15 წელი სამხრეთ კავკასიაში: ელენ იუბერშერის და ვალტერ კაუფმანის ვიზიტი თბილისსა და ერევანში

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს 15 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 2018 წლის 4-7 ივლისს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პრეზიდენტი ელენ იუბერშერი და აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი ვალტერ კაუფმანი ეწვივნენ თბილისსა და ერევანს.

თბილისში ვიზიტის ფაგლებში, სტუმრებმა შეხვედრა გამართეს ფონდის სტრატეგიულ პარტნიორებთან: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან, მწვანე ალტერნატივასთან და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან. შეხვედრების დროს, ფონდის პარტნიორებმა ელენ უიბერშერს და ვალტერ კაუფმანს გააცნეს თავიანთი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები.

მოგვიანებით, სტუმრები შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის წევრს თამარ ხულორდავას, რომელთანაც განიხილეს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი და საშინაო და საგარეო პოლიტიკის გამოწვევები.

გამომდინარე იქიდან, რომ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო კონფლიქტების ტრანსფორმაციის კუთხით მუშაობს, ელენ იუბერშერმა და ვალტერ კაუფმანმა კონფლიქტურ რეგიონებში არსებული სიტუაციის და საქართველოს მთავრობის ხედვის უკეთ გასაცნობად რამდენიმე შეხვედრა გამართეს. კერძოდ, ისინი ესაუბრნენ ქეთევან ციხელაშვილს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ასევე კონფლიქტოლოგებს - პაატა ზაქარეიშვილს, ოლესია ვართანიანსა და გიორგი კანაშვილს. მოგვიანებით, სტუმრებმა შეხვედრა გამართეს ივლიანე ხაინდრავასთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან.

თბილისში ვიზიტის ბოლოს გაიმართა ოფიციალური მიღება გოეთეს ინსტიტუტში.

6 ივლისს ელენ იუბერშერი და ვალტერ კაუფმანი გაემგზავრნენ  ერევანში, სადაც მათ ჰქონდათ ოფიციალური შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთან, კერძოდ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ოვანეს ოვანესიანთან, რომელიც ბიოლის ფონდის ყოფილი სტიპენდიანტია. აგრეთვე შეხვედრა გაიმართა გარემოს დაცვის მინისტრ ერიკ გრიგორიანთან და მის მოადგილე ირინა ყაფლანიანთან. სტუმრები ასევე შეხვდნენ  არსენ ხარატიანს, სომხეთის პერმიერ-მინისტრის მრჩეველს.

გარდა ზემოთ აღნიშნული შეხვდრებისა, ელენ იუბერშერი და ვალტერ კაუფმანი ესაუბრნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ სომხეთში არსებული სიტუაციის და იმ ძირითადი გამოწვევების შესახებ, რაც ქვეყნის წინაშე დგას პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური კუთხით.