ენერგეტიკული სიღარიბე და მოწყვლადი მომხმარებლები საქართველოში

პუბლიკაცია მომზადებულია ორგანიზაცია "მსოფლიო გამოცდილება საქართველოს" (WEG) მიერ,  ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი -სამხრეთ კავკასიის რეგიონის მხარდაჭერით. 

 

საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს. რეფორმა, რომლის საბოლოო მიზანიც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება და მომხმარებელთა კეთილდღეობის გაუმჯობესებაა, ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნას, ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციას, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და სხვა ბევრ ფაქტორს მოიცავს. რეფორმის პირობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ენერგეტიკული სიღარიბისა და მოწყვლადი მომხმარებლების საკითხი, რომელიც, საქართველოში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, მოქალაქეების დიდი ნაწილს ეხება. ენერგეტიკული სიღარიბე ეწოდება მდგომარეობას, როდესაც ადამიანებს, ან ოჯახებს არა აქვთ შესაძლებლობა, სათანადო გაათბონ სახლი ან მიიღონ სხვა საჭირო ენერგეტიკული მომსახურება ხელმისაწვდომ ფასად. ენერგეტიკული სიღარიბე ვლინდება როგორც ენერგიაზე ტექნიკური ხელმისაწვდომობის, ასევე - მოხმარების ფინანსური შესაძლებლობის არარსებობაში. მაგალითად, ენერგეტიკული სიღარიბე მაღალია განვითარებად ქვეყნებში, სადაც მოსახლეობას არ აქვს წვდომა თანამედროვე ენერგორესურსებზე - ელექტროენერგიასა და გაზზე, თუმცა ენერგეტიკული სიღარიბე არსებობს ისეთ განვითარებულ ქვეყნებშიც, სადაც ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე წვდომა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მოსახლეობას ენერგეტიკული სერვისების მისაღებად დიდი თანხის გადახდა უწევს. გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, ენერგეტიკული დანახარჯები არ უნდა აღემატებოდეს ოჯახის შემოსავლის 10% - ს, თუმცა დანახარჯების ძალიან დაბალი მაჩვენებელიც შეიძლება ფარული ენერგეტიკული სიღარიბის მაჩვენებელი იყოს და მიანიშნებდეს, რომ ასეთ შემთხვევაში ოჯახები ვერ მოიხმარენ საჭირო რაოდენობის ენერგეტიკულ რესურსებს და ამით ზიანს აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას. ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა ენერგეტიკული სიღარიბის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. თანამედროვე ენერგიის წყაროებთან და ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობის არარსებობა აიძულებს ოჯახებს გამოიყენონ შეშა და ღია ცეცხლი საჭმლის მოსამზადებლად თუ გასათბობად, რაც იწვევს სახლში ჰაერის დაბინძურებას, აზიანებს სასუნთქ გზებს და კავშირშია თვალისა და გულ - სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებასთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2015 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 1.3 მილიონი ადამიანი დაიღუპა ამ მიზეზით, დაღუპულთა უმრავლესობას ქალები და ბავშები წარმოადგენენ.

მიჩნეულია, რომ ქალები ენერგეტიკული სიღარიბის გავლენას უფრო მწვავედ და ხშირად განიცდიან და ეს ხდება არა იმიტომ, რომ კაცებისგან განსხვავებული ენერგეტიკული საჭიროებები აქვთ, არამედ იმიტომ, რომ ქალებს, კაცებთან შედარებით, ენერგიაზე ხელმისაწვდომობის და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის განსხვავებული ხარისხი აქვთ. განვითარებად ქვეყნებში ოჯახებში სახლის მოვლისა და საკვების მომზადების ფუნქცია უმეტესად ქალებს აკისრიათ. იმის გამო, რომ საკვების მომზადება, ამ შემთხვევაში, უმეტესად გულისხმობს შეშის გამოყენებას და არაეფექტურ ღუმელებში, ან ღია ცეცხლზე წვას, ქალების ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად უარესდება. შეშის წვისას წარმოქმნილი კვამლი აზიანებს როგორც სასუნთქ სისტემას - ისე, მხედველობას. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიხედვით, ცუდი
ვენტილაციის მქონე ღუმელებს ისეთივე დამაზიანებელი ეფექტი აქვთ ჯანმრთელობაზე, როგორც დღეში ორი კოლოფი სიგარეტის მოწევას. 

განვითარებულ ქვეყნებშიც, ენერგეტიკული სიღარიბისადმი ქალების მოწყვლადობას განაპირობებს, კაცებთან შედარებით, არათანაბარი შემოსავლები, რის გამოც ენერგეტიკული დანახარჯების წილი მთლიან შემოსავლებში მაღალია (ეს ეხება განსაკუთრებით მარტოხელა დედებს და მარტო მცხოვრებ ქალებს, რომელთა რიცხვი კაცებისაზე მაღალია). ​

 

წინამდებარე კვლევის მიზანია, წარმოადგინოს ფაქტობრივი მასალა, ლოგიკური ჩარჩო და რეკომენდაციები სახელმწიფო პოლიტიკისათვის, რომლის ამოცანაც უნდა იყოს საქართველოში ენერგეტიკული სიღარიბის გამოვლენა, მისი აღმოფხვრის გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება და მოწყვლადი მომხმარებლების დაცვა ენერგეტიკული რეფორმის საწყის ეტაპებზე. კვლევა ემყარება არსებული ლიტერატურის მიმოხილვას, ექსპერტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებს და ფოკუს ჯგუფებს. 

"მსოფლიო გამოცდილება საქართველოს" weg კვლევა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მოცემული ბმულიდან.

პუბლიკაცია მომზადებულია ორგანიზაცია "მსოფლიო გამოცდილება საქართველოს" (WEG) მიერ,  ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი -სამხრეთ კავკასიის რეგიონის მხარდაჭერით.