მოდერნიზაციის პროექტი საქართველოში

Კითხვის დრო: 4 წუთი
ე. აღდგომელაშვილი, გ. გვახარია, გ. ზედანია, ზ. ანდრონიკაშვილი

დისკუსია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის პროგრამების კოორდინატორმა, ნინო ლეჟავამ გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას ფონდის მიერ გამოცემული ახალი წიგნი, "ჩარევა სასურველია - საჯარო დებატები ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში", წარუდგინა. წიგნში შესულია 2007-2008 წლებში გამართული დებატები,  რომლებიც მიმდინარეობდა პროექტის "საჯარო დებატები საქართველოს მოდერნიზაციის შესახებ" ფარგლებში.

გიგა ზედანიამ დამსწრე საზოგადოებას მოდერნიზაციის, როგორც კონცეპტის, წარმოქმნის ისტორია გააცნო და მისი განმარტებაც შესთავაზა. ზედანიას თქმით, მოდერნიზაცია სხვადასხვანაირად შეიძლება განიმარტოს. ის შეიძლება აიხსნას, როგორც გლობალური პროცესი, რომელიც ევროპაში მე-18 საუკუნეში დაიწყო და ნელ-ნელა გადაედო სხვა ქვეყნებსაც. მეორე მხრივ, მოდერნიზაციის პროცესი ნიშნავს გადასვლას ტრადიციული საზოგადოებიდან მოდერნულ საზოგადოებაზე.

ზედანიამ საქართველოში არსებული ვითარების გაანალიზებისას დაასკვნა, რომ მოდერნიზაციის თეორია ჩამოყალიბდა კონცეპტის გარკვეულ კონტექსტში, რომელიც დღევანდელ საქართველოში არ არსებობს, იმიტომ რომ საქართველო არ არის ტრადიციული ქვეყანა. შესაბამისად, ტრადიციების მოდერნიზაციაც შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს ტრადიციები არ არსებობს და საქართველოში ახლა ხდება ტრადიციების გამოგონება. ზედანიას თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ერთდროულად მიმდინარეობს ერთმანეთის საპირისპირო, მოდერნიზაციისა და რეტრადიციონალიზმის პროცესები.

ზაალ ანდრონიკაშვილის, განმარტებით, მოდელი, როდესაც ერთი მხრივ, ხდება ტრადიციების გამოგონება, და მეორე მხრივ, მიმდინარეობს მოდერნიზაციის პროცესი, სინამდვილეში არ არის ისეთი წინააღმდეგობრივი, როგორც გიგა ზედანიამ აღწერა. მისი აზრით, ეს ერთი პროექტია. იმიტომ, რომ ნებისმიერი საზოგადოება, რომელსაც დღეს მოდერნული შეიძლება ეწოდოს, და რომლებიც მე-17-18-19 საუკუნეებში ყალიბდებოდა, იგონებდა ამ ტრადიციებს და მათი გამოგონებით ქმნიდა იმას, რასაც დღეს ჰქვია თანამედროვე სახელმწიფოები.

ზაალ ანდრონიკაშვილმა, ვიდრე მოდერნიზაციის პროექტის კონტექსტში, ქართული კულტურის დროსთან და სივრცესთან დამოკიდებულების საკითხს შეეხებოდა, აღნიშნა, რომ მე-17-18 საუკუნეში იგი განმანათლებლობის ფილოსოფიის თავისი დადებითი მხარეებითა და პრობლემებით პრაქტიკაში განხორციელებას გულისხმობდა. მისივე თქმით, ნაციონალური სახელმწიფო იყო მაშინ სწორედ ის პოლიტიკური ფორმა, რომელიც ადეკვატურად წყვეტდა პრობლემას, რომელსაც იმ პერიოდში ვერ წყვეტდა საზოგადოების ორგანიზაციის სხვა ფორმები. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ნაციონალური სახელმწიფო, როგორც საზოგადოების ორგანიზაციის ეს ფორმა, მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვეღარ წყვეტს მსოფლიოს წინაშე მდგარ პრობლემებს.

