უგემური ციკლი

პლასტიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელი კვების მრეწველობაა. მისი ლამაზად შეფუთული პროდუქცია ნებისმიერ მოთხოვნილებას უნდა აკმაყოფილებდეს. შედეგი სავალალოა: პლასტმასა ხვდება სახნავ-სათეს მიწაში და, შესაბამისად, კვების ჯაჭვში.

ცელოფანში გახვეული კიტრი, დაჭრილი და გამჭვირვალე პარკებში მოთავსებული სალათი, ნახევარფაბრიკატები და კონტეინერებში დახარისხებული სურსათი: სუპერმარკეტების თაროები სავსეა პლასტმასაში მოთავსებული საკვებით. სურსათის სექტორში პლასტმასის მოხმარების მოცულობა განსაკუთრებით სწრაფად იზრდება იქ, სადაც ვაჭრობა ქუჩებიდან და ბაზრებიდან სუპერმარკეტებში ინაცვლებს, რომლებიც სავსეა სურსათით მთელი მსოფლიოდან. შეფუთვის წყალობით პროდუქტები დიდი მანძილებიდან ტრანსპორტირებადი ხდება. განვითარებული სამყაროს მომხმარებლებისთვის საკვების სწრაფად მომზადებაც მნიშვნელოვანია: თანამედროვეობის უმთავრესი პრინციპი მოხერხებულობა და კომფორტია. ამ მოთხოვნაზე კვების მრეწველობის პასუხი პლასტმასაში მოთავსებული ნახევარ- ფაბრიკატებია.

მიწის დაბინძურება პლასტმასით - ინფოგრაფიკა

უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს ქალაქებში და მარტო. საშუალო კლასის კვების ჩვევებიც იცვლება. ეს ტენდენციები ხელს უწყობს ბაზარზე სუპერმარკეტების და შესაფუთი ინდუსტრიების დამკვიდრებას. შესაფუთი მასალების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ამერიკულმა ორგანიზაციამ გამოიკვლია, რომ 2017 წელს შესაფუთი ინდუსტრიის საბაზრო წილი 277,9 მილიარდი აშშ დოლარი იყო და იწინასწარმეტყველა, რომ 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5 პროცენტით გაიზრდებოდა. ტენდენციები ევროპაშიც მსგავსია. მთავარი შესაფუთი მასალა პლასტმასაა. ევროპული გარემოსდაცვითი პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიზიც იმავე ინფორმაციას იძლევა:


პლასტმასის უმეტესობა, რომლითაც ოკეანეები ბინძურდება, სურსათის შესაფუთი მასალებია.


ჩვენს კვების სისტემაში პლასტმასა მხოლოდ შესაფუთი მასალის სახით როდი გვხვდება. ამ ხელოვნური ნივთიერების მოხმარების თვალსაზრისით ევროკავშირის სოფლის მეურნეობა მეექვსე ადგილზეა. ხილ-ბოსტნეულის მოყვანა პლასტმასის მონაწილეობის გარეშე დღეს წარმოუდგენელია: სარწყავი სისტემები, სათბურები, გვირაბები – ეს ყველაფერი პლასტმასისგანაა დამზადებული. ხეხილის ხეებსა თუ ბუჩქებს ჩიტებისგან პლასტმასის ბადეები იცავს. პლასტმასის საფარითაა დაფარული თვალუწვდენელი მინდვრები, რათა მიწა უფრო სწრაფად გათბეს და შესაძლებელი გახდეს, მაგალითად, სატაცურის ადრეული მოსავლის აღება.

