ჩარევა სასურველია. საჯარო დებატები ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში 2007-2008

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროში 2004 წლიდან იმართება “საჯარო დებატები საქართველოს მოდერნიზაციის შესახებ”. ამ დისკუსიებს თავდაპირველად პოლიტოლოგი დავით დარჩიაშვილი უძღვებოდა, შემდეგ კი - ჟურნალისტი დავით პაიჭაძე. 2006 წლის სექტემბრიდან პროექტში ჩაერთო კინომცოდნე და რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი გიორგი გვახარია. დისკუსიების გაშიფრული ჩანაწერები[1]  2007 წლიდან თავსდებოდა ფონდის სამხრეთ კავკასიური რეგიონალური ბიუროს ვებ-გვერდზე[2] . 2 წლის განმავლობაში დაგროვილი მასალის გადაკითხვამ და გაანალიზებამ გვიჩვენა, რომ იგი მოიცავს საქართველოს სახელმწიფოს  საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების უაღრესად დინამიურ პერიოდს და ამდენად, საინტერესო უნდა იყოს მკითხველისათვის. ამიტომ გადავწყვიტეთ მისი წიგნად გამოცემა.

***

“საჯარო დებატები საქართველოს მოდერნიზაციის შესახებ” პროექტის  საშუალებით ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი ქართულ საზოგადოებას სთავაზობს სადისკუსიო პლატფორმას, რომელიც საჯარო დემოკრატიული სივრცის ნაწილად მოიაზრება. ეს სივრცე აუცილებელია, რათა სახელმწიფომ და მისმა მოქალაქეებმა ღია დიალოგი აწარმოონ. დღესდღეობით საზოგადოებაში პოლარიზაციის მაღალი ხარისხი და აგრეთვე, პოლიტიკური დებატების კულტურის თავისებურებები განსაზღვრავს არსებულ გარემოს და  სიტუაციას; აქ სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საკმაოდ დაბალია. სადისკუსიო პლატფორმამ წვლილი უნდა შეიტანოს დემოკრატიული საჯარო დისკურსის შექმნასა და გაძლიერებაში.

ფონდი ცდილობს, განსახილველად წამოწიოს ის თემები, რაც საზოგადოებაში იმ ნორმებისა და ღირებულებების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, რომელიც დემოკრატიული და სამოქალაქო პოლიტიკური კულტურის განვითარებას წაადგება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია თავად დისკუსიის კულტურის დამკვიდრება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ჩაკეტილი კერძო სასაუბროOწრეებიდან მსჯელობა საჯარო სივრცეში გადაიტანონ. დიალოგი საჭიროა არა მარტო პოლიტიკოსებს შორის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებსაც შორისაც.

ფონდი ხელს უწყობს საჯარო დისკუსიების კულტურის ამაღლებას, რათა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე გახდეს.

***

ფონდისთვის მნიშვნელოვანია ჰაინრიჰ ბიოლის _ ნობელიანტი მწერლისა და მოქალაქის მაგალითი – მისი იდეები და პოლიტიკაში მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობის მიმართ მისი მხარდაჭერა; მისი რწმენა, რომ პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებაში დემოკრატიული თანამონაწილეობისათვის აუცილებელია პოლიტიკაში სამოქალაქო საზოგადოების ჩარევა; აგრეთვე მისი წევრების მხარდაჭერა და გაძლიერება. ეს რწმენა – მიუხედავად ბიოლის შემდგომ ძირეულად შეცვლილი საზოგადოებრივი, კულტურული და პოლიტიკური გარემოებებისა და შესაძლებლობებისა, კვლავაც აქტუალურია.

