostat.ge/cms/site_images/_files/english/bop/   2015/Import%20Country%201995-2015_eng.xlsx>.

[41] Exports by Country and Year; Turkish Statistical Institute, <www.turkstat.gov.tr/PreIstatistik Tablo.do?istab_id=1545>. Imports by Country and Year; Turkish Statistical Institute, <www.turkstat.gov.tr/PreIstatistikTablo.do?istab_id=1546&gt;.

[42] Kogan, Georgian-Turkish Relations [სქოლიო 34], გვ. 5–6.

[43] Georgia announces new Hydro Power Plant – Khedula 3. Agenda.ge, 29.5.2015,   <http://agenda.ge/news/36149/eng&gt;.

[44] Turkish companies to build Georgian hydropower plants – Ak Parti. Seenews, 14.10.2014, <http://renewables.seenews.com/news/turkish-companies-to-build-georgian-…- ak-parti-442969>.  

[45] Ter-Matevosyan, Cooperation paradigms [სქოლიო 21], გვ. 110.  

[46] Ivane Chkhikvadze: Zero Problems With Neighbors: The Case Of Georgia, in: Turkish Policy Quarterly, 2/2011, გვ. 6; <http://turkishpolicy.com/Files/ArticlePDF/zero-problems-with-neighbors the-case-of-georgia-summer-2011-en.pdf>. – Kononczuk, A Caucasian Ally? [სქოლიო 30], გვ. 37.  

[47] International Centre for Migration Policy Development (ICMPD): Georgian Diaspora and Migrant Communities in Germany, Greece and Turkey – Transnational realities and ties with Georgia, 2014, <http://migration.commission.ge/files/full_version_web_en.pdf&gt;. გამოკითხულ მიგრანტთა 46 პროცენტი აღიარებს, რომ სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა თურქეთში ტურისტული ვიზის საფუძველზე, გვ. 33.

[48] Ministerium für Tourismus und Kultur der Türkei, <www.kultur.gov.tr/Eklenti/37096, decemberbulletin2014.xls?0>.  

[49] Ter-Matevosyan, Caucasian paradigms [სქოლიო 21], გვ. 114–115.

[50] აჭარის მდგომარეობის მიმოხილვას გვთავაზობენ Vladimir Ivanov:  Religious Dimension of Turkey’s Policy in Ajara and the Georgian-Orthodox Church, in: Central Asia and the Caucasus, 3/2011, გვ. 79–90. –  (Thomas Liles): Islam and Religious Transformation in Adjara. Brussels 2012 [= European Centre for Minority Issues], <www.ecmi.de/news/details/ ecmipublishes-islam-and-religious-transformation-in-adjara-454/>. – Bayram Balci, Raoul Motika: Islam in post-Soviet Georgia, in: Central Asian Survey, 3/2007, გვ. 335–353.

[51] Balci, Motika, Islam in post-Soviet Georgia [სქოლიო 50], გვ. 345.

[52] Договор о дружбе между Армянской ССР, Азербайджанской ССР и Грузинской ССР, с одной стороны, и Турцией – с другой. Заключённый при участии РСФСР в Карсе, 13.10.1921, <www.amsi.ge/istoria/sab/yarsi.html&gt;.  

[53] Georgi Derluguian: The Tale of Two Resorts: Abkhazia and Ajaria Before and Since the Soviet Collapse, in: Beverly Crawford, Ronnie Lipschutz (გამომცემლები): The Myth of „Ethnic Conflict“. Berkeley 1998, გვ. 261–292, აქ გვ. 275–277.

[54] Ivanov, Religious Dimension [სქოლიო 50], გვ. 79.

[55] Ter-Matevosyan, Caucasian Paradigms [სქოლიო 21], გვ. 108.

[56] ინტერვიუ TAV Airport Holding-ისა და Nurol-ის წარმომადგენლებთან, Juli 2015.

[57] მოსახლეობის 2012 წელს ჩატარებული აღრიცხვის დროს აჭარის 376 016 მოსახლიდან 115 161 პირმა რელიგიურ სარწმუნოებად „ისლამი“ დაასახელა; Irakli Menagarishvili et al.: Political Aspects of Islam in Georgia. Tbilisi 2013, გვ. 62, <www.fes.ge/geo/islam.pdf&gt;

[58] Liles, Islam and Religious Transformation [სქოლიო 50].

