9 აპრილიდან 30 წლის შემდეგ - მცირე ანალიზი

ტექსტი მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის დისკუსიისათვის "30 წლის შემდეგ: 1989 წელი დღევანდელი გადასახედიდან".

9 აპრილი ჩემს მეხსიერებაში ძალიან ადრე შემოვიდა. მე 1986 წელს დავიბადე და 1989-ში 3 წლის ვიყავი.  6 წლამდე, ბავშვობაში, მხოლოდ ერთადერთხელ მახსოვს, ან მგონია, რომ მახსოვს, რომ მთელი ოჯახი ტელევიზორის წინ იჯდა და ტიროდა. მაშინდელ ე.წ. საბჭოთა ტელევიზორში კი ზუსტად 9 აპრილის კადრებს აჩვენებდნენ. ამის შემდეგ 9 აპრილი არ მშორდება, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, როგორც ისტორიკოსს და, რაც ყველაზე მძიმეა, როგორც ეთნიკურ ქართველს, იმიტომ რომ 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს მკაცრად „ქართული“ ნაციონალური სახე აქვს.

9 აპრილის, როგორც ისტორიული მოვლენის, ანალიზი ჩვენს საზოგადოებაში გამორჩეულია. საქართველოში ისტორიოგრაფია, და არამარტო ჩვენთან, ისტორიული მოვლენის ანალიზს საკმაოდ გვიან იწყებს და ეს როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური გარემოებებითაა განპირობებული. ამ მხრივ, 1989 წლის აპრილის მოვლენები გამონაკლისი ნამდვილად არის, რადგან მათი ანალიზი ზუსტად ერთ თაობაში იწყება. რასაკვირველია, მსჯელობა, კვლევა და დისკუსიები რაოდენობრივად მეტის და ხარისხობრივად უკეთესის სურვილს აჩენს, თუმცა პროცესი დაწყებულია. გააზრების გზა კი ეკლიანი და რთული იქნება. საზოგადოება რამდენად შეძლებს ამას, დრო გვიჩვენებს.

30 წლის შემდეგ 9 აპრილის აღნიშვნისას, სოციალურ ქსელებში ბევრმა ადამიანმა საკუთარ ფეისბუკის ავატარზე დააყენა სლოგანი, გზავნილი „მადლობა თავისუფლებისათვის“.  ამას პარალელურად თან სდევდა კონფლიქტი ოფიციალურ პირებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრების ნაწილს შორის. ვგულისხმობ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არასწორად წაკითხულ გვარს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ მიღებას, სადაც ერთ-ერთი დაღუპულის ოჯახი არ დაპატიჟეს. ოფიციალური ვერსიით, მათ ვერ დაუკავშირდნენ. 

კოლექტიურ მეხსიერებაში 9 აპრილი შეფასებულია უპირატესად ეროვნული ერთიანობის დღედ. თუმცა, მისი საფუძვლები, როგორც პროტესტი ლიხნის დეკლარაციაზე, შემდგომში კი სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენები, ცალსახად აჩვენებს, რომ ამ ერთიანობაში მინიმუმ ორი პოლიტიკური სუბიექტი არ მონაწილეობდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით. ოფიციალურ რიტორიკაში ხშირად ისმის, რომ ეს იყო ქვეყნის ერთიანობის დღე, თუმცა აქაც ვერაა საქმე ისე, როგორც ერის იდენტობას სურს. მიტინგების მსვლელობისას, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტსა და მის პარტიულ უჯრედებში ხშირად ისმოდა ახალგაზრდების დისციპლინირების მოთხოვნა, რათა მათ დემონსტრაციები შეეწყვიტათ. თუმცა, მომიტინგეთა დარბევის შემდეგ, რამდენიმე დღეში, ზუსტად ეს „ინტელიგენცია“ და „პოლიტიკური ელიტა“ ირგებენ მსხვერპლის მანტიას და საერთო გლოვის მონაწილენი ხდებიან.

ქეთი სართანიას ნაშრომში „1989 წლის 9 აპრილის საპროტესტო აქციის გავლენა საქართველოს უახლეს ისტორიაზე“ ყველა ღირებული ზუსტად ის ნაწილია, სადაც ავტორი გვაჩვენებს, თუ როგორ ერთიანდებიან 9 აპრილის მოვლენების ირგვლივ ადამიანები, რომლებიც ერთგვარი ნაციონალური როკვის რიტუალს ატარებენ. როგორ ხდება ძირითადი მიზეზების დავიწყება და როგორ გადაიქცევა საჯარო სივრცე რამდენიმე დღეში საბჭოურიდან ულტრანაციონალურად. ქეთის მიერ ჩატარებული მედიის ანალიზი, ამის ძალიან თვალსაჩინო გამოხატულებაა.

1989 წლისათვის საქართველოს სსრ-ში, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის ბევრ რესპუბლიკაში, მიტინგები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილადაა ქცეული. პარტიული ნომენკლატურა არაა შეჩვეული მსგავს ურთიერთობებს და ამიტომ  გადაწყვეტილებების მიღება ძალიან უჭირთ. მიტინგებზე ჩამოყალიბებული ნაციონალიზმი შორსაა რაციონალიზმისგან.

ემოციური გამოსვლები ჩრდილავს რეალურ პრობლემებს. საქართველოს ხელისუფალნი მიჩვეულნი იყვნენ, რომ ავტონომიურ ერთეულებში შექმნილი პრობლემები კრემლის ჩარევით და მოთხოვნათა დაკმაყოფილებით გვარდებოდა, ლიხნის დეკლარაციამ და გაჟღერებულმა მოთხოვნამ კი თბილისში ხელისუფლება ჩიხში შეიყვანა. დისიდენტურ მოძრაობას ან ე.წ. პროტესტანტების პოლიტიკურ ლიდერებს არ გააჩნიათ მომავლის ხედვა. თუნდაც იმის, თუ როგორ უნდა იყვნენ ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოში ინტეგრირებული აფხაზეთის ა/რ და სამხრეთ ოსეთის ა/ო.

ხელისუფლება და, განსაკუთრებით, საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი ვერ გრძნობენ და ხვდებიან ირგვლივ მიმდინარე ცვლილებებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ერთადერთი ადამიანი, ვინც 9 აპრილის ტრაგედია საკუთარ თავზე აიღო, იყო ჯუმბერ პატიაშვილი. მას ეყო ვაჟკაცობა, თავისი მმართველობის დროს უმძიმეს მოვლენაზე პასუხისმგებლობა ეტვირთა და თანამდებობიდანაც გადადგა.

9 აპრილი არაა მარტივი და ერთმნიშვნელოვანი მოვლენა. ამ დღით გამოწვეული პრობლემები კიდევ უფრო კომპლექსურია. ჩვენს თაობას, ვინც მაშინ პატარები ვიყავით ან მერე დავიბადეთ, 9 აპრილის ექო ისევე მოგვყვება, როგორც თავის დროზე ბარათაშვილს მოსჩხაოდა „თვალბედითი შავი ყორანი“.

 

9 აპრილიდან 30 წლის შემდეგ. მცირე ანალიზი - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube