საზოგადოებრივი მაუწყებელი: პოლიტიკა და საზოგადოება

Კითხვის დრო: 4 წუთი

"მედია-კლუბი იწყებს ხელმოწერების შეგროვებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 7 ადგილის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. ეს ინიციატივა  საზოგადობრივი მაუწყებლის დეპოლიტიზაციის პროცესის დაწყებას გულისხმობს.  აქამდე არსებული სისტემა, რომლის მიხედვითაც საბჭო პარიტეტული გზით კომპლექტდებოდა, სადაც  7 ადგილი ხელისუფლებას ჰქონდა, 7 - ოპოზიციას და 1 - სამოქალაქო საზოგადოებას, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნებსა თუ კონცეფციას არ ასახავდა. 7 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებული კონკურსი სამეთვალყურეო საბჭოს დეპოლიტიზების პროცესის დაწყების საშუალებას გვაძლევს. პოლიტიკური მხარეები უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩამოშორდნენ საარჩევნო პროცესს, თავად არ წარადგინონ კანდიდატები და გზა სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივას დაუთმონ" - დისკუსია მოდერატორმა გოგი გვახარიამ გახსნა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში შეკრებილ საზოგადოებას მედია-კლუბის განცხადება გააცნო.

დისკუსიის პირველმა მომხსენებელმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა საზოგადოებას შეახსენა კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ და აღნიშნა, რომ ის თავისი შინაარსით გამორჩეულია და ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითოც გახდა. ამ კანონის არც ერთი მუხლი არ ითვალისწინებს რაიმე სახის პოლიტიკურ შეთანხმებას ან პოლიტიკური პარტიების მხრიდან ქვოტების გადანაწილებას სამეურვეო საბჭოში. მისივე თქმით, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესში ჩართულია პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პოლიტიკური ნაწილი მთლიანად ვერ გამოირიცხებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, გარკვეულ მიზეზთა გამო, პოლიტიკური მონაწილეობა ამ საკითხში კიდევ უფრო შორს წავიდა. 

პავლე კუბლაშვილი შეეცადა, აეხსნა საზოგადოებისთვის, თუ მოგვიანებით რამ გამოიწვია სამეურვეო საბჭოს კონსესუსის გზით დაკომპლექტება და განვითარებული მოვლენების ფონზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ წარმოქმნილი წინააღმდეგობები გაიხსენა. მან ისაუბრა ხელისუფლების შეთავაზებაზე, რომელიც სამეურვეო საბჭოში შექმნილ დამატებით ვაკანსიებზე კონკურსის გამოცხადებაში გამოიხატებოდა. მისი თქმით, დღეისთვის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა თხუთმეტამდეა გაზრდილი. მათგან 8 უკვე დანიშნულია და დამატებით არსებობს 7 ვაკანსია. 

"ალიანსი საქართველოსთვის", ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ ის ამ საკითხებს პოლიტიკოსის კუთხიდან უდგება. მედია ობიექტური უნდა იყოს და ოპოზიციურ ძალებს შესაძლებლობა უნდა მისცეს ჩაატარონ შესაბამისი კამპანია. ირაკლი ალასანია თვლის,  რომ ის პროცესი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია. მან "ალიანსის" სახელით მხარდაჭერა გამოხატა მედია-კლუბის ინიციატივის მიმართ. ასევე,   გამოთქვა მოსაზრება, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ საბჭოს თხუთმეტივე წევრის შეცვლაზე იქნებოდა საუბარი, რაგდან ეს ძალიან ბევრ საკითხს დაარეგულირებდა, მათ შორის, ნდობის დეფიციტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ. ალასანიას თქმით, აუცილებლად უნდა გადაიხედოს სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების საკითხიც. 

გამოსვლის დასასრულს ირაკლი ალასანიამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნორმალური საარჩევნო პროცესი წარმოუდგენელია, თუ ისეთი ტელევიზია, როგორიც  საზოგადოებრივი მაუწყებელია, არ ჩადგა საზოგადოების სამსახურში. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი ეკარგება იმ გეგმას, რომ ლის მიხედვითაც პოლიტიკური პროცესი და არჩევნები  ერთადერთი გზა იქცევა ქვეყანაში იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს სჭირდება.

ირაკლი ალასანიამ "ალიანსის" სახელით ასევე გამოთქვა მზადყოფნა, კონსულტაციები აწარმოოს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ამ საკითხთან დაკავშირებით.

ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ მადლობა გადაუხადა ალიანსს მედია-კლუბის ინიციატივის მხარდაჭერისათვის და საზოგადოებას ამ ინიციატივის არსი განუმარტა. მისი თქმით, როგორი ობიექტურიც არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატი, ის ანგარიშვალდებული ხდება ამ პარტიასთან და იძულებულია  პარტიის მითითება და ინტერესები გაითვალისწინოს. ნინია კაკაბაძემ დასძინა, რომ ეს პროცესი ძალიან რთულია და ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობს სამწუხაროდ, ბევრ პოლიტიკურ პარტიას უჭირს უარის თქმა იმაზე, რომ ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში. 

ნინია კაკაბაძემ იმ პრინციპზეც ისაუბრა, რომლითაც დღემდე ხელმძღვანელობს საზოგადოებრივი მაუწყებელი და აღნიშნა, რომ საზოგადოება დღითიდღე უარეს შედეგს იღებს. მან გაიხსენა ზაფხულში არხის გენერალური დირექტორის არჩევნებიც და თქვა, რომ მუდმივ პრობლემად რჩება იმ ნების არქონა, რომელსაც არხის დეპოლიტიზება ჰქვია.

მედია-კლუბის ინიციატივამ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში შეკრებილი საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. რატომ 7 და არა 15 ადგილის მოთხოვნა, სად გაქრა მთლიანი შიდა პროდუქტის 0,15%, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის მთავარი მახასიათებელი, რატომ არ საუბრობს მედია-კლუბი მე-2 არხის თემაზე, მოიძებნება თუ არა 15 აპოლიტიკური ადამიანი და რას გულისხმობს აპოლიტიკურობა, რომელმა პოლიტიკურმა პარტიებმა განაცხადეს ამ დროისთვის თანხმობა ამ პროცესში მონაწილეობაზე, რატომ გახდა სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების საკითხი პოლიტიკური გარიგების ნაწილი, დაამტკიცებს თუ არა პარლამენტი არაპოლიტიკური ძალების მიერ წარდგენილ კანდიდატებს - ასეთი შეკითხვები დაისვა მომხსენებლების მიმართ. 

როგორც პავლე კუბლაშვილმა განმარტა, უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური შეთანხმება და პოლიტიკური პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხარდაჭერას, ისინი  აუცილებლად  განიხილავენ. პავლე კუბლაშვილმა ამ შეთანხმების დაცვის მზადყოფნაზეც ისაუბრა. 

მედია-კლუბის მისამართით დასმულ შეკითხვებს მედია-კლუბის წევრმა, ჟურნალ "ლიბერალის" რედაქტორმა შორენა შავერდაშვილმა უპასუხა და განმარტა, რომ მათ შეუძლიათ სხვა მოთხოვნების წამოყენებაც, მაგრამ რადგან დღეს კონკურსი მხოლოდ 7 კანდიდატზეა გამოცხადებული, მედია-კლუბის წევრებს ამ 7 ადგილის დაკომპლექტება დამოუკიდებელი და პრინციპული ადამიანებით დღეს უფრო რეალურად მიაჩნიათ და მათი მიზანიც კონკრეტულ სიტუაციაში ამ ამოცანით შემოიფარგლება. 

კითხვას, მოიძებნებიან თუ არა აპოლიტიკური ადამიანები, ნინია კაკაბაძემ უპასუხა და თქვა, რომ აპოლიტიკური ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ მედია-კლუბის წევრები სამეურვეო საბჭოში  ისეთი ადამიანების შესვლას ითხოვენ, რომლებიც არც აშკარად და არც ფარულად არ იქნებიან მიკერძოებულები რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ. ამით მოეხსნება ანგარიშვალდებულების შეგრძნება რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, და არჩეული კანდიდატი სწორედ  საზოგადოების წინაშე იქნება პასუხისმგებელი.

დასასრულს, ნინია კაკაბაძემ კიდევ ერთხელ შეახსენა პოლიტიკოსებს, რომ მედია-კლუბი   ითხოვს არა მათ მიერ წარდგენილი კანდიდატების, არამედ სწორედ ინიციატივის მხარდაჭერას. პოლიტიკოსები საერთოდ კი არ უნდა ჩამოშორდნენ ამ პროცესს, არამედ  უნდა  უნდა შეეცადონ, შექმანან ისეთი გარემო, რომ სწორედ საზოგადოებას მიეცეს საკუთარი კანდიდატების დასახელების საშუალება.