[59] Göksel, Turkey and Georgia [სქოლიო 24], გვ. 3.

[60] Cecire, Georgia-Turkey Relations [სქოლიო 27].

[61] Pre-election Turkophobia. Tabula.ge, 17.9.2012, <www.tabula.ge/en/story/70462-pre-election- turkophobia>.

[62] Local Elections Boost Alliance of Patriots’ Ambitions for Parliamentary Polls, in: Civil Georgia, 21.6.2014, <www.civil.ge/eng/article.php?id=27395&gt;.

[63] Ivanov, Religious Dimension of Turkey’s Policy [სქოლიო 50], გვ. 82–84.

[64] Liles, Islam and Religious Transformation [სქოლიო 50]. – Ivanov, Religious Dimension of Turkey’s Policy [სქოლიო 50], გვ. 82. – Balci, Islam in post-Soviet Georgia [სქოლიო 50], გვ. 347.

[65] ინტერვიუები რელიგიის სფეროს წარმომადგენლებთან აჭარაში, 2015 წლის მაისი და ივნისი.

[66] ეს ურთიერთობები მხოლოდ თურქეთში მცხოვრებ „ეთნიკურ“ აფხაზებსა და მათი წინაპრების წარმომავლობის ქვეყანას შორის როდი არსებობს. ისინი თურქული სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებსაც მოიცავს, რომლებიც აფხაზური წარმომავლობისა არ არიან.

[67] George B. Hewitt: The Abkhasians. A Handbook. Peoples of the Caucasus Handbooks. Basingstoke 1999, გვ. 208.

[68] Suny, The Making of the Georgian Nation [სქოლიო 6], გვ. 358.

[69] Thomas Frear: The foreign policy options of a small unrecognised state: the case of Abkhazia, in: Caucasus Survey, 2/2014, გვ. 83–307, აქ გვ. 94–95.

[70] აფხაზეთის მოსახლეობის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემები ზედმეტად პოლიტიზებული და, ამიტომ, საკამათოა.  European Centre for Minority Issues (ECMI)-ის 2008 წლის სავარაუდო მონაცემების მიხედვით, აფხაზეთში დაახლოებით 186 500-დან 236 500-მდე მოსახლე ცხოვრობს. აქედან, სავარაუდოდ, 65 000-დან 80 000-მდე ეთნიკური აფხაზი, 45 000-დან 65 000-მდე ეთნიკური ქართველი (მათ შორის მეგრელი), 60 000-დან 70 000-ამდე ეთნიკური სომეხი და 10 000-დან 15 000-მდე ეთნიკური რუსი ცხოვრობს;  Tom Trier, Hedvig Lohm, David Szakonyi: Under Siege. Inter-Ethnic Relations in Abkhazia. London 2010, გვ. 32.

[71] 1993 წელს მოხდა KAF-KUR-ის რეორგანიზაცია და მისი სახელწოდება  KAF-DER-ად (Kafkas Derneği) გადაკეთდა, 2001 წლიდან კი ოფიციალურად მიიღო KAFFED (Kafkas Dernekleri Federasyonu) ქოლგა ორგანიზაციის სახე. 2010 წელს რამდენიმე აფხაზური ორგანიზაცია KAFFED-ს გამოეყო და საკუთარი ქოლგა ორგანიზაცია ჩამოაყალიბა (Abkaz-Der). ამის მიზანი ის იყო, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების შედეგად განსაკუთრებულ აფხაზურ იდენტობას უფრო მეტად გასმოდა ხაზი, მეორე მხრივ კი რუსეთის მიმართებით განსხვავებულობა ჩამოყალიბებულიყო. ინტერვიუები დიასპორის წარმომადგენლებთან, 2014 წლის დეკემბერი; ამ საკითხთან დაკავშირებით აგრეთვე იხილეთ Zeynel Abidin Besleney: The Circassian Diaspora in Turkey. A political history. New York 2014.  

[72] International Crisis Group: Abkhazia today. Europe Report N 176, 15.9.2006,   <www.crisisgroup.org/~/media/Files/europe/176_abkhazia_today.pdf&gt;.

[73] ამ დიასპორის საქმიანობის შესახებ იხილეთ Mitat Çelikpala: From Immigrants to Diaspora: Influence of the North Caucasian Diaspora in Turkey, in: Middle Eastern Studies, 3/2006, გვ. 423–446.

