დისკუსია მიეძღვნა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ გამოცემული ახალი წიგნის – "ალჟირის პატიმართა პორტრეტები: სტალინიზმის ისტორიიდან" – წარდგენას.
დისკუსიის მოდერატორმა, გოგი გვახარიამ აღნიშნა, რომ ძალიან მტკივნეულია, რომ ამდენი ხნის გასვლის შემდეგაც კი, სტალინიზმის მოვლენა საქართველოში არ გაუაზრებიათ, განსხვავებით რუსეთისგან, სადაც 80-იანი წლების ბოლოს ამ თემაზე სერიოზული დისკუსია დაიწყო.
ლევან გიგინეიშვილმა საუბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ ეს თემა მისთვის პირველ რიგში, ზოგადისა და კონკრეტულის, ტოტალიტარიზმისა და კონკრეტული ადამიანების ბედის ერთმანეთთან მიმართებით იყო საინტერესო. მანვე ისაუბრა ტოტალიტარიზმის ბუნებაზე და თქვა, რომ ეს არის პიროვნების ნიველირება, პიროვნების გაუქმებამდე მისული უპატივცემულობა, პირადი მსჯელობის სივრცის გაუქმება, ეს არის სივრცე, სადაც იდეა უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე პიროვნება და მისი გამოხატვის, მისი სიმართლის თქმის უფლება. მისივე თქმით, ტოტალიტარიზმს ქმნის თავისუფლების და პირადი პასუხისმგებლობის შიში.
ლევან გიგინეიშვილის თქმით სტალინი ტოტალიტარიზმის ერთ-ერთი სახეა. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი თავის თავისუფლებას სხვას გადააბარებს, უარს ამბობს თავისუფლებაზე კომფორტის გამო, იქ ჩნდება ტოტალიტარიზმის საშიშროება. ”კარგი იქნება, თუ ყველანი წაიკითხავთ ამ წიგნს, რადგან ტოტალიტარიზმი არ არის ის, რაც იყო და აღარასოდეს განმეორდება. სადაც არ ხდება პიროვნული განვითარება და პიროვნული ღირსების ჩამოყალიბება, იქ ყოველთვის იქნება ტოტალიტარიზმის გაჩენის შანსი. ამიტომ, ეს წიგნი გაფრთხილებასავით არის”.
ნინო ბექიშვილის თქმით, ეს თემა მას ყოველთვის აინტერესებდა, იმიტომ რომ მისი ჩამოყალიბება, მისი ახალგაზრდობა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა და ყოფილ საბჭოთა ადამიანებს სტალინიზმზე ხმამაღლა ლაპარაკის საშუალება მიეცათ.
ნინო ბექიშვილის აზრით სტალინიზმი, ისევე როგორც ბევრი რამ, ქართველებს არ გაუაზრებიათ.
”ეს წიგნი ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, იმით, რომ ჩვენს საზოგადოებას აძლევს იმის საშუალებას, ზეპირი ისტორიების და ნამდვილი ნაამბობის საშუალებით გაეცნოს იმ ეპოქას. ამ ისტორიებში მთელი სპექტრია გადაშლილი და ძალაინ ბევრი რამის ამოკითხვა შეიძლება, დაწყებული საერთო, ზოგადი ფონიდან, კონკრტული ადამიანების ამბებით დამთავრებული”, - თქვა საუბრის დასასრულს მომხსენებელმა.
დისკუსიის მესამე მომხსენებელმა, საქართველოში საბჭოური პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება ”მემორიალის” ერთ-ერთმა დამფუძნებლის, ილამაზ მიწიშვილის ახრით, სტალინზე რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, მისი ფენომენი ძალიან დიდხანს იქნება შეუსწავლელი. მისივე თქმით, საზოგადოება ”მემორიალი” ყოველტვის ცდილობდა, ეს პრობლემა არ მიჩქმალულიყო. მისმა წევრებმა ჯერ კიდევ ათი წლის წინ დასვეს საკითხი, გახსნილიყო საბჭოური პოლიტიკური რეპრესიების ამსახველი მუზეუმი, მაგრამ ამას ვერც ერთი მთავრობის დროს ვერ მიაღწიეს. მისივე თქმით, საზოგადოება ”მემორიალმა” 17 წელი იარსება, დღეს შეიძლება ითქვას, რომ ის ფაქტობრივად, აღარ არსებობს სახელმწიფო და კერძო დაფინანსების წყაროების არარსებობის გამო. 2009 წელს ორგანოზაციას ჩამოერთვა ის სივრცე, სადაცგანთავსებული იყო ”მემორიალის” ოფისი და არქივი.
- რა განსხვავებაა სტალინურ ტოტალიტარიზმსა და სხვა ტოტალიტარიზმებს შორის?
- რატომ არ დაიწყო ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენს საზოგადოებაში სტალინიზმზე საუბარი?
- რა გვიშლის ხელს სტალინიზმის გადააზრებაში?
- გამართლებულია თუ არა საუბარი სტალინის ძეგლის აღებაზე?
- რატომ უყვარდათ და რატომ უყვართ დღემდე სტალინი საქართველოში?
- რა პარალელი შეიძლება გავავლოთ დღევანდელობასთან?
- რა გვაახლოვებს ტოტალიტარიზმთან?
- არის თუ არა გარეშე მტრების ძიების ფენომენი ან პიროვნების კულტის შექმნის მცდელობა ტოტალიტარიზმის ნიშნები?
- რა განაპირობებს სტალინისნაირი და ჰიტლერისნაირი ხალხის პოპულარობას ხალხში?
- ეს იყო ის ძირითადი შეკითხვები, რომლებიც მომხსენებლებს დარბაზიდან დაუსვეს.
იხილეთ დებატების ვრცელი მიმოხილვა ქართულად (pdf, 18 გვ., 227 კბ)
გადაცემა ”წითელი ზონა”, რეპორტაჟი რადიო თავისუფლებაზე ”სტალინიზმი და მისი მემკვიდრეობა” (ქართულად)
რადიო თავიუფლება. მეათე სტუდია. ”ალჟირის” პატიმართა პორტრეტები. (ქართულად)