ახალი დაწყებულია საუბარი ნიადაგსა და შინაურ ცხოველებში – შედეგად კი, ადამიანის საკვებში  მიკროპლასტმასის არსებობაზე. ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის, აგრეთვე, ლაიბნიცის სახელობის წყლის ეკოლოგიისა და სატბორე თევზჭერის ინსტიტუტის მეცნიერთა შეფასებით, მიკროპლასტმასით ზღვებისა და ოკეანეების დაბინძურების საკითხთა მკვლევრები ათი წლით მაინც უსწრებენ თავიანთ კოლეგებს, რომლებიც ნიადაგში ამ ნივთიერების არსებობის შედეგებს აკვირდებიან. ექსპერტთა შეფასებით, მსოფლიოში ყოველწლიურად წარმოებული 400 მილიონ ტონაზე მეტი პლასტმასიდან დაახლოებით ერთი მესამედი სხვადასხვა ფორმით ხვდება ნიადაგსა და შიდა წყლებში. რაც შეეხება მიკროპლასტმასით ბუნების დაბინძურებას, ამ მხრივ დაბინძურების ხარისხი სხვადასხვა რაიონში 400-დან 2300 პროცენტამდე აღემატება ზღვებისა და ოკეანეების დაბინძურების ხარისხს. მიკროპლასტმასა, გარდა იმისა, რომ ცვლის ნიადაგის სტრუქტურას, გავლენას ახდენს იმ ორგანიზმების სასიცოცხლო გარემოზეც, რომელთა არსებობა ესოდენ მნიშვნელოვანია მიწის ნაყოფიერებისთვის მიკროორგანიზმებით დაწყებული და ჭიაყელებით დამთავრებული. ამასთან, თავისი სპეციფიკური თვისებების გამო მიკროპლასტმასა მაგნიტივით იზიდავს მავნე ნივთიერებებს.


არ მოგვეპოვება საკმარისი ინფორმაცია პლასტმასით სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაბინძურებაზე. ცნობილია მხოლოდ, რომ მიწის დაბინძურება სულ ცოტა ოთხჯერ, ხოლო ზოგან კი 23-ჯერაც აღემატება ოკეანეების დაბინძურების ხარისხს.

უხილავი ინგრედიენტები - ინფოგრაფიკა


ბოთლებში ჩამოსხმული წყალი იყიდება, როგორც ონკანის წყლის ჯანსაღი ალტერნატივა. ჩამომსხმელები ვალდებულები არიან, დეტალურად მიუთითონ მინერალური შემადგენლობა. მიკროპლასტმასა არსად ჩანს, როგორც ინგრედიენტი.

მსოფლიო მასშტაბით ნიადაგში ყოველწლიურად ილექება რამდენიმე ასეული ათასი ტონა მიკროპლასტმასა. აქედან მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის ფაბრიკა-ქარხნების, ქალაქებისა თუ სოფლების წყლის გამწმენდი დანადგარების ფილტრებში დარჩენილ შლამზე. გერმანიაში პლასტიკური მასის ნაწილაკების 90 პროცენტი იფილტრება და გამწმენდი მოწყობილობის ნალექში რჩება. კომუნალური შლამის ერთი მესამედი სახნავ-სათესი მიწების გასანოყიერებლად გამოიყენება: ჰექტარზე ხუთ ტონამდე სამი წლის განმავლობაში. მიკროპლასტმასის ნარჩენებს მეცნიერებმა ალპების მიუვალ რაიონებშიც კი მიაკვლიეს. მათი ვარაუდით, იქ ისინი ქარმა აიტანა.

მიკროპლასტმასის გავლენა ადამიანის სხეულზე ჯერ კიდევ შეუსწავლელია. თუმცა ცნობილია, რომ ჭამის ან სმის დროს ისინი ჩვენს სხეულებში აღწევენ. ავსტრალიაში მდებარე ნიუკასლის ინსტიტუტმა, 2019 წელს, კვლევებზე დაყრდნობით ივარაუდა, რომ კვირაში დაახლოებით 5 გრამი პლასტიკის ოდენობა ხვდება ადამიანის ორგანიზმში, რაც ერთი საკრედიტო ბარათის წონას უტოლდება. კანადაში ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, ადამიანები, რომლებიც წყალს პლასტმასის ბოთლებიდან სვამენ, დაახლოებით 130 000 მიკროპლასტმასას ყლაპავენ. წყლის ონკანიდან სმის შემთხვევაში მხოლოდ 4000 მიკრონაწილაკი ხვდება ორგანიზმში. ეს შემაშფოთებელი რიცხვებია, მაგრამ არ ვიცით, ჯანმრთელობის რა რისკებთან გვაქვს საქმე. უცნობია, ჩვენს სხეულში მოხვედრილი პლასტმასა ერევა თუ არა სისხლს და, შესაბამისად, ზემოქმედებს თუ არა ჩვენს შინაგან ორგანოებზე. შესაძლოა, ისინი სულაც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მეშვეობით ტოვებს ჩვენს სხეულებს.


მიკროპლასტმასის ნაწილაკები მიწაში გამწმენდი დანადგარების ფილტრის შლამიდანაც ხვდება. შლამს ევროპაში ფართოდ იყენებენ ნიადაგის გასანოყიერებლად.


ფილტრის შლამის გზით  - ნიადაგში - ინფოგრაფიკა