[74] რუსეთმა აფხაზეთი, ისევე, როგორც სამხრეთი ოსეთი, საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდგომ აღიარა. ამ აღიარებას ნიკარაგუა, ვენესუელა და წყნარი ოკეანის სახელმწიფო ნაურუც შეუერთდა.

[75] На границе России вдали от России. Известия, 23.5.1996. – Николаев и Шеварднадзе удовлетворены. Независимая Газета, 16.2.1996.

[76] Российско-грузинские отношения. Коммерсант, 29.11.1996.

[77] Eric R. Eissler: Can Turkey De-Isolate Abkhazia? In: Turkish Policy Quarterly, 3/2013, გვ. 126–135, აქ გვ. 130.  

[78] ინტერვიუები აფხაზეთის სახელმწიფო მოხელეებთან, 2014 წლის ნოემბერი. მონაცემები აფხაზეთის ეკონომიკური კავშირების შესახებ არასრულია და ძლიერ მერყეობს. აფხაზურმა „სახელმწიფო საბაჟო კომიტეტმა“ მხოლოდ 2012 წელს დაიწყო დეტალური სავაჭრო მონაცემების შეგროვება და ვაჭრობის მოცულობისა და სავაჭრო პარტნიორების შესახებ ზუსტი განცხადებების გაკეთება. Russia and Turkey Remain Abkhazia’s Main Trade Partners. Abkhazworld.Com. 29.7.2012, <http://abkhazworld.com/aw/economy/ 509russia-and-turkey-remain-abkhazias-main-trade-partners>.

[79] იხილეთ დამფუძნებელი სხდომის ოქმი: <www.tppra.org/ru/novost/delovoy-sovet-popredprinimatelstvu-abhaziya-tur…;.

[80] აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტმა 2013 წლისთვის 80 მლნ. აშშ დოლარი დაასახელა: <www.customsra.org/2013.pdf&gt;. 600 მლნ. აშშ დოლარი კი - გაზეთმა Today’s Zaman: A new era in Turkey-Abkhazia relations. Today’s Zaman, 1.9.2014, <www.todayszaman.com/ columnist/hasan-kanbolat/a-new-era-in-turkey-abkhazia-relations_357355.html>.  

[81] В Абхазии приостановило работу угледобывающее предприятие Ткварчел-уголь. Кавказский Узел, 6.5.2010, <www.kavkaz-uzel.ru/articles/168507&gt;.

[82] Sergi Kapanadze: Turkish Trade with Abkhazia: An Apple of Discord for Georgia, in: Turkish Policy Quarterly, 3/2014, გვ. 55–68, აქ გვ. 60.

[83] იქვე, გვ. 57. – Заявление МИД Абхазии в связи с захватом турецкого судна „Паша“. MFA Apsny, 16.7.2013, <http://mfaapsny.org/news/ ?ID=1337>.

[84] Acting Abkhazian President meets Turkish MPs; Georgia is surprised at their visit to Sukhumi. Caucasian Knot, 8.6.2014, <http://eng.kavkaz-uzel.ru/articles/28370/&gt;. – Tbilisi protests Turkish MPs’ visit to Abkhazia. Civil.ge, 9.6.2014, <www.civil.ge/eng/article.php/article.php?id= 27334>.

[85] Турецкий предвыборный визит в Абхазию. Эхо Кавказа, 2.9.2015, <www.ekhokavkaza.com/ content/article/27225163.html>.  

[86] A new era in Turkey-Abkhazia relations [სქოლიო 80]. აფხაზური კანონმდებლობით, ეთნიკურ აფხაზებს, მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, უფლება აქვთ მიიღონ აფხაზური მოქალაქეობა და, ამით, არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც. სხვადასხვა აფხაზური წყაროს მიხედვით თურქეთში დიასპორის წევრებიდან აფხაზეთის მოქალაქეობას მხოლოდ, დაახლოებით, 1500-2500 ადამიანი ფლობს. ამის შესახებ სანდო მონაცემები არ არსებობს; Магомед Туаев: Диаспора не окажет существенного влияния на исход выборов президента Абхазии, считают эксперты. Кавказский Узел, 26.7.2014, <www.kavkaz-uzel.ru/articles/246398/&gt;. – Human Rights Watch: Living in Limbo. The Rights of Ethnic Georgian Returnees to the Gali District of Abkhazia, Juli 2011, <www.hrw.org/sites/default/files/reports/georgia0711LR.pdf&gt;.