ზაალ ანდრონიკაშვილის თქმით, მოდერნიზაციაზე სასაუბროდ მნიშვნელოვანია დღევანდელი ქართული კულტურისა და ქართველების დროსა და სივრცესთან დამოკიდებულების განსაზღვრა. მისი თქმით, შეინიშნება წარსულთან დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც ისტორია დასრულებულია, და მეორე მხრივ, მომავალთან დამოკიდებულება, რომელიც დაცლილი ფორმების რეპროდუცირებაში გამოიხატება. დღევანდელი ქართული საზოაგდოებისთვის მომავალი არის ან ზომაში გაზრდილი წარსული, ან რეფლექსიას მოკლებული რაღაც ფორმა, რომლის შინაარსი ამავე საზოგადოებას არც ესმის და არც აინტერესებს.

საუბრის ბოლოს მომხსენებელმა დაასკვნა, რომ დღევანდელ საქართველოში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი ცხოვრობს აბსოლუტურად განსხვავებულ დროებში, რომლებსაც ერთმანეთთან შეხება არა აქვს. შესაბამისად, საქართველოს ჯერ არა აქვს თავისი შინაგანი წესი, რომლითაც ის აპირებს მომავალში ცხოვრებას. ზაალ ანდრონიკაშვილის თქმით, მოდერნიზაციული პროექტები და ქართული საზოგადოების განვითარების თეორიული შესაძლებლობები ამ საზოგადოების გეოპოლიტიკურ არჩევანზე იქნება დამოკიდებული.

ეკა აღდგომელაშვილმა საუბრის დასაწყისშივე გამოყო, მისი აზრით, მთავარი პრობლემა - შეუთანხმებლობა და ერთიანი რეალობის აღიარების შეუძლებლობა ქართული საზოგადოების წევრებს შორის. ეკა აღდგომელაშვილის აზრით, საზოგადოების მონაწილეობით, თუ მონაწილეობის გარეშე, საქართველოში ხორციელდება მეორადი მოდერნიზაციის პროექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ იდეალად მოიაზრება დასავლეთ ევროპის ქვეყნები და ფასეულობები, და საქართველო ძალით თუ ნებით ცდილობს მიუახლოვდეს ამ ფასეულობებს.

ნებისმიერ ქვეყანაში, იქ, სადაც არ ხდება პირველადი მოდერნიზაცია, ყოველთვის არის საფრთხე, წარმოიქმნას კონფლიქტი არსებულ გამოცდილებასა და ფასეულობებსა და ახალ ფასეულობებს შორის. გაუმართლებელია მოდერნიზაციაზე იმ კონტექსტის გარეშე საუბარი, რაც ამ ქვეყანას აქვს ისტორიული, სოციალური და კულტურული თვალსაზრისით. ეკა აღდგომელაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ საიდან ხორციელდება დაკვეთა მოდერნიზაციასა და ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ თუკი დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ეს დაკვეთა თავად საზოგადოებიდან მოდიოდა, საქართველოში ასე არ ხდება.

დისკუსიის მსვლელობისას ძირითადი შეკითხვა საქართველოში მოდერნიზაციის პროექტის მარცხის და შეჩერების მიზეზებს ეხებოდა. ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ საქართველოს მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული, რას გულისხმობდა მოდერნიზაციის პროექტი. პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განმარტა, რომ საქართველოში მოდერნიზაციის პროექტის განხორციელების მოთხოვნილება არ ყოფილა. პოეტმა რატი ამაღლობელმა თქვა, რომ მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მოსახლეობამდე ახალი ფასეულობების მიტანა გასაგები ენით არ მოხდა.

ჟურნალისტმა ნინო დანელიამ აღნიშნა, რომ დღევანდელი ქართული საზოგადოების მხრიდან მოდერნიზაციას ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა. იგი დარწმუნებულია, რომ საზოგადოების უმრავლესობას არ უნდა სეკულარული სახელმწიფო, არ უნდა სახელმწიფო, სადაც ქართული ტრადიციები განსხვავებულად იქნება აღქმული. დასასრულს, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სერგო რატიანმა აღნიშნა, რომ საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს მოდერნიზაციის პროექტის ობიექტური პრობლემები, და ყველაფერი მხოლოდ კონკრეტული ადამიანების (ანუ “ვარდების რევოლუციის” ხელისუფლების) არასწორ ქმედებებს არ უნდა დაუკავშიროს.