სწორედ ამიტომ კრებულის სათაურად შევარჩიეთ ბიოლის ცნობილი მოწოდება, რომელიც გერმანიაში ფრთიან ფრაზად იქცა: „ჩარევა ერთადერთი საშუალებაა, რეალისტად დარჩე“. ბიოლის წერილი “A plea for meddling ” („მოწოდება ჩარევისაკენ“) პირველად დაიბეჭდა გაზეთში New York Times 18.2.1973. ეს წერილი მოგვიანებით შევიდა კრებულში “ჩარევა სასურველია”.[3]

წერილის სათაური უკავშირდება უცხო სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის დოქტრინას, რომელსაც ბიოლი სათაურშივე კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს.  ამ წერილის ძირითადი სულისკვეთება შემდეგში მდგომარეობას: დაპატიმრებული და დისიდენტი მწერლების ბედით შეშფოთებული მწერალი მოუწოდებს მაშინდელი დასავლეთისა და აღმოსავლეთის (სოციალისტური ბლოკის) სახელმწიფო მეთაურებსა და პოლიტიკოსებს, დაიცვან ადამიანის უფლებები; აქვე ის მწერლის და ზოგადად ინტელექტუალის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს.

ბიოლის ამ წერილის კონტექსტი, დღევანდელი გადასახედიდან შესაძლოა მოძველებულადაც კი მოგვეჩვენოს, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ  თვით კრებულის მრავალფეროვნება მკითხველს სწორხაზოვანი ასოციაციების საშუალებას ნაკლებად მისცემს.

***

შეიძლება ითქვას, რომ კრებულში შესული დისკუსიების თემატიკა თითქმის სრულიად მოიცავს ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს პროგრამების და საქმიანობის სპექტრს:

პირველი თავი ქალაქი და მოქალაქეები იწყება დისკუსიით დედაქალაქის პრობლემების შესახებ, ერთი შეხედვით ვიწრო „სა(მო)ქალაქო“ ასპარეზით და გრძელდება უშუალო დემოკრატიის - საარჩევნო თემატიკით, რომელიც ასე აქტუალური და უხვი იყო გასულ პოლიტიკურ პერიოდში. აქვე გაანალიზებულია თანამედროვე პოლიტიკური კულტურის განმსაზღვრელი ფაქტორები და დღევანდელი სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებები და რეალიები. წიგნის ამ ნაწილში მკითხველისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს ლუსტრაციის თემაზე გამართული დებატები.

კრებულის  მეორე ნაწილში თანასწორობისა და ტოლერანტობის შესახებ თავი მოვუყარეთ თემატიკას, რომელიც ჩვეულებრივ, იშვიათად თუ ხდება საჯარო განხილვის საგანი: რელიგიისა და სეკულარული სახელმწიფოს მიმართება, ნაციონალიზმის პრობლემები, საბჭოთა წარსულის გადაფასება, ჰომოფობია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური გარემო. ჩვენი დაკვირვებით, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გამართული დებატები თანასწორობის, ტოლერანტობისა და პლურალიზმის შესახებ - თუ არ ჩავთვლით ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების თემას – ყველაზე მძაფრია და რეზონანსიც მოჰყვება ხოლმე.

მესამე თავი ეთნოკონფლიქტები: ნდობის ძიებაში განიხილავს სახელმწიფოს სტრატეგიებს ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების მიმართ და, აგრეთვე,  საზოგადოების დამოკიდებულებას ამ საკითხების მიმართ. ამ თავში ქრონოლოგიური გამონაკლისის სახით შევიდა ფონდში შემორჩენილი დისკუსიის ჩანაწერი „სამხრეთ ოსეთის საკითხი“, რომელიც 2004 წლის ზაფხულში შედგა. იმ დღეებში გართულებული სიტუაციის გამო მოწვეულ სტუმართაგან მაშინ მხოლოდ ზაალ ქიქოძემ მოახერხა მოსვლა და ამ ნაუბრის შინაარსი დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გვეჩვენება. დაკვირვებული მკითხველი ნათლად ამოიკითხავს ამ სფეროში განვითარებულ დრამატულ დინამიკას. ბოლო ორი დისკუსია, რომელიც კონფლიქტების განიხილავდა და აგვისტოს ომის შემდეგ ჩატარდა, „დამარცხებული ომის სინდრომისა“ და ომის შემდეგ სამშვიდობო მოლაპარაკებების თემას ეხებოდა.