[87] Abkhazia Looks to Turkey for Fresh Blood, in: IWPR, 12.11.2010, <https://iwpr.net/globalvoices/abkhazia-looks-turkey-fresh-blood&gt;. დიასპორული ორგანიზაციები ინტერვიუებში აფხაზეთში დაბრუნებულთა რიცხვს 4000-დან 5000-მდე ასახელებენ - სანდო სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. დიასპორის წევრების დიდი ნაწილი კი აფხაზეთსა და თურქეთს შორის მიდი-მოდის, იმის მაგივრად, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალოს.

[88] მოსახლეობის შესახებ სტატისტიკური მონაცემებისა და ამ მონაცემთა პრობლემურობის თაობაზე იხილეთ სქოლიო 86.

[89] Sabine Fischer: The EU’s non-recognition and engagement policy towards Abkhazia and South Ossetia. EUISS Seminar Reports, Brussels, 1.–2.12.2010, <www.iss.europa.eu/uploads/media/ NREP_report.pdf>.

[90] Thomas Frear: Abkhazia and the West: Rehabilitating engagement without recognition, European Leadership Network, 2.2.2015, <www.europeanleadershipnetwork.org/abkhazia-and-thewest-rehabilitating-e…;.

[91] Çelikpala, From a Failed State [სქოლიო 30], გვ. 182. – Liz Fuller: Georgian-Abkhaz talks fail to resolve differences. Radio Free Europe Caucasus Report. 10.6.1999. – 1999 წლის ივნისის სტამბოლის შეთანხმება ამავე სახელწოდების მეორე შეთანხმებაში არ უნდა ავურიოთ, რომელიც ეუთოს სამიტზე იმავე წელს იქნა მიღებული. ივნისის შეთანხმება თურქეთის შუამდგომლობით საქართველოსა და აფხაზეთის წარმომადგენლების სამდღიანი შეხვედრის შედეგად მოხდა; Istanbul Statement of the Georgian and Abkhaz sides on ConfidenceBuilding Measures, 9.6.1999, <www.incore.ulst.ac.uk/services/cds/agreements/pdf/geo5.pdf&gt;

[92] Turkey offers to mediate between Georgia, Abkhazia. Radio Free Europe Newsline, 1.6.2005, <www.rferl.org/content/article/1143410.html  

[93] Eleni Fotiou: Caucasus Stability and Cooperation Platform: What is at Stake for Regional Cooperation? ICBSS Policy Brief, 16/2009, <www.isn.ethz.ch/Digital-Library/Publications/ Detail/?id=104737>.

[94] თუმცა ეს პლატფორმა სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებზე კონკრეტული რეაქციაა. მაგრამ ის ამ კონკრეტული კონფლიქტით როდი შემოიფარგლება. მეტიც, ანკარა ამით მიზნად ისახავდა, კავკასიაში უსაფრთხოების დიდი პრობლემების, მათ შორის მთიანი ყარაბაღისა და  აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარების ფორმატის ჩამოყალიბებას; Fotiou, Caucasus Stability and Cooperation Platform [სქოლიო 93].

[95] რუსეთში გატანილი თურქული ექსპორტის რაოდენობა 2004 წელს 1,9 მილიარდი აშშ-დოლარიდან 2013 წელს თითქმის შვიდ მილიარდ აშშ-დოლარამდე გაიზარდა, იმპორტი კი - ცხრა მილიარდი აშშ-დოლარიდან 25 მილიარდ აშშ-დოლარამდე. ამრიგად, რუსეთი თურქეთისთვის 2013 წელს ევროკავშირის მერე ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი იყო; European Commission: European Union, Trade in goods with Turkey 2015, <http://trade.ec.europa.eu/doclib/html/113456.htm&gt;.

[96] Igor Torbakov: The Georgia Crisis and Russia-Turkey Relations. Jamestown Foundation, November 2008, <www.jamestown.org/programs/recentreports/single/?tx_ttnews[tt_news]=   34181&tx_ttnews[backPid]=7&cHash=12982f773b#.VcsTzEbGPRI>.