კრებულის ბოლო თავი ქართული მედია კრიზისის ზღვარზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ქართული მედიისა და ჟურნალისტების პასუხისმგებლობის თემას ეძღვნება. ქართულ ჟურნალისტიკაში შექმნილმა ვაკუუმმა განსაკუთრებით 2007 წლიდან იჩინა თავი და ეს თემაც შესაბამისად აისახა ფონდში გამართული დისკუსიების სპექტრში. ამ დისკუსიების ერთ-ერთი მოდერატორს, გიორგი გვახარიას, ხშირად აღუნიშნავს მრავალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პრობლემის გადაჭვულობა ქართული მედიის და ჟურნალისტების პროფესიონალიზმის საკითხებთან. ვერც ჟურნალ-გაზეთებმა, ვერც რადიოსადგურებმა და ვერც ტელეარხებმა ჯერჯერობით ვერ შექმნეს ის სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა თავისუფალი დისკუსიის გამართვა. არსებობს მოსაზრება, რომ საპარლამენტო და გარესაპარლმენტო პოლიტიკური სპექტრის კრიზისი ნაწილობრივ ქართულ მედიაში ნაბიჯ-ნაბიჯ შექმნილმა ვაკუუმმაც განაპირობა.

თავი იწყება დისკუსიით „საინფორმაციო პოლიტიკა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ“. ეს დისკუსია 2007 წლის 24 ოქტომბერს ჩატარდა; ამ თავში შესული ბოლო დისკუსია კი 2008 წლის 3 ოქტომბრით თარიღდება და მისი თემა იყო „მედია და ომი: საინფორმაციო პოლიტიკა და ჟურნალისტური სტანდარტები“. სასურველია იქნებოდა, წიგნის ამ ნაწილის წაკითხვისას ჟურნალისტები საკუთარ პასუხისმგებლობაზე დაფიქრდნენ. საზოგადოებაში, სადაც ინფორმაცია იარაღად განიხილება და გამოიყენება კიდეც, ჯერ კიდევ მწვავედ დგას კონკურენტული და თავისუფალი მედიაგარემოს პრობლემა, ჟურნალისტების პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტების სოლიდარობის საკითხი.

***

დასასრულ, გვინდა მადლობა ვუთხრათ ოთხშაბათის საჯარო დებატების ყველა მონაწილეს; დისკუსიების მოდერატორებს, რომლებსაც ხშირად ხმის ჩახლეჩამდე უწევთ დისკუსიის კულტურის დამკვიდრება; მათ, ვინც თავიანთი მოხსენებებით გაგვიზიარა საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და ხედვა; მათ, ვინც მოისმინა და გაიზიარა სხვისი მოსაზრება; მათ, ვინც აქტიურად მონაწილეობდა დისკუსიებში და გვთავაზობდა ახლ-ახალ თემებს განსჯისათვის;  მათ, ვინც ჩვენთან ერთად ქმნიდა საჯარო დებატებისა და პოლიტიკის კულტურას; მათ, ვინ ცდილობს, რომ ჩაერიოს, რათა დარჩეს რეალისტი.

ნინო ლეჟავა

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი

 

[1] მადლობა რადიო „მწვანე ტალღის“ ჟურნალისტ მედეა იმერლიშვილს; მან დიდი შრომა გასწია მრავალფეროვანი დისკუსიების აუდიოჩანაწერების გაშიფვრის დროს. ხშირად ძალიან დინამიური სადებატო გამოსვლები მისი დამსახურებით იქცა ტექსტებად, რომლებიც ნაწილობრივ უკანასკნელი 2 წლის ქრონიკადაც კი შეიძლება იკითხებოდეს.

[3] Heinrich Böll, „Einmischung erwünscht - Schriften zur Zeit“, Kiepenheuer &Witsch Köln, 1977.

Product details
Date of Publication
2008
Publisher
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული
ISBN / DOI
978-9941-9009-5-2